საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 17.06.2026
საქმის ნომერი
2კ-1აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100125010768460

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1აპ-26 ქ. თბილისი

ქ-ი ს , 1აპ-26 17 ივნისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. ქ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. დ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 5 ივნისის განაჩენით:

1.1. ს. ქ-ნი, - დაბადებული ... წლის ... ივნისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

1.2. ს. ქ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2024 წლის 5 დეკემბრიდან. რეალური თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა მოხდილად და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. ქ-მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2024 წლის 4 დეკემბერს, ღამის საათებში, ქალაქ ბ-ში, შ. ხ-ის ქუჩის N..-ში მდებარე სასტუმრო „ო-ის“ ბინა N...-ში, ს. ქ-ნი სიცოცხლის მოსპობით (ყელის გამოჭრით) დაემუქრა ოჯახის წევრს, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ რ. გ-ძეს, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ნოემბრის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 5 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

3.2. ს. ქ-ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

3.3. ს. ქ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2024 წლის 5 დეკემბრიდან 2025 წლის 5 ივნისის ჩათვლით. ამ განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს ს. ქ-ის ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან. დაკავების შემთხვევაში ს. ქ-ნი გადაიყვანონ სპეციალური პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.

3.4. ს. ქ-ნი დააკავეს 2026 წლის 20 ნოემბერს.

4. კასატორმა - მსჯავრდებულ ს. ქ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. დ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. მსჯავრდებულ ს. ქ-ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, დაზარალებულ რ. გ-ის ჩვენებით, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, რ. გ-ის განცხადებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დაკავების ოქმით, შემაკავებელი ორდერითა და სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.

7. მოცემულ შემთხვევაში ადვოკატი ნ. დ-ძე ითხოვს მხოლოდ ს. ქ-ის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.

8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

9. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: „სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია“. გარდა ამისა, სასჯელის მიზანია დანაშაულის პრევენცია, როგორც სპეციალური, ისე - ზოგადი, რაც, ერთი მხრივ, გულისხმობს დამნაშავისთვის ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის მოსპობას, რადგან საკუთარ თავზე დანაშაულის სამართლებრივი შედეგების განცდა, გამაფრთხილებელ ზეგავლენას მოახდენს მის სამომავლო ქცევაზე, ხოლო, მეორე მხრივ, კონკრეტული ქმედებისთვის პირის დასჯის დემონსტრირებას ექნება შემაკავებელი ეფექტი, დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველის მიმართ.

10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული. სასჯელის დაკისრებისას სამართლიანობა არა დასჯის, არამედ - შერჩეული სასჯელის სახისა და ზომის, მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნებთან შესაბამისობაში ვლინდება.

12. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ ს. ქ-ის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და იგი სამართლიანია.

13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი, რომლის საფუძველზეც ს. ქ-ნი მსჯავრდებულია, ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. მითითებული სანქციის ფარგლებში მსჯავრდებულს განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად, დანიშნული სასჯელი არც კანონით დადგენილ ფარგლებს სცდება და არც ისეთი სიმკაცრით ხასიათდება, რომელიც აშკარა შეუსაბამობაზე მიუთითებდა.

14. დაცვის მხარის მითითებას, რომ სასამართლოებმა არასაკმარისად გაითვალისწინეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები - დანაშაულის აღიარება, მტკიცებულებების უდავოდ ცნობა (გარდა დაზარალებულის ჩვენებისა) და მისი პიროვნება (წარსულში ნასამართლობის არქონა), საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება, რადგან სააპელაციო სასამართლომ განაჩენში პირდაპირ მიუთითა, რომ მსჯავრდებულ ს. ქ-ის მიმართ არ არსებობდა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, წარმოდგენილი საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიების დაწყების ეტაპზე ს. ქ-მა ისარგებლა დუმილის უფლებით, მას არ უთანამშრომლია გამოძიებასთან, წინასასამართლო სხდომაზე მან თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება სადავოდ მიიჩნია; მხოლოდ მისი საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე აღიარება კი არ იძლევა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების სამართლებრივ შესაძლებლობას.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ს. ქ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ნოემბრის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე