საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 17.07.2026
საქმის ნომერი
2კ-88აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №88აპ-26 17 ივლისი, 2026 წელი

კ. ე., №88აპ-26 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 27 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ე. კ-ის ადვოკატის – ნ. ა-ის – საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ე. კ-ეს - ბრალად ედებოდა მითვისება, ესე იგი, სხვისი ნივთის მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში იმყოფებოდა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.

1.2. ე. კ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგით: 2016 წლის 1 აგვისტოდან 2017 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით, შპს “ვ. ს-ოს“ (ყოფილი შპს „მ-ი“) თ-ის ფილიალის გაყიდვებისა და მომსახურების ოფისის სპეციალისტმა – ე. კ-ემ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მიითვისა „სკრეჩ“ (ბალანსის შევსების) ბარათების გაყიდვის შედეგად მიღებული დიდი ოდენობით თანხა – 218 000 ლარის ოდენობით. შედეგად, შპს “ვ. ს-ოს“ მიადგა დიდი ოდენობით, 218 000 ლარის, ქონებრივი ზიანი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 19 მარტის განაჩენით, ე. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, რაც აეთვალა 2024 წლის 19 მარტიდან. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, 2 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ე. კ-ის ადვოკატმა – ა. ა-მა, რომელმაც საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 27 ნოემბრის განაჩენით, მსჯავრდებულ ე. კ-ის ადვოკატის, ა. ა-ის, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თუმცა შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 19 მარტის განაჩენი:

ე. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, რაც აეთვალა 2024 წლის 19 მარტიდან. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, 2 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.

ე. კ-ეს საქართველოს სსკ-ის 1657-ე მუხლის თანახმად, აეკრძალა საქართველოდან გასვლა.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ (ადვოკატმა საკასაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ წარადგინა, თუმცა, შემდგომში, მის მიერ სააპელაციო სასამართლოში შეტანილი შუამდგომლობა საკასაციო წესით გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დაკმაყოფილდა და საკასაციო წესით გასაჩივრების ვადა აღდგა) მსჯავრდებულ ე. კ-ის ადვოკატი – ნ. ა-ე – საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგ არგუმენტებზე მითითებით: სააპელაციო სასამართლომ უკრიტიკოდ გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ არასწორად შეფასებული მტკიცებულებები და ისინი სამართლებრივად სათანადოდ არ შეაფასა; ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა დაუსაბუთებელია, ვინაიდან ეწინააღმდეგება შპს “ა. ჯ-ას“ ცხრილებში ასახული ანგარიშის შევსების ბარათების ღირებულების დაანგარიშებით მიღებულ საერთო ჯამს. შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილი ზიანის ოდენობა არ დადასტურებულა პირდაპირი მტკიცებულებებით; ე. კ-ემ 218 000 ლარის ღირებულების „სკრეჩ“ ბარათები საკუთარი ვირტუალური საწყობიდან ე. ფ-ას ვირტუალურ საწყობში გადაიტანა მხოლოდ დათვლისა და დაანგარიშების მიზნით; შპს “ა. ჯ-ა“ 2013 წლიდან აღარ წარმოადგენს დაზარალებული კომპანიის მომხმარებელს. შესაბამისად, გაუგებარია, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაადგინა სასამართლომ აღნიშნულ კომპანიებს შორის თანამშრომლობის არსებობა; ე. კ-ეს არ გააჩნდა კორპორაციულ პროგრამაზე წვდომა, რის გამოც, ობიექტურად ვერ შეძლებდა „სკრეჩ“ ბარათების გადატანას და მათ უკან დაბრუნებას.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ე. კ-ის მსჯავრდების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, შემდეგ გარემოებათა გამო:

4.3. ბრალდების მხარის მოწმეების, შპს “ვ. ს-ოს“ თანამშრომლების: იურიდიული სამსახურის უფროსის – ი. ე-ას, თ-ის რეგიონის მენეჯერის – ზ. კ-ს, გაყიდვების ოფისის უფროსი სპეციალისტის – გ. გ-ას, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის – კ. მ-ას, ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის – დ. ა-ა და ეკონომიკური უსაფრთხოებისა და გამოძიების/მოკვლევის წამყვანი სპეციალისტის – ტ. ე-ას ჩვენებებით დგინდება, რომ ე. კ-ე 2016 წლის 1 აგვისტოდან 2017 წლის 4 ოქტომბრამდე მუშაობდა შპს “ვ. ს-ოში“ ო-ის გაყიდვებისა და მომსახურების ოფისის სპეციალისტის თანამდებობაზე. მისი სამსახურებრივი მოვალეობა გულისხმობდა, მათ შორის, „სკრეჩ“ (ბალანსის შევსების) ბარათების რეალიზაციას. ამასთან, გაყიდვების სპეციალისტებს გააჩნდათ ვირტუალური საწყობები, სადაც აღირიცხებოდა პროდუქციის გაყიდვის შესახებ ინფორმაცია, ხოლო პროდუქცია ფაქტობრივად რეალური საწყობიდან გაიცემოდა. რეალური საწყობი, თავის მხრივ, პროდუქციას, მათ შორის, „სკრეჩ“ ბარათებს, ცენტრალური საწყობიდან იღებდა. ფილიალებში თვეში ერთხელ ტარდებოდა ინვენტარიზაცია და მოწმდებოდა ვირტუალური საწყობის მონაცემთა შესაბამისობა რეალური საწყობის ნაშთებთან შედარებით.

4.4. ამავე მოწმეთა ჩვენებით დადასტურებულია, რომ შპს “ვ. ს-ოს“ თითოეულ თანამშრომელს გააჩნდა ინდივიდუალური მომხმარებლის სახელი („იუზერი“) და პაროლი. მათი სხვა პირისთვის გადაცემა მკაცრად იყო აკრძალული და აღნიშნული მოთხოვნის დარღვევა სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენდა. თანამშრომლებს ერთმანეთის პაროლებზე წვდომა არ ჰქონდათ, პაროლები პერიოდულად იცვლებოდა, ხოლო, სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ, კომპიუტერი ავტომატურად იბლოკებოდა, რის გამოც, სისტემაში მუშაობის გაგრძელება პაროლის ხელახლა შეყვანის გარეშე შეუძლებელი იყო.

4.5. ზემოაღნიშნულ გარემოებას ადასტურებს ასევე დაცვის მხარის მოწმე – დ. თ., რომელიც 2016–2017 წლებში შპს “ვ. ს-ოში“ საწყობის სპეციალისტად მუშაობდა. მოწმის განმარტებით, თითოეულ თანამშრომელს ჰქონდა უნიკალური „იუზერი“, რომლის მეშვეობითაც შედიოდა სისტემაში და შესაბამის ოპერაციებს ახორციელებდა. ოპერატორების მოთხოვნის საფუძველზე, პროდუქცია თავდაპირველად ვირტუალურად იგზავნებოდა, ხოლო შემდგომ ფიზიკურად გადაეცემოდათ. პროდუქციის გადაცემის დასრულებისთანავე ფორმდებოდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ადასტურებდა ოპერატორი. ამასთან, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ტარდებოდა გენერალური ინვენტარიზაციაც.

4.6. მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მოწმე ე. ჭ-ის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ იგი შპს “ვ. ს-ოში“ ბიზნესპროცესების კოორდინატორის პოზიციაზე მუშაობდა და მისი კომპეტენცია მოიცავდა გაყიდვის პროცესების ორგანიზებას. მისი განმარტებით, თითოეულ მაღაზიას გააჩნდა, როგორც ვირტუალური, ისე – რეალური საწყობი, რომელთა ნაშთები ზუსტ შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო. პროდუქტის გაყიდვისას იგი ჩამოიწერებოდა ვირტუალური საწყობიდან და ფიზიკურად გადაეცემოდა მომხმარებელს, ხოლო ვირტუალური ჩამოწერა ოპერატორის (გამყიდველის) ვირტუალურ პროფილზე ნივთის ღირებულების ოდენობით დავალიანებას ასახავდა. თანხის გადახდის შემდეგ აღნიშნული დავალიანება ნულდებოდა. ანგარიშსწორება შესაძლებელი იყო, როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ფორმით, ხოლო ამ ოპერაციების შესაბამისობას აკონტროლებდა უფროსი სპეციალისტი.

4.7. ინვენტარიზაციით ოქმით დგინდება, რომ შპს “ვ. ს-ოში“ 2017 წლის 4 ოქტომბერს ჩატარდა ინვენტარიზაცია. ანგარიშის შესავსები ბარათი 5, ნაშთი საწყობში – 1126, ფიზიკური სახით აღმოჩნდა 1126; ანგარიშის შესავსები ბარათი 10, ნაშთი საწყობში – 6299, ფიზიკური სახით აღმოჩნდა 1261; ანგარიშის შესავსები ბარათი 1, ნაშთი საწყობში – 1763, ფიზიკური სახით აღმოჩნდა 1820. დოკუმენტზე დატანილია შემდეგი შინაარსის მინაწერი: „04.10.2017 რაც კალმით არის მიწერილი, იმ რაოდენობას ვეთანხმები“ – ხელს აწერს ე. კ-ე.

4.8. ამოღების ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 29 იანვარს, შპს “ვ. ს-ოს“ (ყოფილი შპს „მ-ი“) ოფისში, წამყვანი სპეციალისტ ტ. ე-გან ამოიღეს შავი და მწვანე ფერის, 4 MB მოცულობის მეხსიერების ბარათი. მეხსიერების ბარათს ერთ მხარეს საფირმო სახელწოდება ნაწილობრივ წაშლილი აქვს და იკითხება მხოლოდ ბოლო სამი ლათინური ასო – „end“, ხოლო, მეორე მხარეს, დატანილია წარწერა – „D --“. საგამოძიებო მოქმედების ოქმი ხელმოწერებით დადასტურებულია მასში მონაწილე პირების მიერ.

4.9. კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ მეხსიერების ბარათიდან ამოღებული ინფორმაცია გადატანილ იქნა საქაღალდეში, სახელწოდებით – „Exported“. აღნიშნული საქაღალდე პროგრამა „WinRAR“-ის გამოყენებით დაარქივდა, რის შედეგადაც შეიქმნა ფაილი, სახელწოდებით – „Exported.rar“ (ზომა – 2,738,314 ბაიტი). შემდგომ აღნიშნული ფაილი ჩაიწერა დისკზე, სერიული ნომრით – „---“.

4.10. შპს “ვ. ს-ოს“ 2018 წლის 21 დეკემბრის წერილით დგინდება, რომ შპს “ა. ჯ-ა“ 2012 წლის მაისიდან წარმოადგენდა შპს “ვ. ს-ოს“ კორპორაციულ კლიენტს, ხოლო 2013 წლის ივლისიდან კომპანიის მომსახურებით აღარ სარგებლობდა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დგინდება, რომ შპს “ა. ჯ-ა“, მიუხედავად იმისა, რომ აღარ წარმოადგენდა შპს “ვ. ს-ოს“ მოქმედ კორპორაციულ კლიენტს, კვლავ ინარჩუნებდა აქტიურ ვირტუალურ პროფილს და ის გარემოებაც, რომ შპს “ა. ჯ-ას“ ე. კ-ის ვირტუალურ საწყობზე დაფიქსირდა დიდი ოდენობით დავალიანება, რაც პირველივე სამუშაო დღეს გასწორდა.

4.11. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომპანიაში ჩატარდა მოკვლევა, რომელშიც მონაწილეობდნენ ი. ე., კ. მ., ტ. ე. და აიტი სამსახურის თანამშრომლები. მოკვლევის შედეგად, ვიდეოჩანაწერებისა და აიტი სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დადგინდა, რომ ე. კ-ის ვირტუალური საწყობიდან გაყიდული იყო 218 000 ლარის ღირებულების ანგარიშის შევსების ბარათები („სკრეჩ“ ბარათები). ამასთან, გამოვლინდა, რომ ე. კ-ეს ბარათები გადამალული ჰქონდა კორპორაციული კლიენტის ანგარიშზე, რომელიც 2013 წლიდან აღარ წარმოადგენდა კომპანიის კლიენტს. კერძოდ, ყოველი შემოწმების წინ, ე. კ-ე საკუთარი ვირტუალური საწყობიდან „სკრეჩ“ ბარათებს“ შპს “ა. ჯ-ას“ ბანზე გადაიტანდა, ხოლო, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, კვლავ საკუთარ ვირტუალურ საწყობში აბრუნებდა.

4.12. მოწმე დ. ა-ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წელს ტ. ე-ას წერილობითი დავალების საფუძველზე, მას დაევალა წერილში მითითებულ 14 ინვოისთან დაკავშირებით პირადი სახელების, IP მისამართებისა და გამოყენებული კომპიუტერების სახელწოდებათა დადგენა. ამ მიზნით მან სისტემური ბაზიდან ამოიღო შესაბამისი ინფორმაცია, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ე. კ-ის მომხმარებლის სახელით ქმედებები განხორციელებული იყო ორი კომპიუტერიდან. მათგან ერთი განთავსებული იყო გლდანის გაყიდვების ოფისში, ხოლო მეორე – გ-ის ქუჩაზე მდებარე ოფისში. კერძოდ, 2017 წლის 3 იანვარს, --- კომპიუტერიდან, ე. კ-ის მომხმარებლის სახელის გამოყენებით, შეიქმნა კონკრეტული ინვოისი ბანის №---ისთვის, რომელიც შპს “ა. ჯ-ას“ ეკუთვნის. გარდა ამისა, 2016 წლის 31 დეკემბრიდან 2017 წლის 6 თებერვლის ჩათვლით განხორციელდა სხვადასხვა მოქმედება ბანების №-ისა და №--ის მიმართ.

4.13. მოწმეების – ი. ე-ას და კ. მ-ას – ჩვენებებით დადგენილია, რომ მოკვლევის პერიოდში ე. კ-ეს აეკრძალა კუთვნილი პერსონალური კომპიუტერის გამოყენება. მიუხედავად ამისა, 2017 წლის 4 ოქტომბერს ე. კ-ე მივიდა შპს “ვ. ს-ოს“ გ-ის ოფისში, სადაც ეკატერინე ფაჩულიას კომპიუტერის გამოყენებით, როგორც საკუთარი, ისე – ე. ფ-ას მომხმარებლის სახელებით, საკუთარი ვირტუალური საწყობიდან ე. ფ-ას ვირტუალურ საწყობზე გადაიტანა 184 185 ლარის ღირებულების „სკრეჩ“ ბარათები. აღნიშნული გარემოება დასტურდება მოწმე ე. ფ-ას ჩვენებით.

4.14. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოწმეთა ჩვენებებს სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებებით დადგენილი გარემოებები, რომლებიც ადასტურებს მსჯავრდებულ ე. კ-ის მიერ შპს “ვ. ს-ოს“ კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების მითვისებას. კერძოდ, შპს “ვ. ს-ოს“ მიერ შედგენილი დასკვნის თანახმად, ინვენტარიზაციის შედეგად, შპს “ა. ჯ-ას“ ბანზე გამოვლინდა 218 000 ლარის ოდენობის დავალიანება. ჩატარებული მოკვლევით დადგინდა შემდეგი: ე. კ-ის ვირტუალური საწყობი, დაახლოებით 13 თვის განმავლობაში, ცენტრალური საწყობიდან სისტემატურად გამოითხოვდა და იღებდა სხვადასხვა ნომინალისა და რაოდენობის „სკრეჩ“ ბარათებს. შემდგომ აღნიშნული ბარათები ე. კ-ის ვირტუალური საწყობიდან B2B კორპორაციული კლიენტების ბანებზე აისახებოდა. უმეტესწილად ისახებოდა შპს “ა. ჯ-ას“ (ს/ნ --) ბანზე. შპს “ა. ჯ-ა“ კორპორაციულ კლიენტად დარეგისტრირდა 2012 წლის 1 მაისს, თუმცა, როგორც აღინიშნა 2013 წლიდან შპს “ვ. ს-ოს“ მომსახურებით აღარ სარგებლობდა. შესაბამისად, მისი ბანი წარმოადგენდა ე.წ. „მკვდარ ბანს“ (ბანი, რომლითაც არავინ სარგებლობს). ყველა მოქმედება ხორციელდებოდა ე. კამკამიძის USER-ით. ე. კ-ის USER-ითა და პაროლით განხორციელებული ოპერაციების – „სკრეჩ“ ბარათების ვირტუალური საწყობიდან ბანზე და შემდგომ ბანიდან საწყობში დაბრუნების – ქრონოლოგიური ანალიზით გამოიკვეთა, რომ ყოველი თვის ბოლოს, როდესაც ფინანსური დირექცია ატარებდა ინვენტარიზაციას, ე. კ-ე „სკრეჩ“ ბარათებს კორპორაციული კლიენტის ბანზე, კერძოდ ე.წ. „მკვდარ ბანზე“ ასახავდა. შედეგად, ინვენტარიზაციის დროს მისი ვირტუალური საწყობის მონაცემები შეესაბამებოდა ფიზიკურ ნაშთებს და რაიმე სახის დავალიანება არ ფიქსირდებოდა. ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ კი, ე. კ-ე იმავე „სკრეჩ“ ბარათებს კორპორაციული კლიენტის ბანიდან კვლავ საკუთარ ვირტუალურ საწყობზე აბრუნებდა. ე. კ. აღნიშნული სქემით მოქმედებდა დაახლოებით, 13 თვის განმავლობაში. 218 000 ლარის ოდენობის დავალიანების გამოვლენა შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმ გარემოების გამო, რომ ე. კ-ე მისი ვირტუალური საწყობის შემოწმების მეორე დღეს სამსახურში არ იმყოფებოდა. შესაბამისად, მან ვერ მოასწრო „სკრეჩ“ ბარათების ვირტუალურ საწყობზე დაბრუნება და დავალიანება კორპორაციული კლიენტის ბანზე დაფიქსირდა.

4.15. შპს “ვ. ს-ოს“ მიერ შედგენილ დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ კორპორაციული კლიენტის ანგარიშსა და ე. კ-ის ვირტუალურ საწყობს შორის ზემოაღნიშნულ ოპერაციებს სწორედ ე. კ-ე ახორციელებდა, რასაც ადასტურებს კომპანიის IT დირექტორატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. კერძოდ, IT დირექტორატმა წარმოადგინა მონაცემები ოპერაციების ზუსტი დროის, USER NAME-ისა და IP მისამართის შესახებ, რომლიდანაც სრულდებოდა შესაბამისი მოქმედებები. ამასთან, ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებით ნათლად დგინდება, რომ, იმ კომპიუტერთან, რომლიდანაც ხორციელდებოდა ე. კ-ის ვირტუალური საწყობიდან კორპორაციული კლიენტის ბანზე „სკრეჩ“ ბარათების ასახვა და შემდგომ მათი უკან დაბრუნება, უშუალოდ ე. კ-ე იჯდა. აღნიშნული გარემოებებისა და დასკვნების მიხედვით, ყველა ზემოაღნიშნულ ოპერაციას სწორედ ის ასრულებდა.

4.16. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე გამოკვლეული მოწმეთა ჩვენებების, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების ერთობლიობით სრულად უარყოფილია საკასაციო საჩივარში ადვოკატის მიერ მსჯავრდებულის გამართლების მოთხოვნის საფუძვლად მითითებული არგუმენტები. კასატორის მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებები არასწორად შეაფასა, ემყარება მის განსხვავებულ ინტერპრეტაციას, რაც თავისთავად არ ქმნის სასამართლოს დასკვნების კანონიერებასა და დასაბუთებულობაში დაეჭვების საფუძველს. ასევე, ვერ იქნება გაზიარებული დაცვის მხარის არგუმენტები ზიანის ოდენობის დაუდასტურებლობისა და „სკრეჩ“ ბარათების მხოლოდ დათვლის მიზნით გადატანის შესახებ, ვინაიდან აღნიშნული გარემოებები უარყოფილია საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით.

4.17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები შეაფასა სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, საქართველოს სსსკ-ის მოთხოვნათა შესაბამისად, მსჯავრდებულის ქმედებას მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, ხოლო სასჯელი განსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მოთხოვნებისა და ამავე კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების – სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის – შესაბამისად. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ დაასაბუთა საქართველოს სსსკ-ის 1657-ე მუხლის საფუძველზე საქართველოდან გასვლის აკრძალვის გამოყენებაც. შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები არ ქმნის გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის ან გაუქმების სამართლებრივ საფუძველს.

4.18. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება Hirvisaari v. Finland, განაცხადი №49684/99, §30). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება Gorou v. Greece (No. 2), განაცხადი №12686/03, §37, §41).

4.19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).

4.20. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

4.21. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.22. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ე. კ-ის ადვოკატის – ნ. ა-ის – საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე