დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
11 აპრილი 2025 წელი
№ას-1367-2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ლ.დ–ი
მოწინააღმდეგე მხარე - თ.მ–ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 აგვისტოს განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, სამკვიდრო ქონების მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ლ.დ–მა (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „აპელანტი“, „კასატორი“) სარჩელით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს თ.მ–ის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) მიმართ შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თელავის ნოტარიუსის ც.კ–ის მიერ 2006 წლის 16 ოქტომბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რეესტრში რეგისტრაციის №2/261 და 2009 წლის 11 სექტემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობა, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №090495988, დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე, მდებარე თელავი, სოფელი .........., ს/კ ......... (ნაკვეთის წინა ნომერი .........), ს/კ 53.03.37.006, ს/კ ......... თანამდევი სამართლებრივი შედეგით და იგივე ქონების ½ ნაწილზე ბათილად იქნეს ცნობილი ს.დ–ის საკუთრების უფლება;
1.2. დადგენილი იქნეს მოსარჩელის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღება და ლ.დ–ი ს.დ–თან ერთად ცნობილ იქნეს დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე, მდებარე: თელავი, სოფელი ........, 1) ს/კ .......... (ნაკვეთის წინა ნომერი ..........), 2) ს/კ .........., 3) ს/კ ........., მემკვიდრედ და ½ ნაწილის მესაკუთრედ.
სარჩელის საფუძვლები:
2.1. მოსარჩელე არის 2005 წლის 29 ნოემბერს გარდაცვლილი რ.დ–ის შვილი და პირველი რიგის მემკვიდრე. რ.დ–ს ჰყავდა მეორე შვილიც -ს.დ–იც. რ.დ–ს საკუთრებაში გაააჩნდა თელავის რაიონის სოფელ ....... მდებარე საცხოვრებელი სახლი, საკარმიდამო ნაკვეთით 1261.00 კვ.მ., ს/კ ....... და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1623.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ს/კ ........
2.2. ს.დ–ი ცხოვრობდა მშობლების ოჯახში, მას არ ჰყავდა შვილი და სურვილი ჰქონდა, სამკვიდრო ქონების მესაკუთრე მოსარჩელის შვილი ყოფილიყო. მოსარჩელემ მამის დანაშთი სამკვიდრო ქონება მიიღო ფაქტობრივი ფლობით, რადგან ის ძმასთან ერთად პატრონობდა ვენახს, მოვლის ხარჯებს აძლევდა ძმას და ყურძენს თვითონ, თავის ოჯახის წევრებთან ერთად კრეფდა. ყურძენს იქვე წურავდა თავის საკუთარ ჭურჭელში და იქვე ინახავდა ღვინოს ხის კასრებში, პლასტმასის 200 ლიტრიან ჭურჭელში და მინის ბოცებში. ეს ჭურჭელი დღემდე სამკვიდრო ქონებაშია, კერძოდ, მცირე ზომის ჭურჭელი ალაგია სახლის გაურემონეტებელ ოთახში, ხოლო ხის კასრები - შენობის შესასვლელთან. გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელემ თავისი ხარჯებით მამის გარდაცვლებიდან მალევე, ზამთარში, იმ ოთახს, სადაც მუდმივად რჩებოდა, შეუცვალა დაზიანებული ფანჯარა მეტალო-პლასტმასით და, მოგვიანებით, ასევე გამოცვალა მისაღები ოთახის ფანჯრებიც, რადგან თვლიდა, რომ მემკვიდრეობა მისი იყო. სადავო სახლში მოსარჩელეს განთავსებული ჰქონდა და ახლაც აქვს სამეურნეო სარგებლობის მოძრავი ნივთები და მამის გარდაცვალების შემდეგ იყენებდა მათ საკუთარი სურვილისამებრ.
2.3. ს.დ–ი გარდაიცვალა 2019 წლის 29 იანვარს. მოპასუხე არის ს.დ–ის მეუღლე. ძმის გარდაცვალებისთანავე მოსარჩელე მოერიდა მოპასუხესთან ქონებაზე საუბარს, თუმცა მოგვიანებით, იმავე წლის ივნისის ბოლოს, სცადა მოპასუხესთან საკითხის გარკვევა, მაგრამ მოპასუხემ მისი შვილის სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა, ამიტომ 2019 წლის 02 ივლისს მივიდა ნოტარიუსთან მამის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის მიღების განცხადების დასაწერად და გაარკვია, რომ ს.დ–ის, როგორც პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრის, განცხადების საფუძველზე ნოტარიუს ც.კ–ს რ.დ–ის დანაშთ ქონებაზე გაცემული აქვს ორი სამკვიდრო მოწმობა: 1) 16.10.2006 წელს პენსიაზე და 2) 11.09.2009 წელს დამატებითი სამკვიდრო მოწმობა უძრავ ქონებაზე. ს.დ–ს არცერთ განცხადებაში არ მიუთითებია სხვა პირველი რიგის მემკვიდრის არსებობა, რის გამოც, მის სახელზე სამკვიდრო მოწმობა გაიცა უკანონოდ.
2.4. 2009 წლის 11 სექტემბრის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ს.დ–მა სამკვიდრო ქონება ინდივიდუალურ საკუთრებად დაირეგისტრირა, რაც მოსარჩელისათვის არ იყო ცნობილი. მოსარჩელემ ნოტარიუსთან შეიტყო, რომ მოპასუხეს შეტანილი აქვს განცხადება ს.დ–ის სამკვიდროზე ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის მიღების მიზნით.
მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხე თ.მ–მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ს.დ–ი დაბადებიდან გარდაცვალებამდე ნამდვილად ცხოვრობდა მშობლების ოჯახში. მის მეუღლეს არასდროს გამოუთქვამს სურვილი, სამკვიდრო ქონების მესაკუთრე მოსარჩელის შვილი ყოფილიყო. მამის გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელემ იცოდა საკუთარი ძმის მიერ სამკვიდრო მოწმობის მიღების შესახებ, რის თაობაზეც მას არანაირი პრეტენზია 2006წ. 16 ოქტომბრის შემდეგ არ გამოუთქვამს. ს.დ–ის სასარგებლოდ სამკვიდრო მოწმობის გაცემის საფუძველი მამის დანატოვარ მთელ ქონებაზე იყო არა ნოტარიუსის მოტყუების ფაქტი სხვა პირველი რიგის მემკვიდრის არარსებობის შესახებ (ასეთი განცხადება არ მოიპოვება სამკვიდრო საქმეში), არამედ მხოლოდ ს.დ–ის მიერ მთელი სამკვიდროს მიღება ფაქტობრივი დაუფლებით, რაც დადასტურებულია სოფ. ...........ის გამგეობის მიერ გაცემული ცნობით. სადავო ქონების დარეგისტრირების შესახებ გაგებისთანავე მოსარჩელემ მიულოცა ძმას და იკითხა, თუ რა დაჯდა ეს ყველაფერი. ამრიგად, მოთხოვნა ხანდაზმულიც არის.
3.2. მოსარჩელეს არც განცხადების შეტანით ნოტარიუსთან და არც ფაქტობრივი დაუფლებით მამის სამკვიდრო ქონება არ მიუღია. მამის დანატოვარი ქონებიდან მიწის ნაკვეთი ...... (წინა ნომერი .....) 2009წ. 25 სექტემბრიდან გაყიდულია და მის მესაკუთრეს წარმოადგენს თ.ბ–ი, ხოლო ვენახს მოპასუხე უვლიდა მეუღლესთან ერთად. მოსარჩელეს არასდროს მიუღია მონაწილეობა ვენახის მოვლაში, არასდროს გაუღია ხარჯი და არც არასდროს დაუკრეფია იგი, როგორც საკუთარი. 2017-2018 წლების შემოდგომებზე მოსარჩელის ოჯახმა მოპასუხისგან იყიდა ყურძენი, მოპასუხემ კი, ნება მისცა მოსარჩელე მხარეს, დაეწურა ყურძენი მათთან. სწორედ ამ დროს მიიტანეს სადავო ქონებაში პლასტმასის 200 ლიტრიანი კასრები. სარჩელში მითითებული სხვა ჭურჭელი კი, არის მოპასუხის ოჯახის კუთვნილება, ხოლო ღვინო, რომელიც ამ ჭურჭელში ასხია, მოპასუხემ და მისმა მეუღლემ დაიტოვეს გირაოდ, რადგან მოსარჩელეს ჯერ კიდევ გადასახდელი აქვს ნაყიდი ყურძნის ღირებულებიდან ნაწილი თანხა - 820 ლარი.
3.3. არასწორია ის გარემოება, რომ მოსარჩელემ თითქოს მამის გარდაცვალებიდან მალევე, ზამთარში, იმ ოთახში, სადაც მუდმივად რჩებოდა, შეცვალა ფანჯარა. არც მამის გარდაცვალებამდე და არც მის შემდეგ, სადავო სახლში მოპასუხე არასდროს დარჩენილა ერთი ღამითაც კი, ხოლო ფანჯრები 2010წ. ზაფხულში შეცვალეს მოპასუხემ და მისმა მეუღლემ, ხოლო მოსარჩელემ გადაიხადა თანხის ის ნაწილი, რომელიც მათთვის ვალში ჰქონდა მისაცემი. ფანჯრები ჩასვა მოპასუხის დის მეუღლემ გ.პ–მა, რომელიც ადასტურებს ამ გარემოებებს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით ლ.დ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა დავისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები:
7.1. ლ.დ–ი არის 2005 წლის 29 ნოემბერს გარდაცვლილი რ.დ–ის შვილი. რ.დ–ს ჰყავდა მეორე შვილიც - ს.დ–ი.
7.2. რ.დ–ს საკუთრებაში ჰქონდა თელავის რაიონის სოფელ .........ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, საკარმიდამო ნაკვეთით 1261.00 კვ.მ., ს/კ ....... და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1623.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ს/კ ........ ასევე მიწის ნაკვეთი ს/კ .......
7.3. მოსარჩელე დაოჯახებულია და ცხოვრობს ქ. თბილისში. იგი, 2019 წლის 21 ივნისის საარქივო ცნობის თანახმად, 1995 წლიდან ამოწერილია კომლიდან.
7.4. გარდაცვლილი ს.დ–ი დაბადებიდან გარდაცვალებამდე ცხოვრობდა მშობლებთან ერთად ერთ სახლში, იგი არის მამკვიდრებელ რ.დ–ის თანმყოფი მემკვიდრე.
7.5. ს.დ–ის, როგორც რ.დ–ის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრის, განცხადების საფუძველზე, ნოტარიუსმა, გასცა ორი სამკვიდრო მოწმობა: 1) 16.10.2006 წელს - მიუღებელ პენსიაზე და 2) 11.09.2009 წელს -დამატებითი მოწმობა უძრავ ქონებაზე.
7.6. ს.დ–ი გარდაიცვალა 2019 წლის 29 იანვარს. მოპასუხე თ.მ–ი არის გარდაცვლილი ს.დ–ის რეგისტრირებული მეუღლე და მემკვიდრე, რომელსაც მიმართული აქვს ნოტარიუსისთვის გარდაცვლილი მეუღლის სამკვიდროს მიღების შესახებ, თუმცა ჯერ სამკვიდრო მოწმობა გაცემული არ არის.
7.7. 2009 წლის 25 სექტემბერს ს.დ–მა გაყიდა მიწის ნაკვეთი ს/კ .......... (წინა ნომერი ..........) და მის ამჟამინდელ მესაკუთრეს წარმოადგენს თ.ბ–ი.
7.8. მოსარჩელე ლ.დ–ს მამის, რ.დ–ის, სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში, არც სამკვიდროს მიღების შესახებ სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანის გზით და არც ფაქტობრივი ფლობით, სამკვიდრო არ მიუღია.
8. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო პალატამ შემდეგი სამართლებრივი შეფასება მისცა:
8.1. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, კონკრეტულ საქმეში, ძირითად და საქმის სწორად გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან სადავო ფაქტს წარმოადგენდა, მიიღო თუ არა მოსარჩელემ მამის სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი დაუფლების გზით კანონით დადგენილ ვადაში. აღნიშნული გარემოების მტკიცების ტვირთი მოსარჩელე მხარეს აწევდა.
8.2. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მოსარჩელის, როგორც მემკვიდრის, მიერ ისეთი მოქმედებების განხორციელების ფაქტი, რაც მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონების მიღების მიზნით განხორციელებულ ქმედებად იქნებოდა მიჩნეული. მოსარჩელე აღნიშნული სამტკიცებელი ფაქტის დასადასტურებლად მიუთითებდა, რომ იგი მამის სიცოცხლეში და, შემდგომაც, ტრადიციულად, ყურძნის მოვლაში ფინანსურ მონაწილეობას იღებდა და იმ დროიდანვე მოსარჩელის ღვინის კასრები/ჭურჭელი განთავსებულია მამისეულ სახლში. ასევე, მამის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში, გამოცვალა მამისეულ სახლში ფანჯრები, რითაც მამის ქონებას, როგორც საკუთარს, ისე დაეუფლა მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში. მითითებული გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებად მოსარჩელე მიიჩნევდა მოწმე ა.დ–ის ჩვენებას და საკუთარ ახსნა-განმარტებებს, ასევე გარემოებას, რომ მის მიერ ფანჯრების შეცვლის ფაქტი დაადასტურა თავად მოპასუხემ.
8.3. აპელანტის განმარტებით, ვინაიდან ძმასთან ჰქონდა ყოველთვის კარგი ურთიერთობა, არასდროს უფიქრია რაიმე დოკუმენტების შექმნაზე, მაგალითად, სამკურნალო ან ვენახის მოვლის ფულის ხელზე გადაცემის მაგივრად, ამავე თანხის ჩარიცხვაზე ან მასზედ, რომ ფანჯრების ყიდვისა და შეცვლის დოკუმენტი ან ფოტოები მოეგროვებინა. სააპელაციო პალატამ შენიშნა, რომ მამკვიდრებლის სახლში ფანჯრების გამოცვლაში მოსარჩელის თანხობრივი მონაწილეობა სადავო არ არის, თუმცა სადავოა, როდის მოხდა აღნიშნული და რა მიზნით გაიღო თანხა მოსარჩელემ. პალატის განსჯით, არც თავად მოსარჩელის მოწმეთა ჩვენებებით არ დგინდება უტყუარად, რომ ფანჯრების გამოცვლა მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან მალევე, 6 თვიან ვადაში მოხდა. მოსარჩელის მოწმეებმა ა.დ–მა და ა.ლ–მა ვერ დაადასტურეს მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვსი თვის განმავლობაში ლ.დ–ის მიერ რ.დ–ის სამკვიდროს ფაქტობრივად ფლობის ან მართვის ფაქტი.
8.4. რაც შეეხება ყურძნის მოვლაში მონაწილეობას და მოსარჩელის კუთვნილი ღვინის შესანახი ჭურჭლის სადავო სახლში არსებობის ფაქტზე აპელანტის მითითებას, პალატამ შენიშნა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს უპირისპირდებოდა მოპასუხის სხვა ვერსია მოვლენათა განვითარების შესახებ, რომელიც სააპელაციო სასამართლომ უფრო დამაჯერებლად მიიჩნია, რამდენადაც იგი გამყარებული იყო თავად მოსარჩელის შვილის, გ.ლ–ძის მიერ პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელთან მიცემული ახსნა-განმარტებით (ს.ფ. 141-142), კერძოდ, შსს თელავის რაიონული სამმართველოდან გამოთხოვილი მასალების თანახმად, გამოიკითხნენ მოსარჩელე მხარის შვილი და მოპასუხე. მათი გამოკითხვის შედეგად დადგენილია, რომ 2018 წლის შემოდგომაზე, გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, ს.დ–მა მოსარჩელე მხარის შვილს მიჰყიდა ყურძენი 1600 ლარად, მანვე დართო ნება რომ მასთან დაეწურა ყურძენი და ღვინო წაეღო თანხის გადახდის შემდეგ. ასევე დადგენილია, რომ ლ.დ–ის შვილმა ს.დ–ის გარდაცვალებამდე და გარდაცვალების შემდეგ გადაიხადა მხოლოდ თანხის ნაწილი, ხოლო კვლავ გადასახდელი დარჩა შეთანხმებული თანხის ნაწილი, რის გამოც მოპასუხე მხარე არ ატანს მოსარჩელე მხარის შვილს ღვინოს (იხ. გამოკითხვის ოქმები).
8.5. პალატამ დამატებით შეაფასა მოსარჩელის განმარტება, რომლის თანახმად, მისი კუთვნილი ღვინის შესანახი ჭურჭელი მან მამის სახლში განათავსა მამის სიცოცხლეშივე („მამის სიცოცხლეშივე ტრადიციულად ყურძნის მოვლაში ფინანსურ მონაწილეობას ვიღებდით და იმ დროიდანვე ჩვენი ღვინის კასრები ალაგია მამისეულ სახლში“). პალატის განსჯით, აღნიშნული გარემოება ვერ შეფასდებოდა მამის სამკვიდრო ქონების ფაქტობრივ დაუფლებად, ვინაიდან მითითებული ღვინის ჭურჭელი მოსარჩელისაა და არა მამკვიდრებლის და ისინი მამკვიდრებლის სიცოცხლეშივე განთავსდა/ინახებოდა მის სახლში.
8.6. სასამართლომ შენიშნა, რომ მნიშვნელოვანი იყო არა მამის სიცოცხლეში, არამედ მამის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში მოსარჩელის მიერ სამკვიდრო ქონების მისაღებად შესრულებული მოქმედებები. პალატის შეფასებით, მოსარჩელემ მამკვიდრებლის გარდაცვალების შესახებ იცოდა მისი გარდაცვალების დროს, შესაბამისად, მას თავად შეეძლო და უნდა უზრუნველეყო თავისი სამემკვიდრეო უფლებების რეალიზება. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ მასზე დაკისრებულ მტკიცების ტვირთს თავი ვერ გაართვა იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ სამკვიდრო ქონებას მამის გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ. მისი საკასაციო მოთხოვნაა ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ პრეტენზიებს:
9.1. წინა ინსტანციის სასამართლოებმა მოწმეთა ჩვენებებს არ მისცა სათანადო შეფასება. კერძოდ, მოწინააღმდეგე მხარის მოწმეების ჩვენებები უკავშირდება არა მამის, რ.დ–ის გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში მოსარჩელის სამკვიდრო ქონებასთან დამოკიდებულებას, არამედ ძმის - ს.დ–ის ავადმყოფობისა და გარდაცვალების პერიოდს. სასამართლო უთითებს მხარეთა ახსნა-განმარტებაზეც, მაგრამ არ იზიარებს, რომ მოსარჩელე მამის სიცოცხლეშიც და შემდგომაც მიდიოდა მამის სახლში, მონაწილეობას იღებდა ვენახის მოვლაში, ყურძენს წურავდა იქ, შეარემონტა (გამოცვალა) ოთახის ფანჯრები მამის გარდაცვალებიდან მალევე, 6 თვის ვადაში. მისი კუთვნილი ღვინის ჭურჭელი დღემდე მამისეულ სახლში იმყოფება. მოსარჩელეს მოპასუხის ვალი არასდროს ჰქონია და ვენახისა და სახლის მოვლის ხარჯებში მონაწილეობდა საკუთარი ქონებისათვის ხარჯების გაღების მიზნით. ამ ფაქტების უარყოფა არ მომხდარა. ამრიგად, სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიღებული აქვთ კანონით პირველი რიგის მემკვიდრეებს, შესაბამისად მოსარჩელე და ს.დ–ი წარმოადგენდნენ სადავო უძრავი ქონების 1/2 -1/2 ნაწილის მესაკუთრეებს.
9.2. ს.დ–მა დამალა სხვა მემკვიდრის არსებობა. ლ.დ–ს ფაქტობრივი დაუფლების გზით მიღებული ჰქონდა სამკვიდრო ქონება და არ არსებობდა სადავო სამკვიდრო მოწმობის მხოლოდ ს.დ–ის სახელზე გაცემის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
14. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზია მიემართება მის მიერ მამის დანაშთი სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით დაუფლების გარემოების დაუდგენლობას. მოსარჩელის განსჯით, მის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებები და მოწმეთა ჩვენებები იძლეოდა საფუძველს საიმისოდ, რომ დადგენილად ყოფილიყო მიჩნეული ლ.დ–ის მიერ მამის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში, ერთი მხრივ, ვენახის მოვლაში მონაწილეობით, ხოლო მეორე მხრივ, სამკვიდრო ქონების ფანჯრების გამოცვლაში ფინანსური მონაწილეობით, სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების გარემოება.
15. უწინარესად, პალატა შენიშნავს, რომ სამკვიდრო ქონებაზე საკუთრების უფლების დადგენის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 982.1-ე (პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი), 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება), 1306.1-ე (გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით), 1336.I-ე (კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში - გარდაცვლილის შვილები . . . ), 1421.2-ე (მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის მიხედვით სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო), 1421.3-ე (თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი), 1424-ე (სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან) და 1433-ე (მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან) მუხლები. სწორედ მითითებულ ნორმათა შემადგენლობის განხორციელებაზეა დამოკიდებული სამკვიდროს მიღების შედეგად მოპოვებული, თუმცა მოპასუხის არამართლზომიერი ქმედებით ხელყოფილი საკუთრების უფლების რესტიტუცია.
16. სამემკვიდრეოსამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობა და სამემკვიდრეო უფლებების განხორციელება უკავშირდება არა მარტო სამკვიდროს გახსნის მომენტს, არამედ მემკვიდრეთა მხრიდან გარკვეული იურიდიული მოქმედებების შესრულებას. მართალია, კანონის თანახმად, სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრება ხდება მისი გახსნის მომენტიდან, მაგრამ როდესაც სამკვიდროს მიმღებ მემკვიდრეთა რიცხვი ერთზე მეტია, მაშინ აუცილებელია, თითოეულმა მემკვიდრემ კანონით დადგენილი ექვსთვიანი ვადის დაცვით შეასრულოს სამკვიდროს მიღებისათვის აუცილებელი მოქმედება. სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია იურიდიული მნიშვნელობის მქონე კომპონენტები - სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული ნება და ამგვარი ნების მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში გამოვლენა. ფაქტობრივი ფლობისკენ მიმართული ნებისმიერი მოქმედებიდან უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი. მემკვიდრის ყველა მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლება (მაგალითად: მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის მიღება და განკარგვა, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვა, მოვლა და სხვა) (იხ. სუსგ. №ას-283-268-2017, 07.07.2017წ.; №ას-1172-1127-2016, 31.03.2017წ;. №ას-203-193-2016, 02.06.2016წ.; №ას-972-921-2015, 15.12.2015წ.; №ას-482-455-2012, 31.05.2012წ.).
17. მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების პირობებში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლის შესაბამისად, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის ვადაში მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ფლობას, მოსარჩელის, ესე იგი, იმ პირის მხარეზეა, ვინც მიუთითებს, რომ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების გზით მემკვიდრეობის უფლების რეალიზებულია.
18. კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც საქმის გარემოებებიდან ირკვევა, მამკვიდრებელი რ.დ–ი გარდაიცვალა 2005 წლის 29 ნოემბერს, მის პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ შვილები (მოსარჩელე და მოპასუხის მეუღლე ს.დ–ი). მხარეებს შორის სადავო არაა ის ფაქტი, რომ ლ.დ–ს რ.დ–ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო წილის მისაღებად ნოტარიუსისთვის არ მიუმართავს. რაც შეეხება ს.დ–ს, მან, როგორც პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ, მიიღო ორი სამკვიდრო მოწმობა - 1) 16.10.2006 წელს პენსიაზე, ხოლო 2) 11.09.2009 წელს - უძრავ ნივთებზე.
19.1. საკასაციო სასამართლომ არაერთგზის განმარტა, რომ სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს მტკიცებულებათა შეფასება, რაც ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. სასამართლო ობიექტურ საწყისებზე მტკიცებულებათა ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის შედეგად ადგენს მათ იურიდიულ ძალას, კერძოდ, განსაზღვრავს, თუ რა გარემოების დადგენა ან პირიქით, უარყოფაა შესაძლებელი. აქ, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება მტკიცებულებათა შეფასება უტყუარობის თვალსაზრისით, რისთვისაც საჭიროა ამ მტკიცებულებათა ყოველმხრივი შემოწმება, მათი დაპირისპირება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. მტკიცებულებათა შეფასებას კი, პროცედურულად მოჰყვება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ხაზგასასმელია, რომ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს ორი, სარწმუნოობისა და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს უანგარიშგებო დასკვნების გამოტანის უფლებას (იხ. სუსგ. №ას-400-2020, 15.02.2020წ.; №ას-91-2022 04.05.2022წ.).
19.2. მტკიცების ტვირთის განაწილების უზოგადესი, სამართლიანი სტანდარტი ასეთია _ თითოეული მხარე ვალდებულია, ამტკიცოს ის გარემოება, რომელზედაც იგი აფუძნებს საკუთარ სარჩელსა თუ შესაგებელს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი). ხსენებული საპროცესო პრინციპის შესაბამისად, რამდენადაც მოვალის სარჩელი ეყრდნობა იმ გარემოებას, რომ მას ვალდებულება შესრულებული აქვს, სწორედ მას მართებს ამავე გარემოების დამტკიცება სსსკ 102-ე მუხლის მეორე ნაწილით დაშვებული მტკიცებულებებით _ მხარის (მესამე პირის) ახსნა-განმარტების, მოწმის ჩვენების, ექსპერტიზის დასკვნის, წერილობითი ან ნივთიერი მტკიცებულებისა თუ ფაქტების კონსტატაციის მასალებით. განსახილველ შემთხვევაში, სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების მიზნით ვენახის მოვლა-პატრონობაში მონაწილეობისა და სამკვიდრო ქონებაში ფანჯრების საკუთარი ხარჯით შეცვლის ფაქტობრივ გარემოებებს მოსარჩელე ასაბუთებს საკუთარი ახსნა-განმარტებით, რომელსაც უარყოფს მისი პროცესუალური მოწინააღმდეგე როგორც შესაგებლით, ისე საქმის ზეპირი განხილვისას მიცემული ახსნა-განმარტებით. სასამართლოსათვის როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის ახსნა-განმარტებას, თანაბარი მტკიცებულებითი ძალა გააჩნია, შესაბამისად, როდესაც სარჩელის დასასაბუთებლად მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას უარყოფს მოპასუხე, მარტოოდენ მოსარჩელის ახსნა-განმარტება საკმარისი ვერ იქნება სადავო გარემოების დასადასტურებლად, საამისოდ მოსარჩელეს სსსკ 102-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ესაჭიროება სხვა მტკიცებულების წარდგენაც (იხ. სუსგ. №ას-1180-2022 03.05.2023წ.; №ას-1121-2022. 15.02.2023წ.).
19.3. კასატორი სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით დაუფლების გარემოების დადასტურების მიზნით, მიუთითებს მოწმეების - ა.დ–ისა და ა.ლ–ის ჩვენებებზე.
19.4. საგულისხმოა, რომ მატერიალური სამართლის არცერთი ნორმა სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დადასტურების სპეციალურ სტანდარტს არ ადგენს, შესაბამისად, საკასაციო პალატის განსჯით, გამოყენებული უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომელიც დასაშვებ მტკიცებულებად მოწმის ჩვენებასაც მიიჩნევს. თავის მხრივ კი, ამავე კოდექსის 140-ე მუხლი მოწმედ განიხილავს ნებისმიერ პირს, რომელსაც შესაძლებელია, ჰქონდეს სადავო გარემოების შესახებ რაიმე ინფორმაცია (იხ. სუსგ. №ას-91-2022 04.05.2022წ). საკასაციო პალატა დასძენს, რომ ამ ზოგადი სტანდარტის გამოყენება გამართლებულია, მით უფრო, ისეთ პირობებში, როდესაც განსახილველი საკითხი საკმაოდ სპეციფიკურია, ერთი მხარე აცხადებს, რომ ქონებას ფაქტობრივად არ დაუფლებია, ხოლო მეორე, საწინააღმდეგოს უთითებს, ასეთ დროს, ე.წ. ცოცხალი მტკიცებულება (მოწმეთა ჩვენება) ჩაუნაცვლებელია, რადგან, როგორც წესი, უმეტეს შემთხვევაში, რთულია ფაქტობრივი ფლობის დოკუმენტურად დადასტურება (მაგალითად, სამკვიდრო მასიდან სხვადასხვა მოძრავი ნივთის წაღება, სახლში მისვლისა და უძრავი ქონების მოვლის ფაქტი და სხვა).
19.5. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში კვლევის საგანს წარმოადგენდა ის, რ.დ–ის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში, ესე იგი, 2006 წლის 29 მაისის ჩათვლით, შეასრულა თუ არა მოსარჩელემ იმგვარი ფაქტობრივი მოქმედებები, რომლებშიც გამოიკვეთებოდა მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი. საგულისხმოა, რომ მოსარჩელის ინიციატივით დაკითხული მოწმეები საკუთარ ჩვენებებში ზოგადად, კონკრეტული ეპიზოდებისა და თარიღების (პერიოდების) დასახელების გარეშე მიუთითებენ, რომ მამის გარდაცვალების შემდგომ ლ.დ–ი ჩამოდიოდა და რჩებოდა მამისეულ სახლში, უვლიდა ძმას, მონაწილეობდა ვენახის მოვლის ხარჯებში, ღვინოს წურავდა, ამავე სახლს საკუთარი ხარჯებით შეუცვალა დაზიანებული ფანჯრები, თუმცა არცერთი მათგანი არ აკონკრეტებს პერიოდს, რომელშიც ლ.დ–ის მხრიდან ეს მოქმედებები სრულდებოდა, შესაბამისად, დაუდგენელია, დასახელებული მოვლენები ხდებოდა სამკვიდრო ქონების მიღების 6 თვიანი ვადის მიმდინარეობისას თუ მისი ამოწურვის შემდგომ. თუკი ხსენებული მოქმედებები სრულდებოდა სამკვიდროს მიღების ვადის დასრულების შემდეგ, მათ მემკვიდრეობით-სამართლებრივი მნიშვნელობა ვერ მიენიჭება. საგულისხმოა, რომ სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლების მიზნით იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებების უშუალოდ ამ ვადაში შესრულება მოსარჩელის სამტკიცებელ გარემოებას წარმოადგენდა, რაც, წარმოდგენილი ჩვენებებით, ვერ დადასტურდა.
19.6. რაც შეეხება ყურძნის მამისეულ სახლში დაწურვის, როგორც სამკვიდროს მიღების დამადასტურებელ ფაქტობრივ გარემოებას, საქმეში დაცულია მოსარჩელის შვილის გამოკითხვის ოქმი, რომელიც მიუთითებს, რომ ხსენებული ყურძნის ს.დ–ისგან შეძენა მოხდა 2018 წლის შემოდგომაზე, მაშასადამე, ხსენებული ფაქტი ვერ გამოდგება 2006 წლის 29 მაისის მდგომარეობით სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების დასადასტურებლად. პალატის განსჯით, მამისეულ სახლში ლ.დ–ის კუთვნილი სამეურნეო ნივთების არსებობაც არ მეტყველებს სამკვიდროს ფაქტობრივ დაუფლებაზე, ვინაიდან, მოსარჩელის განმარტებით, ხსენებული ნივთები სამკვიდრო ქონებაში მიტანილია მამის სიცოცხლეშივე. პალატის საკვლევ გარემოებებს კი, როგორც აღინიშნა, მოსარჩელის მამის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში შესრულებული მოქმედებები წარმოადგენს.
20. საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს სამართლებრივად შეაფასოს სადავო სამკვიდრო მოწმობების ბათილად ცნობის შესახებ კასატორის მიერ დასახელებული ის არგუმენტიც, რომლის თანახმადაც, ს.დ–მა ნოტარიუსს დაუმალა რ.დ–ის პირველი რიგის სხვა კანონისმიერი მემკვიდრის (მოსარჩელის) არსებობა. საქმეში დაცული სამკვიდრო მოწმობების, აგრეთვე მათი მიღების მიზნით ს.დ–ის მიერ წარდგენილი განცხადებების შინაარსობრივი კვლევით ნათელი ხდება, რომ ს.დ–ს ნოტარისუსისთვის არ მოუხსენებია სხვა მემკვიდრის არარსებობის ფაქტი, ასეთ მითითებას არც სადავო სამკვიდრო მოწმობები შეიცავს (ს/ფ 25-29; 39-42). საგულისხმოა, რომ ს.დ–მა სანოტარო ორგანოში სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადება სსკ 1424-ე მუხლით განსაზღვრული 6 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ წარადგინა, თუმცაღა მიუთითა, რომ ამ ვადაში ფაქტობრივად დაუფლებული იყო სამკვიდროს. რ.დ–ის დანაშთ ქონებაზე სხვა სავარაუდო მემკვიდრის განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ ნოტარიუსს მიღებული არ ჰქონია და ნოტარიუსის მოქმედება, სამკვიდრო მოწმობა მთელ დანაშთ ქონებაზე გაეცა სამკვიდროს მიღებაზე პრეტენზიის მქონე ერთადერთ განმცხადებელზე, შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421.3 მუხლს, რომლის შესაბამისადაც, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. ამრიგად, წარმატების პერსპექტივა საკასაციო საჩივარს არც ამ ნაწილში გააჩნია.
21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), ხოლო სამართლებრივი შეფასებები, რომლებიც საფუძვლად დაედო გასაჩივრებული განჩინების გამოტანას, არსებითად სწორია.
22. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამრიგად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70%, რაც შეადგენს 210 ლარს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ.დ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ლ.დ–ს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის (საკრედიტო საგადახდო დავალება № 1, ბანკში შემოსვლის თარიღი 10/9/2024, შესრულების თარიღი 10/9/2024, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „ტერაბანკი“) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი