საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 190100122005892633
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №41აპ-26 20 აპრილი, 2026 წელი
ა–ე შ., №41აპ-26 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 1 დეკემბრის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. შ. ა–ე (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით – ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
2016 წლის 17 ივნისს მიღებული იქნა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-14 და მე-16 მუხლების საფუძველზე, ადგილობრივ თვითმმართველობებს მიენიჭათ უფლებამოსილება, რომ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა დაედასტურებინათ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით – მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ოქმის შედგენის საფუძველზე.
აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ, შ. ა–ემ, რ. უ–მა და სხვა პირებმა, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახეს მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გამოყენების გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით, დაუფლებოდნენ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს.
განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მოიძიეს ქ. თ–ში, სოფელ ფ–ში მდებარე, დაურეგისტრირებელი, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, 289 კვმ. და 539 კვმ. ფართობის ორი მიწის ნაკვეთი, შეადგინეს ყალბი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი – 1995 წლის 27 მარტით დათარიღებული „მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების N... აქტი“, რომლის მიხედვით, თითქოს, რ. უ–ს სოფელ ფ–შიის მიწის რეფორმის კომისიამ 1995 წლის 27 მარტს გამოუყო 1000 კვმ. მიწის ნაკვეთი. ამის შემდეგ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა შეადგინეს 289 კვმ. და 539 კვმ. ფართობის მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზები.
2019 წლის 27 მაისსა და 2019 წლის 17 ივნისს, რ. უ–მა მიმართა სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, წარადგინა ყალბი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი – „მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების N... აქტი“, ასევე, 539 კვმ. ფართობის მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მოითხოვა აღნიშნული მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება.
სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ რეგისტრაციას დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო დოკუმენტები გადააგზავნა ქ. თ–ს მუნიციპალიტეტის .....ის რაიონის გამგეობაში იმ მიზნით, რომ თვითმმართველობის წარმომადგენელს მოეხდინა აღნიშნული მიწის ნაკვეთისა და წარდგენილ სარეგისტრაციო დოკუმენტებში ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა და გაეცა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი“, რომელიც წარმოადგენს მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების დამადასტურებელ ერთ-ერთ დოკუმენტს.
2019 წლის 3 ივლისს, ქ. თ–ს მუნიციპალიტეტის ....ის რაიონის გამგეობის იურიდიული განყოფილების უფროსმა – დ. კ–მა შეადგინა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების N....., ყალბი ოქმი, რომლის თანახმად, თითქოს, მან ა. ო–თან და ვალერი დავლაშერიძესთან ერთად, დაადგინა რეგისტრაციას დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.
აღნიშნული ყალბი დოკუმენტების – დათვალიერების N..... ოქმისა და „მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების N... აქტის“ საფუძველზე, 2019 წლის 11 ივლისს, რ. უ–ის საკუთრებაში დარეგისტრირდა 539 კვმ. ფართობის, ........ საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი, რითაც სახელმწიფოს მიადგა 9 702 ლარის მატერიალური ზიანი.
გარდა აღნიშნულისა, რ. უ–მა, 2019 წლის 15 აგვისტოს, განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სადაც დამატებით წარადგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზი 289 კვმ. მიწის ნაკვეთზე და მიწის ნაკვეთის მიღება- ჩაბარების N... ყალბი აქტის საფუძველზე, მოითხოვა ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის მის სახელზე დარეგისტრირება.
სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ რეგისტრაციას დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო დოკუმენტები გადააგზავნა ქ. თ–ს მუნიციპალიტეტის .....რაიონის გამგეობაში იმ მიზნით, რომ თვითმმართველობის წარმომადგენელს მოეხდინა აღნიშნული მიწის ნაკვეთისა და წარდგენილ სარეგისტრაციო დოკუმენტებში ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა და გაეცა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი“, რომელიც წარმოადგენს მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების დამადასტურებელ ერთ-ერთ დოკუმენტს.
2019 წლის 30 აგვისტოს, ქ. თ–ს მუნიციპალიტეტის .....ის რაიონის გამგეობის იურიდიული განყოფილების უფროსმა – დ. კ–მა შეადგინა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების N....., ყალბი ოქმი, რომლის თანახმად, თითქოს, მან დ. მ–თან, ჯ. ჯ–სთან და ლ. ბ–სთან ერთად, დაადგინა რეგისტრაციას დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.
აღნიშნული ყალბი დოკუმენტების – დათვალიერების N.... ოქმისა და „მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების N... აქტის“ საფუძველზე, 2019 წლის 6 სექტემბერს, რ. უ–ის საკუთრებაში დარეგისტრირდა 289 კვმ. ფართის, .... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი, რითაც სახელმწიფოს მიადგა 5 202 ლარის მატერიალური ზიანი.
მთლიანობაში, ყალბი დოკუმენტების საფუძველზე, შ. ა–ე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან ერთად, თაღლითურად დაეუფლა 539 კვმ. (საკადასტრო კოდით: ....) და 289 კვმ. (საკადასტრო კოდით: ........) ფართობის მიწის ნაკვეთებს, რითაც სახელმწიფოს მიაყენეს 14 904 ლარის მატერიალური ზიანი.
2016 წლის 17 ივნისს მიღებულ იქნა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-14 და მე-16 მუხლების საფუძველზე, ადგილობრივ თვითმმართველობებს მიენიჭათ უფლებამოსილება, რომ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა დაედასტურებინათ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით – მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ოქმის შედგენის საფუძველზე.
სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 8 დეკემბრისა და 2016 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებებით, ვ. ა–ს უარი ეთქვა ქ. თ–ში, ფ–ში მდებარე ...... საკადასტრო კოდის მქონე 2400 კვმ. ფართობის მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე, ვინაიდან აღნიშნული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთების საზღვრებში. აღნიშნული გარემოების შესახებ ცნობილი გახდა შ. ა–ესთვის, ზ. ბ–სთვის, ვ. ზ–სთვისა და სხვა პირებისთვის. ქ. თ–ში, ფ–ში მდებარე 2400 კვმ. მიწის თაღლითურად დაუფლებისათვის, მათ გადაწყვიტეს, რომ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარედგინათ ყალბად შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ვ. ა–ის სახელზე დაერეგისტრირებინათ მიწის ნაკვეთი. ამ მიზნით, ზ. ბ–მ და ვ. ზ–მა ყალბად დაამზადეს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, შეცვალეს მიწის ნაკვეთის საზღვრები, კონფიგურაცია და ადგილმდებარეობა.
2018 წლის 16 ოქტომბერს, შ. ა–ემ, რომელიც იყო ვ. ა–ის მინდობილი პირი, ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სხვა დოკუმენტებთან ერთად, წარადგინა სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მიწის ნაკვეთის დარეგისტრირების მოთხოვნით.
სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ რეგისტრაციას დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო დოკუმენტები, გადააგზავნა ქ. თ–ს .....ის რაიონის გამგეობაში იმ მიზნით, რომ თვითმმართველობის წარმომადგენელს, მოწმეებთან ერთად, მოეხდინა მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენა და გაეცა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი“, რომელიც წარმოადგენს მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების დამადასტურებელ ერთ-ერთ დოკუმენტს.
ქ. თ–ს მუნიციპალიტეტის .....ის გამგეობის იურიდიული განყოფილების უფროსმა – დ. კ–მა, რომელმაც წინასწარ იცოდა, რომ გაყალბებული იყო ვ. ა–ის სახელზე შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მასში დაფიქსირებული მიწის ნაკვეთის საზღვრები, კონფიგურაცია და ადგილმდებარეობა არ შეესაბამებოდა რეალობას, 2018 წლის 27 ნოემბერს, შეადგინა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ყალბი ოქმი N...., მიუთითა, რომ თითქოს, მან, შ. ა–ის, ზ. ბ–სა და ვ. ზ–ს მიერ მოძიებული პირების – ე. ლ–ას, პ. ყ–ს და ა. ძ–ს თანდასწრებით, ადგილზე დაათვალიერა რეგისტრაციას დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთი და წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, დაადგინა მისი იდენტურობა.
დ. კ–ის მიერ ყალბად შედგენილი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების N..... ოქმისა და ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, 2018 წლის 6 დეკემბერს, ვ. ა–ის სახელზე დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 2400 კვმ. მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: ...... აღნიშნულით, შ. ა–ე და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ 2400 კვმ. მიწის ნაკვეთს, რითაც სახელმწიფოს მიაყენეს 43 200 ლარის მატერიალური ზიანი.
2016 წლის 17 ივნისს მიღებული იქნა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-14 და მე-16 მუხლების საფუძველზე, ადგილობრივ თვითმმართველობებს მიენიჭათ უფლებამოსილება, რომ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა დაედასტურებინათ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით – მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ოქმის შედგენის საფუძველზე.
სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 8 დეკემბრისა და 2016 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებებით, ვ. ა–ს უარი ეთქვა ქ.თ–ში, ფ–შიაში მდებარე ..... საკადასტრო კოდის მქონე 2400 კვმ. ფართობის მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე, ვინაიდან აღნიშნული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთების საზღვრებში. აღნიშნული გარემოების შესახებ ცნობილი გახდა შ. ა–ესთვის, ზ. ბ–სთვის, ვ. ზ–სთვისა და სხვა პირებისთვის. ქ. თ–ში, ფ–ში მდებარე 2400 კვმ. მიწის თაღლითურად დაუფლებისათვის, მათ გადაწყვიტეს, რომ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარედგინათ ყალბად შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ვ. ა–ის სახელზე დაერეგისტრირებინათ მიწის ნაკვეთი. ამ მიზნით, ზ. ბ–ემ და ვ. ზ–მა ყალბად დაამზადეს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, შეცვალეს მიწის ნაკვეთის საზღვრები, კონფიგურაცია და ადგილმდებარეობა.
2018 წლის 16 ოქტომბერს, შ. ა–ემ, რომელიც იყო ვ. ა–ის მინდობილი პირი, ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინა სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მიწის ნაკვეთის დარეგისტრირების მოთხოვნით, რა დროსაც, გამოიყენა აღნიშნული ყალბი დოკუმენტი.
სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ რეგისტრაციას დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო დოკუმენტები, გადააგზავნა ქ. თ–ს .... რაიონის გამგეობაში იმ მიზნით, რომ თვითმმართველობის წარმომადგენელს, მოწმეებთან ერთად, მოეხდინა მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენა და გაეცა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი“, რომელიც წარმოადგენს მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების დამადასტურებელ ერთ-ერთ დოკუმენტს.
.... გამგეობის იურიდიული განყოფილების უფროსმა – დ. კ–მა, რომელმაც წინასწარ იცოდა, რომ გაყალბებული იყო ვ. ა–ის სახელზე შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მასში დაფიქსირებული მიწის ნაკვეთის საზღვრები, კონფიგურაცია და ადგილმდებარეობა არ შეესაბამებოდა რეალობას, 2018 წლის 27 ნოემბერს, შეადგინა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ყალბი ოქმი N...., მიუთითა, რომ თითქოს, მან, შ. ა–ის, ზ. ბ–ის და ვ. ზ–ის მიერ მოძიებული პირების – ე. ლ–ას, პ. ყ–ს და ა. ძ–ს თანდასწრებით, ადგილზე დაათვალიერა რეგისტრაციას დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთი და წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, დაადგინა მისი იდენტურობა.
დ. კ–ის მიერ ყალბად შედგენილი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების N.... ოქმისა და ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, 2018 წლის 6 დეკემბერს, ვ. ა–ის სახელზე დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 2400 კვმ. მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით ...... აღნიშნულით, შ. ა–ე და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ 2400 კვმ. მიწის ნაკვეთს, რითაც სახელმწიფოს მიაყენეს 43200 ლარის მატერიალური ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 10 თებერვლის განაჩენით:
შ. ა–ე, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონის საფუძველზე, გათავისუფლდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ს.კ. 81.05.18.972 მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით წარდგენილი ბრალდება).
შ. ა–ე, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონის საფუძველზე, გათავისუფლდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
შ. ა–ე, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონის საფუძველზე, გათავისუფლდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ს.კ. 81.05.18.984 მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით წარდგენილი ბრალდება).
შ. ა–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ს.კ. ........ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით წარდგენილი ბრალდება) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი.
2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 10 თებერვლის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – ხატია გოგრიჭიანმა და მოითხოვა მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 1 დეკემბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 10 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 1 დეკემბრის განაჩენი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – ხატია გოგრიჭიანმა. ბრალდების მხარემ მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. ბრალდების მხარის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები და მსჯავრდებულს დიდი ოდენობის ზიანის გამომწვევი, მძიმე კატეგორიის, ჯგუფური დანაშაულის ჩადენისათვის შეუფარდა ჯარიმა – 2000 ლარი. პროკურორის განმარტებით, ჩადენილი დანაშაულის ფორმის, მიზეზის, მოტივისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ განაჩენის გამოტანისას ზიანი სრულად არ იყო ანაზღაურებული (რაც შემდგომ, არა – მსჯავრდებულმა, არამედ – სხვა პირმა აანაზღაურა), ისეთი სახის სასჯელის დანიშვნა, რომელიც თავისუფლების აღკვეთასთან არ არის დაკავშირებული – არასამართლიანია, ამასთან, წამახალისებელია როგორც მსჯავრდებულისათვის, ისე – საზოგადოების სხვა წევრებისთვის და უარყოფითად აისახება საზოგადოების მხრიდან სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობის ჩამოყალიბების პროცესზე.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს შ. ა–ის მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.
5.3. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას შ. ა–ისათვის დანიშნული სასჯელის სახისა და ზომის შესახებ და კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის მიზანს არ წარმოადგენს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა. თავისუფლების აღკვეთა, როგორც ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრესი ფორმა, გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
5.4. „დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, უნდა იყოს შესაძლებლობა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
5.5. „მხოლოდ ზოგადი პრევენცია ვერ იქნება საკმარისი და თვითკმარი პირის მიმართ ნებისმიერი სასჯელის გამოყენებისთვის, რადგან ასეთი მიდგომით ადამიანი გადაიქცევა სახელმწიფოს ხელში საზოგადოების „დაშინების იარაღად“, იძულების ღონისძიების გამოყენების მუქარის შიშველ ობიექტად, რაც გამორიცხულია და დაუშვებელი სამართლებრივ სახელმწიფოში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).
5.6. სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.
5.7. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა.
5.8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მიყენებული ზიანის ოდენობა, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება, მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურება, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, შ. ა–ეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელი შეუფარდა, რომელიც აკმაყოფილებს სასჯელის პროპორციულობის მოთხოვნას, უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას და არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებს (მსჯავრდებულის მიერ დიდი ოდენობის ზიანის გამომწვევი, მძიმე კატეგორიის, ჯგუფური დანაშაულის ჩადენა), საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სწორედ ხსენებულმა გარემოებებმა განაპირობა პირის ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, რომელიც, მათ შორის, სწორედ იმ სახის სასჯელს ითვალისწინებს, რაც შეეფარდა მსჯავრდებულს. შესაბამისად, ხსენებული გარემოებები მოცულია აღნიშნული ნორმის დისპოზიციით, რის გამოც, სასამართლო მოკლებულია სასჯელის დანიშვნისას მათი დამატებით მხედველობაში მიღების შესაძლებლობას.
5.9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის ნაწილში, რის გამოც, საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და საქართველოს სსსკ-ის 308-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მოკლებულია გასაჩივრებული განაჩენის მართებულობის სხვა ნაწილში შემოწმების შესაძლებლობას.
5.10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
5.11. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე