საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100123008106942
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №54აპ-26 ქ. თბილისი
ბ–ე მ., 54აპ-26 13 მაისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ნოემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილე თორნიკე გოგეშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ. ბ–ეს ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრუწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ. აღნიშნული გამოიხატა შემდეგით:
2023 წლის 22 სექტემბერს, საღამოს საათებში, ქ. ბ–ში, ა–ს ქუჩის N....-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, შურისძიების ნიადაგზე, მ. ბ–ემ სახის არეში მობილური ტელეფონის დარტყმითა და გულმკერდის არეში ჩამოკაწვრით, სხეულის დაზიანებები მიაყენა თავისი ოჯახის წევრს − მამას მ. ბ–ეს, ამ უკანანსკნელის არასრულწლოვანი შვილიშვილის – ა. ბ–ის – თანდასწრებით. აღნიშნულის შედეგად, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 22 ივლისის განაჩენით მ. ბ–ე, − დაბადებული 19.. წელს, − ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
გაუქმდა მ. ბ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება − გირაო.
მ. ბ–ეს განემარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ნოემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 22 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილემ, თორნიკე გოგეშვილმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგ გარემოებათა გამო: გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები; მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა უარი განაცხადა სასამართლოში მ. ბ–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები − დანაშაულის შესახებ შეტყობინება, შემაკავებელი ორდერი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და მოწმე პოლიციელთა ჩვენებები, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს მ. ბ–ის ბრალეულობას.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა და არ გამომდინარეობს სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან. საკასაციო სასამართლოს აღნიშნავს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც, გონივრულ ეჭვს მიღმა, დაადასტურებდა, რომ მ. ბ–ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
9. საქმის მასალებით დგინდება, რომ დაზარალებულმა მ. ბ–ემ (გამართლებულის მამამ) და მოწმე მ. ბ–ემ (გამართლებულის დედა) პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენეს მათთვის საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) მინიჭებული უფლება და ჩვენება არ მისცეს თავიანთი ახლო ნათესავის – მ. ბ–ის წინააღმდეგ. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულისა და მოწმის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ დაზარალებულმა ან მოწმემ ამ უფლებით ისარგებლეს მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, გამართლებულის მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევაც, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს დაზარალებულის (მოწმის) მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორეც დაზარალებულმა და მოწმემ სასამართლოში არ დაადასტურეს.
10. საკასაციო სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე, მათ შორის – ოჯახური დანაშაულის საქმეებზე, დადგენილია ერთი სტანდარტი – ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო, მიუხედავად დაზარალებულის პოზიციისა, ითვალისწინებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას (დაიცვას ოჯახური ძალადობის მსხვერპლი და ადეკვატური სანქცია დააკისროს მოძალადეს) და მსჯელობს, საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, საკმარისია თუ არა გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, კერძოდ:
11. გამოძიებაში მოწმის სახით გამოკითხული პოლიციელები − რ. ფ–ე და ტ. რ–ე უშუალოდ არ შესწრებიან ფიზიკური ძალადობის სავარაუდო ფაქტს, ამდენად, ისინი ინფორმაციას ფლობენ მხოლოდ დაზარალებულისგან და მის ნაამბობს გადმოსცემენ. შესაბამისად, მათი გამოკითხვის ოქმები ირიბი მტკიცებულებებია, რის გამოც, საფუძვლად ვერ დაედება გამატყუნებელ განაჩენს.
12. რაც შეეხება მ. ბ–ის სხეულზე არსებულ დაზიანებებს, რაც დადგენილია მისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მითითებული დასკვნა, დამოუკიდებლად არ ადგენს, რომ დაზიანებები სწორედ მ. ბ–ემ მიაყენა. ექსპერტიზამ დაადასტურა მხოლოდ დაზიანებების არსებობა, ხასიათი და დროის შესაბამისობა, მაგრამ არა დაზიანების მიმყენებელი პირის ვინაობა.
13. დანაშაულის შესახებ შეტყობინება, მ. ბ–ის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი და მისი ოქმი კი – არ წარმოადგენს მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
14. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობითაც, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურდებოდა მ. ბ–ის მიერ მის მიმართ ინკრიმინირებული ქმედების ჩადენა.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილე თორნიკე გოგეშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
ლ. თევზაძე