საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330100125011792730
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №314აპ-26 ქ. თბილისი
ა. ვ., 314აპ-26 3 აგვისტო, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 25 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. ა–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. კ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, ვ. ა–ს – პირადი ნომრით: .......... – ბრალად ედებოდა:
1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.
ვ. ა–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2025 წლის 28 ივლისს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ. თ–ში, .... ქუჩის, მე-.. ჩიხის, №.. სახლსა და აღნიშნული საცხოვრებელი სახლის ეზოში, ვ. ა–მა ფიზიკურად იძალადა დედის - ე. ნ–ას მიმართ, კერძოდ, მრავალჯერ დაარტყა ხელი (მუშტი) თავის არეში, ასევე, გადაუგრიხა ხელები. ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად, ე. ნ–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის, ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და “დ” ქვეპუნქტებით.
ვ. ა–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2025 წლის 28 ივლისს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ. თ–ში, .... ქუჩის, მე-.. ჩიხის, №.. სახლსა და აღნიშნული საცხოვრებელი სახლის ეზოში, ნასამართლევი ვ. ა–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას - ე. ნ–ას, უთხრა, რომ მოკლავდა. აღნიშნული მუქარა ე. ნ–ამ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 12 დეკემბრის განაჩენით:
2.1. ვ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
2.1.1. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით – 3
წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;
2.1.2. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;
2.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი
სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 3 წელი;
2.3. მსჯავრდებულ ვ. ა–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2025 წლის 28 ივლისიდან 2025 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით;
2.4. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ ვ. ა–ს დაეკისრა მოვალეობა - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია:
3.1. 2025 წლის 28 ივლისს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ. თ–ში, .... ქუჩის, მე-.. ჩიხის, №.. სახლსა და აღნიშნული საცხოვრებელი სახლის ეზოში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ვ. ა–მა ფიზიკურად იძალადა დედის - ე. ნ–ას მიმართ, კერძოდ, მრავალჯერ დაარტყა ხელი (მუშტი) თავში, ასევე, გადაუგრიხა ხელები. ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად, ე. ნ–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი;
3.2. 2025 წლის 28 ივლისს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ. თ–ში, .... ქუჩის, მე-.. ჩიხის, №.. სახლსა და აღნიშნული საცხოვრებელი სახლის ეზოში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ნასამართლევი ვ. ა–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას - ე. ნ–ას, უთხრა, რომ მოკლავდა. აღნიშნული მუქარა ე. ნ–ამ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 12 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ კერესელიძემ. აპელანტმა მოითხოვა ვ. ა–ისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმება და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მსჯავრდებულ ვ. ა–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. კ–ემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 12 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 25 თებერვლის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 12 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:
5.1. ვ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
5.1.1. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5.1.2. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5.3. ვ. ა–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2025 წლის 28 ივლისიდან 2025 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 25 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ. ა–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. კ–ემ. კასატორი სადავოდ მიიჩნევს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის სამართლიანობას, ითხოვს ცვლილების შეტანას თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 25 თებერვლის განაჩენში, ამასთან აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარესთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.
7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული რომელიმე წინაპირობის/ების არსებობას. ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ევალება, შეამოწმოს დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2025 წლის 20 ნოემბრის N751აპ-25, 2025 წლის 12 ნოემბრის N737აპ-25, 2025 წლის 28 ივლისის N193აპ-25).
7.1. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7.2. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა.
8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
9. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
9.1. მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ვ. ა–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში (მსჯავრდების ნაწილში) თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
9.2. კასატორი სადავოდ ხდის მხოლოდ სასჯელის სამართლიანობას, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ ვ. ა–მა სრულად აღიარა მის მიმართ ბრალადწარდგენილი დანაშაულები, ბრალდების მხარის მტკიცებულებები გახადა უდავოდ, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ აქვს.
9.2.1. ამასთან, კასატორი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას ითხოვს საპროცესო შეთანხმების დადების მიზნებისთვის. უთითებს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმების პირობებთან დაკავშირებით.
10. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი იყო ორი ან მეტი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა დაუშვებელია.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ვ. ა–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.
12. საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირს ნასამართლობა უქარწყლდება სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ ვ. ა–ს გაქარწყლებული ჰქონდა ნასამართლობა, შესაბამისად, დანაშაულის ჩადენის დროს ის წარმოადგენდა ნასამართლევ პირს ორი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმპერატიული ხასიათის დანაწესიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სწორად შეცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 12 დეკემბრის განაჩენით ვ. ა–ისათვის დანიშნული სასჯელის მოხდის ფორმა – პირობითი მსჯავრი.
13. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ არ არსებობს არც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის (ვადიანი თავისუფლების აღკვეთის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა) გამოყენების სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი ვადიანი თავისუფლების აღკვეთის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლას იმპერატიულად უკავშირებს კუმულაციურად შემდეგი წინაპირობების დაკმაყოფილებას: ბრალდებულის (მსჯავრდებული) მიერ დანაშაულის აღიარება (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე); დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეების დასახელება და თანამშრომლობა გამოძიებასთან. მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დგინდება ვ. ა–ის მიერ გამოძიებასთან თანამშრომლობა (ვ. ა–მა გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას გამოიყენა დუმილის უფლება (იხ.: 2025 წლის 30 ივლისის ვ. ა–ის გამოკითხვის ოქმი, ტ.1, ს.ფ. 80-82)).
14. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მასალებით (მათ შორის საკასაციო საჩივრიდან) არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილითა და 303-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე წინაპირობის არსებობა, რის გამოც სასამართლო მოკლებულია საჩივრის დასაშვებად ცნობის სამართლებრივ შესაძლებლობას.
14.1. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვის მომენტისთვის არ არის წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტი, რაც მიუთითებდა მოცემულ საქმეზე მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით შესაბამისი პროცედურების წარმოებაზე.
15. „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლოებს საკმარისი სიზუსტით აჩვენონ თავიანთი გადაწყვეტილებების მიზეზები (იხ. Taxquet v. Belgium [GC], no. 926/05, par. 91, ECtHR,16/11/2010, Nikolay Genov v. Bulgaria, no.7202/09, par. 27, ECtHR,13/07/2017). გადაწყვეტილების მიზეზების წარმოდგენის ვალდებულების მოცულობა განსხვავდება გადაწყვეტილების ბუნების მიხედვით და უნდა განისაზღვროს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე“ (Rostomashvili v. Georgia, no.13185/07, par. 55, ECtHR, 8/11/2018; იხ. Ruiz Torija v. Spain, no. 18390/91, par. 29, ECtHR, 9/12/1994; Moreira Ferreira v. Portugal (no. 2) [GC], no.19867/12, par. 84, ECtHR,11/07/2017).
16. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით, საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ვ. ა–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. კ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 25 თებერვლის განაჩენზე ვ. ა–ის მიმართ;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე