საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №119აპ-26 თბილისი
უ-ე კ, 119აპ-26 7 ივლისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 19 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ კ. უ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, კ. უ-ეს ბრალად დაედო განზრახ მკვლელობის მცდელობა (საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლი). აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:
· 2024 წლის 27 მაისს, დაახლოებით, 22:00 საათზე, ც-ის მუნიციპალიტეტის სოფელ უ-ში, სოფლის მაცხოვრებელთა თავშეყრის ადგილის მიმდებარედ, კ. უ-ემ ურთიერთშელაპარაკებისას წარმოშობილი განაწყენების ნიადაგზე, მუცლის არეში დანის დარტყმით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა მეზობელ ზ. ნ-ეს, რომელიც სიკვდილს გადაურჩა, კ. უ-ისაგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად.
2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 24 თებერვლის განაჩენით კ. უ-ის (პირადი №---), დაბადებულის ---- წელს, მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე; კ. უ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 29 მაისიდან.
3. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 19 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ კ. უ-ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე. ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:
· 2024 წლის 27 მაისს, დაახლოებით, 22:00 საათზე, ც-ის მუნიციპალიტეტის სოფელ უ-ში, სოფლის მაცხოვრებელთა თავშეყრის ადგილის მიმდებარედ, კ. უ-ემ ურთიერთშელაპარაკებისას წარმოშობილი განაწყენების ნიადაგზე, მუცლის არეში დანის დარტყმით, სიცოცხლისთვის სახიფათო განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა მეზობელ ზ. ნ-ეს.
5. განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებული კ. უ-ე და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. გ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვენ გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ მოტივით, რომ კ. უ-ეს არ ჩაუდენია მისთვის მსჯავრად შერაცხილი დანაშაული.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას და არ არის მოსალოდნელი მოცემულ საქმეზე პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
8. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, მსჯავრდებულისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა გამართლების შესახებ საფუძველსაა მოკლებული.
9. სასამართლო მიუთითებს, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარში წარმოდგენილია იგივე (იდენტური) მოტივები, რომლებზეც მითითებული იყო სააპელაციო საჩივარში, რასაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დეტალურად და ამომწურავად გასცა პასუხები. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორთა მტკიცებას კ. უ-ის უდანაშაულობის შესახებ და მიიჩნევს, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია კ. უ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცების სტანდარტით – გონივრულ ეჭვს მიღმა და ისე მიიღო გადაწყვეტილება, ასევე – ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რომლებზეც საჩივარში აპელირებენ მსჯავრდებული და მისი ადვოკატი და დაცვის მხარეს გასცა დასაბუთებული პასუხები. კერძოდ:
10. სასამართლო სხდომაზე ფ. ნ-ის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ც-ის მუნიციპალიტეტის სოფელ უ-ში. 2024 წლის 27 მაისს მას დაურეკა გ. ნ-ემ და უთხრა, რომ ზ. ნ-ე იყო ცუდად და არყის მიტანა სთხოვა; მან მიუტანა არაყი, ბამბა ქ. ტ-ემ მიიტანა, იქვე სხვა მეზობლებიც იმყოფებოდნენ; როგორც იქ გაიგო, ზ. წაქცეულა და მიუღია დაზიანება. ვინაიდან ავადმყოფ ბიცოლას უვლიდა, თვითონ მალევე დაბრუნდა სახლში. ამასობაში სასწრაფოც მივიდა. დაახლოებით 1 კვირის შემდეგ სოფელში გაიგო, რომ ზ. ნ-ე კ. უ-ემ დაჭრაო.
11. მოწმე გ. ნ-ის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ცხოვრობს ც-ის მუნიციპალიტეტის სოფელ უ-ში. 2024 წლის 27 მაისს იგი იმყოფებოდა აწ განსვენებული მეზობლის, გ. უ-ის ოჯახში, სადაც ოჯახის თხოვნით მომსახურე პერსონალისთვის გაშალა სუფრა. როდესაც იგი წამოვიდა, ჭირისუფლის გარდა, იქ არავინ დაუტოვებია. რამდენიმე დღის შემდეგ გაიგო, რომ ზ. ნ-ესა და კ. უ-ეს შორის მომხდარა კონფლიქტი; ვინ უთხრა ან სად უთხრეს, არ ახსოვს.
12. სასამართლო სხდომაზე ზ. ჩ-ის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენების მიხედვით, იგი მუშაობს შს ც-ის რაიონულ სამმართველოში გამომძიებლის თანამდებობაზე. 2024 წლის 28 მაისს ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ც-ის რაიონული საავადმყოფოდან მიღებულ იქნა შეტყობინება ზ. ნ-ის სხეულის დაზიანების შესახებ. აღნიშნულის თაობაზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით. იგი გამოცხადდა ც-ის მუნიციპალიტეტის სოფელ უ-ში. ადგილზე მიღებული ინფორმაციით, ზ. ნ-ძე სხეულის დაზიანების შემდეგ მიიყვანეს მეზობლის – გ. ნ-ის – საცხოვრებელ სახლში, სადაც მას აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება და საიდანაც ზ. ნ-ძე გადაყვანილ იქნა ც-ის რაიონულ საავადმყოფოში. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, გამომძიებელმა დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, მოწმეთა დაკითხვის შემდეგ შეიცვალა კვალიფიკაცია და გამოძიება გაგრძელდა სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით. ასევე, გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ ზ. ნ-ეს სხეულის დაზიანება მიაყენა კ. უ-ემ, რომელიც იმ დროსათვის არ იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში. კ. უ-ის ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით, მათ მიერ განხორციელდა ოპერატიული საქმიანობა. მეორე დღეს, ღამის საათებში, კ. უ-ე გამოცხადდა პოლიციაში. მოწმეს პირადად ჰქონდა კონტაქტი კ. უ-სთან, რომელმაც განაცხადა, რომ მან მიაყენა სხეულის დაზიანება ზაქარია ნემსწვერიძეს. გამოკითხვამდე, როდესაც კ. უ-ე პოლიციაში იმყოფებოდა, კომუნიკაცია შედგა პროკურორთან, რომელმაც გამოიტანა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობით ფარული საგამოძიებო მოქმედების, ანუ ფარული აუდიოჩაწერის განხორციელების შესახებ, რის გამოც, გამოკითხვამდე კ. უ-ესთან საუბარი ფარულად ჩაიწერეს. კ. უ-ე ესაუბრებოდა პირადად მას; საუბარს ესწრებოდა სამმართველოს უფროსი და რ-ის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. მათთან საუბრისას კ. უ-ემ აღიარა, რომ გ. უ-ის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით იმყოფებოდა თავის სოფელში, საიდანაც წამოვიდნენ ნასვამები, გზაში მოუვიდათ შელაპარაკება და დანით მიაყენა დაზიანება ზ. ნ-ეს. აღნიშნულის შემდეგ ზ. ჩ-მა მოწმედ გამოკითხა კ. უ-ე. გამოკითხვისას იგივე დაადასტურა. გამოკითხვის დროს კ. უ-ემ ასევე აღნიშნა, რომ, როდესაც სახლში მივიდა, აღმოაჩინა, რომ დანა ხელში ეჭირა და მიუთითა ადგილი, სადაც იდო აღნიშნული დანა. შემდგომში, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს დანა, რომელზედაც დაინიშნა ბიოლოგიური ექსპერტიზა. აღნიშნულის შემდეგ კ. უ-ე დააკავეს და გადაიყვანეს ამბროლაურის დროებითი მოთავსების იზოლატორში. ასევე, მისგან ამოიღეს ნერწყვის ნიმუში, მისი ტანსაცმელები, რომელიც ტანთ ეცვა დანაშაულის ჩადენის დროს. ამის შემდეგ იგი პირადად გაესაუბრა ზ. ნ-ეს, რომელმაც ირიბად დაადასტურა, რომ კ. უ-ემ მიაყენა დაზიანება, კერძოდ, მოუყვა, რომ კ. უ-ე იმყოფებოდა სოფელ უ-ში, გ. უ-ის საცხოვრებელ სახლში, სადაც მიუღიათ ალკოჰოლური სასმელი და წამოსულან ერთად, ამის შემდეგ გონება დაუკარგავს და აზრზე რომ მოსულა, საავადმყოფოში ყოფილა, სადაც მისთვის უთქვამთ, რომ დაზიანება მიუყენებია კ. უ-ეს.
13. სასამართლო სხდომაზე ა. ს-ის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს შს ც-ის რაიონულ სამმართველოში გამომძიებლის თანამდებობაზე. მან მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ქ. ქ-ში, --თ საქართველოს ტექნოლოგიების განვითარების ცენტრში დაზარალებულ ზ. ნ-ისაგან, მედდის მონაწილეობით აიღო სისხლის ნიმუში, რაც დაილუქა შესაბამის პაკეტში და გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები. ასევე, ქ. ც-ში, N---ში მდებარე შს ც-ის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, კ. უ-ისაგან ნებაყოფლობით ამოიღო მისი კუთვნილი სვიტერი; ასევე, მოწმის სახით გამოკითხა ქ. ტ-ი, --ეთ საქართველოს ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრის ექთნის თანაშემწე ნ. ნ-ე, ხოლო მისი თანხმობის შემდეგ, მისგან გადაუდებელი აუცილებლობით ამოიღო დაზარალებულ ზ. ნ-ის მაისური, კეპი, წინდები და საფულე.
14. 2024 წლის 29 მაისის ამოღების ოქმის თანახმად, ქ. ც-ში, №--ის მიმდებარედ, შსს ც-ის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში მყოფმა მოწმემ – კ. უ-ემ – ამოღების მიზნით, ნებაყოფლობით წარმოადგინა თანნაქონი გრძელმკლავიანი, მოშავო ფერის სვიტერი, რომელიც მოთავსდა შინაგან საქმეთა სამინისტროს --- სპეციალურ პაკეტში და დაილუქა სათანადო წესით. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს შენიშვნა ან განცხადება არ გამოუთქვამთ. მითითებულ ოქმს სხვა პირებთან ერთად ხელს აწერს კ. უ-ე.
15. 2024 წლის 29 მაისის კ, ჯ-ს ძე უ-ის საცხოვრებელი სახლის, დამხმარე სათავსოების და საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ც-ის მუნიციპალიტეტის სოფელ უ-ში მცხოვრები კ. უ-ის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის დროს საცხოვრებელი სახლის აივანზე არსებულ მაგიდაზე აღმოჩენილი და ამოღებული იქნა ნახევრად ღია ფერის ხისტარიანი დანა მოშავო პირით, რომელზედაც აღინიშნება მოწითალო ფერის ლაქები, სავარაუდოდ, სისხლი. საგამოძიებო მოქმედების ოქმს ხელს აწერს მისი ჩამტარებელი და მასში მონაწილე ყველა პირი. შენიშვნა, შესწორება, დამატება ან განცხადება არ გაკეთებულა.
16. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2024 წლის 14 ივნისის N---- დასკვნის (რომლის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ. გ-ემ) მიხედვით: „თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს „რ. ჯ. ც-ის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N---ის ასლი და ამავე საავადმყოფოს ცნობა N-- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დათარიღებული 28.05.2024წ.) მონაცემებისა, მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. ზ. წ-ემ, ნ-ემ (ნ-ემ ) აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 28.05.2024წ-ს, 00:42სთ-ზე, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს, 02:15 სთ-ზე დიაგნოზით: მწვავე მუცელი, მუცლის სხვა და დაუზუსტებელი ღია ჭრილობა. თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (თანამედროვე ს. ტ-ის დასავლეთის რეგიონალური ცენტრის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N----ის ასლი და ამავე საავადმყოფოს ცნობა N-- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარიღი 04.06.2024წ) მონაცემებისა, მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. ზ. ნ-ემ, წ-ემ (ნ-ემ ) აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 28.05.2024წ-ს 03:30 სთ-ზე, საიდანაც გაეწერა 04.06.2024წ-ს 15:07სთ-ზე დიაგნოზით: მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, მუცლის წინა კედლის არტერიის და წვრილი ნაწლავის დაზიანებით, რეტროპერიტონეალური ჰემატომა, ჰემოპერიტონეუმი. დაზიანება – მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მუცლის წინა კედლის არტერიის და წვრილი ნაწლავის დაზიანებით, რეტროპერიტონეალური ჰემატომით, ჰემოპერიტონეუმით – განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს“.
17. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) 2024 წლის 18 თებერვლის №--- დასკვნის (რომლის სისწორე დაადასტურა მოწედ დაკითხულმა ექსპერტმა ს. ყ-მა) მიხედვით, „სეროლოგიური, გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა:
პაკეტში, წარწერით: „...ც-ის მუნიციპალიტეტის სოფ. უ-ში მცხოვრები კ. უ-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული დანა...“, მოთავსებული დანის პირის ორივე ზედაპირზე, წინა მესამედ ნაწილში არსებული მოწითალო- მოყავისფრო ლაქები (ობ. N1,2) წარმოადგენს ადამიანის სისხლს; ობ. N1,2-ის, დანის პირის დანარჩენ ზედაპირსა და ტარზე არსებული ბიომასალის (ობ. N3,4) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ზ. ნ-ეს (ობ. N18; პაკეტი, წარწერით: „... ზ. ნ-ისგან აღებული სისხლის ნიმუში.“);
პაკეტებში, წარწერებით: „... მოწითალო ფერის ლაქებიანი დოლბანდი, ამოღებული მაგიდაზე N2 ნიშნულიდან...“ და „...მოწითალო ფერის ლაქებიანი ბამბები და დოლბანდები, ამოღებული მაგიდაზე N1 ნიშნულიდან...“, მოთავსებულ დოლბანდის და ბამბის ფრაგმენტებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N5-7) წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის ზ. ნ-ეს;
პაკეტში, წარწერით: „...მოწმე კ, უ-სგან ამოღებული მოშავო ფერის სვიტერი...“, მოთავსებულ სვიტერზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N8-11) წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის ზ. ნ-ეს; სვიტერის შიდა ზედაპირზე არსებული ბიომასალის (ობ. N12) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის კ. უ-ეს (ობ. N19; პაკეტი, წარწერით: „...ნერწყვის ნიმუში ბიოლოგიურ ჩხირებზე, აღებული ბრალდებულ კ. უ-ის პირის ღრუდან...“);
პაკეტში, წარწერით: „...ნ. ნ-ისგან ამოღებული – ზ. ნ-ის კუთვნილი მაისური, წინდები და კეპი...“, მოთავსებულ მაისურსა (ობ. N13) და წყვილ წინდაზე (ობ. N14,15) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს; ობ. N13-15-ის და ქუდის შიდა და გარე ზედაპირზე არსებული ბიომასალის (ობ. N16,17) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ზ. ნ-ეს.
18. ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2025 წლის 12 თებერვლის N-- დასკვნის (რომლის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ. ქ-მა) მიხედვით: „ფუთაში (--) (წარწერით: „ნ, ნ-ისგან ამოღებული – ზ. ნ-ის კუთვნილი მაისური, წინდები და კეპი“) წარმოდგენილ მაისურს დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზირებულ მიდამოებში აღენიშნება რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისებების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად ჭრით განვითარებული დაზიანებები, რომელთაგან 1.5სმ ზომის დაზიანება ხასიათდება მინუს მასალით. ტანსაცმელზე არსებული დაზიანებების ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია სათანადოდ, მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდიკის არარსებობის გამო; მიმართულება უნდა განისაზღვროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტის მიერ ჭრილობის არხის მიმართულების მიხედვით. კეპიან ქუდს და ერთ წყვილ წინდას დაზიანებები არ აღენიშნებათ.
გამოსაკვლევად წარმოდგენილი, ქარხნული წესით დამზადებული საოჯახო დანიშნულების დანა, დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას“.
19. ამდენად, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნებით დადასტურებულია ზემოაღნიშული სვიტერის კ, უ-ადმი კუთვნილება და ზ. ნ-ისათვის ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანების მიყენებაში მსჯავრდებულის უშუალო მონაწილეობა, რადგან მითითებულ სვიტერზე აღმოჩენილია დაზარალებულის სისხლი, ხოლო სვიტერის შიდა ზედაპირზე – კ. უ-ის ბიომასალა. ამ დასკვნას კიდევ უფრო ამყარებს მსჯავრდებულის სახლში აღმოჩენილ დანაზე დაზარალებულის სისხლის არსებობა, ასევე – ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული კრებსები.
20. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების შეფასებას, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები ლოგიკურად ქმნის მომხდარი შემთხვევის სრულ სურათს და უტყუარად ადასტურებს, რომ 2024 წლის 27 მაისს, დაახლოებით, 22:00 საათზე, ც-ის მუნიციპალიტეტის სოფელ უ-ში, სოფლის მაცხოვრებელთა თავშეყრის ადგილის მიმდებარედ, კ. უ-ემ ურთიერთშელაპარაკებისას წარმოშობილი განაწყენების ნიადაგზე, მუცლის არეში დანის დარტყმით სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა მეზობელ ზ. ნ-ეს.
21. აღსანიშნავია, რომ ადგილმდებარეობის დათვალიერებისას აღმოჩენილი მოწითალო ფერის ლაქებიანი დოლბანდები და ბამბები სამართალდამცავებმა ამოიღეს და დალუქეს №-- და №-- პაკეტებში; დალუქულ პაკეტებს გაუკეთდა დათვალიერებაში მონაწილეთა პირთა ხელმოწერები. როგორც ბიოლოგიური ექსპერტიზის №-- დასკვნიდან ირკვევა, ექსპერტიზის ჩატარებამდე აღნიშნული პაკეტები იყო დალუქული. ასევე დალუქული იყო №-- და №-- პაკეტები, რომლებშიც მოთავსებული იყო კ. უ-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული დანა და კ. უ-საგან ამოღებული მოშავო ფერის სვიტერი. შესაბამისად, კასატორთა პრეტენზია ამოღებული ნივთმტკიცებების გამოცვლის ან მათზე და მათივე მეშვეობით ბიოლოგიური მასალის გადატანის თაობაზე უსაფუძვლოა.
22. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე და დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე – მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვების და წარმოდგენის უფლება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №669აპ-20, №951აპ-20, №925აპ-20, №30აპ-20). მხარეები წყვეტენ, რა მტკიცებულებებს და არგუმენტებს წარუდგენენ სასამართლოს და რა საკითხებზე იდავებენ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის №3/1/608,609 გადაწყვეტილება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-15).
23. საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლით დადგენილი წესით, დაცვის მხარეს გამოძიების ეტაპზე გაეცვალა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ჰქონდა შესაძლებლობა, ჩაეტარებინა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა კ. უ-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ დანაზე, თუ საეჭვოდ მიაჩნდა მსჯავრდებულის მიერ ზაქარია ნემსწვერიძისათვის დაზიანების მიყენება. სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დგინდება და არც კასატორები უთითებენ, რომ აღნიშნული უფლება დაცვის მხარეს შეეზღუდა ბრალდების მხარის/სასამართლოს მიერ.
24. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება სამართალდამცავთა მხრიდან კ. უ-ეზე ზემოქმედებისა და ამის შედეგად მისგან ბრალის აღიარების მიღების ფაქტები. ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არც დაცვის მხარეს წარმოუდგენია. შესაბამისად, სათანადო სამხილების არარსებობის პირობებში, კასატორთა მოთხოვნის დაუსაბუთებლობის გამო, სასამართლო მოკლებულია დაცვის მხარის აღნიშნული პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას.
25. ამდენად, კასატორთა პოზიცია, რომ დაზარალებულისათვის კ. უ-ეს არანაირი დაზიანება არ მიუყენებია, არადამაჯერებელია, ხოლო ზემომითითებული და ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით უტყურად დგინდება, რომ 2024 წლის 27 მაისს სწორედ კ. უ-ემ მიაყენა დაზიანება ზ. ნ-ეს. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არის მიზანშეწონილი მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
26. ზემოთქმულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კ. უ-ის ბრალდების საქმე განიხილა საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევის გარეშე, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რაც საშუალებას აძლევდა თითოეულ მხარეს, ჯეროვნად წარმოეჩინა და დაესაბუთებინა თავისი პოზიცია საქმისათვის მნიშვნელოვან ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულყოფილად, ამომწურავად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები; ამასთან, ნათლად მიუთითა იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 24 თებერვლის განაჩენი დატოვა უცვლელად. განსახილველი საქმის წარმოების ეტაპებზე არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს საფუძვლიან ეჭვს გაუჩენდა მსჯავრდებულის მიერ გასაჩივრებული განაჩენით მისთვის მსჯავრად შერაცხილი ქმედების ჩადენაში. საკასაციო სასამართლო ასევე ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით არის დასაბუთებული. საკასაციო საჩივრის დასაბუთება კი არ წარმოაჩენს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას კანონის არსებით დარღვევას, ასევე არ ვლინდება კ. უ-ის ქმედების კვალიფიკაციისას ისეთი სამართლებრივი პრობლემის არსებობა, რომელიც საკასაციო სასამართლოს მხრიდან დადგენილი პრაქტიკის განვითარებისათვის დამატებით ან ახლებურ შეფასებას საჭიროებს.
27. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება – არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
29. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ კ. უ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. გ-ნის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ
№119აპ-26 თბილისი
უ. კ., 119აპ-26 24 ივლისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე)
ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2026 წლის 7 ივლისს მსჯავრდებულ კ. უ-ის მიმართ გამოტანილ განჩინებაში დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 7 ივლისს მსჯავრდებულ კ. უ-ის მიმართ გამოტანილ განჩინებაში დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ:
განჩინების გამოტანის თარიღად მითითებულია: „7 ივლისი, 2024 წელი“, რაც წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 287-ე მუხლით გათვალისწინებულ უზუსტობას, რომელიც უნდა აღმოიფხვრას და განჩინების გამოტანის თარიღად მიეთითოს „7 ივლისი, 2026 წელი“.
აღნიშნული უზუსტობა უნდა გასწორდეს, რაც არ გამოიწვევს განჩინების გაუქმებას ან შეცვლას.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 287-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 7 ივლისის განჩინებაში გამოვლენილი უზუსტობა, კერძოდ:
განჩინების გამოტანის თარიღად, „7 ივლისი, 2024 წელი-ს“ ნაცვლად მიეთითოს „7 ივლისი, 2026 წელი“;
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 7 ივლისის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე