საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 23.06.2026
საქმის ნომერი
2კ-300აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე N300აპ-26 23 ივნისი, 2026 წელი

ხ. რ., N300აპ-26 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 2 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ხ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. პ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. რ. ხ-ე ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც მართავს ამ სატრანსპორტო საშუალებას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2024 წლის 27 სექტემბერს, დაახლოებით 17:30 საათზე, ქ. ბ-ში, ა-ის გზატკეცილის N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რ. ხ-ემ, „ჰოვოს“ მარკის ავტომობილის (სახელმწიფო სანომრე ნიშნით – -) მართვისას დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 1-ელი პუნქტისა და მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები და დაეჯახა მ. ღ-ს მართვის ქვეშ მყოფ „კიას“ მარკის ავტომობილს (სახელმწიფო სანომრე ნიშნით – -), რომელიც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანების გამო გარდაიცვალა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 20 ივნისის განაჩენით, რ. ხ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-43-ე მუხლების საფუძველზე, 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 20 ივნისის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. ხ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ე. პ-ემ და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშული სასჯელის შემსუბუქება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 2 თებერვლის განაჩენით, მსჯავრდებულ რ. ხ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის, ე. პ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 20 ივნისის განაჩენი რ. ხ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

3.2. 2026 წლის 2 მარტს, მსჯავრდებულ რ. ხ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ე. პ-ემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: რ. ხ-ის მიმართ დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. დაცვის მხარის პოზიციით, მსჯავრდებულ რ. ხ-ის მიმართ დანიშნული სასჯელი ზედმეტად მკაცრია. რ. ხ-ე პირველივე წუთიდან აქტიურად თანამშრომლობდა გამოძიებასთან, მონაწილოება მიიღო ყველა საგამოძიებო მოქმედებაში, მათ შორის ექსპერტიზებში, ის გულწრფელად აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, ინანიებს და ძალიან განიცდის ამ დიდ ტრაგედიას, რასაც ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალება მოჰყვა. საქმე ეხება გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულს (ავტოსაგზაო შემთხვევას), რომელსაც 22 წლის ახალგაზრდა კაცის გარდაცვალება მოჰყვა. დაცვის მხარის მიერ უდავოდ იქნა ცნობილი საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება. თავად მსჯავრდებულიც ახალგაზრდა კაცია, რომლის ტრაგედიამ გააერთიანა არამარტო მისი სოფელი (სოფელი დანისპარაული), არამედ მთელი ხეობა, რასაც მოწმობს მოსახლეობის დახასიათება. მსჯავრდებულს კმაყოფაზე ჰყავს მოხუცი მამა, დედა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა. ყოველდღიურმა სტრესმა და ნერვიულობამ გაართულა მამის ჯანმრთელობის მდგომარეობა. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოხდა დაზარალებულის უფლებამონაცვლესთან შერიგება. ამავე დროს მან აღნიშნული ფაქტი დაადასტურა სასამართლო პროცესზე ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით, თუმცა მოგვიანებით მოულოდნელად შეცვალა პოზიცია. მსჯავრდებულის ნათესავებმა მოაგროვეს გარკვეული რაოდენობის თანხა 50000 ლარის ოდენობით, მიყენებული ზიანის ანაზღაურების (მათ შორის სასაფლაოს მოწყობის, გარდაცვლილის სულის მოხსენიებისთვის და პატივის დადებისათვის) ანაზღაურებისთვის, რომელიც დღეისათვის მსჯავრდებულის მამის პირად ანგარიშზე არის ასახული. დღეისათვის დაზარალებულის უფლებამონაცვლე უარს აცხადებს დაცვის მხარესთან კონტაქტზე. კასატორის აზრით, გარდა ზემოაღნიშნულისა სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, რომ მსჯავრდებული არ ყოფილა ნასამართლევი, ცხოვრობს მაღალმთიან რეგიონში და შრომობს ფიზიკურად.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

5.3. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.

5.4. „დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, უნდა იყოს შესაძლებლობა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).

5.5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, გაითვალისწინა, ის გარემოება, რომ არ არსებობდა პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მსჯავრდებულის პირადი და ეკონომიკური პირობები, ის, რომ რ. ხ-ემ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მტკიცებულებები მიიჩნია უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას და ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით რ. ხ-ეს კანონიერი და სამართლიანი, მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი მინიმალური ვადით განუსაზღვრა, რაც სრულად შეესაბამება საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).

5.6. რაც შეეხება დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს რომ საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიიჩნია დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა.

5.7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ რ. ხ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. პ-ის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე