საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №135აპ-26 29 ივლისი, 2026 წელი
ბ. გ., №135აპ-26 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 5 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ბ-ს ადვოკატ ი. ბ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. ბ-ს - ბრალად ედებოდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია).
1.2. გ. ბ-ს ქმედება გამოიხატა შემდეგით: 2025 წლის 14 მარტს, დაახლოებით, 15:55 საათზე, თ-ში, ვ-ის მ-ში, რ-ის ქუჩის №--ის მიმდებარედ, გ. ბ- უკანონოდ ინახავდა მის მიერ ასევე უკანონოდ შეძენილ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას, კერძოდ, 15 ცალად დაფასოებულ, უფერო, გამჭვირვალე პოლიეთილენის ნაჭერში შეხვეულ, რეზინის ფერად თავმოკრულ ბუშტში არსებულ უფერო, გამჭვირვალე, პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებულ მოთეთრო კრისტალურ ნივთიერებას, საერთო წონით – 14.1393 გრამს, რაც შეიცავს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება მეთადონს (ფუძე), საერთო რაოდენობით – 11.1698 გრამს.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 5 დეკემბრის განაჩენით:
გ. ბ- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 3 ივნისის განაჩენით დანიშნული და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 3 ივნისის განაჩენით დანიშნული და ამავე სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით შემცირებული ძირითადი და დამატებითი სასჯელების მოუხდელი ნაწილი და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ბ-ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით, რაც აეთვალა 2025 წლის 14 მარტიდან.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გ. ბ-ს 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება; 10 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ გ. ბ-ს ადვოკატმა – ი. ბ-ამ – სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 5 თებერვლის განაჩენით, მსჯავრდებულ გ. ბ-ს ადვოკატ ი. ბ-ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 5 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ გ. ბ-ს ადვოკატი – ი. ბ-ა – საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და, მის ნაცვლად – გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგ არგუმენტებზე მითითებით: ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ კმაყოფილდება სანდოობისა და უტყუარობის კრიტერიუმები; სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა პოლიციელთა არადამაჯერებელი ჩვენებები; მსჯავრდებულს ნარკოტიკული საშუალება პოლიციის თანამშრომლებმა ჩაუდეს.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.2. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო დ. ს-ის მიერ საგამოძიებო ორგანოსთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, 2025 წლის 14 მარტს, თ-ში, ვ-ის მ-ში, რ-ის ქუჩის №--ის მიმდებარედ უნდა ყოფილიყო გ. ბ-, რომელსაც თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. ინფორმაციის მიღების შემდეგ საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლები გამოცხადდნენ მითითებულ ადგილზე, სადაც მყოფ გ. ბ-ს გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. აღნიშნული გარემოება დაადასტურა სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა დ. ს-მა და დამატებით განმარტა, რომ გ. ბ-სთან არასოდეს ჰქონია რაიმე სახის ურთიერთობა და, შესაბამისად, მის მიმართ პირადი ინტერესი ან მოტივი არ გააჩნია.
4.3. საგულისხმოა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა პირებმა – ი. გ-მა, ს. ვ-ემ, ზ. დ-მა და ლ. მ-ემ – დაადასტურეს გ. ბ-ს პირადი ჩხრეკისა და სხვა საგამოძიებო მოქმედებების ოქმებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებათა სისწორე. მოწმეებმა დეტალურად და თანმიმდევრულად აღწერეს 2025 წლის 14 მარტს განვითარებული მოვლენები და მიუთითეს, რომ გ. ბ- მონაწილეობდა საგამოძიებო მოქმედებაში, რომლის დროსაც მისგან კანონით დადგენილი წესით ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება. მათივე განმარტებით, გ. ბ-მ ნებაყოფლობით მოაწერა ხელი პირადი ჩხრეკისა და სხვა საგამოძიებო მოქმედებების ოქმებს, რომლებშიც სრულად არის ასახული რეალურად განვითარებული მოვლენები.
4.4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, ურთიერთშეთანხმებული და სრულად შეესაბამება საქმის სხვა მტკიცებულებებს. ისინი თანხვდება, როგორც პირადი ჩხრეკის ოქმს, რომლის კანონიერებაც სასამართლოს განჩინებით არის დადასტურებული, ისე – საქმის სხვა წერილობით მტკიცებულებებსა და პირადი ჩხრეკის მიმდინარეობის ამსახველ ვიდეოჩანაწერს, რომელზეც ობიექტურად არის ასახული საგამოძიებო მოქმედების სრული პროცესი.
4.5. პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, 2025 წლის 14 მარტს, გამომძიებელ ი. გ-ის მიერ, დეტექტივების – ს. ვ-ის, ზ. დ-ის, ლ. მ-ის და გარეშე პირის, ნ. გ-ის, მონაწილეობით, თ-ში, ვ-ის მ-ში, რ-ის ქუჩის №--ის მიმდებარედ, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ჩატარდა გ. ბ-ს პირადი ჩხრეკა. საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას გ. ბ-მ ქურთუკის შიდა მარჯვენა ჯიბიდან წარმოადგინა ნაჭრის ე.წ. „ბენდენა“, რომელშიც მოთავსებული იყო 15 ცალად დაფასოებული, დაახლოებით, ერთნაირი ზომის, გამჭვირვალე პაკეტები, მათში მოთავსებული მოთეთრო მასით, რომლებსაც გარედან ჰქონდა შემოხვეული ბუშტისმაგვარი რეზინა და გამჭვირვალე ცელოფანი. გ. ბ-ს პირადი ჩხრეკისას მისი შარვლის მარცხენა ჯიბიდან ამოიღეს ერთი „სამსუნგის“ და ერთი „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონებიც. ამოღებული ნივთები დაილუქა კანონით დადგენილი წესით. პირადი ჩხრეკის პროცესი სრულად იქნა დაფიქსირებული ვიდეოგადაღების საშუალებით.
4.6. აღსანიშნავია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოიკვლიეს გ. ბ-ს პირადი ჩხრეკის მიმდინარეობის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რომელიც სრულად შეესაბამება საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი გამომძიებლისა და დეტექტივების ჩვენებებს და ადასტურებს, როგორც პირადი ჩხრეკის ჩატარების ფაქტობრივ გარემოებებს, ისე – მის კანონიერებას. ამასთან, ქიმიური ექსპერტიზის №- დასკვნით დადასტურებულია, რომ პირადი ჩხრეკის შედეგად, გ. ბ-სგან ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალებას – მეთადონს (ფუძე), საერთო რაოდენობით – 11.1698 გრამს. აღნიშნული რაოდენობა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის თანახმად, წარმოადგენს განსაკუთრებით დიდ ოდენობას, რადგან მნიშვნელოვნად აღემატება აღნიშნული დანართით დადგენილ 1-გრამიან ზღვარს.
4.7. ამდენად, გამომძიებელ ი. გ-ის და დეტექტივების, ლ. მ-ის, ს. ვ-ის და ზ. დ-ის, ჩვენებები არ შეიცავს არსებით წინააღმდეგობებს და სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებათა ნაწილში ურთიერთშეთანხმებული და საქმის სხვა მტკიცებულებებთან თანხვედრილია. შესაბამისად, უსაფუძვლოა დაცვის მხარის არგუმენტი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა არასანდოობის, პოლიციის თანამშრომელების ჩვენებათა გაუზიარებლობისა და მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკული საშუალების პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩადების შესახებ, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება საქმეში არსებული რომელიმე მტკიცებულებით.
4.8. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 5 თებერვლის განაჩენი, მათ შორის, გ. ბ-სთვის დანიშნული სასჯელის ნაწილში, კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია.
4.9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება Hirvisaari v. Finland, განაცხადი №49684/99, §30). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება Gorou v. Greece (No. 2), განაცხადი №12686/03, §37, §41). „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).
4.10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
4.11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, რის გამოც, დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.12. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ. ბ-ს ადვოკატ ი. ბ-ას საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე