საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №161აპ-26 თბილისი
ჯ. თ., 161აპ-26 6 ივლისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 22 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. ჯ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – ე. ო-ისა და მ. ფ-ის – საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 3 ნოემბრის განაჩენით თ. ჯ- - ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელიდან 1 წელი განესაზღვრა რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 1 წელი – ჩაეთვალა პირობით და, სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი. საქართველოს სსკ 52-ე მუხლის თანახმად, თ. ჯ-ს დამატებით სასჯელად განესაზღვრა ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა 12-კალიბრიანი, ორლულიანი, „ИЖ-58МА“ მოდელის, N- გლუვლულიანი სანადირო თოფი. თ. ჯ-ს სასჯელი აეთვალა განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაპატიმრების მომენტიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2025 წლის 9 მაისიდან 2025 წლის 11 მაისის ჩათვლით.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ჯ-მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული გამოიხატა შემდეგით:
· 2025 წლის 9 მაისს, დაახლოებით, 19:50 საათზე, ზ-ის რაიონის სოფელ მეორე ს-ში, სადავო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, თ. ჯ-მა თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოდან სანადირო თოფიდან გასროლით, მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ქვედა კიდურების არეში, წვივის მრავლობითი ღია ჭრილობების, მუხლის სახსრის ღია ჭრილობისა და ბარძაყის ღია ჭრილობის სახით, ვ. ჯ-ს მიაყენა სხეულის განზრახ მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 22 დეკემბრის განაჩენით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 3 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად. მსჯავრდებულ თ. ჯ-ს სასჯელი აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2025 წლის 3 ნოემბრიდან.
4. კასატორი – მსჯავრდებული თ. ჯ- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატები: ე. ო-ე და მ. ფ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 22 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, თ. ჯ-სათვის სასჯელის სახედ სრულად პირობითი მსჯავრის განსაზღვრას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. მსჯავრდებულ თ. ჯ-ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხილი ქმედების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ბრალდებულის აღიარებით, დაზარალებულ ვ. ჯ-ის, მოწმეების – მ. ჩ-ის, გ. ღ-ის, ნ. გ-ის, ს. პ-ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოსურათებით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, სასამართლო-სამედიცინო და ბალისტიკური ექსპერტიზების დასკვნებით, ამოღების ოქმებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებსაც სადავოდ არც კასატორები ხდიან.
7. მოცემულ შემთხვევაში, კასატორები ითხოვენ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას, კერძოდ, დანიშნული სასჯელის სრულად პირობითად ჩათვლას.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
9. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსამართლე თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე – შემამსუბუქებელ გარემოებებს. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი ემსახურებოდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
10. საკასაციო სასამართლო, მიაჩნია რა, რომ ქვედა ინსტანციების სასამართლოებმა თანაბრად იხელმძღვანელეს თ. ჯ-ს სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებით, აფასებს, საბოლოოდ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა რამდენად პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან. დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ თ. ჯ-სათვის შეფარდებული სასჯელი უსამართლოა, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და აღნიშნავს შემდეგს: იმისთვის, რათა შესაძლებელი იყოს სასჯელის უკანონობაზე მსჯელობა, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, ამოწმებს, არსებობს თუ არა აშკარა არაპროპორციულობა შეფარდებულ სასჯელს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს შორის.
11. სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი (არ გააჩნია) და შემამსუბუქებელი (დანაშაულის აღიარება და მონანიება, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობით სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელშეწყობა, გამოძიებასთან თანამშრომლობა, დაზარალებულთან შერიგება, ასაკი და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა) გარემოებები, ისე – დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება (დაზარალებულს დაზიანებები მიაყენა ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ გასროლით), ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ თ. ჯ-ს განუსაზღვრა სამართლიანი, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ელი ნაწილის სანქციით დაწესებული სასჯელი, რომლის სრულად პირობით მსჯავრად ჩათვლა სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია.
12. ამდენად, საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომას და ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას, რომ მსჯავრდებულ თ. ჯ-ს მიმართ დანიშნული სასჯელი არასამართლიანია და იგი უნდა შეიცვალოს მის სასიკეთოდ, ის შემამსუბუქებელი გარემოებები კი, რომლებიც კასატორებს მითითებული აქვთ საკასაციო საჩივარში, უკვე გაითვალისწინა სააპელაციო სასამართლომ და, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა სამართლიანი, ჩადენილი ქმედების პროპორციული და ადეკვატური სასჯელი.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ თ. ჯ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – ე. ო-ისა და მ. ფ-ის – საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. ფაფიაშვილი