საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 08.07.2026
საქმის ნომერი
2კ-102აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №102აპ-26 8 ივლისი, 2026 წელი

მ. ი., №102აპ-26 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 29 დეკემბრის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის – ზვიად ფხაკაძის – საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ი. მ-ს - ბრალად ედებოდა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 276-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით.

1.2. ი. მ-ის ქმედება გამოიხატა შემდეგით: 2024 წლის 11 ოქტომბერს, დაახლოებით, 00:30 საათზე, თ-ის შემოვლითი საავტომობოლო გზის --ე კილომეტრზე, გ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ-ის მიმდებარედ, ი. მ-ი, რომელიც მართავდა “MAZDA”-ს მარკის ავტომობილს (სახელმწიფო ნომრით – -), გამოდიოდა მეორეხარისხოვანი გზიდან, რა დროსაც ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნები, არ დაუთმო გზა მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას და შეეჯახა “HONDA ACCORD”-ის მარკის ავტომობილს (სახელმწიფო ნომრით – -), რომელსაც მართავდა ჯ. კ-ი. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, “MAZDA”-ს მარკის ავტომობილის მგზავრმა, დანიელ მამედოვმა, მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ხოლო “HONDA ACCORD”-ის მარკის ავტომობილის მძღოლმა, ჯ. კ-მა – ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 10 ნოემბრის განაჩენით, ი. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითად სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი; მასვე, 1 წლით და 6 თვით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა – ზვიად ფხაკაძემ – სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ი. მ-ისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 29 დეკემბრის განაჩენით, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის, ზვიად ფხაკაძის, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 10 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი – ზვიად ფხაკაძე – საკასაციო საჩივრით ითხოვს ი. მ-ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადით დანიშვნას, მისი პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, აგრეთვე – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მაქსიმალური ვადით ჩამორთმევას. კასატორის პოზიციით, მსჯავრდებულის პიროვნების, ჩადენილი დანაშაულის ბუნებისა და დაზარალებულისთვის ზიანის აუნაზღაურებლობის გათვალისწინებით, ი. მ-ისთვის დანიშნული სასჯელი არაპროპორციულად მსუბუქია.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.2. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მხარეთა შორის სადავო არ არის ი. მ-ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენა, არ არსებობს აღნიშნული ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 29 დეკემბრის განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ი. მ-ის მიერ ჩადენას და შეაფასებს მის მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობას.

4.3. ჩადენილი დანაშაულისთვის ი. მ-ის მიმართ გამოყენებული სასჯელის სამართლიანობის კონტექსტში შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას სასჯელის მიზნებზე გაამახვილებს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: „სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია“. გარდა ამისა, სასჯელის მიზანია დანაშაულის პრევენცია, როგორც სპეციალური, ისე – ზოგადი, რაც, ერთი მხრივ, გულისხმობს დამნაშავისთვის ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის მოსპობას, რადგან საკუთარ თავზე დანაშაულის სამართლებრივი შედეგების განცდა, გამაფრთხილებელად იმოქმედებს მის სამომავლო ქცევაზე, ხოლო, მეორე მხრივ, კონკრეტული ქმედებისთვის პირის დასჯის დემონსტრირებას ექნება შემაკავებელი ეფექტი, დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველის მიმართ.

4.4. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

4.5. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

4.6. საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რითაც სასჯელი უნდა დაენიშნოს ი. მ-ს, მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულის კატეგორიას და ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით, სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, სამ წლამდე.

4.7. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ ი. მ-ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მისი შედეგები, ასევე – პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის აღიარება, მონანიება და ის ფაქტი, რომ მტკიცებულებათა უდავოდ მიჩნევამ ხელი შეუწყო სწრაფ და ეფექტიან მართლმსაჯულებას. აღნიშნული გარემოებები მიუთითებს მსჯავრდებულის მიერ პასუხისმგებლობის გაცნობიერებაზე, რაც ქმნის საფუძველს დასკვნისთვის, რომ არსებობს მისი რესოციალიზაციის რეალური პერსპექტივა. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებული ი. მ-ი ნასამართლევი არ ყოფილა და საქმეში არ იკვეთება ისეთი დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სასჯელის გამკაცრებას გაამართლებდა, შესაბამისად, ერთი დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის სრულად აუნაზღაურებლობა, თავისთავად, ვერ ჩაითვლება მაქსიმალური ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის საკმარის საფუძვლად. მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულ ი. მ-ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა პროპორციული ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, კანონიერად ჩაეთვალა პირობითად და დაუწესდა გამოსაცდელი ვადა, რომლის განმავლობაშიც, მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა. მასვე, დამატებით სასჯელად დაენიშნა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა, რაც, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ძირითად სასჯელთან ერთობლივად, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების – სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის – მიღწევას.

4.8. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

4.9. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.10. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის – ზვიად ფხაკაძის – საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. ფაფიაშვილი