საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 27.07.2026
საქმის ნომერი
2კ-217აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№217აპ-26 თბილისი

კ. დ., 217აპ-26 27 ივლისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 28 იანვრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით კირჩხელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დ. კ-ეს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისთვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის (2 ეპიზოდი).

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· 2025 წლის 21 თებერვალს, დღის საათებში, ქ. ბ-ში, გ. წ-ის ქუჩის №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა დ. კ-ემ, ნასამართლობის გაქარწყლებამდე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავისი ოჯახის წევრს, მეუღლის მშობელს, ლ. კ-ს, კერძოდ, თავში ჩაარტყა ხელი, რის შედეგადაც, დაზარალებულმა ლ. კ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2025 წლის 23 თებერვალს, დაახლოებით, 19:30 საათზე, ქ. ბ-ში, გ. წ-ის ქუჩის №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა დ. კ-ემ, ნასამართლობის გაქარწყლებამდე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავისი ოჯახის წევრს, მეუღლის მშობელს, ლ. კ-ს, კერძოდ, თავში ჩაარტყა ხელი, ასევე – ხელი გაარტყა სახეში, რის შედეგადაც, დაზარალებულმა ლ. კ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 22 ივლისის განაჩენით დ. კ-ე - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2025 წლის 21 თებერვლისა და იმავე წლის 23 თებერვლის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. მასვე განემარტა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

4. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 28 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი დავით კირჩხელი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 28 იანვრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, დ. კ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და მისთვის შესაბამისი, მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №883აპ-24, №527აპ-24, №17აპ-24).

8. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენი, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება დ. კ-ის ბრალეულობა. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, დაასკვნა, რომ დ. კ-ის მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი.

9. დაზარალებულმა ლ. კ-მა (ბრალდებულის მეუღლის მშობელი) ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და სასამართლოს უარი განუცხადა ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. შესაბამისად, მან არ დაადასტურა მის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის და ამ ძალადობით ტკივილის განცდის ფაქტი. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევაც, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს დაზარალებულის (მოწმის) მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორეც დაზარალებულმა სასამართლოში არ დაადასტურა.

10. ბრალდებულმა დ. კ-ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ.

11. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, შეტყობინების ბარათით, შემაკავებელი ორდერით, ბრალდებულის დაკავების ოქმით) ობიექტურად შეუძლებელია იმის დადგენა, დ. კ-ემ ნამდვილად იძალადა თუ არა ლ. კ-ზე. ამასთან, შეუძლებელია ჩამოთვლილ წერილობით მტკიცებულებებში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე მსჯელობა, ვინაიდან ვერ გადამოწმდა მათში აღწერილი გარემოებები პირველწყაროსთან – დაზარალებულთან. საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას დ. კ-ის ბრალეულობასთან დაკავშირებით არ შეიცავს არც მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები.

12. რაც შეეხება მოწმეებს, არც ერთი მათგანი არ არის ფაქტის შემსწრე თვითმხილველი მოწმე. შესაბამისად, მათი ჩვენებები დ. კ-ის მხრიდან მეუღლის დედაზე შესაძლო ძალადობის ნაწილში ირიბია და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. ირიბი მტკიცებულების გამოყენების კონსტიტუციური და საპროცესო სტანდარტი მოითხოვს, საქმეში წარმოდგენილი იყოს დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი თუნდაც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, ირიბი შინაარსის შემცველი მტკიცებულებების სიმრავლე და მრავალფეროვნება კი, თავისთავად, არ ამაღლებს ამ მტკიცებულებათა უტყუარობის ხარისხს. ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით, სასამართლო ეყრდნობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის № - გადაწყვეტილებას, რომლითაც განიმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება, დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა – მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით.

13. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე, კერძოდ, შესამოწმებელმა პირმა, ლ. კ-მა ექსპერტთან საუბრისას მხოლოდ დაადასტურა დადგენილებაში მითითებული საქმის გარემოება, რომ 2025 წლის 21 თებერვალს და 23 თებერვალს დ. კ-ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. დაზარალებული სხვა რაიმე დამატებით ინფორმაციას (თუნდაც განცდილ ტკივილზე) ექსპერტს არ აწვდის. ამასთან, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილი დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანების ლოკალიზაცია და პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფიზიკური ძალადობის შედეგად მიღებული დაზიანებების ლოკალიზაცია არ ემთხვევა ერთმანეთს: დ. კ-ეს ბრალი დაედო ლ. კ-ზე ფიზიკურ ძალადობაში სახესა და თავში ხელის დარტყმით, ხოლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ლ. კ-ს პირადი შემოწმებისას დაზიანებები აღენიშნებოდა მარჯვენა მტევნის I თითის ნების ძვლის საპროექციო მიდამოს გარეთა ზედაპირზე და მარჯვენა ბარძაყის შუა მესამედში. შესაბამისად, იმ ვითარებაში, როდესაც არ არსებობს დაზარალებულის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება, შეუძლებელია, აღნიშნული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, პირის ბრალდების შესახებ დადგენილებასა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას შორის არსებული შეუსაბამობის გათვალისწინებით.

14. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე შეუძლებელია დ. კ-ის მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადგენა. რამდენადაც დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ხოლო სხვა მოწმეები არ არიან ფაქტის შემსწრეები და დ. კ-ის მიერ ლ. კ-ზე ფიზიკური ძალადობის შესახებ ინფორმაცია გააჩნიათ მხოლოდ დაზარალებულის ნაამბობიდან, მან კი უარი განაცხადა ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, – სისხლის სამართლის საქმეში არ დარჩა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, უტყუარად დაედგინა სისხლის სამართლის საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები – ფიზიკური ძალადობა და დაზარალებულის მიერ განცდილი ფიზიკური ტკივილი. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სამხილები ვერ აბათილებს ბრალდებულ დ. კ-ის პოზიციას მისი უდანაშაულობის შესახებ და ცალსახად არასაკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულებანი, რიგ შემთხვევაში, ირიბია და რიგ შემთხვევაში – საერთოდ არაინფორმატიული. გარდა ამისა, მათში ასახული ინფორმაცია არ დასტურდება სხვა, თუნდაც ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებით.

15. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ერთიან სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის, დანაშაულის კატეგორიისა და სახის მიუხედავად, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად კი – გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

16. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვისას არ გამოვლენილა რომელიმე მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ დაადასტურებდა დ. კ-ის მიერ მისთვის ბრალადწარდგენილ ქმედებათა ჩადენას. სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მიღებული გადაწყვეტილება არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ბრალდების მხარის მიერ მითითებული საქმის მასალები არ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დ. კ-ის დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორ დავით კირჩხელის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „In dubio pro reo-ს“– გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და დ. კ-ე გაამართლეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე – საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).

17. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა ბრალდების მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

18. კასატორი საჩივარში უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, რომლებიც, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ საქმესთან მიმართებით არარელევანტურია და ვერ გახდება გამამართლებელი განაჩენის გაუქმებისა და დ. კ-ის მსჯავრდების საფუძველი.

19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ, „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაბუთება არ შეიცავს მითითებას სასამართლოთა მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას საპროცესო კანონის არსებითი ხასიათის დარღვევის შესახებ. განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რომელიც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.

20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

21. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით კირჩხელის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე