საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100125010872577
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №213აპ-26 ქ. თბილისი
ჰ. რ., 213აპ-26 21 ივლისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 3 თებერვლის განაჩენზე თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო კოდანაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:
1.1. რ. ჰ–ს (R. H.), – დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის ნომერი: ........... (ტ. N1 ს.ფ. 57), პ–ს მოქალაქე, – ბრალად ედებოდა: ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით;
1.2. რ. ჰ–ს (R. H.) მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2021 წლის 30 ნოემბრის ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენით რ. ჰ– (R. H.) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;
1.2.1. 2024 წლის 25 დეკემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. თ–ში, .... გამზირი №...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუჩაში, რ. ჰ– (R. H.) ფარულად დაეუფლა ტ. ა–ას კუთვნილ ,, iPhone 15 Pro Max-ის“ ფირმის 2600 ლარად ღირებულ მობილურ ტელეფონს, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. აღნიშნული ქმედებით, ტ. ა–ას მიადგა 2600 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 20 მაისის განაჩენით რ. ჰ–ს (R. H.) მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა – საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
2.1. რ. ჰ– (R. H.) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათით;
2.2. რ. ჰ–ს (R. H.) სასჯელის ვადაში ჩაეთვალა 2024 წლის 26 დეკემბრიდან – 2024 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით დაკავებაში ყოფნის პერიოდი.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ წულაიამ. აპელანტმა მოითხოვა რ. ჰ–ს (R. H.) დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის სამართლიანი სასჯელის გასაზღვრა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 3 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 20 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნინო კოდანაშვილმა. კასატორი ითხოვს რ. ჰ–ს (R. H.) დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის მკაცრი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით – განსაზღვრას.
6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
6.1. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ და მოითხოვა მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობა ბრალადწარდგენილი – საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული – დანაშაულის ჩადენაში და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
6.2. დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის არარსებობის პირობებში, მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია იმ საკითხის გარკვევა რ. ჰ–მ (R. H.) ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ბრალადწარდგენილი) თუ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით (მსჯავრადშერაცხილი) დანაშაული.
7. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული რომელიმე წინაპირობის/ების არსებობას. ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ევალება, შეამოწმოს დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2025 წლის 20 ნოემბრის №751აპ-25, 2025 წლის 12 ნოემბრის №737აპ-25, 2025 წლის 28 ივლისის №193აპ-25).
7.1. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
9. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერის გათვალისწინებით (ვიდეოჩანაწერით არ დასტურდება დაინახა თუ არა რ. ჰ–მ (R. H.) როგორ მოხვდა სადავო მობილური ტელეფონი საავტომობილო გზაზე. ვიდეოჩანაწერით დასტურდება მხოლოდ ის გარემოება, რომ: დაზარალებულს მობილური ტელეფონი დაუვარდა (ვიდეოჩანაწერის 07:06:57). მხოლოდ მაშინ, როდესაც დაზარალებული ავტომობილით ტოვებდა შემთხვევის ადგილს (ვიდეოჩანაწერის 07:07:31), რ. ჰ–მ (R. H.) ჩაიარა მიმდებარედ, შეყოვნდა, შემდეგ კი მიუახლოვდა და აიღო (ვიდეოჩანაწერის 07:08:30) აღნიშნული ტელეფონი) საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ რ. ჰ–მ (R. H.) ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ბრალადწარდგენილი) გათვალისწინებული დანაშაული, და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ ბრალდების მხარის მიერ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დასტურდება მხოლოდ ის გარემოება, რომ რ. ჰ– (R. H.) დაეუფლა ღია სივრცეში – ქუჩაში – დაგდებულ მობილურ ტელეფონს.
10. კასატორის მტკიცებით გასაჩივრებული განაჩენი არასწორად დაეყრდნო, მათ შორის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის N358აპ-17 განჩინებას, ვინაიდან აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში დავის საგანს ფულადი თანხის დაუფლება წარმოადგენდა. კასატორის მტკიცებით კი – ,,დაუშვებელია ფულადი თანხის გაიგივება მობილურ ტელეფონთან, ვინაიდან ტელეფონი ინდივიდუალურად განსაზღვრული, მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე ნივთია, რაც ნებისმიერს ავალდებულებს ივარაუდოს მესაკუთრის არსებობა”.
10.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის დაცვის ობიექტია მოქალაქეთა მიერ სადავო უფლების განხორციელების დადგენილი წესი. აღნიშნული მუხლი ადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, მათ შორის, თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელებისათვის, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,თავისად დაგულებული უფლება“ ისეთი უფლებაა, როცა პირი შეცდომით ფიქრობს, რომ მას ესა თუ ის უფლება აქვს, თუმცა სინამდვილეში – არ აქვს, ან შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ კანონით დადგენილი წესით.
10.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულის საგანი გადამწყვეტი შეიძლება იყოს დანაშაულის კვალიფიკაციისათვის და ითვალისწინებს, რომ აღნიშნულ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის N358აპ-17 განჩინება) სისხლის სამართლის საქმეში ასევე ცნობილი იყო დაზარალებულის ვინაობა – მსჯავრდებულმა ნაპოვნი თანხა, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი გახდა ამ თანხის მესაკუთრის ვინაობა, არ დააბრუნა და თავისი შეხედულებისამებრ განკარგა. მართალია, ერთი მხრივ, მსჯავრდებულს ნაპოვარ ნივთზე წარმოეშვა უფლება, მაგრამ მეორე მხრივ, მას ნივთის პოვნისთანავე დაეკისრა ვალდებულება, ემოქმედა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს, რომ დაკარგული ნივთის მპოვნელმა დაუყოვნებლივ უნდა განუცხადოს ამის შესახებ პირს, რომელმაც ნივთი დაკარგა, მესაკუთრეს, უფლებამოსილ პირს, ან, თუ მათი ვინაობა უცნობია, პოლიციას ან სხვა ადგილობრივ ორგანოს და გადასცეს ეს ნივთი. შესაბამისად, როდესაც დაზარალებულმა მოიკითხა თავისი კუთვნილი თანხა, მსჯავრდებულს უნდა განეცხადებინა ნაპოვარი ნივთის არსებობის შესახებ, რაც მას არ გაუკეთებია, ე.ი. მან იმოქმედა კანონით დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ და შეუდგა თავისად დაგულებული უფლების განხორციელებას. სწორედ აღნიშნული გარემოება ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას.
11. იმის გათვალისწინებით, რომ მას შემდეგ, რაც რ. ჰ–მ იპოვა ტ. ა–ას მობილური ტელეფონი, რომელიც თავისად დაიგულა და დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ (ევალებოდა მესაკუთრის/იმ პირისათვის, ვინც დაკარგა ნივთი ან/და პოლიციისათვის შეტყობინება, რაც არ განახორციელა), საკუთარი სურვილისამებრ განკარგა, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა ჩაიდინა თვითნებობა.
12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამარლოს 2023 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი, რომელზეც საკასაციო საჩივარში უთითებს კასატორი, არარელევანტურია განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან მიმართებით, – აღნიშნული განაჩენით საქართველოს უზენაეს სასამართლოს არ დაუდგენია ,,ზღვარი ნაპოვნი ნივთის მითვისებასა და ქურდობას შორის“, როგორც ამას აღნიშნავს კასატორი. აღნიშნული განაჩენის თანახმად: შეუძლებელია ქმედება შეფასდეს, როგორც თვითნებობა, ე.ი. თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, რადგან დაზარალებულის ჩვენებით, ცალსახად დადგენილია, რომ სახლიდან ამოღებული ნივთები დაზარალებულს არ გადაუყრია, არამედ ბინიდან მოპარეს, რაც უპირობოდ გამორიცხავს მსჯავრდებულის მიერ თავისად დაგულებული უფლების – ნაპოვნი ნივთების დაუფლების – დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელებას და ადასტურებს მის ქმედებაში ბინაში უკანონო შეღწევით ქურდობის შემადგენლობის არსებობას.
13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77).
14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „საქართველოს უზენაესი სასამართლოს განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017) და „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).
15. „საკასაციო საჩივრების დასაშვებობის კრიტერიუმების შემოღება და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელების ლეგიტიმურ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Nersesyan v. Armenia, no. 15371/07, par. 22, ECtHR, 19/01/2010; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009).
16. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც რომელიმე სხვა საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო კოდანაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 3 თებერვლის განაჩენზე, რ. ჰ–ს (R. H.) მიმართ;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე