საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 180100125011850480
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №320აპ-26 ქ. თბილისი
წ. მ., 320აპ-26 30 ივნისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 20 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. წ.ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ჯ-სა და მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიგა გურაშვილის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. წ-ს ბრალად ედება სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული გამოიხატა შემდეგით:
2025 წლის 20 აგვისტოს, დილის საათებში, თ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ-ს მიმდებარედ, დაბა ს-ს წყალსაცავთან, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა მ. წ-მ, ღორის მოკვლის მიზნით, გაისროლა ,,CKC-ის“ მოდელის კარაბინიდან, რა დროსაც, დაარღვია წინდახედულობის ნორმა და არ გაითვალისწინა, რომ ტყვია, შესაძლოა, მოხვედროდა ფერმის ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირს. შედეგად, შემთხვევით, ტყვია მოხვდა მის შვილს − ი. წ-ს და გამოიწვია მისი გარდაცვალება.
2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 1 დეკემბრის განაჩენით მ. წ., − დაბადებული ... წელს, − ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე, მ. წ-ს დამატებით სასჯელად განესაზღვრა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა 2 (ორი) წლით, 6 (ექვსი) თვით და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება.
გაუქმდა მსჯავრდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება − პატიმრობა.
მსჯავრდებულ მ. წ-ს თავისუფლების აღკვეთის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან − 2025 წლის 20 აგვისტოდან.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც დაცვის, ისე − ბრალდების მხარემ.
ü დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემცირების კუთხით, კერძოდ, სასჯელის მინიმუმის შეფარდება და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნახევრის პირობითი მსჯავრით შეცვლა.
ü მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიგა გურაშვილმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის ცვლილება, კერძოდ, მსჯავრდებულისთვის სასჯელის დამძიმება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 20 თებერვლის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 1 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 20 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს როგორც დაცვის, ისე − ბრალდების მხარემ.
ü დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის შემცირების კუთხით, კერძოდ, სასჯელის მინიმუმის შეფარდებას და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, სასჯელის ნახევრის პირობითი მსჯავრით შეცვლას. დაცვის მხარის პოზიციით, სასამართლოებმა სათანადოდ არ გაითვალისწინეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ, მ. წ. ნასამართლობის არმქონეა, მან აღიარა და მოინანია გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაული, მტკიცებულებები არ გახადა სადავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას. აღნიშნული გარემოებები, საკმარისი იყო საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ვადისა და ასევე, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოსაყენებლად.
ü მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი გიგა გურაშვილი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის დამძიმების კუთხით. ბრალდების მხარის მოსაზრებით, მსჯავრდებულის მიმართ შეფარდებული სასჯელი, მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათის, სიმძიმისა და დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, აშკარად ლმობიერია, არ შეესაბამება სასჯელის კერძო და ზოგადი პრევენციის მიზნებს.
6. მსჯავრდებულ მ. წ.ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ჯ. საკასაციო საჩივრის შესაგებლით მოითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას, ვინაიდან იგი უკანონო და დაუსაბუთებელია.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. მოცემულ შემთხვევაში დაცვისა და ბრალდების მხარეთა მოთხოვნები დაკავშირებულია მხოლოდ სასჯელთან, კერძოდ, მსჯავრდებულ მ. წ.სათვის, შესაბამისად, დანიშნული სასჯელის შემსუბუქებასა და დამძიმებასთან. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მხარეთა მოთხოვნებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: „სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია“. გარდა ამისა, სასჯელის მიზანია დანაშაულის პრევენცია, როგორც სპეციალური, ისე – ზოგადი, რაც, ერთი მხრივ, გულისხმობს დამნაშავისთვის ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის მოსპობას, რადგან საკუთარ თავზე დანაშაულის სამართლებრივი შედეგების განცდა, გამაფრთხილებელ ზეგავლენას მოახდენს მის სამომავლო ქცევაზე, ხოლო, მეორე მხრივ, კონკრეტული ქმედებისთვის პირის დასჯის დემონსტრირებას ექნება შემაკავებელი ეფექტი, დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველის მიმართ.
11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული. სასჯელის დაკისრებისას სამართლიანობა არა დასჯის, არამედ – შერჩეული სასჯელის სახისა და ზომის, მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნებთან შესაბამისობაში ვლინდება.
13. საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია, როგორც დაცვის მხარის მოსაზრება, რომ სააპელაციო პალატამ სათანადოდ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულ მ. წ.ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, ისე − ბრალდების მხარის პოზიცია, რომ მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი აშკარად ლმობიერია და ვერ პასუხობს სასჯელის კერძო და ზოგადი პრევენციის მიზნებს.
14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილი სანქციის სახით ადგენს შინაპატიმრობას, ვადით – ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას, ვადით – ორიდან ოთხ წლამდე.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ სასჯელის განსაზღვრისას იხელმძღვანელა სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და ერთობლივად შეაფასა, როგორც ჩადენილი ქმედების სიმძიმე, ხასიათი, დამდგარი შედეგი და დანაშაულის კონკრეტული გარემოებები, ისე − მსჯავრდებულის პიროვნებასთან დაკავშირებული მონაცემები და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები. სააპელაციო პალატამ, ერთი მხრივ, მხედველობაში მიიღო, რომ მ. წ-მა ჩაიდინა გაუფრთხილებელი დანაშაული, ნასამართლობის არმქონეა, აღიარა და მოინანია დანაშაული, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო, მეორე მხრივ, ასევე გაითვალისწინა ქმედების ხასიათი და დამდგარი შედეგის სიმძიმე – ადამიანის გარდაცვალება, დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, დანაშაულის ალკოჰოლური თრობის ქვეშ ჩადენის ფაქტი.
16. ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლივი ანალიზი ცხადყოფს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სასჯელის ინდივიდუალიზაციის პროცესში სრულყოფილად შეაფასეს, ერთი მხრივ, ჩადენილი ქმედების ხასიათი, დამდგარი შედეგის სიმძიმე და დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებები, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულის პიროვნებასთან დაკავშირებული მონაცემები და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები. სწორედ აღნიშნული გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლოებმა სასჯელის სახედ შეარჩიეს არა სანქციით გათვალისწინებული უფრო მსუბუქი ალტერნატივა − შინაპატიმრობა, არამედ თავისუფლების აღკვეთა, თუმცა მისი ზომა განსაზღვრეს კანონით დადგენილ მინიმალურ ზღვართან მიახლოებულად − 2 წლითა და 6 თვით, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასებით სამართლიანია და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
17. ამასთან, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების არსებობა თავისთავად არ წარმოშობს სასამართლოს ვალდებულებას, მსჯავრდებულს სასჯელი საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებით განუსაზღვროს. აღნიშნული მუხლის გამოყენების მიზანშეწონილობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ საქმეში, სასჯელის მიზნებისა და ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობის გათვალისწინებით. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენება ზემოჩამოთვლილი გარემოებების გამო, მიზანშეწონილი არ იყო.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ მ. წ.ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ჯ-სა და მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიგა გურაშვილის საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
ლ. თევზაძე