საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 14.07.2026
საქმის ნომერი
2კ-234აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№234აპ-26 თბილისი

ბ. ა., 234აპ-26 14 ივლისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 5 თებერვლის განაჩენზე ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხატია ჩხენკელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა. ბ-ძეს ბრალად დაედო სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი). აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:

· 2025 წლის 23 ივლისს, დაახლოებით, 19:10 საათზე, ხ-ის მუნიციპალიტეტის პ. მ-ის ადმინისტრაციულ ერთეულში, ვ-ას ქუჩის №--ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, ა. ბ-ძე სამუშაო იარაღის – ბარის – ხელში დაჭერითა და მოქნევით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრს, მამას – ჯ. ბ-ძეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 3 დეკემბრის განაჩენით ა. ბ-ძე - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან; მასვე განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

3. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 5 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ხათია ჩხენკელი ითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ა. ბ-ძის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მისთვის სამართლიანად მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ა. ბ-ძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ა. ბ-ძის მიერ ჯ. ბ-ძისადმი მუქარას.

8. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ. საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე, მათ შორის – ოჯახური დანაშაულის საქმეებზე, დადგენილია ერთი სტანდარტი – ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ითვალისწინებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას (დაიცვას ოჯახური ძალადობის მსხვერპლი და ადეკვატური სანქცია დააკისროს მოძალადეს) და მსჯელობს, საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები საკმარისია თუ არა გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

9. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს მხოლოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, დაზარალებულმა რეალურად აღიქვა თუ არა მუქარა. შიშის განცდა სუბიექტური აღქმაა, თუმცა, შესაძლებელია, იგი დასტურდებოდეს სხვა ობიექტური გარემოებებით, ასევე – მოწმეთა ჩვენებებითაც, რომლებიც მკაფიოდ მიუთითებენ დაზარალებულის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი – საფუძვლიანი შიშის გაჩენა – მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის მსჯავრდებას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინება.

10. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა ა. ბ-ძის ბრალეულობის დასადასტურებლად. დაზარალებულმა ჯ. ბ-ძემ (ბრალდებულის მამა), მოწმეებმა – ქ. ლ-ამ (ბრალდებულის დედა) და მ. ბ-ძემ (ბრალდებულის ბიძა) ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

11. თავად ბრალდებულმა ა. ბ-ძემ არ ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ დანა მისი არაა, არც ბარი უხმარია და არც უნახავს ეს ბარი. იმ დღეს მისი მამა იქ არ იყო, ის ფ-ში ცხოვრობს, ხოლო თვითონ – ხ-ში. იყო ნასვამი და დეტალები არ ახსოვს. პოლიციელები მივიდნენ და დააკავეს. მისი მშობლები მისული არ უნახავს. დაზიანებები მიიღო ტყეში. ექიმისთვის არ უთქვამს, რომ მიიღო თვითდაზიანება. მამამისი რატომ მივიდა პოლიციაში, არ იცის.

12. სასამართლო აღნიშნავს, რომ იმგვარი მოცემულობისას, როდესაც თავად ბრალდებული კატეგორიულად გამორიცხავს მისი მხრიდან მუქარას დაზარალებულად ცნობილი პირის მიმართ, მოწმე პოლიციელების (რომლებიც არ არიან ფაქტის შემსწრე თვითმხილველები) ჩვენებები ირიბი მტკიცებულებებია, რომლებიც დაზარალებულის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გადმოსცემს, შემაკავებელი ორდერი და მისი ოქმი ასევე მხოლოდ დაზარალებულის მიერ მიწოდებულ იფორმაციას ასახავს, დაზარალებული ჯ. ბ-ძე კი არ დაკითხულა სასამართლოში საქმის განხილვისას. შესაბამისად, სასამართლოს წარედგინა მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ ცალმხრივად ნაწარმოები გამოკითხვის ფარგლებში, დაცვის მხარის ყოველგვარი ჩართულობისა და მონაწილეობის გარეშე ჯ. ბ-ძის მიერ სასამართლო სხდომის დარბაზს მიღმა მიცემული ჩვენება. დაცვის მხარეს არ მისცემია დაზარალებულის დაკითხვის შესაძლებლობა, რათა დაესვა კრიტიკული შეკითხვები მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელსაც კატეგორიულად არ დაეთანხმა ბრალდებული და მხარეთა შეჯიბრობითობის, თანასწორობის დაცვით, უშუალოდ მოსამართლის წინაშე მტკიცებულების გამოკვლევის პირობებში შესაძლებელი ყოფილიყო საქმესთან დაკავშირებული ობიექტური ინფორმაციის მიღება.

13. ერთ-ერთი მტკიცებულება, რომელზეც უთითებს კასატორი, არის ჯ. ბ-ძის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომლითაც შემოწმდა დაზარალებულის გამოკითხვის ოქმში გადმოცემული ინფორმაცია, რაც სასამართლო სხდომაზე დაზარალებულს არ დაუდასტურებია, ვინაიდან უარი განაცხადა მისი შვილის საწინააღმდეგოდ ჩვენების მიცემაზე. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში არ ასახულა ჩვენებისგან დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია, რომლის რეალურობაც სწორედ ამ საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში მოწმდება. ამდენად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში გადმოცემულია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, რის გამოც, იგი ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად მიჩნევის საფუძველი ვერ გახდება.

14. რაც შეეხება 2025 წლის 23 ივლისის №- შემაკავებელ ორდერს, მისი გაცემის საფუძველი გახდა დაზარალებულის განმარტება, რომელმახც უარი განაცხადა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე. შესაბამისად, შემაკავებელ ორდერში დაფიქსირებული რამდენიმესიტყვიანი ჩანაწერი, რომელიც არც დაადასტურა და არც უარყო დაზარალებულმა საქმის სასამართლო განხილვისას, იმდენად მწირი და არაინფორმაციულია, რომ შეუძლებელია, სასამართლომ საკმარისად მიიჩნიოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, როდესაც დაზარალებული უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე, თავად ბრალდებული კატეგორიულად გამორიცხავს მისი მხრიდან მუქარას დაზარალებულად ცნობილი პირის მიმართ, მოწმე პოლიციელების ჩვენებები ირიბი მტკიცებულებებია, რომლებიც დაზარალებულის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გადმოსცემენ, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, შემაკავებელი ორდერი და მისი ოქმი ასევე მხოლოდ დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას (რომელიც სასამართლოზე არც დაადასტურა და არც უარყო დაზარალებულმა) ასახავს, სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გამორიცხავს ბრალდებულად ცნობილი პირის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობას.

16. ამდენად, საქმის მასალებისა გაანალიზების შედეგად საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობითაც უტყუარად დადასტურდებოდა ა. ბ-ძის ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებაში დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების ფარგლებში კი შეუძლებელია იმ ფაქტის უტყუარად დადგენა, საერთოდ დაემუქრა თუ არა ა. ბ-ძე ჯ. ბ-ძეს, ასეთის არსებობის შემთხვევაში კი, რეალურად აღიქვა თუ არა იგი დაზარალებულმა და გაუჩნდა თუ არა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

17. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ა. ბ-ძის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორ ხატია ჩხენკელის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „In dubio pro reo-ს“ – გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ა. ბ-ძე გაამართლეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

19. კასატორი საჩივარში ასევე უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, რომლებიც, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ საქმესთან მიმართებით არარელევანტურია და ვერ გახდება გამამართლებელი განაჩენის გაუქმებისა და ა. ბ-ძის მსჯავრდების საფუძველი.

20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

21. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

22. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხატია ჩხენკელის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე