საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100124009537323
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №25აპ-26 ქ. თბილისი
გ. გ. 25აპ-26 18 მაისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 2 დეკემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზურა ბაიდოშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. გ–ას, – პირადი ნომერი: …………., – მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
1.1. 2024 წლის 14 მაისს, დაახლოებით 03:30 საათიდან 04:20 საათამდე დროის მონაკვეთში, ქ. თ–ში, გ–ს ქუჩის №...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გ. გ–ა თავს დაესხა გ. ბ–ს მისი კუთვნილი ნივთების მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, კერძოდ, გ. გ–ამ ხელ-ფეხი დაარტყა რამდენჯერმე გ. ბ–ს სახის და სხეულის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, მოსთხოვა ფულადი თანხის გადაცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა თანქონილი დანის მსგავსი საგნით სახის დასერვით, ასევე მოსთხოვა მობილურისა და ბეჭდების გადაცემა. გ. გ–ამ დაზარალებულს გასტაცა 380 ლარი და 820 ლარად ღირებული ოქროს ყელსაბამი კულონებით.
1.1.1. აღნიშნული ქმედებით გ. გ–ამ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის)179-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 11 ივნისის განაჩენით:
2.1. გ. გ–ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
2.2. გ. გ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 წელი;
2.3. გ. გ–ას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2024 წლის 16 მაისიდან – 2024 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი;
2.4. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 1/6-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და ვინაიდან შემცირებული ვადა არის 1 წელზე ნაკლები, ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გათავისუფლდა დანიშნული სასჯელისაგან.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია ჩუბინიძემ. აპელანტმა მოითხოვა გ. გ–ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 2 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 11 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზურა ბაიდოშვილმა. კასატორი ითხოვს გ. გ–ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრას.
6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული რომელიმე წინაპირობის/ების არსებობას. ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ევალება, შეამოწმოს დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2025 წლის 20 ნოემბრის N751აპ-25, 2025 წლის 12 ნოემბრის N737აპ-25, 2025 წლის 28 ივლისის N193აპ-25).
6.1. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
9. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
9.1. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ბრალდების მხარე ითხოვს გ. გ–ას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ბრალადწარდგენილი კვალიფიკაცია) დამნაშავედ ცნობას, ნაცვლად – საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილისა (მსჯავრადშერაცხილი კვალიფიკაცია) და კანონიერი სასჯელის დანიშვნას.
9.2. დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის არ არსებობის პირობებში, დავის საგანია გ. გ–ამ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
9.3. სადავო გარემოებას არ წარმოადგენს მსჯავრდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასების საგანია გ. გ–ა თავს დაესხა თუ არა გ. ბ–ს სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით გ. ბ–ის ნივთის/ების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
10. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც გ. გ–ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილზე გადაკვალიფიცირება განაპირობა.
11. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარეს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია გ. გ–ას დამნაშავედ ცნობისათვის მისთვის ბრალადწარდგენილი ქმედების – ყაჩაღობის – ჩადენაში და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა, ვერ დასტურდება მსჯავრდებულის მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი ქმედების ჩადენა.
12. გ. გ–ას მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დასტურდება მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებით, კერძოდ:
12.1. დაზარალებულმა გ. ბ–მა განმარტა, რომ შემთხვევის დროს, მასთან „Subaru-ს“ ფირმის ავტომანქანით მივიდა მისთვის უცნობი მამაკაცი, რომელმაც სქესობრივი კავშირის დამყარების სანაცვლოდ თანხა შესთავაზა. იგი დასთანხმდა და განუმარტა, რომ იყო ტრანსგენდერი. იქვე შეთანხმდნენ კონკრეტულ სექსუალურ მომსახურებაზე, მსჯავრდებულმა გადაუხადა თანხა – ორი ოცლარიანი კუპიურა – და შევიდნენ გაჩერების უკან არსებულ ტერიტორიაზე. უცნობს უპასუხა, რომ ოპერაცია არ ჰქონდა გაკეთებული და იმყოფებოდა ჰორმონალურ თერაპიაზე. სექსუალური კავშირის დასრულების შემდეგ მსჯავრდებულმა სცემა, კერძოდ, მუშტი დაარტყა მარცხენა მხარეს სახეში, რა დროსაც სათვალე მოსძვრა. აღნიშნულის შემდეგ მსჯავრდებულმა მოსთხოვა ფული, ასევე მიაძახა: ,,- რა გეაქციება“. დაახლოებით 2-3-ჯერ დაარტყა. ძირს დაეცა. წაქცეულსაც დაარტყა. დანაც გაუხსნა. მოსთხოვა მიეცა ფული, რომელიც, შეთანხმების შესაბამისად, სქესობრივი კავშირის სანაცვლოდ გადაუხადა. თანხა ტელეფონის სარჩულში ედო, ტელეფონი გაანათა და უთხრა ფული აეღო. მსჯავრდებულმა ჩამოგლიჯა კულონები, ასევე უნდოდა ბეჭედის წართმევაც, მაგრამ აუხსნა, რომ გარდაცვლილი მეგობრის ნაჩუქარი იყო, თან – ბიჟუტერია. სხვა თანხასაც სთხოვდა, რომელიც ჩანთაში ედო. წაართვა დაახლოებით 380 ლარი. მსჯავრდებულმა ცემის შემდეგ დატოვა ტერიტორია, თუმცა მალევე დაბრუნდა და კვლავ სცემა. ტელეფონის წართმევაც უნდოდა, დაზარალებულმა უთხრა, რომ ტელეფონს ეკრანი გატეხილი ჰქონდა და არ გამოადგებოდა.
12.2. მსჯავრდებულმა გ. გ–ამ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გ. ბ–ი ეგონა გოგო და მასთან სქესობრივი კავშირის დამყარების მიზნით, მასთან შეთანხმებით, შევიდა ავტობუსის გაჩერების უკან სივრცეში. გ. ბ–მა ზემოაღნიშნულ სივრცეში შესვლის შემდეგ უთხრა, რომ ბიჭი იყო, – ავტობუსის გაჩერებაზე არ უთქვამს, რომ ტრანსგენდერი იყო. სახეში ზუსტად სამჯერ დაარტყა და მომსახურების თანხა არ გადაუხდია, ვინაიდან, როგორც კი დაზარალებულმა უთხრა, რომ ტრანსგენდერი იყო, გ. გ–ამ დაარტყა, რა დროსაც ხელში ეჭირა შავტარიანი ბრელოკი, რომელიც ხშირად აქვს ხელში და ათამაშებს. დანა არასდროს უტარებია. დაზარალებულისათვის არ წაურთმევია ნივთები. გარდა ამისა, მსჯავრდებულმა განმარტა, რომ ავტომანქანაში დანა არ ჰქონია. ავტომანქანაში გ. ბ–ი არ მჯდარა.
12.3. ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის 2025 წლის 7 თებერვლის N......... დასკვნის თანახმად, სეროლოგიური, გენეტიკური კვლევებითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა:
12.3.1. პაკეტში, წარწერით: „.... ერთი ცალი დასაკეცი დანა“ მოთავსებული დანის პირზე (ობ.№..) გენოტიპირებისათვის საჭირო, ადამიანის ბირთვული დნმ-ს მინიმალური კონცეტრაცია, არ აღმოჩნდა, დანის ტარზე არსებული ბიომასალის (ობ.№..) გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმაციულია;
12.3.2. პაკეტში, წარწერით: „....მრავალფუნქციური ხელსაწყო და ფრჩხილების საჭრელი მკვნეტარა, ამოღებულია ა/მანქანის წინა მარჯვენა კარზე არსებული სათავსოდან....“ მრავალფუნქციური ხელსაწყოს პირზე – ბრტყელტუჩაზე (ობ.№..) გენოტიპირებისათვის საჭირო, ადამიანის ბირთვული დნმ-ს მინიმალური კონცეტრაცია არ აღმოჩნდა, ხოლო ტარში ჩამაგრებულ დეტალებზე არსებული ბიომასალის (ობ.№..) გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმაციულია. ამავე ხელსაწყოს ტარის ფირფიტებზე არსებული ბიომასალის (ობ.№..) გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის გ. ბ–ს (ობ.№..; პაკეტი, წარწერით: „... აღებულია ნერწყვის ნიმუში პირის ღრუდან.... დაზარალებული გ. ო–ს ძე ბ–ისაგან...), მინორული წილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმაციულია;
12.3.3. ამავე პაკეტში მოთავსებულ საკვნეტელაზე (ობ.№..), გენოტიპირებისათვის საჭირო, ადამიანის ბირთვული დნმ-ს მინიმალური კონცეტრაცია არ აღმოჩნდა;
12.3.4. პაკეტში, წარწერით: „...საფულე, მასში არსებული ფულადი თანხით... ამოღებულია ა/მანქანაში წინა სავარძლებს შორის სათავსოდან...“ მოთავსებულ საფულეზე, გარე (ობ.№..) და შიდა (ობ.№..) ზედაპირებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია, რომელთა მაჟორული წილი ეკუთვნის გ. გ–ას (ობ.№..; პაკეტი, წარწერით: „... აღებულია ნერწყვის ნიმუში პირის ღრუდან.... ბრალდებულ გ. გ–ს ძე გ–საგან...“). ობ.№..-ის პროფილში, გ. ბ–ის გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. ობ.№..-ის პროფილის მინორული წილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმაციულია;
12.3.5. პაკეტში, წარწერით: „... ანაწმენდები 12 (თორმეტი)ც. გამოხდილი წყლით დანამულ სტერილურ ჩხირზე, 6 (ექვსი) ნიმუშად...ა/მანქანა „სუბარუ“... ა/მანქანის დათვალიერება...“ მოთავსებულ ანაწმენდებზე ა/მ-ის საჭედან (ობ.№..), სიჩქარეების გადამრთველი ბერკეტიდან (ობ. N..), წინა მარჯვენა კარის შიდა გამღები სახელურიდან (ობ.№..), უკანა მარჯვენა კარის შიდა გამღები სახელურიდან (ობ.№..) და უკანა მარცხენა კარის შიგა მარცხენა სახელურიდან (ობ.№..) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები იდენტიფიკაციისათვის არაინფორმაციულია, ხოლო ანაწმენდებზე ა/მ-ის წინა მარცხენა კარის შიდა გამღები სახელურიდან (ობ.№..), გენოტიპირებისათვის საჭირო, ადამიანის ბირთვული დნმ-ს მინიმალური კონცეტრაცია, არ აღმოჩნდა;
12.3.6. პაკეტში, წარწერით: „...ერთი ცალი „ჰონორის“ ფირმის მობილური ტელეფონი...“ მოთავსებულ მობილურ ტელეფონზე არსებული ბიომასალის (ობ.№..) გენეტიკური პროფილი და მის შალითაზე არსებული ბიომასალის (ობ.№..) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის გ. გ–ას. (ობ.№..)-ის პროფილში, გ. ბ–ის გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება;
12.3.7. პაკეტში, წარწერით: „...პლასტმასის ოვალური საგანი მასში არსებული ხის და ლითონის საგნით, ამოღებული ა/მანქანის წინა მარჯვენა კარზე არსებული სათავსოდან...“ მოთავსებულ ოვალური ფორმის საგანზე არსებული ბიომასალის (ობ.№..) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომელშიც გ. გ–ასა და გ. ბ–ის გენტიკური თანამონაწილეობა, არ ვლინდება;
12.3.8. პაკეტში, წარწერით: „...გ. ბ–ის ტანსაცმელი...“ მოთავსებული კომბინიზონის შარვალზე (ობ. №....) და კაპიუშონიან პერანგზე (ობ. №...) არსებული მოყავისფრო ლაქები სისხლს არ შეიცავს. ობ. №... გენეტიკური პროფილი და ობ. №....-ის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის გ. ბ–ს. ამავე კომბინიზონსა (ობ. №...) და პერანგზე (ობ. №...) არსებული ბიომასალის, ობ. №... გენეტიკური პროფილი და ობ.№.... შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის გ. ბ–ს. ობ. №...-ის პროფილში, გ. გ–ას გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. ობ. №....-ის პროფილების მინორული წილი და კონბინიზონის წელის არეში, ლაქებზე არსებული ბიომასალის (ობ. №..) გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმაციულია.
12.3.9. პაკეტში, წარწერით: „...გ. გ–ას კუთვნილი ერთი ცალი სპორტული შარვალი და ერთი ცალი სპორტული ქურთუკი...“ მოთავსებულ: შარვალზე არსებულ მოყავისფრო ლაქებში (ობ. №....) სისხლი და გენოტიპირებისათვის საჭირო, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცეტრაცია, არ აღმოჩნდა. ამავე შარვალზე არსებული ბიომასალის (ობ.№...) გენეტიკური პროფილები შერეულია, რომელთა მაჟორული წილი განსხვავდება გ. გ–ასა და გ. ბ–ის გენეტიკური პროფილებისაგან და ეკუთვნის მამრობითი სქესის ერთსა და იმავე, სხვა პირს – უცნობს №.., რომლის გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება ობ. №...... პროფილებში. ობ. №....-ის პროფილების მინორული წილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმაციულია;
12.3.10. ქურთუკზე, მარცხენა სახელოზე არსებული ბიომასალის (ობ. №...) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს – უცნობს №.., ობ.№..-ის პროფილის მინორული წილი და ქურთუკის სხვა ზედაპირებზე არსებული ბიომასალის (ობ.№...) გენეტიკური პროფილები იდენტიფიკაციისათვის არაინფორმაციულია;
12.3.11. პაკეტში, წარწერით: „..ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი „ბოტასები“ თეთრი ძირებით...გ. გ....“ მოთავსებულ წყვილ ფეხსაცმელზე არსებული ბიომასალის (ობ.№.. – მარჯვენა ფეხსაცმელი; ობ. №... – მარცხენა ფეხსაცმელი) გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. №..-ის პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის გ. გ–ას, მინორული წილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმაციულია. ობ. №..-ის პროფილის ერთი წილი ეკუთვნის გ. გ–ას, მეორე წილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს – უცნობს №...
12.4. ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის 2024 წლის 19 ნოემბრის №.... დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პაკეტში წარწერით: .... მიკრონაწილაკები ,,Subaru“ სახ. ნომ. ....” არსებულ კონვერტებში წარწერებით: „წინა მარცხენა დასაჯდომიდან“, „უკანა მარჯვენა სავარძლის დასაჯდომიდან“ და „უკანა მარცხენა სავარძლის საზურგედან და თავის მისაყუდებლიდან“ მოთავსებულ სპეც. წებოვან ფირფიტებზე, ასევე პაკეტში წარწერით „.... გ. გ–ას კუთვნილი“ მოთავსებული შარვლის ზედაპირებზე აღინიშნება არათანაბრად შეღებილი მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვაროვნული კუთვნილება პაკეთში წარწერით: „.... გ. ბ–ის ტანსაცმელი“ მოთავსებული ჯინსის კომბინიზონის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან. აღნიშნული სახის ბოჭკოები შედიან ჯინსის ქსოვილების ნართის შემადგენლობაში და არიან ფართოდ გავრცელებული, რის გამოც აღნიშნულ ბოჭკოებს გააჩნიათ ნაკლები საიდენტიფიკაციო მნიშვნელობა.
13. ამდენად, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გ. გ–ას ავტომობილიდან ამოღებულ დასაკეც დანაზე არ დასტურდება არც მსჯავრდებულის და არც დაზარალებულის შემხებლობა, ხოლო ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა (რომლის თანახმად, მრავალფუნქციური ხელსაწყოს ტარის ფირფიტებზე არსებული ბიომასალის (ობ. №..) გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის გ. ბ–ს, მინორული წილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმაციულია) შეესაბამება მსჯავრდებულის ჩვენებას, რომ მან „ბრელოკიანი“ ხელი დაარტყა დაზარალებულს.
13.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორი ბრალდების მხარის მტკიცებას გ. გ–ას მიერ ყაჩაღობის ჩადენის თაობაზე, მათ შორის, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის 2024 წლის 19 ნოემბრის №.... დასკვნაზე მითითებით.
13.2.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნული დასკვნის თანახმად, მართალია დადგინდა: „წინა მარცხენა დასაჯდომიდან“, „უკანა მარჯვენა სავარძლის დასაჯდომიდან“ და „უკანა მარცხენა სავარძლის საზურგედან და თავის მისაყუდებლიდან“ მოთავსებულ სპეც. წებოვან ფირფიტებზე, ასევე გ. გ–ას კუთვნილი შარვლის ზედაპირებზე არათანაბრად შეღებილი მოლურჯო ბამბის ბოჭკოებისა და გ. ბ–ის ჯინსის კომბინიზონის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამისი ბოჭკოების საერთო გვაროვნული კუთვნილება, თუმცა, გარდა იმისა, რომ თავად მსჯავრდებულიც არ გამორიცხავს დაზარალებულთან ფიზიკურ კონტაქტს – ცემის სახით, იმავე დასკვნის თანახმად, დგინდება, რომ აღნიშნული სახის ბოჭკოები შედის ჯინსის ქსოვილების ნართის შემადგენლობაში და არიან ფართოდ გავრცელებული, რის გამოც აღნიშნულ ბოჭკოებს გააჩნია ნაკლები საიდენტიფიკაციო მნიშვნელობა.
13.3. დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველ ოქმთან დაკავშირებით (რომლის თანახმად, დაზარალებულმა აღადგინა ვითარება, ხოლო დამატებით რაიმე საგანი, დოკუმენტი, კვალი თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი არ აღმოჩენილა, დაზარალებულმა მხოლოდ მიუთითა ის ადგილები, სადაც მსჯავრდებულს შეხვდა, გაუწია სექსუალური მომსახურება, მსჯავრდებულმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, დანის მუქარით გასტაცა ფული და სამკაულები) საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და, მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულის ჩვენება ერთი წყაროდან მოპოვებული მტკიცებულებებია, რის გამოც, მსჯავრდების მიზნებისთვის, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი არ უნდა იქნეს განხილული დამოუკიდებელ მტკიცებულებად (იხ.: მაგალითისთვის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: 2023 წლის 2 ოქტომბრის N496აპ-23 და 2023 წლის 30 მაისის N158აპ-23). მოცემულ შემთხვევაში, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შინაარსობრივად არის დაზარალებულის (მოწმის) გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის შემოწმება. მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მართალია, ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, მაგრამ ცალსახაა, რომ, ორივე შემთხვევაში, ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი (მაგალითისთვის, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: 2020 წლის 7 ივლისის №315აპ-20; 2020 წლის 1 ივნისის №49აპ-20; 2021 წლის 14 სექტემბრის №442აპ-21).
13.3.1. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, დაზარალებულმა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში მიუთითა ის ადგილები, სადაც მისი განმარტებით მსჯავრდებულმა დააყაჩაღა, რაც დაადასტურა სასამართლოში დაკითხვის დროსაც, მაგრამ, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი აღნიშნულის დამადასტურებელი სხვა არცერთი (არც პირდაპირი/გარემოებითი) მტკიცებულება, მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება არ არის საკმარისი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
14. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N 2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77).
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ. გ–ას მიერ საქართველოს სსკ-ის179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, დასტურდება მხოლოდ დაზარალებულის – გ. ბ–ის – პირდაპირი მამხილებელი ჩვენებით. სხვა პირდაპირი ან/და გარემოებითი მტკიცებულება, რაც მიუთითებდა გ. გ–ას მიერ დაზარალებულისათვის ფულისა და სამკაულების გატაცებაზე, ბრალდების მხარეს არ წამოუდგენია.
15.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს; საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.
16. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ გასაჩივრებული განაჩენით არასწორად იქნა გამოყენებული ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი, კერძოდ:
16.1. ,,ამნისტიის შესახებ” 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირს, რომელიც პირობით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის ან XII თავის შესაბამისად (გარდა იმ დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა, რომელიც გათვალისწინებულია ამ კანონის მე-7 მუხლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლით, 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ამ დანაშაულის ქალის მიმართ გენდერის ნიშნით ჩადენის შემთხვევაში) ან 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ამ დანაშაულის ქალის მიმართ გენდერის ნიშნით ჩადენის შემთხვევაში), ან ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) და რომელსაც დანიშნული სასჯელი და გამოსაცდელი ვადა, ამ კანონის მე-2−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-9 მუხლის თანახმად, 1 წელზე ნაკლები ვადით უმცირდება, ამ მუხლის საფუძველზე 1 წლით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და გამოსაცდელი ვადა. იმავდროულად, ,,ამნისტიის შესახებ” 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება იმ პირზე, რომელიც, 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით: ა) პირობით მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის ან XII თავის შესაბამისად; ბ) პირობით ვადამდეა გათავისუფლებული.
16.2. მოცემულ შემთხვევაში, გ. გ–ა დამნაშავედ იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 11 ივნისის განაჩენით და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 წელი. შესაბამისად, გ. გ–ა 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით არ იყო არც პირობით მსჯავრდებული და არც პირობით ვადამდე გათავისუფლებული.
16.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 11 ივნისის განაჩენით, რომელიც კანონიერ ძალაში შევიდა გამოცხადებისთანავე, მართალია გ. გ–ას ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობითად, თუმცა 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით იგი არ იყო პირობით მსჯავრდებული. შესაბამისად, მის მიმართ უნდა გავრცელებულიყო ,,ამნისტიის შესახებ” 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი – სასჯელის 1/6-ით შემცირება (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენები: 2025 წლის 31 ოქტომბრის №526აპ-25; 2025 წლის 18 მარტის №1283აპ-25)
16.4. აღნიშნულის მიუხედავად, საქართველოს სსსკ-ის 308-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გაასწოროს დაშვებული შეცდომა და ,,ამნისტიის შესახებ” 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოიყვანოს დანიშნული სასჯელი (ნაცვლად გამოყენებული ,,ამნისტიის შესახებ” 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა, იმავდროულად, გამოიყენოს ,,ამნისტიის შესახებ” 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი და განაჩენით დანიშნული სასჯელისაგან გათავისუფლების ნაცვლად, განაჩენით დანიშნული სასჯელი ,,ამნისტიის შესახებ” 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეამციროს 1/6-ით) ამ ნაწილში ( სასჯელის ნაწილში) ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის არ არსებობის გამო (კასატორი სადავოდ ხდის გ. გ–ას ქმედების მხოლოდ კვალიფიკაციას).
17. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009; Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par. 76 ECtHR, 21/09/2017).
18. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4, მე-6 ნაწილებით, 306-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზურა ბაიდოშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 2 დეკემბრის განაჩენზე, გ. გ–ას მიმართ;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე