დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 15.04.2026
საქმის ნომერი
ას-856-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-856-2025

15 აპრილი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ ჯინჯოლია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, ლევან ნემსაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ.მ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ლ.მ–მა (შემდგომში - „მოსარჩელე“, „დასაქმებული“, „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს.ბ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „დამსაქმებელი“, „ბანკი“) მიმართ გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1. მოსარჩელე 2010 წლიდან შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა მოპასუხე კომპანიასთან. მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის განმავლობაში იცვლებოდა მოსარჩელის როგორც თანამდებობრივი პოზიცია, ისე შრომის ანაზღაურების პირობები;

6.2. 2021 წლის 4 იანვრიდან მოსარჩელე იკავებდა საკრედიტო რისკების დეპარტამენტის მიკრო, მცირე და საშუალო საკრედიტო რისკების ანალიზის სამსახურის, ბიზნეს სესხების რისკების ანალიზის განყოფილების რისკების მენეჯერის პოზიციას, სადაც მისი შრომის ანაზღაურება ჯერ 2 900, ხოლო 2021 წლის 1 სექტემბრიდან 3 200 ლარს (გადასახადების ჩათვლით) შეადგენდა. მოსარჩელეს ასევე ეძლეოდა კვარტალური ბონუსი სხვადასხვა ოდენობით;

6.3. თანამდებობრივი ინსტრუქციის მიხედვით, უფროსი რისკების მენეჯერის ფუნქციებია: ანგარიშგების წარმოება უშუალო მენეჯერთან, კომპანიაში დადგენილი წესების, სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად საკრედიტო განაცხადების დამუშავება; სარკედიტო რისკების შეფასება და მისი დასკვნის სახით ჩამოყალიბება; კომპანიების ბიზნეს და ფინანსური მდგომარეობის შესწავლა; საკრედიტო კომიტეტზე საკითხების განხილვა; საკრედიტო კომიტეტში მონაწილეობა და რეკომენდაციების არგუმენტირებული წარმოდგენა; საკრედიტო კომიტეტის ოქმების შედგენა; სარეიტინგო სისტემის საშუალებით მსესხებლებზე რეიტინგის გამოყვანა დარგობრივი საკრედიტო პორტფელის მართვა; სესხების პერიოდული მონიტორინგი; საკრედიტო განაცხადის კომიტეტზე გატანა; საკრედიტო პორტფელის ხარისხის გაუმჯობესება; პორტფელში არსებული ვადაგადაცილებების კონტროლი, ვადაგადაცილებების მიზეზების დადგენა და გამოსავლის მოძებნა; სესხის გაპრობლემების შეთხვევაში, ბიზნეს ობიექტზე ვიზიტი და პრობლემის არსის დადგენა. სექტორული ანალიზის მომზადება. პრობლემის იდენტიფიცირება, საკითხის დაყენება შესაბამის კომიტეტზე, შესაძლო გამოსავლის მითითებით. საკრედიტო პორტფელზე ადეკვატური რეზერვის განსაზღვრა;

6.4. დასაქმებული ვალდებულია: 1.1. კომპანიაში საქმიანობა და სამსახურებრივი ურთიერთობები წარმართოს შრომითი ხელშეკრულების, მათ შორის, შინაგანაწესის, კომპანიის ინსტრუქციების/ პროცედურების/პოლიტიკების, კორპორატიული სტანდარტებისა და ინტერესების მკაცრი დაცვით; 1.2. შეასრულოს ხელმძღვანელი პირების დავალებები და მითითებები; 1.3. კომპანიის წარმომადგენლობა მესამე პირებთან ურთიერთობაში (მათ შორის კომპანიის სახელით დოკუმენტებზე ხელმოწერა) განახორციელოს მხოლოდ კომპანიის ინსტრუქციების, პოლიტიკებისა და პროცედურების, ან აღნიშნული ინსტრუქციებით, პოლიტიკებითა და პროცედურებით განსაზღვრული დოკუმენტების, საფუძველზე და შესაბამისად;

6.5. დასაქმებული პასუხისმგებელია: 2.1. შრომითი ხელშეკრულებით, მათ შორის, შინაგანაწესით, კომპანიაში დადგენილი ინსტრუქციებით/ პროცედურებით/პოლიტიკით და წინამდებარე თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების/ფუნქციების, ხელმძღვანელი პირების დავალებებისა და მითითებების სრულ და ჯეროვან შესრულებაზე, კორპორატიული სტანდარტებისა და ინტერესების მკაცრ დაცვაზე; 2.2. ნებისმიერი იმ ქმედების (მათ შორის კომპანიის სახელით ქმედების) კომპანიასთან შეთანხმებით განხორციელებაზე, რომლის შედეგადაც კომპანიას შეიძლება მიადგეს მატერიალური ან/და რეპუტაციული ზიანი; 2.3. ბანკისთვის (დამდგარი ან პოტენციური) საზიანო ქმედების დროულ შეტყობინებაზე შესაბამის სამსახურთან;

6.6. დამსაქმებლის 2021 წლის 3 ნოემბრის N81-კ ბრძანებით დასაქმებულთან 2021 წლის 7 ნოემბრიდან, შრომითი ხელშეკრულება შეწყდა საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

6.7. 2021 წლის 9 ნოემბერს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა გათავისუფლების შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება;

6.8. განცხადების საპასუხოდ დამსაქმებელმა 2021 წლის 16 ნოემბერს გაგზავნილი წერილით მოსარჩელეს განუმარტა გათავისუფლების საფუძველი. წერილის თანახმად, დაირღვა კორპორატიულ, მიკრო და SME მიმართულების საბანკო პროდუქტებზე გადაწყვეტილების მიღების მარეგულირებელი დებულება და თანამშრომლების და კორპორატიული სახელმძღვანელოს მე-2 თავი „ქცევის კოდექსი“. მოსარჩელის მხრიდან თვითნებურად მოხდა, ინტერესთა კონფლიქტის არსებობის მიუხედავად, დასამუშავებელი განაცხადის გადაწერა და დამუშავება, რითაც დაირღვა დადგენილი სამუშაო პროცესი და ინტერესთა კონფლიქტის მართვის პროცედურა. ასევე, ადგილი ჰქონდა პოზიციისთვის მინიჭებული პასუხისმგებლობის და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია: „დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა“;

6.9. მოსარჩელის, როგორც მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო რისკების უფროსი მენეჯერის, შესასრულებელი სამუშაოს სახე, სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას გასათვალისწინებელი პირობები და პროცედურები განისაზღვრებოდა სს „ს.ბ–ის“ კორპორატიულ, მიკრო და SME მიმართულების საბანკო პროდუქტებზე გადაწყვეტილების მიღების მარეგულირებელი დებულებით (შემდგომში ასევე - „დებულება“);

6.10. დებულების თანახმად, SME სესხების საკრედიტო კომიტეტი იყოფა სამ დონედ: I დონე - 500 000 აშშ დოლარის ჩათვლით საკრედიტო პროდუქტები, II დონე - 1 000 000 აშშ დოლარის ჩათვლით საკრედიტო პროდუქტები და III დონე - 3 000 000 აშშ დოლარის ჩათვლით არსებული და 2 000 000 აშშ დოლარის ჩათვლით ახალი კლიენტების შემთხვევისათვის;

6.11. დებულებით დადგენილია რისკ-მენეჯერების ინტერესთა კონფლიქტის მართვის პოლიტიკა, კერძოდ, დებულების 13.3. მუხლის თანახმად, თუ საკრედიტო კომიტეტზე განსახილველი საკითხი წარმოადგენს განაცხადის წარმომდგენის ან რისკების მენეჯერის პირად ინტერესს, არაპირდაპირ სარგებლის წყაროს ან კლიენტი წარმოადგენს მის ოჯახის წევრს ან ნათესავს, მაშინ მათ ეკრძალებათ განსახილველი პროექტის წარმოებასა და დამუშავებაში (მომზადებაში) მონაწილეობის მიღება. ასეთი წევრი ვალდებულია საკითხის მომზადებისა და განხილვის სტადიაში წარმოადგინოს ამომწურავი ინფორმაცია თავისი ინტერესების შესახებ;

6.12. 13.4. პუნქტით, თუ საკრედიტო კომიტეტზე განსახილველი საკითხი წარმოადგენს საკრედიტო კომიტეტის რომელიმე წევრის პირად ინტერესს, ან ბანკის ადმინისტრატორის (არა კომიტეტის წევრის), არაპირდაპირ სარგებლის წყაროს ან კლიენტი წარმოადგენს მის ოჯახის წევრს ან ნათესავს, მაშინ ისინი კარგავენ ხმის უფლებას და არ მონაწილეობენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ასეთი წევრი ან ბანკის ადმინისტრატორი (არა კომიტეტის წევრი) საკრედიტო კომიტეტის წინაშე ვალდებულია საკითხის განხილვის სტადიაში წარმოადგინოს ამომწურავი ინფორმაცია თავისი ინტერესების შესახებ. ამასთან, თუ კომიტეტი შედგება ერთი წევრისგან, ასეთ შემთხვევებში, საკითხი გადასაწყვეტად უნდა გადაეცეს ზედა კომიტეტს;

6.13. ბანკში მოქმედი თანამშრომელთა ქცევის კოდექსი განსაზღვრავს შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის მატარებელ ყველა პირს შორის არსებულ ურთიერთობას;

6.14. კორპორატიული სახელმძღვანელოს 2.3.1 მუხლის მიხედვით, ბანკთან შრომითი ურთიერთობის პერიოდში თანამშრომელმა არ უნდა განახორციელოს შემდეგი ქმედებები: 2.3.1.1. დაუშვებელია თანამშრომელმა გამოხატოს პირადი დაინტერესება ან იკისროს იმ ტიპის გარეშე ვალდებულება, რომელიც გავლენას მოახდენს მის მუშაობაზე ან მიაღებინებს ბანკისათვის საზიანო გადაწყვეტილებას; 2.3.1.2. თანამშრომელმა სხვა მხარეთა წინაშე არ უნდა აიღოს იმგვარი ვალდებულებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ან შეუსაბამობაში მოდის თანამშრომლის მიერ ბანკისთვის ამჟამად ან მომავალში განსახორციელებელი მოვალეობების შესრულებასთან;

6.15. ბანკში ინტერესთა კონფლიქტის მართვის პოლიტიკის თანახმად, დაკავშირებულია პირი, რომლის არსებულ კავშირს თანამშრომელთან შეუძლია უშუალო ზეგავლენის მოხდენა გარიგების პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე (2.5. მუხლი); მე-3 მუხლით ინტერესთა კონფლიქტი შესაძლოა წარმოიშვას როდესაც არსებობს დაპირისპირება: ბანკის თანამშრომლების და ბანკის ინტერესებს შორის; ბანკის თანამშრომლის სამსახურებრივ მოვალეობებს (სტრუქტურული ქვედანაყოფის უფლებამოსილებებს) შორის; ბანკის თანამშრომლების და კონკურენტ კომპანიებში დასაქმებული მისი (მათი) ნათესავ(ებ)ის ინტერესებს შორის; ბანკის თანამშრომლების და ბანკის მომხმარებლის ინტერესებს შორის; ბანკის მომხმარებლ(ებ)ის და სხვა მომხმარებლ(ებ)ის ინტერესებს შორის; ინტერესთა კონფლიქტი შესაძლოა წარმოიშვას შემდეგ სიტუაციებში: ადგილი აქვს პირადი მიზნებისათვის თანამდებობის ბოროტად გამოყენებას: ბანკის თანამშრომელს გააჩნია იმ ტიპის გარეშე ვალდებულება – ან დაინტერესება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის მუშაობაზე ან მიაღებინოს ბანკისათვის საზიანო გადაწყვეტილება; ბანკის თანამშრომელი ცდილობს მესამე პირის /ბანკის ინტერესების ხარჯზე მოიპოვოს პირადი სარგებელი; დაკავშირებულ მხარესთან ტრანზაქციის დამტკიცების პროცესში;

6.16. 4.3.4. მუხლით სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული აკრძალვები და სხვა შეზღუდვებია: ინტერესთა კონფლიქტის მატარებელ თანამშრომელს და ბანკის კლიენტს, ვენდორს ან სხვა მესამე პირებს შორის ისეთი სახის კავშირის არსებობა, რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს თანამშრომლის მხრიდან გადაწყვეტილების მიღების ობიექტურობაზე. ბანკის იმ სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლები, რომლებიც: მომსახურებას უწევენ კლიენტებს, აქვთ კლიენტების მომსახურებასთან ან სხვადასხვა გარიგებებთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება, პასუხისმგებელნი არიან ხელშეკრულების ფორმირებაზე, მონაწილეობენ ვენდორებთან, ინვესტორებთან და სხვა მესამე პირებთან გარიგებების დადებაში, ვალდებულნი არიან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას განაცხადონ მათი მხრიდან ინტერესთა კონფლიქტის ფაქტის არსებობა და წერილობითი ფორმით შეატყობინონ უშუალო ხელმძღვანელს და ინფორმაციული და კორპორატიული უსაფრთხოების დეპარტამენტს. თანამშრომელს ეკრძალება დაკავშირებული ფიზიკური/ იურიდიული პირების შემდგომი მომსახურება/ხელშეკრულების გაფორმება/ გადაწყვეტილების მიღება.

7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული შრომითი ურთიერთობა შეწყდა ვადაზე ადრე, დამსაქმებლის ინიციატივით, საქართველოს შრომის კოდექსის 47.1. მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე მითითებით. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უხეშ დარღვევად და მისი თანამდებობიდან გათავისუფლების წინაპირობად დამსაქმებელმა მიიჩნია მოსარჩელის მხრიდან ინტერესთა კონფლიქტისა და კორპორატიულ, მიკრო და SME მიმართულების საბანკო პროდუქტებზე გადაწყვეტილების მიღების მარეგულირებელი წესების დარღვევა, რომელთა დაცვაც მის პირდაპირ მოვალეობას წარმოადგენდა.

8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ბანკში მოქმედებს ინტერესთა კონფლიქტის მართვის პოლიტიკა, მე-3 მუხლით ინტერესთა კონფლიქტი შესაძლოა წარმოიშვას, როდესაც არსებობს დაპირისპირება: ბანკის თანამშრომლების და ბანკის ინტერესებს შორის; ბანკის თანამშრომლის სამსახურებრივ მოვალეობებს (სტრუქტურული ქვედანაყოფის უფლებამოსილებებს) შორის; ბანკის თანამშრომლების და კონკურენტ კომპანიებში დასაქმებული მისი (მათი) ნათესავ(ებ)ის ინტერესებს შორის; ბანკის თანამშრომლების და ბანკის მომხმარებლის ინტერესებს შორის; ბანკის მომხმარებლ(ებ)ის და სხვა მომხმარებლ(ებ)ის ინტერესებს შორის; ინტერესთა კონფლიქტი შესაძლოა წარმოიშვას შემდეგ სიტუაციებში: ადგილი აქვს პირადი მიზნებისათვის თანამდებობის ბოროტად გამოყენებას: ბანკის თანამშრომელს გააჩნია იმ ტიპის გარეშე ვალდებულება – ან დაინტერესება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის მუშაობაზე ან მიაღებინოს ბანკისათვის საზიანო გადაწყვეტილება; ბანკის თანამშრომელი ცდილობს მესამე პირის /ბანკის ინტერესების ხარჯზე მოიპოვოს პირადი სარგებელი; დაკავშირებულ მხარესთან ტრანზაქციის დამტკიცების პროცესში.

9. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა წინამდებარე განჩინების 6.9, 6.11, 6.12, 6.15, 6.16 პუნქტებში აღწერილ გარემოებებზე ასევე დამატებით აღნიშნა, რომ ინტერესთა კონფლიქტის ინციდენტის თავიდან ასაცილებლად, დეპარტამენტის მიერ საკრედიტო განაცხადების განხილვის მეთოდიკა ეფუძნება საკრედიტო განაცხადების განაწილებას პროგრამა „კრიფის“ მეშვეობით, სადაც ხდება საკრედიტო განაცხადების გენერირება, შესაბამისი ჯგუფის რისკ მენეჯერებზე პროგრამული განაწილება, რისკ-მენეჯერთა სამსახურებრივი უფლებამოსილებების გათვალისწინებითა და სასესხო განაცხადის ტიპის მიხედვით. აღნიშნული მეთოდიკის ძირითადი მიზანი არის, კონკრეტული განაცხადის მიმართ, რისკ მენეჯერების სუბიექტური დაინტერესებისა და სასურველი განაცხადების განხილვის გამორიცხვის უზრუნველყოფა. შიდა საბანკო პროგრამა „კრიფი“-ს მეშვეობით, სასესხო განაცხადის პროგრამული განაწილებისას, საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის (მიკრო, MCR) საკრედიტო განაცხადები, პროგრამულად განსახილველად არ ნაწილდება მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის (MSME) საკრედიტო რისკების უფროს მენეჯერებზე, შესაბამისად, ჯგუფში შემავალი რისკ მენეჯერები არ მონაწილეობენ მეორე ჯგუფის თანამშრომელზე განაწილებული განაცხადის განხილვაში.

10. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის დასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში დასტურდება მოსარჩელის მხრიდან, საბანკო პროდუქტებზე განცხადების განხილვა/გადაწყვეტისათვის ბანკში დადგენილი წესების დარღვევის ფაქტი.

11. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების გადაწყვეტილების მიღებამდე, ბანკის შიდა კონტროლის დეპარტამენტმა დაიწყო მოკვლევა ინტერესთა მართვის პოლიტიკის შესაძლო დარღვევის ფაქტზე, რის შედეგადაც, დეპარტამენტის დასკვნით, მოსარჩელის მხრიდან საბანკო პროდუქტებზე გადაწყვეტილების მიღების მარეგულირებელი დებულებისა და ინტერესთა კონფლიქტის მართვის პროცედურის დარღვევა დადგინდა ორ შემთხვევაში - კლიენტ მ.გ–ის და კლიენტ ე.გ–ის საკრედიტო განაცხადების განხილვა/გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პირველ შემთხვევაში, შიდა კონტროლის დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ მოკვლევის შედეგად დადგენილი ფაქტების ერთობლიობა იძლეოდა დადასტურებულად მტკიცების საშუალებას, რომ მოსარჩელეს და კლიენტს შორის არსებობდა წინასწარი შეთანხმება, რომელიც მან საბოლოოდ სისრულეში მოიყვანა, ხოლო კლიენტის ფინანსური მაჩვენებელი მოთხოვნილი სესხის თანხის დამტკიცებისთვის არ იყო საკმარისი, რის გამოც გააკეთა შეთავაზება, რომ განსახილველი განაცხადი დამტკიცებულიყო როგორც ბიზნეს სესხი, რაც გულისხმობდა შესაძენი უძრავი ქონების გამოყენებას არა საცხოვრებლად, არამედ კომერციული თვალსაზრისით. ლ.მ–მა სესხი დაამტკიცა როგორც ბიზნეს იპოთეკური სესხი, რა დროსაც საბოლოოდ გაითვალისწინა მსესხებლის საკონსულტაციო მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი (რამეთუ დაკმაყოფილებული ყოფილიყო მარეგულირებლის მოთხოვნა). დამსაქმებლის შეფასებით, მეორე კლიენტის (რომელთანაც მოსარჩელეს ჰქონდა ურთიერთკავშირი) განაცხადის პროცედურის დარღვევით გადმოწერითა და განხილვით, ასევე დაარღვია ინტერესთა კონფლიქტის პოლიტიკა.

12. სააპელაციო პალატის მითითებით, პირველ შემთხვევასთან დაკავშირებით, როგორც საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის, შიდა კონტროლის დეპარტამენტის დასკვნით, მოკვლევის პროცესში გამოკითხული პირების - მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო რისკების მართვის მენეჯერის მ.ბ–ძის, ბიზნეს ბანკირის ს.ხ–ის, საცალო ბიზნეს ჯგუფის უფროსის ს.ხ–ის ახსნა-განმარტებებით დგინდება, 2021 წლის 30 აგვისტოს, N29 ს/ც-ს საცალო ბიზნეს ბანკირმა ს.ხ–მა, კლიენტ მ.გ–ის მიმართვის საფუძველზე შიდა საბანკო პროგრამა „კრიფში“ შეავსო განაცხადი N12199358 საცხოვრებელი ბინის შეძენის მიზნით დამატებით, 342 000 ლარის სესხის მიღების თაობაზე. განაცხადი პროგრამის მიერ ავტომატურად განაწილდა მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო რისკების მართვის დეპარტამენტის რისკ მენეჯერის მ.ბ–ძის სამუშაო სიაში. რისკ მენეჯერის მიერ განაცხადი განხილული იქნა ბიზნეს ბანკირთან ერთად და განხილვის შედეგად, სესხის დამტკიცებაზე მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება. როგორც ახსნა-განმარტებებშიც არის მითითებული, უარყოფითი გადაწყვეტილება ეფუძნებოდა განაცხადში დაფიქსირებული მსესხებლის ფინანსური მაჩვენებლების შეფასებას, რომელიც რისკ მენეჯერმა მიიჩნია როგორც არასტაბილური.

13. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა საცალო ბიზნეს ბანკირის ს.ხ–ის ახსნა-განმარტებაზე, რომლის თანახმად, კლიენტისავე თხოვნით, განცხადების განაწილების შესახებ აცნობა მოსარჩელეს, ხოლო რისკ მენეჯერის მ.ბ–ძის ახსნა-განმარტებების თანახმად, მოსარჩელემ იმაზე მითითებით, რომ მსესხებელი იყო მისი ახლობელი, სთხოვა, შესაძლებლობის ფარგლებში, მიეღო დადებითი გადაწყვეტილება სესხის დამტკიცებაზე, რაზედაც მან განუმარტა კლიენტის არასაკმარისი შემოსავლების შესახებ, რასაც ვერ გაითვალისწინებდა. იმავე წლის 5 ოქტომბერს, ბიზნეს ბანკირმა, ს.ხ–მა, კლიენტ მ.გ–ის თხოვნით, კვლავ შეავსო საკრედიტო განაცხადი N12552551, რომელიც პროგრამა „კრიფის“ მეშვეობით განაწილდა რისკ მენეჯერ ბ.გ–ძის სამუშაო სიაში. აღნიშნული განაცხადი დასაქმებულმა (მოსარჩელემ) საკუთარი ინიციატივით, გადმოიტანა თავის სამუშაო სიაში და განიხილა. განხილვის შედეგად, მიიღო დადებითი გადაწყვეტილება და კლიენტზე გაიცა სესხი 80 000 აშშ დოლარის ოდენობით. ს.ხ–ის განმარტებით, მეორე განაცხადის შევსების ეტაპზე, კლიენტმა დააფიქსირა, რომ ამ ჯერზე მის განაცხადს განიხილავდა სხვა რისკ მენეჯერი.

14. მეორე ეპიზოდთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2021 წლის 30 აგვისტოს, N69 ს/ც-ს ბიზნეს ბანკირმა მ.შ–ძემ 25/08/2021 წელს კლიენტ ე.გ–ის სახელზე შეავსო საკრედიტო განაცხადი N12154648, რომელიც განსახილველად განაწილდა რისკ მენეჯერ მ.ბ–ძესთან. განაცხადის მიხედვით, მსესხებელს დამატებით სურდა 80000 ლარის ოდენობით სესხის აღება საბრუნავი საშუალებებისთვის. მსესხებლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა საცალო ქსელში ფეხსაცმლით ვაჭრობა, საიდანაც მიღებული შემოსავალი დაფიქსირებული იყო ფინანსურ მაჩვენებლებში. განცხადების განმხილველმა რისკ მენეჯერმა, მ. ბ–ძემ განაცხადზე მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება, ვინაიდან, მისი შეფასებით, კლიენტს არსებულ სესხებზე უფიქსირდებოდა პერიოდული ვადაგადაცილება და დამატებით სესხის თანხას ვერ მოემსახურებოდა.

15. სააპელაციო პალატამ მიუთითა მ. ბ–ძის განმარტებაზე, რომლის თანახმად, განაცხადის განხილვის დროს მოსარჩელემ გამოხატა ინტერესი გადაწყვეტილების შინაარსის მიმართ. 04.10.2021 წელს, მ.შ–ძემ, კლიენტის თხოვნით ე.გ–ის სახელზე შეავსო მეორე განაცხადი (N12546158), რომელიც „კრიფის“ მეშვეობით ავტომატურად განაწილდა რისკ მენეჯერ ბ.გ–ძის სამუშაო სიაში. მოკვლევის შედეგებით დადასტურებულია, რომ მ.შ–ძემ მოსარჩელეს, მისივე თხოვნით, მიაწოდა განაცხადის ნომერი, რომლის შემდეგაც ლ. მ–მა პროგრამა „კრიფში“ ბ. გ–ძის სამუშაო სიიდან თავის სამუშაო სიაში გადმოიწერა განსახილველი განაცხადი, რაც საბოლოოდ განიხილა, მიიღო დადებითი გადაწყვეტილება და კლიენტზე გაიცა დამატებით სესხი 170 000 ლარის ოდენობით, რომლის ნაწილით მოხდა არსებული ნაწილი სესხების რეფინანსირება, ხოლო ნარჩენი თანხა 104 000 ლარი, კლიენტს უნდა გამოეყენებინა დამატებითი საბრუნავი საშუალებების შესაძენად.

16. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დასკვნაში მითითებული გარემოებები - ზემოაღნიშნულ შემთხვევებში პროგრამა „კრიფის“ მეშვეობით სხვა რისკ მენეჯერზე განაცხადების განაწილების შემდგომ, მისი ინიციატივით გადმოწერის თაობაზე, დაადასტურა თავად მოსარჩელემ როგორც მოკვლევის ეტაპზე მიცემული ახსნა-განმარტებით, ასევე, აღნიშნული სადავოდ არ გაუხდია არც წინამდებარე საქმის განხილვის დროს. ამასთან, დასაქმებულმა ასევე დაადასტურა განმცხადებლებთან ნაცნობობა, ერთ შემთხვევაში, როგორც ბანკის ყოფილ თანამშრომელთან, ხოლო მეორე შემთხვევაში, როგორც მის ყოფილ კლიენტთან. ახსნა-განმარტების მიხედვით, განაცხადის საკუთარ სამუშაო სიაში გადმოწერის და შემდეგ განხილვის მოტივაცია იყო მისი დროული და სრულყოფილი განხილვა. ამასთან, მოსარჩელის მითითებით, განაცხადის დამუშავებისას მისი გადაწერა/ დამუშავების პროცესი ბანკის სამუშაო პროცესის ჩვეულებრივი ნაწილია, ვინაიდან აღნიშნული ხორციელდება ყველა თანამშრომლის მხრიდან.

17. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განაცხადის იმ სახით გადმოწერის პრაქტიკის არსებობა, როგორც ეს წინამდებარე შემთხვევაში განხორციელდა, საქმის მასალებით არ დასტურდება.

18. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხის განმარტებისა და ბანკის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო რისკების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გ.გ–ის 2021 წლის 30 დეკემბრის N0C215449 ცნობის თანახმად, სს „ს.ბ–ის“ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის (MSME) – საკრედიტო რისკების დეპარტამენტის, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის (MSME) საკრედიტო რისკების უფროსი მენეჯერები მონაწილეობენ მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) სასესხო განაცხადების განხილვაში და არ მონაწილეობენ მიკრო ბიზნესის (MCR) სასესხო განაცხადების განხილვაში. მოსარჩელის მიერ განხილული განაცხადი, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, იყო მიკრო (MCR) ტიპის განაცხადი, ხოლო მოსარჩელე იყო SME სეგმენტის უფროსი რისკ მენეჯერი. გარდა ამისა, პროგრამულად უკვე განაწილებული განაცხადის გადაწერის პრაქტიკა იმავე ჯგუფის სხვა რისკ მენეჯერისათვის, ბანკში არსებობდა, რაც ხორციელდებოდა არა თვითნებურად, თანამშრომლის მიერ განაცხადის გადმოწერით, არამედ თავად განმხილველი პირის მოთხოვნითა და ხელმძღვანელის ინფორმირებით. აღნიშნული დასკვნის საფუძველია საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ: საკრედიტო რისკების მენეჯერი, მ.ბ–ძე ახსნა-განმარტებაში აღნიშნავს, რომ პრაქტიკაში პერიოდულობით არის შემთხვევები, როდესაც სხვა სეგმენტის საკრედიტო განაცხადი შესაძლებელია განიხილოს სხვა რისკ მენეჯერმა, რაც განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორებით (დატვირთულობა, კვალიფიკაციის ამაღლება და სხვა). ამასთან, განმარტებულია, რომ „კრიფის“ პროგრამით დაგენერირებული განაცხადის ერთი რისკ მენეჯერის პორტფელიდან მეორე რისკ მენეჯერის პორტფელში გადატანის უფლებამოსილება გააჩნიათ მენეჯერული პოზიციის მქონე დეპარტამენტის თანამშრომლებს, ხოლო რისკ მენეჯერს, დამოუკიდებლად შუძლია თავის სამუშაო სიაში გადაიტანოს გაუნაწილებელი საკრედიტო განაცხადი. 2023 წლის 2 მაისის სასამართლოს სხდომაზე დაკითხული მოწმის, ლ.დ–ძის (ბიზნეს სესხების დაკრედიტირების რისკების ანალიზის ჯგუფის უფროსი, მოსარჩელის უშუალო ხელმძღვანელი) ჩვენებით (14:13:59-14:26:46) დგინდება, რომ „კრიფის“ მეშვეობით განსახილველად განაწილებული სასესხო განაცხადების გადაწერა ერთი და იმავე ჯგუფის რისკ მენეჯერებს შორის იყო შესაძლებელი, თუმცა არა თვითნებურად, არამედ, აღნიშნული ხორციელდებოდა თავად იმ პირის ინიციატივით, რომელზეც იყო გენერირებული აღნიშნული განცხადება (მაგ. საქმეთა სიმრავლის მოტივით, განტვირთვის, კოლეგიალური დახმარების მიზნით).

19. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის მიერ სადავო ორ შემთხვევაში, საკრედიტო განაცხადების გადაწერა/განხილვა განხორციელდა მოპასუხე ბანკში არსებული პროცედურების დაცვის გარეშე, განხილვის შედეგად მიღებულ იქნა დადებითი გადაწყვეტილებები, იმ პირობებში, როდესაც, იმავე კლიენტების პირველ ჯერზე წარდგენილი განაცხადები, სხვა რისკ მენეჯერების მიერ განხილვის საფუძველზე, უარყოფილი იყო.

20. მოსარჩელის/აპელანტის მითითებასთან დაკავშირებით, რომ ბანკს ზიანი არ მისდგომია სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული არ გამორიცხავს მისი ქმედების უხეშ დარღვევად შეფასებას.

21. სააპელაციო სასამართლომ კვლავ მიუთითა ბანკის თანამშრომელთა ქცევის კოდექსზე და მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, დამსაქმებლის გადაწყვეტილების არამართლზომიერად შეფასება იმ საფუძვლით, რომ ქმედებას ზიანი არ გამოუწვევია იქნებოდა ინტერესთა კონფლიქტის პოლიტიკიდან გამომდინარე, მის მიერ დადგენილ სტანდარტებში სასამართლოს მხრიდან გაუმართლებელი ჩარევა, რაც შესაძლოა წამახალისებელიც კი გამხდარიყო სხვა დასაქმებულებისათვის და ზიანის არარსებობის პირობებში, ანალოგიურად შეფასებულიყო, მაგ. ისეთ პირებთან დაკავშირებით საკითხის განხილვაში მონაწილეობა, რომელსაც პირდაპირ კრძალავს ბანკის მიერ დადგენილი პროცედურები.

22. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საბანკო საქმიანობის სპეციფიკურობის, დადგენილი სტანდარტების გათვალისწინებით, დამსაქმებელმა დაადასტურა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლები. შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

23. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე/აპელანტი ითხოვს სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობაა. ვინაიდან სასამართლომ ბრძანება კანონიერად მიიჩნია, საფუძველი ეცლება სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნებს.

24. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

25. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ ძირითად პრეტენზიებს:

25.1. მოსარჩელის ქმედების შეფასება უხეშ დარღვევად უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოსარჩელე მოქმედებდა მხოლოდ და მხოლოდ ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე - საკრედიტო დაწესებულებას არ დაეკარგა კარგი გადამხდელი კლიენტი;

25.2. ქვედა ინსტანციების სასამართლოებმა არასწორად მიიჩნიეს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მოსარჩელის მხრიდან, საბანკო პროდუქტებზე განცხადების განხილვა/გადაწყვეტისათვის ბანკში დადგენილი წესების დარღვევის ფაქტი. გასაჩივრებულ განჩინებაში სააპელაციო პალატამ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარდგენილ მტკიცებულებებს და ქმედება შეაფასა უხეშ დარღვევად;

25.3. სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ მოსარჩელე ბანკში დასაქმებული იყო 2010 წლიდან. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში იგი კეთილსინდისიერად და ჯეროვნად ასრულებდა ნაკისრ შრომითი ვალდებულებებს, რასაც მოწმობს მისი დასაქმების პერიოდში არაერთი დაწინაურება და ბანკის მხრიდან ხელფასის მომატება. განაცხადის დამუშავებისას განაცხადის გადაწერის/დამუშავების პროცესი ბანკის სამუშაო პროცესის ჩვეულებრივი ნაწილია, ვინაიდან აღნიშნული ხორციელდება ყველა თანამშრომლის მხრიდან. ამასთან, განაცხადის გადაწერით არ მომხდარა ბანკისთვის ზიანის მიყენება, ვინაიდან განმცხადებლები ყველა საჭირო კრიტერიუმით, როგორც კარგი და ბანკისთვის სასურველი კლიენტები აკმაყოფილებდნენ ბანკის მიერ წაყენებულ ყველა მოთხოვნას;

25.4. ასევე არასწორად დაადგინა სასამართლომ, რომ მოსარჩელის მიერ თურმე დაირღვა კორპორატიულ, მიკრო და SME მიმართულების საბანკო პროდუქტებზე გადაწყვეტილების მიღების მარეგულირებელი დებულება და თანამშრომლების კორპორატიული სახელმძღვანელოს მე-2 თავი (ქცევის კოდექსი). დასაქმებულის მხრიდან თვითნებურად მოხდა ინტერესთა კონფლიქტის მიუხედავად დამუშავებული განაცხადის გადაწერა და დამუშავება, რითაც დაირღვა დადგენილი სამუშაო პროცესი და ინტერესთა კონფლიქტის მართვის პროცედურა. ასევე თურმე ადგილი ჰქონდა პოზიციისათვის მინიჭებული პასუხისმგებლობის და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას;

25.5. გასაჩივრებულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ არასწორი შეფასება მისცა მოსარჩელის ქმედებას სს „ს.ბ–ში“ მოქმედ ინტერესთა კონფლიქტის მართვის პოლიტიკის სახელმძღვანელოსთან მიმართებით; კასატორი არ ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ გასაჩივრებული განჩინებით დადგენილ გარემოებას, რომ თურმე მოსარჩელის მიერ სადავო ორ შემთხვევაში, საკრედიტო განაცხადების გადაწერა/განხილვა განხორციელდა მოპასუხე ბანკში არსებული პროცედურების დაცვის გარეშე, განხილვის შედეგად მიიღო დადებითი გადაწყვეტილებები, იმ პირობებში, როდესაც, იმავე კლიენტების პირველ ჯერზე წარდგენილი განაცხადები, სხვა რისკ მენეჯერების მიერ განხილვის საფუძველზე უარყოფილი იყო შესაბამისი რისკების შეფასების გათვალისწინებით; თავის მხრივ სასამართლო ანვითარებს მსჯელობას შემდეგზე: „მართალია, განაცხადებზე შედეგის მიმართ მოსარჩელის ფინანსური ან სხვა კანონსაწინააღმდეგო დაინტერესება საქმის მასალებით არ დასტურდება, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ იმ პირთა საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობა, რომლებთანაც არსებულ კავშირს შეეძლო ზეგავლენის მოხდენა გარიგების პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე, ეწინააღმდეგება საბანკო დაწესებულებაში ინტერესთა კონფლიქტის მართვის პოლიტიკით დადგენილი წესებს, რის შედეგადაც შესაბამისი დონის რისკ მენეჯერი სასესხო განაცხადის განხილვის დროს უნდა იყოს დამოუკიდებელი და მოქმედებდეს საკუთარი ცოდნის, გამოცდილებისა და განაცხადში არსებული მაჩვენებლების გათვალისწინებით;

25.6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ არასწორი შეფასება მისცა მოსარჩელის ქმედებას ბანკის თანამშრომელთა ქცევის კოდექსთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან შეფასების მიღმა დარჩა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს ბანკისთვის საზიანო გადაწყვეტილება არ მიუღია, პირიქით მან დამსაქმებელ დაწესებულებას შეუნარჩუნა კარგი გადამხდელი კლიენტი. ამ მხრივ საყურადღებოა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მხრიდან შეფასების გარეშე დარჩა საქმეზე დაკითხული მოწმეების, კლიენტ მ.გ–ისა და კლიენტ ე.გ–ის ჩვენებები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ სესხის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, ისინი აუცილებლად წავიდოდნენ სხვა საბანკო დაწესებულებაში;

25.7. განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა დასაქმებულის მხრიდან ინტერესთა კონფლიქტის არსებობას.

26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

27. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.

28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

31. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.

32. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე უარის თქმის მართლზომიერება. კასატორი დავობს, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია შრომითი ხელშეკრულებით ან/და შინაგანაწესით ნაკისრი ვალდებულებების უხეშ დარღვევას.

33. საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.

34. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებების თანახმად, უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს ზემოაღნიშნული საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერების შეფასებისას, არის პროპორციულობისა და გონივრული საფუძვლის პრინციპი. პროპორციულობის, იგივე თანაზომიერების პრინციპი ნიშნავს, რომ კანონის მიზნის მისაღწევად გამოყენებული ღონისძიება უნდა იყოს დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დამსაქმებლის მიერ დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაუმართლებელია ამ უკანასკნელის უფლების დაცვის სხვა საფუძვლების გამოყენება (იხ. სუსგ საქმე Nას-106-101-2014, 02 ოქტომბერი, 2014 წელი; Nას-1183-1125-2014, 13 თებერვალი, 2015 წელი).

35. საქართველოს სასამართლოების მიერ შრომით დავებთან დაკავშირებულ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ სამსახურიდან პირის გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების მართლზომიერების შეფასებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შრომის სამართალში მოქმედ Ultima Ratio-ს პრინციპის დაცვას, რომელიც გულისხმობს, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება გამოყენებული უნდა იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ ჩადენილი გადაცდომის (დარღვევის) ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. შესაბამისად, დასაქმებულის მიერ დარღვევის ჩადენისას დამსაქმებლის მიერ გამოყენებული უნდა იქნას ისეთი ზომები, რომლებიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს (იხ. სუსგ საქმე Nას-1183-1125-2014, 13 თებერვალი, 2015 წელი; Nას-1276-1216-2014, 18 მარტი, 2015 წელი; Nას-127-123-2016, 13 ივნისი, 2016 წელი).

36. ამრიგად, მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების შეფასების მიზნით, დადგინდეს დასაქმებულის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტი, რაც შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. სუსგ საქმე Nას-1391-1312-2012, 10 იანვარი, 2014 წელი; Nას-483-457-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი; Nას-127-123-2016, 13 ივნისი, 2016 წელი).

37. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (იხ. სუსგ საქმე Nას-1056-996-2015, 15 დეკემბერი, 2015 წელი; Nას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი; Nას-539-539-2018, 21 დეკემბერი, 2018 წელი).

38. მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელი დასაქმებულს ედავებოდა კორპორატიულ, მიკრო და SME მიმართულების საბანკო პროდუქტებზე გადაწყვეტილების მიღების მარეგულირებელი დებულებისა და თანამშრომლების და კორპორატიული სახელმძღვანელოს მე-2 თავის „ქცევის კოდექსის“ დარღვევას. მოპასუხის მითითებით, მოსარჩელის მხრიდან თვითნებურად მოხდა, ინტერესთა კონფლიქტის არსებობის მიუხედავად, დასამუშავებელი განაცხადის გადაწერა და დამუშავება, რითაც დაირღვა დადგენილი სამუშაო პროცესი და ინტერესთა კონფლიქტის მართვის პროცედურა. ასევე, ადგილი ჰქონდა პოზიციისთვის მინიჭებული პასუხისმგებლობის და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.

39. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა მოსარჩელის მიერ საბანკო პროდუქტებზე განცხადების განხილვისათვის/გადაწყვეტისათვის ბანკში დადგენილი წესების დარღვევის ფაქტი. კერძოდ, მოსარჩელის მიერ სადავო ორ შემთხვევაში (იხ. წინამდებარე განჩინების მე-11 პუნქტი), საკრედიტო განაცხადების გადაწერა/განხილვა განხორციელდა მოპასუხე ბანკში არსებული პროცედურების დაცვის გარეშე, განხილვის შედეგად მიღებულ იქნა დადებითი გადაწყვეტილებები, იმ პირობებში, როდესაც, იმავე კლიენტების პირველ ჯერზე წარდგენილი განაცხადები, სხვა რისკ მენეჯერების მიერ განხილვის საფუძველზე, უარყოფილი იყო. კერძოდ, კლიენტის ფინანსური მაჩვენებელი მოთხოვნილი სესხისს თანხის დამტკიცებისათვის არასაკმარისი იყო. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კასატორი არ უარყოფს ზემოაღნიშნულ ფაქტს და მიუთითებს, რომ განაცხადის გადაწერა ჩვეულებრივი პრაქტიკის ნაწილია, თუმცა აღნიშნულის საპირისპიროდ სააპელაციო სასამართლოს დადგენილი აქვს, რომ განაცხადის იმ სახით გადაწერის პრაქტიკის არსებობა, როგორც ეს წინამდებარე შემთხვევაში განხორციელდა, საქმის მასალებით არ დასტურდება, მოსარჩელეს კი საკუთარი პოზიცია ზეპირი ახსნა-განმარტების გარდა შესაბამისი მტკიცებულებით არ გაუმყარებია. გასათვალისწინებელია, ასევე, რომ სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა ინტერესთა მართვის პოლიტიკის დარღვევას (ინტერესთა კონფლიქტის შეფასების კუთხით იხ. წინამდებარე განჩინების 6.11-6.16 პუნქტები), კერძოდ, თავად დასაქმებულმაც დაადასტურა სადავო ორ ეპიზოდთან დაკავშირებით განმცხადებლებთან ნაცნობობა. ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ასევე მოწმეთა ჩვენებები, კერძოდ, საცალო ბიზნეს ბანკირის ს.ხ–ის ახსნა-განმარტების თანახმად, კლიენტისავე თხოვნით, განცხადების განაწილების შესახებ აცნობა მოსარჩელეს, ხოლო რისკ მენეჯერის მ.ბ–ძის ახსნა-განმარტებების თანახმად, მოსარჩელემ იმაზე მითითებით, რომ მსესხებელი იყო მისი ახლობელი, სთხოვა, შესაძლებლობის ფარგლებში, მიეღო დადებითი გადაწყვეტილება სესხის დამტკიცებაზე, რაზეც მან განუმარტა კლიენტის არასაკმარისი შემოსავლების შესახებ, რასაც ვერ გაითვალისწინებდა. საქმის მასალების თანახმად, ბიზნეს ბანკირმა ს.ხ–მა კლიენტ მ.გ–ის თხოვნით, კვლავ შეავსო საკრედიტო განაცხადი N12552551, რომელიც პროგრამა „კრიფის“ მეშვეობით განაწილდა რისკ მენეჯერ ბ.გ–ძის სამუშაო სიაში. აღნიშნული განაცხადი დასაქმებულმა (მოსარჩელემ) საკუთარი ინიციატივით, გადმოიტანა თავის სამუშაო სიაში და განიხილა. განხილვის შედეგად, მის მიერ მიღებული იქნა დადებითი გადაწყვეტილება და კლიენტზე გაიცა სესხი 80 000 აშშ დოლარის ოდენობით. ს.ხ–ის განმარტებით, მეორე განაცხადის შევსების ეტაპზე, კლიენტმა დააფიქსირა, რომ ამ ჯერზე მის განაცხადს განიხილავდა სხვა რისკ მენეჯერი. მოსარჩელის ქმედების შეფასების კუთხით ასევე საინტერესოა ბანკის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო რისკების დეპარტამენტის ხელმძღვანელის გ.გ–ის 2021 წლის 30 დეკემბრის N0C215449 ცნობა, რომლის თანახმად, სს „ს.ბ–ის“ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის (MSME) – საკრედიტო რისკების დეპარტამენტის, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის (MSME) საკრედიტო რისკების უფროსი მენეჯერები მონაწილეობენ მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) სასესხო განაცხადების განხილვაში და არ მონაწილეობენ მიკრო ბიზნესის (MCR) სასესხო განაცხადების განხილვაში. მოსარჩელის მიერ განხილული განაცხადი, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, იყო მიკრო (MCR) ტიპის განაცხადი, ხოლო მოსარჩელე იყო SME სეგმენტის უფროსი რისკ მენეჯერი. გარდა ამისა, პროგრამულად უკვე განაწილებული განაცხადის გადაწერის პრაქტიკა იმავე ჯგუფის სხვა რისკ მენეჯერისათვის, ბანკში არსებობდა, რაც ხორციელდებოდა არა თვითნებურად, თანამშრომლის მიერ განაცხადის გადმოწერით, არამედ თავად განმხილველი პირის მოთხოვნითა და ხელმძღვანელის ინფორმირებით.

40. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა რამდენადაა „უხეში“ ხასიათის, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, ინდივიდუალური შეფასების საგანია, რა დროსაც, მხედველობაში მიიღება საქმის კონკრეტული გარემოებები. იმისათვის, რომ დამრღვევის მოქმედების სიმძიმე შეფასდეს, თავდაპირველად გამოკვლეულ უნდა იქნეს იმ სამსახურის დანიშნულება, სადაც დასაქმებული მუშაობს, დასაქმებულის ფუნქცია და მისი მოვალეობები (შდრ: სუსგ №ას-816-782-2016, 2016 წლის 6 დეკემბრის განჩინება).

41. საქართველოს უზენაესი სასამართლო წინამდებარე განჩინების 11-19 პუნქტებში აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, საქმის ფარგლებში წარდგენილი მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების ერთობლიობაში შეფასებისა და კვლევის შედეგად, ასევე, დამსაქმებელი დაწესებულების საქმიანობის/ სპეციფიკის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ მოპასუხემ დასძლია მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი და დაასაბუთა დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის ქმედებები მართლზომიერად მიიჩნია უხეშ დარღვევად.

42. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ დასაქმებულის მიერ ჩადენილი დარღვევის შედეგობრივი თვალსაზრისით შეფასებისას, არანაკლებ მნიშვნელოვანია დამსაქმებლის მხრიდან ნდობის დაკარგვის ფაქტორი.

43. საქართველოს უზენაესი სასამართლო კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომელიც ბანკისათვის ზიანის მიყენების არარსებობას შეეხება, აღნიშნავს, რომ დარღვევა, რომლის შედეგი ნდობის დაკარგვაა, არანაკლები მნიშვნელობისაა, ვიდრე რაიმე სახის ზიანი (იხ. სუსგ საქმე Nას-832-2024, 30 სექტემბერი 2024 წელი). საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა, რომ დასაქმებულის მიერ ისეთი ქმედების ჩადენა, რაც ერთმნიშვნელოვნად იწვევს მხარეთა შორის ნდობის დაკარგვას, დამსაქმებელს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერ საფუძველს წარმოუშობს, რაც დასაქმებულის აღდგენას თავისთავად გამორიცხავს (იხ. სუსგ საქმე Nას-132-2021, 31 ოქტომბერი, 2022 წელი). მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოსარჩელის მიერ ჩადენილი გადაცდომები, მათი ხასიათისა და სიმძიმის გათვალისწინებით, ბანკის მხრიდან ნდობის დაკარგვის ობიექტურ საფუძველს ქმნიდა.

44. დამსაქმებელთა საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოსარჩელის/ დასაქმებულის მიერ ჩადენილი დარღვევები მართლზომიერად შეფასდა როგორც არსებითი, მნიშვნელოვანი და დამსაქმებლისთვის საზიანო. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ქმედებების, დარღვევის ხასიათის, სიმძიმისა და შედეგის გათვალისწინებით, დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებაა. დასაქმებულის ამგვარი საქციელი დამსაქმებელს ნდობას უკარგავს მუშაკის მიმართ. საქმეზე შესატყვისი მტკიცებულებებით დადგენილი დასაქმებულის ქმედებები არ წარმოადგენს ისეთ დარღვევას, რომელიც დამსაქმებლის მხრიდან გამაფრთხილებელი ზომის გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელია, გამოსწორდეს იმგვარად, რომ დამსაქმებელმა არ დაკარგოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების ინტერესი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დამსაქმებლის მხრიდან ნაკლებად მკაცრი დისციპლინური ღონისძიების გამოყენება გამორიცხული იყო და, სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაბუთებულად მოხდა მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა და სამსახურიდან გათავისუფლება (შეად. ანალოგიურ საქმეებზე კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე არსებული განმარტებებს, სუსგ-ებს: N ას-199-2019, 12 აპრილი 2019 წელი; Nას-1067-2018, 8 აპრილი 2020 წელი; Nას-693-2020, 30 ნოემბერი 2020 წელი; N ას-640-2020, 28 დეკემბერი 2020 წელი).

45. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ზემოთ მითითებული გარემოებები იძლევა საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემადგენლობას, რაც მოსარჩელის გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს წარმოადგენდა.

46. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

47. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ლ.მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;

2. ლ.მ–ს (პ/ნ ..........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს გ. ს–ის (პ/ნ ..........) მიერ 2025 წლის 14 ივლისს №1752502891 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მიხეილ ჯინჯოლია

მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი

ლევან ნემსაძე