საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 120100125011073944
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №170აპ-26 ქ. თბილისი
გ. გ., 170აპ-26 9 ივნისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 10 თებერვლის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. გ-ს ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის. აღნიშნული გამოიხატა შემდეგით:
2025 წლის 25 იანვარს, ა-ს რაიონის სოფელ ფ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, 2024 წლის 4 აპრილის ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით ნასამართლევმა გ. გ-მ არასრულწლოვან შვილს ქ. გ-ს, მათივე არასრულწლოვანი ოჯახის წევრების: ა. და ბ. გ-ების თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ, ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში, ხის ნაჭერი და ჯოხი დაარტყა ხელისა და ტანის არეში, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 11 სექტემბრის განაჩენით გ. გ., − დაბადებული ... წელს, − ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
გაუქმდა გ. გ.ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება − პატიმრობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, გამართლებულ გ. გ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამუნა მურჯიკნელმა. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 10 თებერვლის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 11 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 10 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამუნა მურჯიკნელმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგ გარემოებათა გამო: გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები; მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა უარი განაცხადა სასამართლოში გ. გ.ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა უსაფუძვლოდ მიიჩნიეს, რომ ბრალდების მხარის მიერ არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულებათა ისეთი ერთობლიობა, რომელიც გ. გ.ს ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა; კასატორი მიუთითებს, რომ მოწმეთა − ე. ა-ს, მ. მ-ს, ლ. ზ-ს, თ. გ-სა და სხვათა ჩვენებებით, ასევე, დანაშაულის ჩადენის შესახებ შეტყობინებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დაზარალებულისა და მოწმე ე. ა-ს მობილური ტელეფონებიდან ინფორმაციის გამოთხოვის ოქმებითა და ამოღებული ნივთებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ. გ.ს ბრალეულობა.
6. გამართლებულ გ. გ.ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ა. საკასაციო საჩივრის შესაგებლით მოითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას, ვინაიდან გასაჩივრებული განაჩენი კანონიერი და დასაბუთებულია.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა და არ გამომდინარეობს სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც, გონივრულ ეჭვს მიღმა, დაადასტურებდა, რომ გ. გ-მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.
10. საქმის მასალებით დგინდება, რომ არასრულწლოვანმა დაზარალებულმა ქ. გ-მ და ასევე არასრულწლოვანმა მოწმეებმა − ბ. და ა. გ-ებმა (გამართლებულის შვილები) პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენეს მათთვის საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) მინიჭებული უფლება და ჩვენება არ მისცეს თავიანთი ახლო ნათესავის, მამის – გ. გ.ს წინააღმდეგ. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულისა და მოწმეთა მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევაც, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს დაზარალებულის (მოწმის) მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორეც დაზარალებულმა და მოწმემ სასამართლოში არ დაადასტურეს.
11. საკასაციო სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე, მათ შორის – ოჯახური დანაშაულის საქმეებზე, დადგენილია ერთი სტანდარტი – ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო, მიუხედავად დაზარალებულის პოზიციისა, ითვალისწინებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას (დაიცვას ოჯახური ძალადობის მსხვერპლი და ადეკვატური სანქცია დააკისროს მოძალადეს) და მსჯელობს, საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, საკმარისია თუ არა გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, კერძოდ:
12. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციელებმა – ლ. ზ-მ, რ. ჩ-მა, თ. კ-მ და კ. ს-მ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე. ისინი არ ფლობენ რაიმე სახის პირდაპირ ინფორმაციას, რაც დაადასტურებდა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს; მოწმეები – ე. ა., თ. გ. და მ. მ. ასევე არ არიან თვითმხილველი პირები. ამდენად, ისინი გადმოსცემენ მხოლოდ ირიბ ინფორმაციას, რომელიც მიიღეს ქ. გ.სგან; გარდა ამისა, მითითებულ მოწმეებს არ ჰქონდათ სავარაუდო შემთხვევიდან დაზარალებულთან მყისიერი შეხება; მოწმეების – ე. ა-ს, თ. გ.სა და მ. მ-ს ჩვენებების შეფასებისას, სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ წინააღმდეგობებზე, რაც არსებობს მათ ჩვენებებში, ქ. გ.ს ნაამბობსა და მის სხეულზე არსებულ შესაძლო დაზიანებებთან დაკავშირებით. კერძოდ, ე. ა-ს ჩვენებით, ქ. გ-მა მათ განუმარტა, რომ გ. გ-მა ჯერ ხელი დაარტყა თავში, შემდეგ ჯოხი ფეხებში და ბოლოს შეშის ნაპობი მხარზე. თუმცა მოწმეები – მ. მ. და თ. გ., საერთოდ არ ფლობენ ინფორმაციას ჯოხის ფეხებზე დარტყმის თაობაზე. ამასთან თამარ გ.ს ჩვენებით, ქ. გ-ს, იდაყვზე ჰქონდა ნაკაწრი, რომელიც დარჩა შეშის ნაპობის მოხვედრის შედეგად, თუმცა მ. მ., რომელსაც ყველაზე დიდხანს ჰქონდა ურთიერთობა არასრულწლოვან დაზარალებულთან, არ ფლობს ასეთი სახის ინფორმაციას და აცხადებს, რომ ქ-ს მხოლოდ სიწითლე აღენიშნებოდა სახეზე, რისი მიზეზიც მას არ უკითხავს. გარდა ამისა, დაზიანების არსებობა არ დასტურდება სხვა რაიმე მტკიცებულებით, მათ შორის, სამედიცინო დოკუმენტაციით ან სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით; დანაშაულის შესახებ N... შეტყობინებაში მითითებულია მოწმე ე. ა-ს მიერ მიწოდებული ირიბი სახის ინფორმაცია; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ამოღებული ნივთები, ფიზიკური ძალადობის ფაქტს ვერ ადასტურებს; დაზარალებულ ქ. გ-სა და მოწმე ე. ა-ს შორის მიმოწერა კი, შეიცავს მხოლოდ მწირ ინფორმაციას, კერძოდ, დაზარალებულის მიწერილს: ,,მამამ ძალიან მიყვირა და დამარტყა’’. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, საკმარისი არ არის გ. გ.ს მხრიდან ფიზიკური ძალადობისა და მის შედეგად დაზარალებულის მიერ ტკივილის განცდის ფაქტის, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასადასტურებლად.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
მ. გაბინაშვილი