დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 26.03.2026
საქმის ნომერი
ა-2670-შ-69-2025
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
26.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე Nა-2670-შ-69-2025

26 მარტი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ღია სააქციო საზოგადოება „ბ.ბ.მ.გ–ბა“

მოწინააღმდეგე მხარე – ა.მ–კო

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – ბელარუსის რესპუბლიკის ქ. მინსკის ზავოდსკოი რაიონის 2014 წლის 1 დეკემბრის განაჩენი

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - შუამდგომლობის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბელარუსის რესპუბლიკის ქ. მინსკის ზავოდსკოი რაიონის 2014 წლის 1 დეკემბრის განაჩენით ა.ნ. ძე მ–გან დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით ამოღებულ იქნა თანხა ღია სააქციო საზოგადოება „ბ. (Б.)” სასარგებლოდ - 1 588 839,37 რუსული რუბლი, რაც რესპუბლიკა ბელარუსის ეროვნული ბანკის კურსით შეადგენს 349 544 661 ბელარუსულ რუბლს და დამატებით 70 514 002 ბელარუსული რუბლი არაპირდაპირი გადასახადის (დღგ) სახით, სულ 420 058 663 ბელარუსული რუბლი.

2. ბელარუსის რესპუბლიკის ქ. მინსკის ზავოდსკოი რაიონის 2014 წლის 1 დეკემბრის განაჩენი ძალაში შევიდა 2015 წლის 5 მაისს.

3. აღნიშნულ განაჩენზე 2015 წლის 25 მაისს გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, 2025 წლის 9 ივნისს შუამდგომლობით მომართა ღია სააქციო საზოგადოება „ბ. ბ. მ. გ–მ“ და ა.ნ. ძე მ. მიმართ მოითხოვა ბელარუსის რესპუბლიკის ქ. მინსკის ზავოდსკოი რაიონის 2014 წლის 1 დეკემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 ივნისის განჩინებით ღია სააქციო საზოგადოება „ბ.ბ.მ.გ–ბის“ შუამდგომლობა, ბელარუსის რესპუბლიკის ქ. მინსკის ზავოდსკოი რაიონის 2014 წლის 1 დეკემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

6. შუამდგომლობა და თანდართული მასალები გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს და მასვე განემარტა, რომ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში აქვს აღნიშნულ შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე, მას შეუძლია მოითხოვოს საქმის ზეპირი განხილვა.

7. სასამართლო გზავნილი ა.მ–კოს პირადად 2025 წლის 19 დეკემბერს ჩაჰბარდა. მას არც მოსაზრება წარმოუდგენია და არც საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა მოუთხოვია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

9. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მის წარმოებაში არსებულ სამოქალაქო საქმეებს განიხილავს სწორედ ეროვნული საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული წესების შესაბამისად.

10. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლი კი ადგენს, რომ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

11. ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციის წესით საქმის განხილვის მარეგულირებელი ყველა იმ ნორმით, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან ზემდგომი წესით საქმის განხილვის მარეგულირებელ წესებს.

12. სსსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).

13. სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ 1993 წლის მინსკის კონვენციის 53.2 „ა“ მუხლის თანახმად შუამდგომლობას თან უნდა ერთოდეს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება ან მისი დამოწმებული ასლი.

14. განსახილველ შემთხვევაში, ღია სააქციო საზოგადოება „ბ.ბ.მ.გ–ბის“ მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობას თან ერთვის ბელარუსის რესპუბლიკის ქ. მინსკის ზავოდსკოი რაიონის 2014 წლის 1 დეკემბრის განაჩენის ასლი, რომელიც არ არის სასამართლოს ბეჭდით სათანადოთ დამოწმებული. განაჩენის ასლზე დატანილია მხოლოდ შუამდგომლობის ავტორი კომპანიის კუთვნილი ბეჭედი.

15. ზემოთ აღნიშნული გარემოების გამო, ღია სააქციო საზოგადოება „ბ.ბ.მ.გ–ბის“ შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის ქ. მინსკის ზავოდსკოი რაიონის 2014 წლის 1 დეკემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, უნდა დარჩეს განუხილველად.

16. საკასაციო სასამართლო, დამატებით აქვე განმარტავს, რომ იმ გარემოების აღმოფხვრის შემთხვევაში, რომელიც საფუძვლად დაედო შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს საერთო წესის დაცვით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 187.2-ე, 275.2-ე მუხლებით, სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ 1993 წლის მინსკის კონვენციის 53.2 „ა“ მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ღია სააქციო საზოგადოება „ბ.ბ.მ.გ–ბის“ შუამდგომლობა, ბელარუსის რესპუბლიკის ქ. მინსკის ზავოდსკოი რაიონის 2014 წლის 1 დეკემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, ა.მ–კოს მიმართ, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი