საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100124010395046
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №255აპ-26 ქ. თბილისი
მ–ი ი., 255აპ-26 7 ივლისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 20 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. მ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ. ქ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. მ–ის, – პირადი ნომერი: ............, – მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
1.1. 2024 წლის 3 თებერვალს, დაახლოებით 18:25 საათზე, ქ. თ–ში, ხ–ს ქუჩაზე, .....ს ქუჩის მხრიდან ლ-ს დასახლების მიმართულებით, მოძრაობდა ი. მ–ი, „.....-ს” მარკის ავტომობილით, სარეგისტრაციო ნომრით: ...... ხ–ს ქუჩაზე, N..-ე ელ. .... მიმდებარე ტერიტორიაზე, ი. მ–მა, მოსახვევის გავლის დროს, არასწორად შერჩეული სიჩქარის გამო, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, გადავიდა საპირისპირო სამოძრაო ზოლში, გადაკვეთა ორმაგი უწყვეტი ჰორიზონტალური მონიშვნის ხაზი და ყოველგვარი ხელის შემშლელი პირობების გარეშე შეეჯახა საპირისპიროდ, თავის მოძრავ ზოლში მოძრავ „Hyundai Accent-ის“ მარკის ავტომობილს, სარეგისტრაციო ნომრით: ......, რომელსაც მართავდა თ. ჩ–ი. აღნიშნულით ი. მ–მა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები. ი. მ–ის მიერ ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევით გამოწვეული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, თ. ჩ–ის მგზავრმა – მ. ვ–ემ მიიღო სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ჯანმრთელობის მრავლობითი დაზიანება, რის შედეგადაც 2024 წლის 8 თებერვალს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა;
1.1.1. ი. მ–მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 21 თებერვლის განაჩენით:
2.1. ი. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით. მასვე, 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
2.2. ი. მ–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 2 ოქტომბრიდან.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. მ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. ღ–მა. აპელანტმა მოითხოვა ი. მ–ის უდანაშაულოდ ცნობა;
3.1. დაცვის მხარის საპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა მარინე ლომიძემ. ბრალდების მხარემ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
3.2. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაცვის მხარემ შეცვალა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, კერძოდ, განაცხადა, რომ მსჯავრდებული ი. მ–ი სრულად აღიარებს და ინანიებს მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენას და მოითხოვა მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის შემცირება, – კანონით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალური ხანგრძლივობით განსაზღვრა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 20 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 21 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. მ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ. ქ–მა. კასატორი ითხოვს ი. მ–ის მიმართ განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქებას, კერძოდ, მისთვის სასჯელის სახედ და ზომად – 4 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.
6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული რომელიმე წინაპირობის/ების არსებობას. ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ევალება, შეამოწმოს დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2025 წლის 20 ნოემბრის №751აპ-25, 2025 წლის 12 ნოემბრის №737აპ-25, 2025 წლის 28 ივლისის №193აპ-25).
6.1. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ., Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ., Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
8. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის 32-ე ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა.
9. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
10. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხოლოდ დაცვის მხარემ და მოითხოვა ი. მ–ის მიმართ განსაზღვრული სასჯელის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებულ მინიმუმამდე შემცირება, კერძოდ, მისთვის თვისუფლების აღკვეთის 4 წლით განსაზღვრა.
10.1. შესაბამისად, დავის საგანი არ არის ი. მ–ის მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მხოლოდ შეფარდებული სასჯელის კანონიერება.
11. საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული დანაშაულისთვის კანონმდებელი სასჯელის სახედ და ზომად ადგენს: თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე.
11.1. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ, გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა სააპელაციო სასამართლოში სამართალწარმოებისას, საქმის განხილვის მხოლოდ ბოლო სხდომაზე აღიარა მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულის ჩადენა, ასევე – მსჯავრდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათი, ზომა, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი (არასწორად შერჩეული სიჩქარის გამო – სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით – ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და ყოველგვარი ხელის შემშლელი პირობების გარეშე შეეჯახა საპირისპიროდ – თავის მოძრავ ზოლში – მოძრავ ავტომობილს), მართლსაწინააღმდეგო შედეგი (ადამიანის სიცოცხლის მოსპობა), დაზარალებულის უფლებამონაცვლის – ე. ჩ–ის – პოზიცია (თხოვს, ი. მ–ის მიმართ მკაცრი – მაქსიმალური ზომის – სასჯელის გამოყენებას), ი. მ–ის ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდეგ და სამართალწარმოების მიმდინარეობისას, და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ერთადერთი სახის ძირითადი სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა – სასჯელის მინიმალურთან მიახლოებული ხანგრძლივობით – 5 წლით.
12. სასჯელის დაკისრება, თავისი ბუნებით, არ არის უფლება, რომელიც შეიძლება/უნდა დაკმაყოფილდეს ადამიანების მოთხოვნების, სურვილების შესაბამისად. სასჯელის სიმძიმე ყოველთვის ვერ იქნება დაზარალებულის გამოხატული ემოციის პროპორციული. სასჯელი უნდა იყოს რეალურად ჩადენილი ქმედების თანაზომიერი, დაფუძნებული როგორც ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებაზე, ისე დანაშაულის ყველა ინდივიდუალური გარემოების გათვალისწინებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის N1/8/594 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-23).
12.1. „მართალია, სახელმწიფო ვალდებული არ არის, დაზარალებულის ნებისმიერი მოთხოვნა და სურვილი დააკმაყოფილოს, მაგრამ მან, იმავდროულად, უნდა ... [დაზარალებულს] გაუქარწყლოს დაუცველობის განცდა, გამორიცხოს მისი შემდგომი ვიქტიმიზაცია და ამ გზით უზრუნველყოს მართლმსაჯულებისადმი მისი ნდობა“ (იქვე, II-45).
12.2. „დაზარალებულის განსაკუთრებული დამოკიდებულება გამოძიების შედეგების და სასამართლოს მიერ დამნაშავისათვის დაკისრებული სასჯელის მიმართ ანგარიშგასაწევია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/1/403,427 გადაწყვეტილება „კანადის მოქალაქე ჰუსეინ ალი და საქართველოს მოქალაქე ელენე კირაკოსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9)
13. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საკასაციო წარმოების ფარგლებში ,,კანონმდებელი არ ითვალისწინებს მხოლოდ მიზანშეწონილობის კრიტერიუმიდან გამომდინარე სასჯელის გადასინჯვის უფლებამოსილებას“ (იხ. მაგ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2026 წლის 26 იანვრის N 987აპ-25, 2025 წლის 12 ნოემბრის N680აპ-25, 2025 წლის 2 ოქტომბრის N 401აპ-25).
14. კასატორი გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქების დასაბუთებისათვის უთითებს, რომ მსჯავრდებულს დანაშაული არ ჩაუდენია ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში. სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნული გარემოება გათვალისწინებული იყო ი. მ–ისათვის წარდგენილ ბრალდებასა და მსჯავრდებაში. კერძოდ, სწორედ აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ი. მ–ის ბრალი წარედგინა და მსჯავრი დაედო არა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით, არამედ – საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით. შესაბამისად, კასატორის მიერ მითითებული გარემოება უკვე ასახულია ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციის ფარგლებში.
14.1. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის ან საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი.
14.2. დაცვის მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება და სასჯელის შემსუბუქება.
14.3. გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული სასჯელი არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს და საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.
15. „საქართველოს უზენაესი სასამართლოს განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017) და „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).
16. „საკასაციო საჩივრების დასაშვებობის კრიტერიუმების შემოღება და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელების ლეგიტიმურ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Nersesyan v. Armenia, no. 15371/07, par. 22, ECtHR, 19/01/2010; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009).
17. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით, 306-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 20 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. მ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ. ქ–ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე