დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 01.07.2013
საქმის ნომერი
ას-163-156-2013
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.07.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ ას-163-156-2013 1 ივლისი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ა. ქ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ვ.“, ი. ბ-ი, ნ. თ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13დეკემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება დ საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის

დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ქ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ვ-ს“, ი. ბ-სა და ნ. თ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა შპს ''ვ.-სა“ და ი. ბ-ს შორის 2008 წლის 6 ივნისის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ 2009 წლის 28 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმების ბათილად ცნობა და მოსარჩელის აღდგენა თავის (დამკვეთის) უფლებებში იმ საფუძვლით, რომ სადავო ხელშეკრულებაში ცვლილებები განხორციელდა არაუფლებამოსილი პირის სასარგებლოდ. ასევე მოითხოვა შპს ''ვ-ის“ ა. ქ-ის სასარგებლოდ 40 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება იმ საფუძვლით, რომ მოპასუხემ დროულად არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით ა. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წეისთ გაასაჩივრა ა. ქ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 დეკემბრის განჩინებით ა. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2008 წლის 6 ივნისს შპს ''ვ-სა'' და ა. ქ-ს შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, დამკვეთი ა. ქ-ი უკვეთავდა, ხოლო შემსრულებელი შპს ''ვ.'' ვალდებულებას იღებდა აეშენებინა ქ. თბილისში, შ-ას (ა-ის) 35/37 მისამართზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი და აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში მე-3 სადარბაზოში მე-13 სართულზე გადაეცა მოსარჩელისათვის ბინა 183 კვ. მ. ფართობით (ტომი 1; ს. ფ. 18-20 - ნარდობის ხელშეკრულება N124 );

2009 წლის 24 დეკემბერს ა. ქ-მა ნ. თ-ის მიმართ გასცა მინდობილობა და მიანიჭა გარკვეული უფლებამოსილებანი. აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე, ნ. თ-მა ა. ქ-ის სახელით მიმართა შპს ''ვ-ს'' და მოითხოვა 2008 წლის 8 ივნისის ხელშეკრულებაში დამკვეთის უფლება-ვალდებულებების ი. ბ-ის გადაცემა (ტომი 1; ს. ფ. 22-23 - მინდობილობა; ს. ფ. 24 - მიმართვა);

2009 წლის 28 დეკემბერს შპს ''ვ.''-სა და ი. ბ-ს შორის დაიდო შეთანხმება, რომლითაც ასევე ცვლილებები შევიდა ა. ქ-სა და შპს ''ვ.''-ს შორის 2008 წლის 6 ივნისის ხელშეკრულებაში და გარდა სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებებისა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ა. ქ-ის ადგილს დაიჭერდა ი. ბ-ი (ტომი 1; ს.ფ. 27 - შეთანხმება ხელშეკრულებაში ცვლილებების შესახებ);

მოცემულ შემთხვევაში ა. ქ-ის მიერ შპს ,,ვ.’’-ს, ი. ბ-სა და ნ. თ-ის მიმართ წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნა მდგომარეობს იმაში, რომ: ა) ბათილად იქნეს ცნობილი შპს ''ვ.''-სა და ი. ბ-ს შორის 2009 წლის 28 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმება 2008 წლის 6 ივნისის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ და ა. ქ-ი აღდგენილი იქნეს თავის (დამკვეთის) უფლებებში იმ საფუძვლით, რომ ხელშეკრულებაში ცვლილებები განხორციელდა არაუფლებამოსილი პირის სასარგებლოდ, ბ) შპს ''ვ.''-ს დაეკისროს ა. ქ-ის სასარგებლოდ 40 000 აშშ დოლარის გადახდა, მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.

პალატის მითითებით, ვინაიდან მოსარჩელის მეორე მოთხოვნა - მოპასუხისათვის თანხის დაკისრების შესახებ, გამომდინარეობდა პირველი სასარჩელო მოთხოვნიდან, და მხოლოდ მისი დაკმაყოფილების შემდეგ ჰქონდა მოსარჩელის მეორე სასარჩელო მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი, ამდენად, უპირველესად უნდა შემოწმებულიყო პირველი სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულობა:

მოსარჩელე შპს ''ვ.''-სა და ი. ბ-ს შორის 2009 წლის 28 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმების - 2008 წლის 6 ივნისის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ბათილად ცნობას და ა. ქ-ის თავის უფლებებში აღდგენის საფუძვლად უთითებდა იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულებაში ცვლილებები განხორციელებული იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ, კერძოდ, 2009 წლის 24 დეკემბრის მინდობილობა ნ. თ-ს არ ანიჭებდა უფლებას, ცვლილებები განეხორციელებინა 2008 წლის 6 ივნისის ხელშეკრულებაში. აღნიშნული მოსაზრება პალატამ არ გაიზიარა და აღნიშნულთან მიმართებით იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 103.1-ე და 107-ე მუხლებით და ყურადღება გაამახვილა 2009 წლის 24 დეკემბრის მინდობილობაზე, რომლითაც ა. ქ-ი ნ. თ-ს ანიჭებს შემდეგ უფლებამოსილებას: ''განკარგოს (გაყიდოს, გადაიფორმოს საკუთარ სახელზე, გააქირავოს, გააჩუქოს, გაცვალოს, იპოთეკით დატვირთოს, იპოთეკის ხელშეკრულებაში შეიტანოს ცვლილებები, გააუქმოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და ა.შ.) უძრავი ქონება, კერძოდ, საცხოვრებელი ბინა მშენებარე კორპუსში, მდებარე ქ. თბილისში, შ-ას (ა-ის) 35/37, მე-3 სადარბაზო, მე-13 სართ. ფართი 183 კვ. მ. ''მინდობილი საკუთრების'' გაერთიანების, გაქირავების, გაყიდვის, გაჩუქების, გაცვლის, იპოთეკით დატვირთვის, იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის. გაუქმების, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების, ბეს ხელშეკრულების და ა.შ) - მიზნით აიღოს სათანადო საბუთები, მათ შორის ყადაღის არ არსებობის შესახებ ცნობა და ამონაწერი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სარეგისტრაციო სამსახურიდან. იყოს მისი წარმომადგენელი ყველა ორგანიზაცია-დაწესებულებაში, მათ შორის სანოტარო ბიუროში. ''მინდობილი საკუთრების'' ფასი, ვადა და სხვა პირობები განსაზღვროს თავისი შეხედულებისამებრ, საკუთრების მიმნდობის სახელით დადოს და ხელი მოაწეროს ზემოაღნიშნულთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას, მიიღოს ''მინდობილი საკუთრების'' გასხვისების შედეგად მიღებული ფასი, წარმოადგინოს მისი ინტერესები სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, საჭიროების შემთხვევაში ხელი მოაწეროს გარიგებებს და განსაზღვროს გარიგების პირობები თავისი შეხედულებისამებრ, ამასთან დაკავშირებით შეასრულოს ყველა ის მოქმედება, რაც დაკავშირებულია ზ/აღნიშნულთან, აგრეთვე წარმოადგინოს მინდობილობის გამცემის ინტერესები სანოტარო ბიუროში, საქართველოს საგადასახადო ინსპექციაში, მერიაში, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში, მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურში ...'';

აპელანტის პრეტენზია მდგმარეობს იმაში, რომ მას რ. თ-ის არ გადაუცია ის უფლებამოსილება, რაც ამ უკანასკნელმა განახორციელა, კერძოდ, -ნარდობის ხელშეკრულებაში დამკვეთის უფლებამოსილების გადაცემა.

სასამართლოს განმარტებით, გარიგების დადება არ ხდება მოულოდნელად, მის დადებამდე გარიგების მხარე გადის გარკვეულ პროცედურას. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ გასცა მინდობილობა რ.თ-ის მიმართ, რომელიც წარმოადგენს ფართო სპექტრის მინდობილობას და მასში გამოხატული ნება ცხადად მიუთითებს, რომ ა. ქ-ი მოპასუხეს აძლევდა უფლებას, საჭიროების შემთხვევაში ხელი მოეწერა გარიგებებზე და განესაზღვრა გარიგების პირობები თავისი შეხედულებისამებრ, მათ შორის, განეკარგა მოთხოვნის უფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით. სანოტარო აქტში ცალსახადაა დაფიქსირებული, რომ აღნიშნული მინდობილობა მოიწონა ა. ქ-მა. მოსარჩელის აპელირება იმაზე, რომ მინდობილობაში არ იგულისხმებოდა ნარდობის ურთიერთობიდან გამომდინარე, უფლებათა გადაცემა, პალატის მოსაზრებით, საფუძველს მოკლებულია. მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა ყველა ის უფლებამოსილება, რაც მას ზემოთ მითითებულ უძრავ ქონებასთან მიმართებით გააჩნდა. ამგვარად, აღიქმება მინდობილობის შინაარსი კეთილსინდისიერი და სამართლიანი წამკითხველისათვის, ხოლო თუკი მინდობილობის გამცემს გააჩნდა სხვაგვარი პოზიცია, მასვე უნდა განესაზღვრა ნების ზუსტი გამოვლენის ფორმირებისათვის აუცილებელი დეტალი, ანუ დაეკონკრეტებინა, რომ მინდობილობა არ გულისხმობდა ნარდობიდან გამომდინარე უფლებამოსილების გადაცემას. ამდენად, პალატამ დაასკვნა, რომ რ. თ-ს არ გადაუჭარბებია თავისი უფლებამოსილებისათვის და იგი მოქმებებდა მარწმუნებლის მიერ გაცემული მინდობილობის ფარგლებში.

სამოქალაქო კოდექსის 199-ე, 203.1-ე, 204-ე მუხლებზე მითითებით, პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო რწმუნებულება ნ. თ-ს აძლევდა უფლებამოსილებას, მესამე პირის სასარგებლოდ ა. ქ-ის სახელით გამოეხატა უფლება-მოვალეობების გადაცემის შესახებ გარიგებაზე თანხმობა, რაც გამოიხატა მის მიერ 2009 წლის 25 დეკემბრის მიმართვაში შპს ''ვ.''-ს მიმართ. დადგენილია ასევე, რომ მოპასუხე შპს ''ვ.''-მ მოიწონა და თანხმობა გამოავლინა აღნიშნული ხელშეკრულების მხარედ ი. ბ-ის მიერ ა. ქ-ის ჩანაცვლებაზე, რასაც შედეგად მოჰყვა 2009 წლის 28 დეკემბერს შპს ''ვ.''-სა და ი. ბ-ს შორის შეთანხმება, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ ა. ქ-ის ადგილს დაიჭერდა ი. ბ-ი.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ არსებობს სკ 54-ე მუხლის საფუძველზე 2009 წლის 28 დეკემბერს შპს ''ვ.''-სა და ი. ბ-ს შორის დადებული შეთანხმების ბათილად ცნობის საფუძველი, იმდენად რამდენადაც იგი დადებული კანონით დადგენილი წესით და არ ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. რაც შეეხება მოპასუხისათვის თანხის დაკისრების მოთხოვნას, პალატის აზრით, იგი გამომდინარეობდა პირველი სასარჩელო მოთხოვნიდან, და, ვინაიდან არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა გარიგების ბათილად ცნობის თობაზე, არ არსებობდა თანხის დაკისრების მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ქ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება მასზე, რომ თოთქოსდა ა. ქ-მა 2009 წლის 24 დეკემბრის მინდობილობით ნ. თ-ს გადასცა მოთხოვნის დათმობის უფლება, რაც ცხადყოფს, რომ მან არასწორად განმარტა მინდობილობის შინაარსი. კასატორის განმარტებით, არც მინდობილობის გაცემისას და არც სადავო 2009 წლის 28 დეკემბრის შეთანხმების გაფორმებისას, ა. ქ-ი არ იყო იმ ქონების მესაკუთრე, რომლის განკარგვის უფლებამოსილებაც მიანიჭა ნ. თ-ს, შესაბამისად, ნ. თ-ის ქონებას ვერ განკარგავდა მანამ, სანამ ა. ქ-ის საკუთრება არ გახდებოდა. მოცემულ შემთხვევაში პალატამ არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, ა. ქ-ის ახსნა-განმარტება, რომლის თანახმადაც, მას დამკვეთის უფლებამოსილება არ გადაუცია არც ნ. თ-ის და მითუმეტეს არც ი. ბ-ის, მან მხოლოდ უძრავი ქონების განკარგვის უფლება მიანიჭა თავის მეგობარ ნ. თ-ს. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით ა. ქ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა. ქ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ა. ქ-ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ქ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე