საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №030100125011638972
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №241აპ-26 ქ. თბილისი
კ.მ. 241აპ-26 1 ივნისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 5 თებერვლის განაჩენზე ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხატია ჩხენკელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, მ. კ-ს, – პირადი ნომრით: ..., – ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მ. კ-ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2024 წლის 30 აპრილს, დაახლოებით 20:30 საათზე, ხ-ს მ-ს ახალი ხ-ს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე მ. კ-ს საცხოვრებელი სახლის ეზოში, წარსულში არსებული კონფლიქტიდან გამომდინარე, მ. კ-მ თავისი ოჯახის წევრის, კერძოდ კი ძმის - ჯ. კ-ს მიმართულებით ქვის სროლით მიაყენა ამ უკანასკნელს ფიზიკური დაზიანება, რამაც ჯ. კ-ს ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 9 დეკემბრის განაჩენით:
2.1. მ. კ. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
2.2. გამართლებულ მ. კ-ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
3. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 9 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხატია ჩხენკელმა. აპელანტი ითხოვდა მ. კ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 5 თებერვლის განაჩენით, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 9 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 5 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხატია ჩხენკელმა. კასატორი ითხოვს მ. კ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სამართლიანი მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული რომელიმე წინაპირობის/ების არსებობას. ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ევალება, შეამოწმოს დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2025 წლის 20 ნოემბრის N751აპ-25, 2025 წლის 12 ნოემბრის N737აპ-25, 2025 წლის 28 ივლისის N193აპ-25).
6.1. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.2. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
8. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
8.1. კასატორი ითხოვს მ. კ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
9. უსაფუძვლოა კასატორის მტკიცება, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მ. კ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები: მოწმეთა – გ. კ-ს, კ. კ-ს, მ. ქ-ს, ბ. ლ-ს ჩვენებები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და შემაკავებელი ორდერი/მისი ოქმი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებენ მ. კ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
10. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N 2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77).
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულმა ჯ. კ-მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი თქვა ჩვენების მიცემაზე დის, მ. კ-ს წინააღმდეგ.
12. მოწმეთა: გ. კ-ს, კ.კ-ს, მ.ქ-ს, ბ. ლ-ს ჩვენებები არის ირიბი, რადგან ისინი ინციდენტის – მ. კ-ს მიერ ჯ.კ-ს მიმართ ძალადობის – შემსწრენი არ არიან და მომხდარის შესახებ გადმოცემით იციან დაზარალებულისაგან. შესაბამისად, მათი ირიბი ჩვენების გამოყენება „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).
13. მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას როდესაც ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v. Russia, no.41261/170, par.82, ECtHR, 9/07/2019), მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად ყველა კატეგორიის საქმისათვის.
14. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიულ დანაწესს, საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებენ მ. კ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
15. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR,14/04/2009, Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par.76, ECtHR, 21/09/2017).
16. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4, და მე-6 ნაწილებით, საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხატია ჩხენკელის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 5 თებერვლის განაჩენზე მ. კ-ს მიმართ;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე