საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№63აპ-26 თბილისი
გ–ა გ., 63აპ-26 25 მაისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 18 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. გ–ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ქ. ვ–ისა და მსჯავრდებულ მ. ჯ–ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 13 მაისის განაჩენით მ. ჯ–ა (პირადი №......), დაბადებული 19..წელს, ნასამართლობის არმქონე, და გ. გ–ა (პირადი №......), დაბადებული 19.. წელს, ნასამართლევი, ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯათ 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ მ. ჯ–ს სასჯელი აეთვალა 2024 წლის 22 აგვისტოდან, ხოლო მსჯავრდებულ გ. გ–ს – 2024 წლის 23 აგვისტოდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 18 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ჯ–ამ და გ. გ–ამ ჩაიდინეს ძარცვა, ე. ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგით:
· გ. გ–ამ, პ. ფ–ამ და მ. ჯ–ამ ერთად, წინასწარი შეთანხმებით, 2024 წლის 22 აგვისტოს, ღამის საათებში, თ–ში, .... ქუჩის N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ე. ზ–ს აშკარად გასტაცეს – ჯიბიდან ამოაცალეს თანხა – 350 (სამას ორმოცდაათი) ლარი. გ. გ–ა, პ. ფ–ა და მ. ჯ–ა ცდილობდნენ, აგრეთვე, აშკარად დაუფლებოდნენ ა. ი–ისა და თ. მ–ის კუთვნილ თანხებს, თუმცა განზრახვა ვერ მოიყვანეს სისრულეში, ვინაიდან მათ თანხა არ გააჩნდათ. აღნიშნული ქმედების შედეგად, ე. ზ–ს მიადგა 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულ გ. გ–ას ადვოკატი ქ. ვ–ე ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას და, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, გ. გ–ასათვის დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლას, ხოლო ადვოკატი თ. გ–ი – მსჯავრდებულ მ. ჯ–ასათვის უფრო მსუბუქი სახისა და ზომის სასჯელის განსაზღვრას და საკასაციო საჩივრის განხილვაში მსჯავრდებულის მონაწილეობას; ადვოკატი თ. გ– საკასაციო საჩივარში ასევე უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეუთანხმებელი, არადამაჯერებელი და არარელევანტურია, ისინი არ არის საკმარისი ფაქტების გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარე ითხოვს მსჯავრდებულებისათვის დანიშნული სასჯელების შემსუბუქებას, თუმცა, ამასთან, ადვოკატი თ. გ–ი უთითებს, რომ მ. ჯ–ას მიმართ გამოტანილია უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენი.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა. დაზარალებულების ჩვენებებს შორის რაიმე სერიოზული წინააღმდეგობა არ გამოვლენილა, ხოლო მათში არსებული მცირე უზუსტობანი გავლენას ვერ ახდენს მათ მიერვე სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაციის სანდოობაზე, არც დაზარალებულების მიკერძოებულობაზე მიანიშნებს. დაზარალებულები: ე. ზ–ი, თ. მ–ი და ა. ი–ი იყვნენ თანმიმდევრულები. მათ დეტალურად აღწერეს სისხლის სამართლის საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ძირითადი გარემოებები და დაწვრილებით მიუთითეს, რომელმა პირმა რა მოიმოქმედა მათ მიმართ. დაზარალებულის ჩვენებებში გაჟღერებული ძირითადი ფაქტობრივი გარემოებები გამყარებულია სხვა მტკიცებულებებითაც, მათ შორის: სასამართლოში გამოკვლეული ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებით, მოწმეების: პ. ფ–ას, ნ. ზ–ს, ბ. კ–ს, დ. გ–ს და სხვათა ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით, ინფორმაციის გამოთხოვის, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, ექსპერტიზების დასკვნებითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით. ამასთან, დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა რაიმე ლოგიკური არგუმენტაცია, თუ რა დაინტერესება შეიძლება ჰქონდეთ დაზარალებულებს მსჯავრდებულების მიმართ, რათა მოხდეს მათი ცრუ ბრალდებით მსჯავრდება. განსაკუთრებით საყურადღებოა მოწმე პ. ფ–ას (რომელმაც თანმიმდევრულად აღწერა კაფე-ბარის დატოვების შემდეგ განვითარებული მოვლენები) ჩვენება, რომელიც სრულად შეესაბამება დაზარალებულების – ე. ზ–ის, ა. ი–ის და თ. მ–ის – ჩვენებებს.
9. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებები, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ადასტურებს მ. ჯ–ას მიერ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებანი არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედების რომელიმე ნიშანთან დაკავშირებით.
10. სასჯელთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
11. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა მსჯავრდებულთა ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი (გ. გ–ას შემთხვევაში – ნასამართლობა განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის (რეციდივი)) და შემამსუბუქებელი (შეზღუდული შერაცხადობა – გ. გ–ას შემთხვევაში) გარემოებები, ასევე – მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება და ხასიათი (ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული მომეტებული საფრთხის შემცველი დანაშაული), ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, ბრალდებულთა ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, დანაშაულის ჩადენის მოტივი/მიზანი და მსჯავრდებულებს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და სათანადო მუხლის სანქციის ფარგლებშია.
12. საკასაციო პალატა უთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე ვადით. შესაბამისად, ადვოკატ თ. გ–ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა, მსჯავრდებულ მ. ჯგერენაიასათვის უფრო მსუბუქი სახისა და ზომის სასჯელის განსაზღვრის შესახებ, უსაფუძვლოა. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32 მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა, ხოლო ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. ამდენად, ასევე საფუძველსაა მოკლებული დაცვის მხარის მოთხოვნა საკასაციო საჩივრის განხილვაში მსჯავრდებულის მონაწილეობის თაობაზე.
13. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს ადვოკატ ქ. ვ–ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას გ. გ–ასათვის დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლის შესახებ. გარდა იმისა, რომ არ არსებობს, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლის სამართლებრივი საფუძველი: როგორც საქმის მასალები ცხადყოფს, მსჯავრდებულს არ უთანამშრომლია გამოძიებასთან, გამოძიების ეტაპზე დანაშაული არ უღიარებია, მის ჩვენებებზე დაყრდნობით გამოძიებას არ მოუპოვებია რომელიმე მტკიცებულება და არც საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რაიმე ფაქტობრივი გარემოება დადგენილა და მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აღიარა დანაშაული, სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლა სასამართლოს უფლებამოსილებაა და არა – ვალდებულება, რაც, განსახილველ შემთხვევაში, მსჯავრდებულ გ. გ–ას წარსულისა და პიროვნული მასასიათებლების გათვალისწინებით, ცალსახად მიზანშეუწონელი იქნებოდა.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გ. გ–ასა და მ. ჯ–ას დაუნიშნა კანონიერი და სამართლიანი სასჯელები რეალური თავისუფლების აღკვეთის სახით, მათ შემსუბუქებას ან სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლას კი, საქმის გარემოებებზე დაყრდნობით, მიზანშეუწონლად მიიჩნევს.
15. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. გ–ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ქ. ვ–ისა და მსჯავრდებულ მ. ჯ–ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ–ის საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე