საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 22.06.2026
საქმის ნომერი
2კ-211აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაცისო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №211აპ-26 12 ივნისი, 2026 წელი

ა-ი დ., №211აპ-26 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 25 თებერვლის განაჩენზე სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ჯანგულაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. დ. ა-ი ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის ექსპლუატაციის წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2025 წლის 6 აპრილს, საღამოს საათებში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ე.წ. „მ-ან“ სოფელ ხ-ს მიმართულებით მოძრაობდა ავტომობილი „ოპელი“, სახელმწიფო ნომრით: --, რომელსაც მართავდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლი დ. ა-ი. მოძრაობისას ე.წ. „ე-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მძღოლმა დ. ა-მა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, კერძოდ ვერ უზრუნველყო ავტომობილის ისეთი სიჩქარით მოძრაობა, რომ გაეკონტროლებინა სატრანსპორტო საშუალება და დაეცვა მოძრაობის უსაფრთხოება. მან გვიან შეამჩნია მოსახვევი, იხმარა მუხრუჭი, ავტომობილი დასამუხრუჭებელ მდგომარეობაში გადაადგილდა, გადავიდა სავალი ნაწილიდან და ჩავარდა წყლის სარწყავ არხში. აღნიშნულის შედეგად გარდაიცვალა ავტომობილში მყოფი მგზავრი ა. ბ.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 3 ნოემბრის განაჩენით, დ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი; მასვე, 1 წლით ჩამოერთვა საქმიანობის უფლება, კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

2.2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 3 ნოემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ილია ჯანგულაშვილმა, რომელმაც მოითხოვა დ. ა-ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 25 თებერვლის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 3 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2026 წლის 9 მარტს, სახელმწიფო ბრალმდებელმა – სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ილია ჯანგულაშვილმა, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 25 თებერვლის განაჩენში ცვლილება და დ. ა-ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. ბრალდების მხარის პოზიციით, სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა დ. ა-ის ქმედება, თუმცა არ გაითვალისწინა დამდგარი შედეგი და ის ფაქტი, რომ დაზარალებულს გააჩნია პრეტენზია. ამასთან, სასჯელის დანიშვნისას მხედველობაშია მისაღები, რომ იგი ავტომანქანას მთვრალი მართავდა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო პალატა უპირველეს ყოვლისა მიუთითებს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.

5.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

5.4. საკასაციო სასამართლო მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 50-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მას კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა.

5.5. მოცემულ შემთხვევაში, ის გარემოება, რომ დ. ა-მა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ჩაიდინა დანაშაული, რასაც ერთი ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა, ასახულია კვალიფიკაციაში და შესაბამისად დამამძიმებელ გარემოებად ვერ მიიჩნევა.

5.6. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, თითქოსდა სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და განმარტავს, რომ მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ გამოვლენილა. რაც შეეხება ბრალდების მხარის მითითებას, რომ მსჯავრდებულს არ შერიგებია დაზარალებული, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მართალია, სასჯელის სამართლიანობის ერთ-ერთ კომპონენტს მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინება შეადგენს და დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის რესტიტუცია მნიშვნელოვნად ამსუბუქებს დანაშაულით გამოწვეულ შედეგს, ასევე ამაღლებს მსუბუქი სასჯელის გამოყენებით სასჯელის მიზნების მიღწევის ეფექტიანობის მოლოდინს, თუმცა ზიანის ანაზღაურება და დაზარალებულთან შერიგება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას და, შესაბამისად, სასჯელზე გავლენას ახდენს მხოლოდ შემსუბუქების თვალსაზრისით. ამასთან, პროკურორის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რა განსხვავებული წინაპირობები არსებობს დანიშნული სასჯელის დამძიმებისათვის, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა.

5.7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.

5.8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.9. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ჯანგულაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე