საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 29.07.2026
საქმის ნომერი
2კ-136აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№136აპ-26 თბილისი

ზ-ი თ., 136აპ-26 29 ივლისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 30 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ლ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ვ-ისა და მსჯავრდებულ თ. ზ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ა-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 8 აგვისტოს განაჩენით თ. ზ-ი - ნასამართლობის არმქონე, და დ. ლ-ე -, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და მიესაჯათ 4-4 წლითა და 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალათ ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 2 დეკემბრიდან.

2. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ზ-მა და დ. ლ-ემ ჩაიდინეს პოლიციელსა და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:

· 2024 წლის 1 დეკემბერს, დაახლოებით, 02:00 საათზე, თ-ში, ჭ-ის ქუჩაზე, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, თ. ზ-ი თავს დაესხა პოლიციელებსა და პოლიციის სატრანსპორტო საშუალებას, კერძოდ, თ. ზ-მა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი, ე. წ. „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებასა და პოლიციელებს, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ, სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე.

· 2024 წლის 1 დეკემბერს, დაახლოებით, 02:00 საათზე, თ-ში, ჭ-ის ქუჩაზე, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ. ლ-ე თავს დაესხა პოლიციელებსა და პოლიციის სატრანსპორტო საშუალებას, კერძოდ, დ. ლ-ემ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი, ე. წ. „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებასა და პოლიციელებს, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ, სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 30 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 8 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 30 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ თ. ზ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. ა-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თ. ზ-ის უდანაშაულოდ ცნობასა და გამართლებას საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ასევე – მსჯავრდებულის უშუალო მონაწილეობას საჩივრის განხილვაში.

5. მსჯავრდებულ დ. ლ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. ვ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს საჩივრის დასაშვებად ცნობას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 30 იანვრისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 8 აგვისტოს განაჩენების გაუქმებასა და დ. ლ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

6. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი ოთარ დოხნაძე შესაგებლით ითხოვს, რომ არ დაკმაყოფილდეს საკასაციო საჩივრები და თბილისის სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი დ. ლ-ისა და თ. ზ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ ვლინდება საკასაციო საჩივრების დასაშვებობის არცერთი წინაპირობა და ყველა საკითხი, რომელიც სათანადოდ შეისწავლა სააპელაციო სასამართლომ, არ საჭიროებს გამეორებას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივრებშია ჩამოყალიბებული. საჩივრების ძირითადი აქცენტებიდან გამომდინარე კი, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ ძირითად ასპექტებზე.

9. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრების ფარგლებში. დაცვის მხარე ითხოვს თ. ზ-ისა და დ. ლ-ის უდანაშაულოდ ცნობას. შესაბამისად, პალატის მსჯელობის საგანია, ნამდვილად ჩაიდინეს თუ არა მსჯავრდებულებმა მათთვის ინკრიმინირებული დანაშაული.

10. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას თ. ზ-ისა და დ. ლ-ის საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების შესახებ. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება როგორც კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ასევე უდავოდ ცნობილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებულების – ბ. თ-ისა და ა. ფ-ის ჩვენებებს, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებს, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებს, ინტერნეტგვერდის დათვალიერების ოქმს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებს, მოწმეების – ლ. ჩ-ის, გ. გ-ის, კ. კ-ის, დ. გ-ის, თ. გ-ის, მ. რ-ის, ზ. ჯ-ას, ბ. ბ-ის, ვ. მ-ის, ვ. დ-ის, ი. დ-ის და სხვათა ჩვენებებს, ქიმიური ექსპერტიზის №- დასკვნას, ამოღების ოქმებს, ქიმიური, ფეთქებადსაშიში საგნებისა და ტრასოლოგიური ექსპერტიზის №- დასკვნას, სახანძრო და ქიმიური ექსპერტიზის -- დასკვნას, ავტოსატრანსპორტო და სასაქონლო ექსპერტიზის №- დასკვნას, ექსპერტთა ჩვენებებს და საქმეში არსებულ სხვა მასალებს, რომლებიც, გონივრულ ეჭვს მიღმა, ადასტურებს მსჯავრდებულთა მიერ მათთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენას.

11. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულთა ჩვენებებზე, რომლებიც თანმიმდევრული, სარწმუნო და დამაჯერებელია და რომელთა საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი პალატას არ გააჩნია. დაზარალებულებმა დეტალურად აღწერეს შემთხვევის დღეს განვითარებული მოვლენები, დაადასტურეს მსჯავრდებულთა მიერ როგორც მათი, ისე – სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების მიმართულებით ე. წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლის ფაქტი. დაზარალებულთა ჩვენებები სრულად შეესაბამება სხვა მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, აკმაყოფილებს უტყუარობის/დამაჯერებლობის სტანდარტს და არ წარმოშობს დამატებით კითხვებს მათ სანდოობასთან დაკავშირებით. ამასთან, დაზარალებულები მოცემულ შემთხვევამდე არ იცნობდნენ თ. ზ-სა და დ. ლ-ეს. შესაბამისად, გამორიცხულია მათი მხრიდან დანაშაულის დაბრალების ინტერესი.

12. სასამართლო მიუთითებს, რომ საგამოძიებო მოქმედებები – ფოტოსურათებით პირის ამოცნობა – ყველა შემთხვევაში ჩატარებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით. როგორც გამოკითხვის დროს, ისე – ამოცნობების ჩატარებამდე დაზარალებულებმა დეტალურად მიუთითეს ამოსაცნობი ობიექტების ინდივიდუალურ და გვარეობით ნიშან-თვისებებზე. ამოსაცნობად წარდგენილ ფოტოსურათებზე გამოსახული პირების აღწერილობა მკვეთრად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან. ამასთან, წვერი, რომელზეც დაცვის მხარე უთითებს, არ გამხდარა ამოცნობისას გადამწყვეტი ამოსაცნობი ნიშანი და არცერთ დაზარალებულს წვერით არ ამოუცვნია რომელიმე ბრალდებული. გარდა ამისა, ბ. თ-მაც და ა. ფ-მაც განმარტეს, რომ დარწმუნებულები არიან ამოცნობაში. შესაბამისად, ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმების საეჭვოდ მიჩნევისა და გაუზიარებლობის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია.

13. რაც შეეხება სოციალურ ქსელ „ფ-ში“ ატვირთულ ვიდეოჩანაწერს – მისი დათვალიერება და გადმოწერა ჩატარდა საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნულმა მტკიცებულებამ წინასასამართლო სხდომაზე გადალახა დასაშვებობის ეტაპი და მიჩნეულ იქნა დასაშვებ მტკიცებულებად. მოწმე ლ. ჩ-ის ჩვენებით დადგინდა, რომ ზ. ბ-ის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად დათვალიერდა მომხმარებლების მიერ სოციალურ ქსელში საჯაროდ გამოქვეყნებული ვიდეომასალა, რის შემდეგაც გადაიწერა ლაზერულ დისკზე. სისხლის სამართლის საქმის მასალები, რომლებიც მასთან ინახებოდა, გაუცვალა დაცვის მხარეს. საყურადღებოა, რომ ზ. ბ-ის 2024 წლის 2 დეკემბრის გამოკითხვის ოქმები და მისივე პატაკები წინასასამართლო სხდომაზე მხარეებმა უდავოდ ცნეს (რაც გულისხმობს მათ შინაარსთან დათანხმებასაც) და მათ მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.

14. პრეიუდიციასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის არსი არის სწორედ ის, რომ მხარეები საქმის ფაქტობრივ გარემოებებს გამოკვლევის გარეშე იღებენ მტკიცებულებად, ე. ი. ისინი თავისუფლდებიან მტკიცების ტვირთისაგან, ხოლო ინფორმაცია ავტომატურად იძენს მტკიცებულებით ხასიათს, რაც, ბუნებრივია, არსებით სხდომაზე მათ დამატებით გამოკვლევას აღარ საჭიროებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეიუდიციის ინსტიტუტი საერთოდ აზრს დაკარგავდა, რადგან ყველა ის მტკიცებულება, რომელსაც მხარეები პრეიუდიციად მიიჩნევდნენ, ნებისმიერ დროს გახდებოდა მხარეთათვის მიუღებელი და სადავო. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, პრეიუდიცია გათანაბრებულია მტკიცებულებასთან და გათავისუფლებულია გამოკვლევის პროცესისაგან (მაგალითისათვის, იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი საქმეზე №455აპ-18).

15. უდავოდ ცნობილ გამოკითხვის ოქმებში ზ. ბ-ი უთითებს, რომ პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტები ასახულია სოციალურ ქსელში, კონკრეტული მომხმარებლების გვერდებზე და თავდასხმაში, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ თ. ზ-ი და დ. ლ-ე. შესაბამისად, გაუგებარია დაცვის მხარის პრეტენზია იმ მტკიცებულებათა მიმართ, რომელთა გამოკვლევაზე თავად განაცხადა უარი. ლ. ჩ-ემ დაკითხვისას დაადასტურა ვიდეოჩანაწერის მასთან შენახვა. ამდენად, დაცულია საქართველოს სსსკ-ის 78-ე მუხლის მოთხოვნა და არ არსებობს გარემოება, რომელიც გამოთხოვილი ჩანაწერისა და ამოღებული ტანსაცმლის ავთენტურობას საეჭვოდ გახდიდა და, აქედან გამომდინარე, გამორიცხავდა ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად მითითებულ მტკიცებულებათა გამოყენების შესაძლებლობას.

16. 2024 წლის 2 დეკემბერს თ. ზ-ისა და დ. ლ-ის მონაწილეობით ჩატარებული ნივთიერი მტკიცებულების – ვიდეოჩანაწერების – დათვალიერებისას მათ დაადასტურეს 2024 წლის 1 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიმდებარედ, ჭ-ის ქუჩაზე პოლიციელებისა და სპეცმანქანის მიმართულებით ალმოდებული ბოთლის სროლის ფაქტი. თ. ზ-მა ასევე განმარტა, რომ პირი, რომელსაც აცვია მუქი ფერის ტანსაცმელი ღია ფერის „კაპიუშონით“, სპეცრაზმელებისა და სპეცმანქანის მიმართულებით ისვრის ალმოდებულ ბოთლს, არის თვითონ, ხოლო პარლამენტის შენობასთან, კუთხეში მდგარი მამაკაცი, რომელსაც ხელში უჭირავს ალმოდებული ბოთლი და ისვრის ჭ-ის ქუჩის მხარეს, არის მისი მეზობელი, დ. ლ-ე. ანალოგიურად განმარტა დ. ლ-ემაც. იმის გამო, რომ საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულებმა შეცვალეს პოზიცია, წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნეს დამნაშავედ და გამოიყენეს დუმილის უფლება, სასამართლო არ დაეყრდნო თ. ზ-ისა და დ. ლ-ის მონაწილეობით ჩატარებული ნივთიერი მტკიცებულების გახსნა-დათვალიერების ოქმებს.

17. კასატორთა კიდევ ერთ არგუმენტთან დაკავშირებით, პალატა აღნიშნავს, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორიდან თ. ზ-ისა და დ. ლ-ის ტანსაცმლის ამოღება მოხდა მას შემდეგ, რაც მათთან ჩატარდა ნივთიერი მტკიცებულებების დათვალიერება. შესაბამისად, დაცვის მხარის მტკიცება, რომ ი. დ-ი მსჯავრდებულებს ვერ ნახავდა ჩანაწერში აღბეჭდილი ტანსაცმლით, უსაფუძვლოა, ვინაიდან იზოლატორში შესახლების მომენტში და ი. დ-თან შეხვედრისას მათ არც სცმიათ ერთი და იგივე ტანსაცმელი. ამასთან, ვიდეოჩანაწერში ნათლად ჩანს იმ პირთა ჩაცმულობა, რომლებიც ისვრიან ე. წ. „მოლოტოვის კოქტეილებს“. ეს ჩაცმულობა კი, როგორც ფერით, ისე – ზოგადი აღწერილობით, ემთხვევა საქმის არსებითი განხილვის დროს მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოკვლეულ, დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან ამოღებულ, დ. ლ-ისა და თ. ზ-ის ტანსაცმელს. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, ასევე – ამ მტკიცებულებებით დადგენილი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლოსაც (ისევე, როგორც ქვედა ინსტანციების სასამართლოებს) დადგენილად მიაჩნია, რომ სადავო ჩანაწერში აღბეჭდილი პირები, რომლებიც პოლიციის თანამშრომლებისა და სპეცმანქანების მიმართულებით ისვრიან ე. წ. „მოლოტოვის კოქტეილებს“ და ცეცხლი ეკიდება მანქანებს, არიან თ. ზ-ი და დ. ლ-ე. ამ ჩანაწერებზე ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის ჩაუტარებლობა ვერ დაუკარგავს სხვა მტკიცებულებებს მნიშვნელობას, რომლის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი პალატას არ გააჩნია.

18. სასამართლო მიუთითებს, რომ, საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის მიხედვით, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა, ხოლო 83-ე მუხლის შესაბამისად, მხარე თავად განსაზღვრავს მტკიცებულებათა იმ წრეს, რომლის წარდგენაც საჭიროდ მიაჩნია სასამართლოში საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დაცვის მხარეს ენიჭება როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე – მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვებისა და წარმოდგენის უფლება. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის პროცესი მხარეთა თანასწორობასა და შეჯიბრებითობაზეა დამყარებული. საქართველოს სსსკ-ის 39-ე მუხლში აღნიშნულია, რომ ბრალდებულს უფლება აქვს, საკუთარი ხარჯით, თვითონ ან/და ადვოკატის დახმარებით მოიპოვოს მტკიცებულება. ბრალდებულის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებას ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულების თანაბარი იურიდიული ძალა აქვს. თუ მტკიცებულების მოპოვებისათვის საჭიროა ისეთი საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედების ჩატარება, რომელსაც ბრალდებული ან მისი ადვოკატი დამოუკიდებლად ვერ ატარებს, იგი უფლებამოსილია, შესაბამისი განჩინების გამოტანის შუამდგომლობით მიმართოს მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით. შესაბამისად, დაცვის მხარეს შეეძლო, მოეპოვებინა მტკიცებულებები და წარმოედგინა სასამართლო სხდომაზე (მათ შორის – ჩაეტარებინა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა, დასაკითხ პირთა სიაში შეეყვანა მოწმეები და დაეკითხა ისინი და ა. შ.), წარმოედგინა მტკიცებულება სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან უკანონო ქმედებების ჩადენის ან რაიმე სახით საქმის შედეგით დაინტერესებასთან დაკავშირებით (რაც მას არ განუხორციელებია), რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა, ემსჯელა აღნიშნულთან დაკავშირებით (მაგალითისათვის, იხ. სუსგ: №1146აპ-24, №249აპ-25, №918აპ-24). ის ფაქტი, რომ ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს, არ ათავისუფლებს დაცვის მხარეს სასამართლოსათვის საკუთარი პოზიციების არგუმენტირებულად წარმოდგენის ვალდებულებისაგან.

19. სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაავალოს ბრალდების მხარეს მტკიცებულებათა მოპოვება. სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების წარმოდგენა მხარეთა კომპეტენციაა. თუკი სასამართლო მივა იმ დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები დამაჯერებელი და საკმარისია პირის დამნაშავედ ცნობისათვის, ადგენს გამამტყუნებელ განაჩენს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი – გამოაქვს გამამართლებელი განაჩენი. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდების ან დაცვის მხარე, გარდა ზემოჩამოთვლილი მტკიცებულებებისა, კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოადგენდა კიდევ სხვა მტკიცებულებებს, დანარჩენ მტკიცებულებებთან ერთობლივად, ისინიც სათანადოდ შეფასდებოდა. მოცემულ შემთხვევაში, პალატა აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მიერ მითითებული გარემოებები მტკიცებულებით ძალას ვერ დაუკარგავს სისხლის სამართლის საქმის იმ მასალებს, რომლებიც წარმოდგენილია სასამართლოში და ვერ გახდება ბრალდების მხარის მტკიცებულებებით დადგენილი გარემოებების საეჭვოდ მიჩნევისა და მათი გაუზიარებლობის საფუძველი, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც საქმეში არ წარმოდგენილა და გამოკვლეულა რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც გაბათილდებოდა ან თუნდაც ეჭვქვეშ დადგებოდა ბრალდების მხარის მტკიცებულებებით დადგენილი გარემოებანი. სასამართლო მსჯელობს მხოლოდ მხარეების მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, რომლებიც, განსახილველ შემთხვევაში, სრულად საკმარისი აღმოჩნდა თ. ზ-ისა და დ. ლ-ის ქმედებათა შესაფასებლად.

20. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, კანონის შესაბამისად მოპოვებული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია, პირდაპირ მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის. საქმის განხილვისას არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათი სანდოობისა და სარწმუნოობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი გახდებოდა. როგორც დაზარალებულების, ასევე – მოწმეთა გამოკითხვის ოქმებსა და ჩვენებებში დაფიქსირებული ინფორმაცია თანმიმდევრული და კონკრეტულია, აკმაყოფილებს სანდოობისა თუ სარწმუნოობის კრიტერიუმებს და არ არსებობს რომელიმე მოწმის მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები და გამოკითხვის ოქმები, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებსა და მტკიცების საგანთან დაკავშირებით, შეესაბამება და თანხვდება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ თუ გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციას. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ვიდეოჩანაწერები, რომლებიც სარწმუნო მტკიცებულებებია და არ არსებობს მათი გამამყარებელი მტკიცებულების არსებობის აუცილებლობა, რამეთუ ვიდეოჩანაწერის, როგორც მტკიცებულების ძალა, საკმაოდ წონადია. ამის გამო, იგი სანდოობის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება და მისი უტყუარობის ხარისხი აღემატება მოწმის მიერ გადმოცემული ინფორმაციის სიზუსტეს.

21. მტკიცებულებათა მოპოვებისა და საქმეზე დამაგრების კანონით დადგენილი წესის დარღვევასთან დაკავშირებულ დაცვის მხარის პრეტენზიებს სააპელაციო სასამართლომ დეტალური და ამომწურავი პასუხი გასცა, რომელსაც საკასაციო პალატაც ეთანხმება და იზიარებს, რის გამოც, ამ საკითხზე დამატებით აღარ იმსჯელებს.

22. რაც შეეხება კასატორთა მოთხოვნას საქმის არსებითად განხილვის თაობაზე: საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-31 მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად. ამავე მუხლის მე-32 ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. საკასაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, „საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე“ (საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-6 ნაწილი). ამდენად, საკასაციო პალატას არ აქვს საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის უპირობო სამართლებრივი ვალდებულება.

23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თ. ზ-ისა და დ. ლ-ის ასეთი ქმედებები ცალსახად ადასტურებს მათ უარყოფით განწყობას სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლების მიმართ და ქმნის საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას.

24. ამდენად, საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მათში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულყოფილად, ამომწურავად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი; ამასთან, ნათლად მიუთითა იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 8 აგვისტოს განაჩენი უცვლელად დატოვა. შესაბამისად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

25. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომით, მისი ფუნქცია არ არის მეოთხე ინსტანციის სასამართლოს როლის შესრულება, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან მიმართებით. ის მიიჩნევს, რომ პროცედურული ან მატერიალური კანონმდებლობის განმარტება და გამოყენება ეროვნული სასამართლოების პრეროგატივაა და ისინი უკეთეს პოზიციაში იმყოფებიან კონკრეტულ საქმეზე მოწმეთა სანდოობისა და მტკიცებულებათა რელევანტურობის საკითხის შეფასების თვალსაზრისით.

26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულებათა არასაკმარისობისა და არადამაჯერობლობის კუთხით კასატორთა საკვანძო არგუმენტებს, რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივარში, ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები გასცა სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში. ამასთან, დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).

27. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

28. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ დ. ლ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ვ-ისა და მსჯავრდებულ თ. ზ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ა-ის საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე