საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 27.07.2026
საქმის ნომერი
2კ-186აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 060100125011655620

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №186აპ-26 ქ. თბილისი

ვ–ე ბ., 186აპ-26 27 ივლისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 22 იანვრის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილის – დარიკო ვადაჭკორიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად: ბ. ვ–ეს, – პირადი ნომერი: ..........., – ბრალად ედებოდა:

1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ბ. ვ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2025 წლის თებერვალში (ზუსტი რიცხვი უცნობია), დღის საათებში, ბ. ვ–ეს ს–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ტ–ში, სახლის საძინებელ ოთახში, მეუღლესთან ს. ნ–თან შეკამათება მოუვიდა ყოფით ნიადაგზე, კერძოდ, ს. ნ–ი მისგან მოითხოვდა რა მოეძებნა სამსახური და დაეწყო მუშაობა, აღნიშნულით განაწყენებულმა ბ. ვ–ემ, ოჯახის წევრს ს. ნ–ს, ხელი დაარტყა სახის არეში და მიაყენა ფიზიკური ტკივილი.

1.2. ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

2025 წლის 13 მაისს, დაახლოებით 03:00 საათზე, ბ. ვ–ემ ს–ს რაიონის სოფელ ტ–ში, სახლის მისაღებ ოთახში, მეუღლეს – ს. ნ–ს იმ მიზეზით, რომ მან გამოთქვა სამუშაოდ საზღვარგარეთ წასვლის სურვილი, ურთიერთშელაპარაკებისას, ვინაიდან წინააღმდეგი იყო აღნიშნულის, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებობის გამო, ქმრის უპირატესი როლის დემონსტრირების და ცოლის მორჩილებაში ყოლის სურვილით, მიიჩნია რა თითქოს ქალი მხოლოდ საოჯახო საქმიანობით უნდა იყოს დაკავებული და არ უნდა ჰქონდეს სამსახური, რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავის არეში. ბ. ვ–ის მხრიდან ძალადობრივი ქმედების შედეგად, ს. ნ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 20 ნოემბრის განაჩენით:

2.1. ბ. ვ–ე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2025 წლის თებერვლის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

2.2. ბ. ვ–ე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2025 წლის 13 მაისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

2.3. ბ. ვ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და დაუყონებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან, სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

2.4. გამართლებულ ბ. ვ–ეს განემარტა, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლით დადგენილი წესით.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილემ – დარიკო ვადაჭკორიამ და მოითხოვა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 20 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ბ. ვ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 22 იანვრის განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 20 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილემ დარიკო ვადაჭკორიამ. კასატორი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 22 იანვრის განაჩენის გაუქმებას, ბ. ვ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.

6. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული რომელიმე წინაპირობის/ების არსებობას. ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ევალება, შეამოწმოს დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2025 წლის 20 ნოემბრის N751აპ-25, 2025 წლის 12 ნოემბრის N737აპ-25, 2025 წლის 28 ივლისის N193აპ-25).

6.1. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6.2. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა.

7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).

8. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

8.1. კასატორი ითხოვს ბ. ვ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.

9. უსაფუძვლოა კასატორის მტკიცება, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ბ. ვ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების(ორი ეპიზოდი) ჩადენა.

10. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N 2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77).

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულმა ს. ნ–მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი თქვა ჩვენების მიცემაზე მეუღლის, ბ. ვ–ის წინააღმდეგ.

12. სსიპ „112-ის“ N..... შეტყობინებაში ზოგადადაა მითითებული ბ. ვ–ის მიერ როგორც წარსულში, ასევე 2025 წლის 13 მაისს ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე.

13. საგამოძიებო ექსპერიმენტის 2025 წლის 13 მაისის ოქმთან დაკავშირებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს პრაქტიკულად ადგილზე შემოწმდა დაზარალებულის მიერ გამოკითხვისას მიცემული ჩვენება. შესაბამისად, მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მართალია, ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, მაგრამ ცალსახაა, რომ, ორივე შემთხვევაში, ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი (მაგალითისთვის, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: 2020 წლის 7 ივლისის №315აპ-20; 2020 წლის 1 ივნისის №49აპ-20; 2021 წლის 14 სექტემბრის №442აპ-21), რომლის დაკითხვის შესაძლებლობა დაცვის მხარეს არ ჰქონდა სასამართლოში, ანალოგიურად, 2025 წლის 13 მაისის N....... შემაკავებელი ორდერი/მისი ოქმიც ეყრდნობა დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას.

14. ნ. ვ-სა და მ. ვ-ს გამოკითხვის ოქმები გარემოებითი ხასიათის მტკიცებულებებია, ვინაიდან ისინი ინციდენტს – ბ. ვ–ის მიერ ს. ნ–ის მიმართ 2025 წლის 13 მაისის ძალადობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), – შემსწრენი არ არიან. ამასთან, მოწმეები გამორიცხავენ ბ. ვ–ესა და ს. ნ–ს შორის წარსულში კონფლიქტს, მათი განმარტებით, არაფერი სმენიათ/არავისგან (არც ს-საგან) გაუგიათ წარსულში ბ. ვ–ის მიერ დაზარალებულისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შესახებ.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა, ვერ დგინდება ბ. ვ–ის მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენა.

16. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიულ დანაწესს, საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებენ ბ. ვ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.

17. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR,14/04/2009, Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par.76, ECtHR, 21/09/2017).

18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით, საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილის – დარიკო ვადაჭკორიას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 22 იანვრის განაჩენზე ბ. ვ–ის მიმართ;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე