საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 11.05.2026
საქმის ნომერი
2კ-38აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№38აპ-26 თბილისი

ნ–ი ბ., 38აპ-26 11 მაისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 დეკემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნუგზარ მახათაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბ. ნ–ს ბრალად დაედო პირის, მოწმის – დაზარალებულის – იძულება ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, რასაც ერთვის მისი მოკვლის მუქარა. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:

· 2023 წლის 23 მაისს ბ. ნ–ი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მეუღლის, ს. ა–ს, მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. 2023 წლის 5 სექტემბერს, დაახლოებით, 16:30 საათზე, რუსთავის საქალაქო სასამართლოში აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით იწყებოდა სასამართლო პროცესი. სასამართლოში შესვლამდე ბ. ნ–ი მივიდა ს. ა–თან და დაემუქრა მოკვლით, თუ მის წინააღმდეგ სასამართლოში მისცემდა ჩვენებას, რის შედეგადაც, ს. ა–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 10 სექტემბრის განაჩენით ბ. ნ–ი (პირადი №.......), დაბადებული 19.. წელს, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულს განემარტა საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 10 სექტემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ნუგზარ მახათაძე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ბ. ნ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

5. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

6. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ბ. ნ–ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით ისჯება გამოსაკითხი პირის, მოწმის – დაზარალებულის – იძულება ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, რასაც ერთვის მისი მოკვლის მუქარა. ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საგამოძიებო და სასამართლო ორგანოების ნორმალური საქმიანობა, მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესი, ხოლო დამატებითი ობიექტია – სასამართლო პროცესის მონაწილეთა კანონით დაცული უფლებები და ინტერესები. აღნიშნული ნორმა, მოცემული საქმის განხილვის კონტექსტში, სსკ-ის 151-ე მუხლისაგან განსხვავებით, მტკიცების მაღალ სტანდარტს საჭიროებს და ვერ იქნება დამოკიდებული მხოლოდ დაზარალებულის აღქმაზე შიშთან დაკავშირებით.

8. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაზარალებულმა ს. ა–მ განმარტა, რომ მის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბ. ნ–ის საქმის განხილვისთვის დაბარებული იყო სასამართლოში, რა დროსაც, მისვლისთანავე, ბ–ი შენობის გარეთ დახვდა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. სასამართლოში მიიყვანა თარჯიმანმა ნ. კ–მა, რომელიც შეესწრო, როდესაც ბრალდებული სასამართლო შენობის კიბეზე იდგა და ემუქრებოდა. შემდეგ ისევ ნ. კ–მა მოარიდა მას. მათი შვილებიც სასამართლოსთან იდგნენ, თუმცა, გაიგონეს თუ არა მათ მუქარა, მისთვის უცნობია.

9. გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, ბრალდების მხარემ წარმოადგინა პროკურორის მოხსენებითი ბარათი, მოწმე ნ. კ–ის ჩვენება და გამოქვეყნდა იქნა ჩ. ნ–ს ჩვენება. სასამართლოში დაკითხულმა ძირითადმა მოწმემ, ნ. კ–მა, არ დაადასტურა დაზარალებულის ჩვენება, ხოლო საჯაროდ წაკითხული ჩვენება ვერ იქნება მიჩნეული სანდო მტკიცებულებად, რადგან იგი თანხვდენილია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებასთან, ორივე ერთად კი არსებითად ეწინააღმდეგება სასამართლოში გამოკვლეულ ვიდეოჩანაწერებს, რომლებითაც უტყუარად დადგინდა, რომ 2023 წლის 5 სექტემბერს რუსთავის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული მივიდა მშობლებთან ერთად და რამდენიმე წუთის განმავლობაში იდგნენ შენობის წინ. მალევე მათ მიუახლოვდა სხვა მანქანა, რომლიდანაც გადმოვიდა ორი მამაკაცი და ავტომობილის მძღოლმა სვლა განაგრძო ისე, რომ თითქმის არ გაჩერებულა და სხვა არავინ გადმოსულა. მანქანიდან გადმოსული მამაკაცები ბრალდებულის და დაზარალებულის შვილები არიან. ბრალდებული მათ მიუახლოვდა. კადრში ჩანს, რომ ისინი საუბრობენ და საუბარი არ არის მშვიდი. შემდგომ ჩანაწერში ჩანს, რომ დაზარალებული სასამართლოში შედის პროკურორთან, ასევე – მოწმის და დაზარალებულის კოორდინატორთან ერთად. შესაბამისად, ამ ვიდეოჩანაწერზე დაყრდნობით, დასტურდება მხოლოდ ის, რომ ბრალდებულს დაზარალებული სასამართლოს შენობაში შესვლამდე არ უნახავს, არ შეხვედრია და, მით უფრო, არ დამუქრებია. წარმოდგენილ ჩანაწერებზე არ ჩანს, რომ იმ დროს, როდესაც ბ. ნ–ი იმყოფებოდა სკამებთან, დაზარალებული გადასული იყო ავტომანქანიდან, იდგა კიბესთან ან კიბეზე და მას სწორედ ამ დროს დაემუქრა ბ. ნ–ი, ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მოტივით. ანალოგიურზე მიუთითებს თავად პროკურორიც, რომელმაც დასკვნით სიტყვაში აღნიშნა, რომ ბრალდებული დაზარალებულს დაემუქრა არა სასამართლოს შენობის წინ, არამედ მაშინ, როდესაც ის მანქანაში იჯდა, რაც დაზარალებულის ჩვენების არასწორი ინტერპრეტაციაა, რადგან ს. ა–მ, არაერთი კითხვის დასმის მიუხედავად, განმარტა, რომ გადასული იყო ავტომანქანიდან და იმყოფებოდა კიბეებზე. ასეთის არსებობის პირობებშიც, მანქანიდან დამუქრება და ბრალდების დადგენილებაში აღწერილი ბრალის ფორმულირება მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან.

10. სასამართლო მიუთითებს, რომ მხოლოდ დაზარალებულის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება და მოწმის გამოძიებაში მიცემული და სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული ჩვენება, რომლებიც არ შეესაბამება სხვა მტკიცებულებებს, ვერ წარმოშობს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარის სტანდარტს. დაზარალებულისა და მისი შვილის ჩვენებებსა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერებს შორის არსებითი წინააღმდეგობები საკმარისია, რათა ბ. ნ–ის დამნაშავეობის შესახებ წარმოშობილი ეჭვი გადაწყდეს მის სასარგებლოდ. ვიდეოჩანაწერებში ასახულ ინფორმაციას ბრალდების მხარემ ვერ დაუპირისპირა რაიმე წონადი არგუმენტი, რომელიც მსჯავრდებულის ქმედების შესახებ განსხვავებული მსჯელობის საშუალებას შექმნიდა. ფაქტია, რომ ჩანაწერზე არ ფიქსირდება დაზარალებულის გადმოსვლა მანქანიდან და მისი შეხვედრა ბ. ნ–თან, რაც გამორიცხავს დაზარალებულის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაციის სისწორეს, ჩვენების მიცემაზე უარის თქმის იძულების მიზნით მუქარის განხორციელებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ავტომანქანაში ყოფნის დროს მუქარის ფაქტს, გარდა იმისა, რომ ეწინააღმდეგება თავად დაზარალებულის ჩვენებას, რომელსაც დაკითხვისას არაფერი განუცხადებია, ავტომანქანაში ყოფნის დროს მუქარასთან დაკავშირებით, მუქარის ფაქტს არც ნ. კ–ი ადასტურებს. სხდომის ოქმის მიხედვითაც კი, საბოლოოდ, დაზარალებულმა განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა შეგინებას და გაწევას (და არა – მუქარას).

11. ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებების მიხედვით, ერთდაერთი მოწმე, რომელიც პირდაპირ ამხელს ბრალდებულს დანაშაულში, არის დაზარალებული. იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარე ბ. ნ–ს დანაშაულის ჩადენას ედავება ღია სივრცეში და მოპოვებული მტკიცებულებებიც უნდა ადასტურებდეს აღნიშნულს, ფაქტობრივად, დადგინდა სრულიად საწინააღმდეგო. შესაძლოა, დაზარალებულს აქვს შიშის მოლოდინი იმ საქმიდან გამომდინარე, რომელზეც ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, მაგრამ, ზოგადად, შიში ვერ იქნება გამოყენებული ბრალდებულის წინააღმდეგ და, მით უფრო, ვერ იქნება ამ ბრალდების დამადასტურებელი გარემოება.

12. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბ. ნ–ის ბრალეულობაში. ასეთ შემთხვევაში გონივრული ეჭვი, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „In dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

13. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას... ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე – „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 41).

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზედა ინსტანციის სასამართლოს შეუძლია, დაეთანხმოს ქვედა ინსტანციის დასაბუთებას მისი განმეორების გარეშე, რაც არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება Gorou v. Greece (No. 2). „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).

15. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ ეჭვი სწორად გადაწყვიტა ბრალდებულის სასარგებლოდ და ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნუგზარ მახათაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე