საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 09.06.2026
საქმის ნომერი
2კ-169აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 190100125010957552

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №169აპ-26 ქ. თბილისი

რ. ლ., 169აპ-26 9 ივნისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 15 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. რ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნინო ლომთათიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლ. რ-ს ბრალად ედება სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით. აღნიშნული გამოიხატა შემდეგით:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევმა, ლ. რ-მ, 2025 წლის 2 იანვარს, დაახლოებით 15:20 საათზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დ. ს-ს, კერძოდ, ხელი ერთხელ დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით ლ. რ., − დაბადებული ..., − ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

გაუქმდა ლ. რ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება − გირაო და ასევე გაუქმდა გირაოს უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა შემდეგ ქონებაზე: ჯ. კ.-ბ-ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე, მდებარე მისამართზე: .....

ლ. რ-ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ჟანა ერემაშვილმა. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ლ. რ-ს დამნაშავედ ცნობა წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 15 იანვრის განაჩენით რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ჟანა ერემაშვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 23 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენი გაუქმდა.

ლ. რ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით ლ. რ-სთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი − 1 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან − 1 წლით, 2 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთიდან 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ. რ-ს განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

ლ. რ-ს სასჯელის მოხდის ვადა უნდა აეთვალოს აღნიშნული განაჩენის აღსრულების მიზნით, მისი დაკავების მომენტიდან.

მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2025 წლის 3 იანვრიდან − 2025 წლის 9 იანვრის ჩათვლით.

ცნობად იქნა მიღებული, რომ გაუქმებულია ლ. რ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება − გირაო. ასევე, გაუქმებულია რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 8 იანვრის განჩინებით გირაოს უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა შემდეგ ქონებაზე: ჯ. კ.-ბ-ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე, მდებარე მისამართზე: .

5. ლ. რ. მსჯავრდებულის სახით დააკავეს 2026 წლის 15 იანვარს.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 15 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. რ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნინო ლომთათიძემ. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს ლ. რ-ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგი მოტივებით: კასატორი მიიჩნევს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლომ სწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მართებულად დაადგინა გამამართლებელი განაჩენი; გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება მხოლოდ დაინტერესებული პირების დაზარალებულ დ. ს-სა და მისი ოჯახის წევრების − ნ. ს-სა და ლ. ს-ს − მიკერძოებულ და ურთიერთშეუსაბამო ჩვენებებს; დაზარალებული შურისძიების მოტივით, ფინანსური სარგებლის მიღების სურვილით, დ. ს-სა და ლ. რ-ს შორის წარსულში მომხდარი კონფლიქტიდან გამომდინარე, დანაშაულის ჩადენას ცრუდ აბრალებს მსჯავრდებულს; ამავე დროს, დაზარალებულმა უარი თქვა ექსპერტიზის ჩატარებაზე, ხოლო ლ. რ-ს დაკავებისას აღენიშნებოდა დაზიანება, რაც, კასატორის შეფასებით, მიუთითებს, რომ კონფლიქტში რეალურად დაზარალებული სწორედ ლ. რ.ა; სააპელაციო სასამართლომ ლ. რ-ს წარსული ნასამართლობა უსაფუძვლოდ გამოიყენა მის წინააღმდეგ და არ იმსჯელა იმაზე, რომ სწორედ ეს გარემოება შეიძლებოდა ყოფილიყო დაზარალებულის მხრიდან შურისძიების მოტივი.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად, არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, კასატორი არ არის არასრულწლოვანი.

10. საკასაციო სასამართლო დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობისა და მათი გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს მსჯავრდებულ ლ. რ-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხილი დანაშაულის ჩადენის თაობაზე და მიაჩნია, რომ აღნიშნული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ:

11. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა დ. ს-მა დეტალურად და თანმიმდევრულად აღწერა 2025 წლის 2 იანვარს განვითარებული მოვლენები და დამაჯერებლად ისაუბრა ლ. რ-ს მხრიდან განხორციელებული როგორც ფიზიკური ძალადობის − სახეში ხელის დარტყმის, ისე ძალადობის შედეგად განცდილ ტკივილთან დაკავშირებით, კერძოდ: 2025 წლის 2 იანვარს, ოჯახის წევრებთან, დედასთან − ლ. ს-თან და დასთან − ნ. ს-თან ერთად, მისი კუთვნილი ავტომანქანით ... მიდიოდნენ თ-ს მიმართულებით. მგზავრობისას, ჩაწეული ფანჯრიდან მოესმა გინების ხმა, რის გამოც მანქანა გააჩერა. სათვალეს ხმარობს და თავიდან არ იყო დარწმუნებული, რომ ლ. რ. აგინებდა, მაგრამ მანქანიდან რომ გადმოვიდა და დააკვირდა, იცნო. მან ლ. რ-ს ჰკითხა, თუ რატომ აგინებდა, რის გამოც, მათ შორის მოხდა ფიზიკური შეხლაშემოხლა, მუშტი მოხვდა და წაიქცა. ლ. რ-მ სახის არეში დაარტყა, რის შემდეგაც წაიქცა, ნიკაპის მიდამო სტკიოდა, სათვალეც დაბლა დაუვარდა. ლ.მ ზუსტად მარცხენა მხარეს დაარტყა თუ მარჯვენა მხარეს, ვერ იტყვის. დაზარალებულის განმარტებით, განიცადა ფიზიკური ტკივილი. ძალადობის ფაქტს დედამისი და მისი დაც შეესწრნენ. თავდაპირველად მანქანიდან მისი და − ნ. ს. გადმოვიდა. ამ დროს თვითონ უკვე დაბლა ეგდო. შემდეგ გადმოვიდა დედამისი. ნ. მასთან მივიდა და წამოაყენა, მერე დაიწყო შეხლა-შემოხლა. ლ. რ-მ მის დასაც მიაყენა შეურაცხყოფა. პირველმა ლ. რ-მ დაარტყა, მერე თვითონაც დაარტყა და დაზიანება მიაყენა ლ. რ-ს. ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი თქვა, რადგან არ ჩათვალა საჭიროდ, ვინაიდან საგამოძიებო მოქმედებები დროში ძალიან იწელებოდა, დედამისი კი, მოხუცი ქალია და ფიზიკურად ვეღარ უძლებდა ამდენს. შემდეგ ნახა, რომ ფეხზე ჰქონდა დაზიანება, თუმცა ექსპერტიზისთვის არ მიუმართავს. დ. ს-ს განმარტებით, არ იცის რატომ დაესხა თავს ლ. რ.. დაზარალებულმა ითხოვა ლ. რ-ს მიმართ კანონით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელის შეფარდება.

12. დაზარალებულ დ. ს-ს ჩვენება სრულად არის გამყარებული და მას არსებითად შეესაბამება შემთხვევის უშუალო თვითმხილველი პირდაპირი მოწმეების − ნ. ს-სა და ლ. ს-ს ჩვენებები. აღნიშნული მოწმეები, დ. ს-ს მსგავსად, თანმიმდევრულად და დეტალურად განმარტავენ საქმის ძირითად ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ:

13. მოწმე ნ. ს-ს ჩვენებით, ის შემთხვევის დროს იმყოფებოდა დ. ს-ლთან და ლ. ს-თან ერთად, ავტომანქანაში. მან დაინახა, რომ დ-მ ავტომანქანა გააჩერა, რადგან ლ. რ-ს მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა ისმოდა. მოწმემ დაადასტურა, რომ კონფლიქტი მის თვალწინ განვითარდა, მან დაინახა დარტყმის მომენტი, სახელდობრ, ლ. რ-მ დ. ს-ს მარჯვენა ხელი დაარტყა ყბაში, რის შედეგადაც, დ. დაეცა. ნ. ს-მ ასევე განმარტა, რომ სანამ ის ავტომანქანიდან გადავიდა, დ. უკვე წაქცეული იყო, მისი სათვალეც დაბლა ეგდო, ხოლო ლ. რ. სიტყვიერ შეურაცხყოფას განაგრძობდა. მან დ. ს. წამოაყენა და სათვალე მიაწოდა. ნ. განმარტა, რომ თვითონ და ლ. აშველებდნენ და დ-ს არ აძლევდნენ ლ.სთან მიახლოების საშუალებას, ლ-ს კი, შემთხვევის ადგილის დატოვებისკენ მოუწოდებდა. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ სწორედ ნ. ს. დაუკავშირდა პოლიციას და მან შეატყობინა ლ. რ-ს მიერ მისი ძმის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი.

14. მოწმე ლ. ს-ს ჩვენებით დგინდება, რომ შემთხვევის დროს იგი შვილებთან − დ. და ნ. ს-ებთან ერთად მგზავრობდა ავტომანქანით. მგზავრობისას გაიგონა გინების ხმა, დაინახა, რომ დ. ს. ავტომანქანიდან გადავიდა და მივიდა იმ პირთან, რომლის თაობაზეც ნ. ს-მ უთხრა, რომ ლ. რ. იყო. ლ. ს-მ განმარტა, რომ როდესაც თვითონაც გადავიდა ა/მანქანიდან, დ. ს. უკვე მიწაზე ეგდო და სათვალე დაკარგული ჰქონდა; ამასთან, მან მანქანიდან დაინახა ლ. რ-ს მიერ ხელის მოქნევისა და დ-ს დაბლა დაცემის ფაქტი. ლ. ს-ს არ დაუკონკრეტებია, ლ. რ-ს მიერ მოქნეული რომელი ხელი ან სხეულის რომელ ნაწილში მოხვდა მის შვილს, თუმცა მისი ჩვენებაც, დ. და ნ. ს-ების მსგავსად, ადასტურებს კონფლიქტის დაწყების მიზეზს, მიმდინარეობასა და ლ. რ-ს მხრიდან დაზარალებულის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს. მოწმის განმარტებით, დ-ს წამოყენების დროს, ლ. რ-მა დაიწყო ქვების სროლა და საშინელი გინება.

15. ზემოაღნიშნულ ჩვენებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ასევე თანხვდენილია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთანაც, კერძოდ, დანაშაულის შესახებ შეტყობინებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მონაცემებთან, რომელთა მიხედვით დამატებით დგინდება კონფლიქტის ადგილი, დრო, მასში მონაწილე პირები და ლ. რ-ს მხრიდან დ. ს-ს მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფისა და შემდგომ ქვების სროლის ფაქტი, სახელდობრ:

16. დანაშაულის შესახებ შეტყობინებით დადასტურებულია, რომ 2025 წლის 2 იანვარს, 16:01 საათზე, გ-ს რაიონული სამმართველოს მე-... განყოფილებას ტელეფონის ნომრიდან დაუკავშირდა ნ. ს. და შეატყობინა, რომ სოფელ ...., ქუჩაში გადაადგილების დროს, მის ძმას − დ. ს-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ლ. რ-მა.

17. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით ასევე დადასტურდა, რომ დ. ს-მა მიუთითა იმ ადგილებზე, სადაც გააჩერა ავტომანქანა და ლ. რ-მა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ქვები ესროლა.

18. აღნიშნული მტკიცებულებების ანალიზისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მითითებული მტკიცებულებები ერთმანეთთან არსებითად თანხვედრილია. დაზარალებულისა და ორი თვითმხილველი მოწმის ჩვენებები თანმიმდევრული, დეტალური, დამაჯერებელია და ერთნაირად ადასტურებს კონფლიქტის ძირითად ფაქტობრივ გარემოებებს: ლ. რ-ს მხრიდან დ. ს-ს მისამართით სიტყვიერი შეურაცხყოფის, დ. ს-ს მიერ ავტომანქანის გაჩერებისა და გადასვლის, ლ. რ-ს მიერ მისთვის სახეში ხელის დარტყმის, დ-ს დაცემის, ფიზიკური ტკივილის განცდისა და შემდგომი კონფლიქტის გაგრძელების ფაქტებს.

19. კასატორის არგუმენტი, რომ დ., ნ. და ლ. ს-ბის ჩვენებები მიკერძოებულია, ვინაიდან ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან, ვერ იქნება გაზიარებული, რადგან ნათესაური კავშირი თავისთავად არ წარმოადგენს მოწმის ჩვენების საეჭვოდ მიჩნევისა და არგაზიარების საფუძველს. მოწმეთა შესაძლო მიკერძოება და დაინტერესება უნდა დადგინდეს საქმის კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ხოლო მოწმის ჩვენების სანდოობა უნდა შეფასდეს არა ნათესაური კავშირის ნიშნით, არამედ − ჩვენების შინაარსის, მისი თანმიმდევრულობის, დამაჯერებლობის, აგრეთვე საქმეში არსებულ სხვა მოწმეთა ჩვენებებსა და მტკიცებულებებთან შესაბამისობის გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მიერ მითითებული, დაზარალებულის მხრიდან შურისძიებითა თუ ფინანსური დაინტერესებით განპირობებული ცრუ ბრალდების მოტივიც, არ არის გამყარებული რაიმე ისეთი მტკიცებულებით, რომელიც მოწმეთა ჩვენებებს ეჭვქვეშ დააყენებდა.

20. სააპელაციო პალატამ ასევე მართებულად განმარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის, აუცილებელი არ არის სხეულზე ხილული დაზიანების ან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებული დაზიანების ხარისხის არსებობა. აღნიშნული მუხლი გულისხმობს ძალადობრივ მოქმედებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება. შესაბამისად, როდესაც დაზარალებულის ჩვენება ტკივილის შესახებ თანხვედრილია თვითმხილველი მოწმეთა ჩვენებებთან და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, ხილული დაზიანების არარსებობა, თუ სამედიცინო ექსპერტიზის არჩატარება, თავისთავად არ აბათილებს ფიზიკური ძალადობისა და მის შედეგად – ტკივილის განცდის ფაქტს.

21. კასატორის კიდევ ერთი მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლომ ლ. რ-ს წინააღმდეგ მის მიერ დუმილის უფლება ან ზეპირი ჩვენების მიუცემლობა გამოიყენა, სააპელაციო განაჩენის შინაარსიდან არ გამომდინარეობს. სააპელაციო პალატამ მხოლოდ აღნიშნა, რომ ლ. რ. ბრალდებულის სახით სასამართლოში არ დაკითხულა, მაგრამ მან თავისი პოზიცია წერილობით საბოლოო სიტყვაში წარმოადგინა. აღნიშნული მითითება არ ნიშნავს, რომ პალატამ დუმილი ან ჩვენების მიუცემლობა, ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად გამოიყენა. პირიქით, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულის წერილობითი პოზიცია შეადარა საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და დაასაბუთა, თუ რატომ არ იზიარებდა დაცვის მხარის მიერ გაჟღერებულ ვერსიას.

22. დაცვის მხარის მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლომ დ. ს-ზე ფიზიკური ძალადობისათვის ლ. რ-ს წარსული ნასამართლობა, მის წინააღმდეგ გამოიყენა, ასევე საფუძველს მოკლებულია, შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ ლ. რ-ს წარსული ნასამართლობა გამოიყენა, ლ. რ-ს ბრალდების მაკვალიფიცირებელი ნიშნის − არაერთგზისობის − დასადგენად, ვინაიდან წინა განაჩენით იგი ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1¹-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო დანაშაულის ახალი ფაქტის დროისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა; ამდენად, ლ. რ-ს ბრალეულობა დადასტურებულად იქნა მიჩნეული არა წარსული ნასამართლობის მიხედვით, არამედ − მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით.

23. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა, ასევე ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რომლებზეც საკასაციო საჩივარში აპელირებს დაცვის მხარე, რასაც საკასაციო პალატა ეთანხმება.

24. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009)).

25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

26. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ლ. რ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნინო ლომთათიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

მ. გაბინაშვილი