საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №254აპ-26 8 ივნისი, 2026 წელი
ს-ი ა., №254აპ-26 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 27 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ს-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – ე. ც-ისა და კ. შ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ა. ს-ი ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი, სხეულის დაზიანება, რომელმაც სახის წარუშლელი დამახინჯება გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
2025 წლის 8 მარტს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. თ-ში, კ-ის ქუჩა №-ში მდებარე შპს “ტ. თ-სის“ ავტოსადგომზე, ა. ს-მა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა ნ. ს-ეს, კერძოდ, ჯერ შუშის ბოთლი ჩაარტყა თავის არეში, შემდეგ კი, შუშის ბოთლის ნამსხვრევის გამოყენებით, მარცხენა ყბისა და ყურის არეში მიაყენა 15 სანტიმეტრი სიგრძისა და 3 სანტიმეტრი სიღრმის სახის წარუშლელი დაზიანება.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 2 დეკემბრის განაჩენით ა. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 6 თვით.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 2 დეკემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. მსჯავრდებულ ა. ს-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ე. ც-ემ და კ. შ-მა მოითხოვეს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, ა. ს-ისათვის ბრალადწარდგენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილიდან საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირება და მისთვის ისეთი სასჯელის შეფარდება, რაც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა ზედელაშვილმა მოითხოვა მსჯავრდებულისათვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდება მაქსიმალური ვადით.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 27 თებერვლის განაჩენით მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 2 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 27 თებერვლის განაჩენი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. ს-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ე. ც-ემ და კ. შ-მა. დაცვის მხარემ მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, ა. ს-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირება და მისთვის ისეთი სასჯელის შეფარდება, რაც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან.
4. კასატორების არგუმენტები:
4.1. დაცვის მხარის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, რადგან სასამართლომ არასწორად მიიჩნია დაზარალებულის სახეზე არსებული დაზიანება სახის წარუშლელ დამახინჯებად. ადვოკატების განმარტებით, თავად დაზარალებულს არ აღუნიშნავს, რომ დამახინჯებულია. ამ თვალსაზრისით მისი შეფასებები წინააღმდეგობრივია და განსხვავებულ პასუხებს სცემს ბრალდებისა და დაცვის მხარეთა მიერ დასმულ შეკითხვებს. ამასთან, ხსენებული საკითხის ირგვლივ ბრალდების მხარემ დაზარალებულს მიმანიშნებელი შეკითხვა დაუსვა, რომლის პასუხიც დაუშვებლად უნდა ეცნო სასამართლოს. არ დასტურდება, რომ დაზარალებულის სახეზე არსებული დაზიანება შიშის, ზიზღის, შეცოდების ან სხვა რაიმე განწყობის/ემოციის გამომწვევია როგორც დაზარალებულისთვის, ისე – სხვა ობიექტური პირისთვის. დაცვის მხარის მტკიცებით, გასაჩივრებული განაჩენი სახის წარუშლელი დამახინჯების შეფასების ნაწილში არ შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას. ამასთან, ადვოკატთა განმარტებით, მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი უსამართლოა, რადგან მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი ქმედება (დაზარალებულისათვის სახის არეში დაზიანების მიყენება), მტკიცებულებები ცნო უდავოდ, არის ნასამართლობის არმქონე, აუნაზღაურა ზიანი დაზარალებულს, რომელსაც მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს არ წარმოადგენს ა. ს-ის მიერ ნ. ს-ისათვის შუშის ბოთლის თავის არეში ჩარტყმა, ხოლო შემდეგ, შუშის ბოთლის ნამსხვრევის გამოყენებით, მარცხენა ყბისა და ყურის არეში 15 სანტიმეტრი სიგრძისა და 3 სანტიმეტრი სიღრმის დაზიანების მიყენება. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის დისპოზიციით გათვალისწინებული ერთ-ერთი ნიშნის – სახის წარუშლელი დამახინჯების არსებობა. ამასთან, მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის სამართლიანობა.
5.3. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2025 წლის 6 აგვისტის N- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმად, ნ. ს-ის სამედიცინო საბუთების მონაცემების მიხედვით, მარცხნივ ლოყის, ყბა-ყურა-საღეჭი და რეტროაურიკულურ მიდამოში აღინიშნება სისხლმდენი ჭრილობა ზომით დაახლოებით 15X5სმ-ზე, ასევე, ყურზე აღენიშნება ორი სისხლმდენი ჭრილობა ზომით დაახლოებით 1X1სმ და 1X0,5სმ. პირადი შემოწმების მონაცემებით, ნ. ს-ეს აღენიშნებოდა კანის დონიდან დაბლა მდებარე, ხელის შეხებით ალაგ სადა ზედაპირის, ალაგ რამდენიმე არათანაბარი კონსისტენციის, მოვარდისფრო ფერის, სწორნაპირებიანი ჭრილობების შეხორცების შემდგომი ნაწიბურები, ირგვლივ ნაკერების კვლებით (ქირურგიული დამუშავების შემდგომი მდგომარეობა). მარცხნივ ლოყის, ყბა-ყურა-საღეჭი და რეტროაურიკულურ მიდამოში არსებული ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისებების მქონე საგნის მოქმედებით. ყურის ნიჟარის მიდამოში არსებული ჭრილობების შეხორცების შემდგომი ნაწიბურები წარმოადგენენ რაიმე სწორკიდეებიანი ჭრილობების შეხორცების შემდგომ კვლებს და განვითარებული არიან რაიმე მჭრელი თვისებების მქონე საგნის/საგნების მოქმედებით. დაზიანებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. ნაწიბურები წარუხოცელია და დროთა განმავლობაში თავისით არ გამოსწორდებიან. სახის მიდამოში არსებული ნაწიბური სახის ასიმეტრიას და მიმიკის შეცვლას არ იწვევს.
5.4. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს დაზარალებულის ჩვენებას, რომლის თანახმადაც, აღნიშნული დაზიანება, რა თქმა უნდა, ამახინჯებს მას. ამასთან, მართალია, სხვა პირებისგან ეს განცდა არ გასჩენია მათი დამოკიდებულების ან არასასიამოვნო შეხედვის გამო, თუმცა აღნიშნული დაზიანების შემდეგ გაუჩანდა კომპლექსი, როგორც ახალგაზრდა კაცს. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმეში არსებულ დაზარალებულის ფოტოსურათებს, რომლებიც ასახავს დაზარალებულის სახეზე არსებულ დაზიანებას, ასევე, ითვალისწინებს დაზარალებულის სახეზე არსებული დაზიანების სიგრძეს (15 სმ სიგრძის წარუშლელი ჭრილობა) და მიაჩნია, რომ ნ. ს-ის სახის არეში არსებული წარუშლელი ნაწიბური იწვევს დამახინჯებას. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებს, რაც უკავშირდება ბრალდების მხარის მიერ დაზარალებულისათვის სავარაუდოდ მიმანიშნებელი შეკითხვის დასმას, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სისხლის სამართლის საქმის მასალებით დაზარალებულის დაკითხვის პროცესში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არსებითი დარღვევა, მათ შორის, მიმანიშნებელი შეკითხვების დასმა, არ გამოვლენილა. რაც შეეხება საკასაციო საჩივარში მოხმობილ უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახის წარუშლელი დამახინჯება ინდივიდუალურად შეფასებადი გარემოებაა, რა დროსაც სასამართლო შებოჭილი არ არის სხვა საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებებით, რომლებიც სრულიად განსხვავებულ ფაქტობრივ გარემოებებზეა დამყარებული.
5.5. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა. გასაჩივრებული განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად შეფასებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენას.
5.6. რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის შეფარდებულ სასჯელს, სააპელაციო სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად შეაფასა კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებები, სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები – ჩადენილი ქმედების ხასიათი, სიმძიმე, საზოგადოებრივი საშიშროება, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მსჯავრდებულის პიროვნება, შემამსუბუქებელი გარემოებები (დანაშაულის აღიარება, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა, ზიანის ანაზღაურება), სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს შეუფარდა კანონიერი და სამართლიანი, მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი, რომელიც აკმაყოფილებს პროპორციულობის მოთხოვნას, უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას და არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
5.7. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
5.8. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. ს-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – ე. ც-ისა და კ. შ-ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე