საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 01.06.2026
საქმის ნომერი
2კ-110აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №110აპ-26 1 ივნისი, 2026 წელი

დ-ე მ., №110აპ-26 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 22 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. დ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ო. ფ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. მ. დ-ე - ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2024 წლის 19 ნოემბერს, დილის საათებში, ქ. თ-ში, მ-ის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, მ. დ-ე თავს დაესხა პოლიციელებს გ. ე-ს, ბ. ჟ-სა და ლ. კ-ს, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ, მ. დ-ემ ჯოხისმაგვარი საგანი დაარტყა ლ. კ-ს ხელის მიდამოში, გ. ე-ს შუბლის, ლოყისა და მხრის მიდამოში, ხოლო ბ. ჟ-ს ბეჭისა და მხრის მიდამოში. მ. დ-ის ქმედებების შედეგად გ. ე-მა, ბ. ჟ-მა და ლ. კ-მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი, ბ. ჟ-ს ასევე მიადგა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 12 ივნისის განაჩენით, მ. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 12 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ და მოითხოვა კვალიფიკაციის ნაწილში ცვლილების შეტანა და მ. დ-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირება. სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა მ. დ-ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა დააზუსტეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და ითხოვეს მ. დ-ის გამართლება, ვინაიდან მ. დ-ე მის მიერ ჩადენილი ქმედების დროს იმყოფებოდა აუცილებელი მოგერების ფარგლებში, ხოლო ალტერნატიულ მოთხოვნას წარმოადგენდა ქმედების საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირება.

2.3. განაჩენი ასევე გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა ანი ხუბეჯაშვილმა და მოითხოვა მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 22 დეკემბრის განაჩენით, დაცვისა და ბრალდების მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 12 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელი.

3.2. 2026 წლის 21 იანვარს, მსჯავრდებულ მ. დევაძის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ო. ფ-ემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 22 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და მ. დ-ის საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის გამართლება. დაცვის მხარის ალტერნატიულ მოთხოვნას წარმოადგენს ქმედების კავლიფიკაციის შეცვალა. კერძოდ, მ. დ-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცრება და სასჯელის კანონიერება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მ. დ-ის საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში უკანონოა, რადგან საქმის განხილვისას არაერთგზის დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია და სხვა კანონები, რაც არ გამოუვლენია სააპელაციო სასამართლოს და უფრო მეტიც, თავად დაარღვია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. კერძოდ, განაჩენი არ ეფუძნება პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობას. მ. დ-ეს არ ჰქონია განზრახვა პოლიციელებისათვის, რომლებსაც არ იცნობდა მიეყენებინა ზიანი. მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაული კი, ითვალისწინებს პოლიციელზე განზრახ თავდასხმას. შესაბამისად, ქმედება უნდა იყოს პირდაპირი განზრახვით ჩადენილი, რაც გულისხმობს, რომ დამნაშავეს უნდა ჰქონდეს გააზრებული, რომ თავს ესხმის პოლიციელს, აცნობიერებდეს შედეგს და სურდეს ეს შედეგი. ამასთან, გასაჩივრებულ განაჩენში ყურადღების მიღმაა დატოვებული აუცილებელი მოგერიების საკითხი. ასევე არ არის ნამსჯელი ხომ არ შეიცავდა მ. დ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. დაცვის მხარეს ასევე გასათვალისწინებელ გარემოებად მიაჩნია, რომ დანაშაულის ჩადენის დროს მ. დ-ე იყო 21 წლის და მან აღიარა ჩადენილი ქმედება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს მ. დ-ის მიერ ჯოხისმაგვარი საგნის პოლიციელებისათვის დარტყმის ფაქტი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული ქმედების კვალიფიკაციის კანონიერება.

5.3. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მ. დ-ის საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების შესახებ.

5.4. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებულების – გ. ე-ის, ბ. ჟ-ის, ლ. კ-ის, მოწმეების – გ. ბ-ის, დ. ჩ-ის, ბ. გ-ის ჩვენებებს, შეტყობინების რეგისტრაციის N- ბარათს, ამოღების ოქმებს, სსიპ --- სამედიცინო ბარათებს, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებს, სს „მ--“ სამაუწყებლო კომპანია „--“-დან გამოთხოვილ ინფორმაციას, სოციალურ ქსელ „F-“-ის დათვალიერების ოქმს, საქართველოს შსს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წერილებს, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის -- და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის -- დასკვნებს, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მ. დ-ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენას.

5.5. პალატა აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ დაზარალებულები ბ. ჟ-ი, გ. ე-ი და ლ. კ-ი არიან შსს საპატრულო პოლიციის ინსპექტორები. ისინი 2024 წლის 19 ნოემბერს, დილის საათებში, ქ.თ-ში, მ-ის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციისას ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას – იცავდნენ საზოგადოებრივ წესრიგს. სს „მ--“ სამაუწყებლო კომპანია „--“-დან გამოთხოვილი ინფორმაციის და სოციალურ ქსელ „F-“-ის დათვალიერების ოქმის თანახმად, აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, რომელსაც აცვია მოყავისფრო ფერის ე.წ. „ჰუდი“, მოლურჯო ფერის შარვალი, ზურგზე აქვს შავი ფერის ზურგჩანთა, ხელის მტევნებზე უკეთია ხელთათმანები, მოღერებული აქვს ჯოხისმაგვარი საგანი და სწრაფი ნაბიჯებით მიდის პოლიციის თანამშრომლებისკენ. ახალგაზრდა მამაკაცი ორჯერ ურტყამს ჯოხისმაგვარ საგანს პოლიციის თანამშრომლებს და გარბის. მას დაედევნება პოლიციის სამი თანამშრომელი. ახალგაზრდა მამაკაცი ტრიალდება უკან და კვლავ ურტყამს პოლიციის თანამშრომელს ჯოხისმაგვარ საგანს და გარბის. მას მისდევენ პოლიციის თანამშრომლები. აღნიშნულ ვიდეოჩანაწერებში მ. დ-ის მონაწილეობა უტყუარად არის დადასტურებული, როგორც ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, ასევე ამოღებული ტანსაცმლითა და მოწმეთა ჩვენებებით. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და სსიპ --- სამედიცინო ბარათებით დასტურდება, რომ დაზარალებულებს: გ. ე-ს, ბ. ჟ-სა და ლ. კ-ს მიღებული აქვთ დაზიანებები.

5.6. საკასაციო პალატა თავდაპირველად მიმოიხილავს მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებს, შემდგომ კი სამართლებრივად შეაფასებს მ. დ-ის ქმედებას. სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დაზარალებულები, რომლებიც იყვნენ შსს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და ეცვათ საპატრულო პოლიციის სპეციალური ფორმა მართლზომიერად იმყოფებოდნენ მ-ის გამზირზე სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად. აქციის მონაწილეები, მათ შორის მ. დ-ე ასევე იყვნენ შემთხვევის ადგილზე. რა დროსაც, ამ უკანასკნელმა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯოხისმაგვარი საგანი მიზანმიმართულად დაარტყა ლ. კ-ს ხელის მიდამოში, გ. ე-ს შუბლის, ლოყისა და მხრის მიდამოში, ხოლო ბ. ჟ-ს ბეჭისა და მხრის მიდამოში. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მ. დ-ისთვის აღქმადი იყო, რომ მ-ის გამზირზე იმყოფებოდნენ და თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობებს ასრულებდნენ პოლიციელები, რომლებსაც მიზანმიმართულად დაარტყა ჯოხისმაგვარი საგანი. იმ პირობებში კი, როდესაც პოლიციელთა მოქმედებები სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას იყო მართლზომიერი და არ ეხებოდა მას, მსჯავრდებულს ამოძრავებდა კონკრეტული მიზანი – თავდასხმა, რისი მხედველობაში მიღებითაც სხვა მოტივზე საუბარი არარელევანტურია. შესაბამისად, ზემოხსენებული მტკიცებულებების ანალიზით ერთმნიშვნელოვნად დგინდება მ. დ-ის მიერ პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტი, შესაბამისად, დაცვის მხარის პოზიცია, რომ მ. დ-ეს არ ჰქონია თავდასხმის განზრახვა – არ უნდა იქნეს გაზიარებული უსაფუძვლობის გამო.

5.7. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ ქმედების სუბიექტური შემადგენლობის – განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია, ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნება. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, ბრალდებული არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა. ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის N527აპ-17 გადაწყვეტილება).

5.8. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ საფუძვლად უთითებს საქმის საპროცესო ნორმების დარღვევით განხილვის შედეგად სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უკანონობაზე, რასაც საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება, რადგან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ერთი მხრივ, საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვითაა გამოტანილი, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა მ. დ-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით კვალიფიკაციის კანონიერება. გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება, რომ მსჯავრდებულის ქმედება მიზნად ისახავდა პოლიციელებზე თავდასხმას მათ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და სახეზე არ გვაქვს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლა, პოლიციის მუშაკის საქმიანობის შეწყვეტის მიზნით.

5.9. რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას, რომ მ. დ-ე იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებათა ანალიზიდან. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის N593აპ-15 გადაწყვეტილებაზე, რომელშიც განმარტებულია, რომ „პირი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფება იმ შემთხვევაში, როდესაც მის მიმართ ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა, ხელყოფა იმწუთიერი და რეალურია, ხოლო მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედება კი უკიდურესობით გამოწვეული მოქმედებაა, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია ხელყოფის მოგერიებისთვის და წარმოადგენს შედარებით მსუბუქ თავდაცვის საშუალებას. მართალია, აუცილებელი მოგერიების დროს არ არსებობს სამართლებრივ სიკეთეთა შესაბამისობის მოთხოვნა, მაგრამ თავდაცვა არ არის მართლზომიერი სამართლებრივ სიკეთეთა აშკარა შეუსაბამობის დროს. არ შეიძლება ადამიანს სიცოცხლე მოუსპო ან მძიმე დაზიანება მიაყენო იმ შემთხვევაში, როცა აშკარად შესაძლებელია თავდაცვის განხორციელება შედარებით უფრო ნაკლები ზიანის მიყენების გზით. ამასთანავე, უნდა დადგინდეს მომგერიებლის სუბიექტური დამოკიდებულება, კერძოდ, მოგერიება უნდა იყოს სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილით განხორციელებული“. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის N862აპ-19 გადაწყვეტილებაში კი განმარტებულია, რომ: „აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა შედგება შემდეგი სამი ელემენტისგან: უკიდურესი მდგომარეობა, უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება და თავდაცვის სურვილი. თავის მხრივ, უკიდურესი მდგომარეობის არსებობის დასადგენად საჭიროა შემდეგი სამი კრიტერიუმის არსებობა: სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, ხელყოფის იმწუთიერობა და ხელყოფის მართლწინააღმდეგობა, რაც, შესაბამისად, გულისხმობს ხელყოფის რეალურ (ობიექტურ) ხასიათს. აუცილებელი მოგერიების დროს ობიექტურად უნდა არსებობდეს თავდასხმა და სუბიექტურად პირს უნდა ჰქონდეს თავდაცვის მიზანი“.

5.10. საკასაციო პალატის შეფასებით, აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად უმნიშვნელოვანეს ობიექტურ მტკიცებულებას წარმოადგენს შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, რომელთა შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენს და მიუთითებს, რომ მაშინ როდესაც მ. დ-ე თავს დაესხა პოლიციელებს, მათი მხრიდან რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას ადგილი არ ჰქონია. შემთხვევის დროს მ. დ-ის ან სხვა პირის სამართლებრივ სიკეთეს რაიმე საფრთხე არ ემუქრებოდა. რის გამოც, მსჯავრდებულს სუბიექტურად ვერ ექნებოდა დაცვის მიზანი. შესაბამისად, არ დგინდება აუცილებელი მოგერიების წინაპირობების არსებობა, რადგან გ. ე-ის, ბ. ჟ-ისა და ლ. კ-ის მხრიდან მ. დ-ის ან სხვა პირის მიმართ რაიმე ხელყოფას არ ჰქონია ადგილი.

5.11. დაცვის მხარის მითითება, რომ საქმის განმხილველმა სასამართლოებმა არასწორი ინტერპრეტაცია მისცეს ვიდეოჩანაწერებს და რომ სასამართლოების შეფასებებს შორის არსებითი წინააღმდეგობებია – არ უნდა იქნეს გაზიარებული უსაფუძვლობის გამო, რადგან აღნიშნული არ დგინდება ქვედა ინსტანციის სასამართლოების განაჩენებისა და სისხლის სამართლის საქმის მასალებით. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული დაცვის მხარის პოზიცია, რომ დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებები არის ურთიერთგამომრიცხავი, რის გამოც, ისინი არ უნდა გაეზიარებინა სასამართლოს. მოცემულ შემთხვევაში, პალატას არ გააჩნია საფუძველი საეჭვოდ მიიჩნიოს მათი ჩვენებები, რადგან მსჯავრდებულის მიმართ არ ვლინდება რაიმე დაინტერესების არსებობა. ამასთან, შესაძლოა დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებში არის გარკვეული ხასიათის ცდომილებები, თუმცა არა იმ შინაარსის, რაც მათი ჩვენებების გაუზიარებლობის საფუძველი გახდებოდა. მათ მიერ მითითებული ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მტკიცების საგანთან დაკავშირებით, არსებითად არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.

5.12. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა, ხომ არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას საპროცესო კანონის დარღვევის სავარაუდო შემთხვევა და დასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი, კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით, არის დასაბუთებული.

5.13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მ. დ-ეს განუსაზღვრა მინიმალურ ზომასთან მიახლოვებული სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე, რაც კანონიერი და სამართლიანია.

5.14. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მასში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო საჩივრის საფუძვლიანი შემოწმებისა და საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.

5.15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020.

5.16. ამდენად, საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ მ. დ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ო. ფ-ის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე