დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 23.04.2026
საქმის ნომერი
ას-1442-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1442-2025

23 აპრილი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან ნემსაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, მიხეილ ჯინჯოლია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.ჯ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - გ.ნ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

გ.ნ–მა (შემდგომში - „პირველი მოსარჩელე“) და ო.ჭ–ამ (შემდგომში - „მეორე მოსარჩელე“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში გ.ჯ–ძის (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კასატორი“), მ.ჯ–ძის, ე.ჯ–ძის, ლ.ჯ–ძის და ნ.ჯ–ძის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით. მოპასუხეთა მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2022 წლის 10 აგვისტოს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ............, ბინა N19, ფართი 84,05 კვ.მ, ს.კ. N............(შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება“ ან „სადავო ქონება“) და დადგინდა აღნიშნული ქონების მოსარჩელეთათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა. 3. პირველმა მოპასუხემ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარადგინა საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 მაისის განჩინებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა პირველი მოპასუხის მიმართ წარდგენილი მოთხოვნის ნაწილში და მას შესაგებლის წარსადგენად განესაზღვრა 10 დღის ვადა; გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დანარჩენი მოპასუხეების მიმართ დარჩა ძალაში.

5. პირველმა მოპასუხემ წარადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო.

6. ამასთან, პირველმა მოპასუხემ საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 31 მაისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ნაწილში დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად. აღნიშნული განჩინება შესულია კანონიერ ძალაში.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 08 ოქტომბრის განჩინებით მეორე მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე განუხილველი დარჩა სარჩელი მეორე მოსარჩელის მიერ წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში.

9. პირველმა მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა პირველი მოსარჩელის მიმართ სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 26 მარტის საოქმო განჩინებით შეგებებული სარჩელი დარჩა განუხილველი მოსარჩელის მიერ მისი გამოხმობის გამო. აღნიშნული განჩინება შესულია კანონიერ ძალაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით პირველი მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა; პირველი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო უძრავი ქონება და დადგინდა მისი პირველი მოსარჩელისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა. პირველმა მოპასუხემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა; მოპასუხემ ასევე მოითხოვა მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ იმავე სასამართლოს 27.11.2024წ. საოქმო განჩინების გაუქმება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად; სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.11.2024წ. საოქმო განჩინებაზე დარჩა განუხილველად. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 13.1. სადავო უძრავი ქონება საკუთრების უფლებით ირიცხება პირველი მოსარჩელის სახელზე (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 10.08.2021წ.);

13.2. პირველი მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონება პირველი მოპასუხის მფლობელობაშია;

13.3. პირველი მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ სადავო უძრავ ქონებას პირველი მოპასუხე ფლობს არამართლზომიერად.

14. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტი სადავოდ ხდიდა უძრავ ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლებას. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამდენად, საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევა სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრედ. უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლება მანამდე ითვლება კანონიერად, უფლებამოსილ პირს მანამდე შეუძლია თავისუფლად განკარგოს ეს ქონება, ვიდრე რეგისტრაციის საფუძველი (სამოქალაქოსამართლებრივი გარიგება, ადმინისტრაციული აქტი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და სხვა) არ გაუქმდება. საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მოქმედებს იმ დრომდე, ვიდრე პრეზუმირებული ფაქტის უსწორობა არ დამტკიცდება. ეს კი მიიღწევა უფლების საფუძვლად არსებული გარიგების ბათილობით. უფლების ნამდვილობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი სასამართლომ უნდა დაადგინოს, მანამდე კი ივარაუდება, რომ რეგისტრაციის შედეგად განხორციელებული ჩანაწერი სწორია და, შესაბამისად, უფლება ნამდვილი (შდრ. სუსგ Nას-320-2020, 18 თებერვალი, 2021წ.).

15. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აპელანტის პრეტენზია სადავო უძრავ ნივთზე დადებული ყველა გარიგების ბათილობის შესახებ, ვერ მიიჩნევა იმგვარ სააპელაციო შედავებად, რაც მესაკუთრის მოთხოვნის გათვალისწინებით, საქმის მასალებზე დაყრდნობით სადავო ქონებაზე აპელანტის მართლზომიერ მფლობელობას გაამართლებდა და ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას გამორიცხავდა. სადავო ქონების მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხვის სამართლებრივი საფუძველი განსახილველი საქმის დავის საგანი არ არის, მოცემული დავა შეეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას, შესაბამისად, წინამდებარე საქმის განხილვის პირობებში სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ აპელანტის მითითება. ამდენად, მითითებული გარემოება არ წარმოადგენს მოპასუხის ისეთი საპროცესო თავდაცვის საშუალებას, რომელიც მის მართლზომიერ მფლობელობას დაადასტურებს და სარჩელის უარყოფის საფუძველი გახდება.

16. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს არ მიუთითებია ისეთ გარემოებაზე, რომელიც სადავო ქონებაზე მისი მფლობელობის მართლზომიერებას დაადასტურებდა. მოდავე მხარეებს შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. არ არსებობს არც შებოჭვის კანონისმიერი საფუძველი და, შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი, რის გამოც მოსარჩელეს შეიძლება უარი ეთქვას მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე კანონით გარანტირებული უფლებების განხორციელებაში.

17. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დადგინდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი.

18. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.11.2024წ. საოქმო განჩინების განუხილველად დატოვების საფუძველი შემდეგი გარემოებების გამო: დადგენილია, რომ 2024 წლის 15 ივლისს პირველმა მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს პირველი მოსარჩელის მიმართ სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით; შეგებებული სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში; სასამართლოს 2024 წლის 27 ნოემბრის სხდომაზე შეგებებული სარჩელის ავტორის წარმომადგენელმა იშუამდგომლა მოწმეთა დაკითხვის შესახებ (იხ. შეგებებული სარჩელი; სხდომის ოქმი), თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 ნოემბრის საოქმო განჩინებით შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა; ამასთან, დადგენილია, რომ სასამართლოს 2025 წლის 26 მარტის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა პირველი მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა შეგებებული სარჩელის გამოხმობის თაობაზე და შეგებებული სარჩელი დარჩა განუხილველად. განჩინება შესულია კანონიერ ძალაში; დადგენილია, რომ აპელანტმა მოწმეთა დაკითხვის თაობაზე შუამდგომლობა წარადგინა შეგებებულ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების მიზნით, შესაბამისად, ვინაიდან შეგებებული სარჩელი დარჩა განუხილველად, შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით მიღებული განჩინება აღარ ექვემდებარება გასაჩივრებას, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

19. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე პირველმა მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

20. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

20.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ სადავო უძრავი ქონება საკუთრების უფლებით პირველი მოსარჩელის სახელზე ირიცხება და კასატორი წარმოადგენს არამართლზომიერ მფლობელს; 11.03.1993წ. N 2-605 პრივატიზაციის ხელშეკრულებისა და ქ. თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 28.07.2008წ. N 2753 ბრძანების საფუძველზე, უძრავი ქონების ნამდვილი მესაკუთრეა კასატორი და, შესაბამისად, ქონება მის მართლზომიერ მფლობელობაშია;

20.2. 2011 წლის დეკემბერში კასატორმა სადავო ქონების უზრუნველყოფით კერძო იპოთეკარებისგან აიღო სესხი 30 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელსაც იხდიდა 2012 წლიდან 2018 წლამდე. მას სრულად აქვს დაფარული სესხის თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი. საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით მოპასუხემ სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება დაკარგა 2012 წლის 01 აგვისტოს, თუმცა მას ქონება არ გაუსხვისებია და არავითარი თანხა არ მიუღია ქონების გასხვისების სანაცვლოდ;

20.3. საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით უძრავი ქონება 2011 წლიდან რამდენჯერმე დაიტვირთა იპოთეკით და ასევე რამდენჯერმე არიან შეცვლილი მესაკუთრეები. მოპასუხის შემდგომ სხვადასხვა დროს მესაკუთრეებად რეგისტრირებულ პირებს უძრავი ქონება საკუთრებაში არასდროს გადასცემიათ და ქონება ამ წლების განმავლობაში რეალურად კასატორის საკუთრება იყო;

20.4. ამდენად, სასამართლოს უნდა დაედგინა, რომ ვინდიკაციური სარჩელის დასაკმაყოფილებლად აუცილებელი სამი კუმულაციური პირობიდან სახეზე არ იყო ორი წინაპირობა. კერძოდ, მოსარჩელე არ არის უძრავი ქონების მესაკუთრე და, შესაბამისად, კასატორს აქვს უძრავი ქონების ფლობის უფლება. აქედან გამომდინარე, სასამართლოს სარჩელი არ უნდა დაეკმაყოფილებინა;

20.5. მოწმეთა დაკითხვის თაობაზე საქალაქო სასამართლოს 27.11.2024წ. საოქმო განჩინებასთან დაკავშირებული სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა არასწორია, ვინაიდან აღნიშნული მოწმეების დაკითხვის შუამდგომლობის დასაბუთებულობაზე ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს ის ფაქტი, რომ მოპასუხის შეგებებული სარჩელი დარჩა განუხილველად, ვინაიდან მოწმეებს სასამართლოსთვის უნდა მიეწოდებინათ ინფორმაცია, რაც სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა განუხილველად ამ ნაწილში სააპელაციო საჩივარი.

21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

22. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია პირველი მოპასუხის მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვის მართლზომიერება. საკასაციო სასამართლო, თავდაპირველად, განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ აღძრულია სარჩელი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე, ხოლო აღნიშნული ქონების მესაკუთრედ ცნობასთან დაკავშირებით პირველი მოპასუხის მიერ აღძრული შეგებებული სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 26 მარტის კანონიერ ძალაში შესული საოქმო განჩინებით დარჩა განუხილველი. შესაბამისად, წინამდებარე დავის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება მოსარჩელის საკუთრების უფლების მართლზომიერებასთან დაკავშირებული საკითხები, ვინაიდან ამ გარემოების კვლევა განსახილველი დავის ფარგლებს სცდება (შედ. იხ. სუსგ საქმე Nას-263-2022, 29 აპრილი, 2022 წელი; Nას-13-2023, 23 თებერვალი, 2023 წელი; Nას-1362-2022, 08 თებერვალი, 2024 წელი; Nას-1115-2024, 20 ნოემბერი, 2024 წელი; Nას-280-2025, 04 ივლისი, 2025 წელი; Nას-978-2025, 30 სექტემბერი, 2025 წელი; Nას-1258-2025, 28 ნოემბერი, 2025 წელი). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება დადგენილი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა გამოკვლეული აქვს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. იმავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ პირველი მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში არსებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (იხ. ტ. 1, ს.ფ. 152), რომლის მიმართაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის შესაბამისად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. აღნიშნული გარემოება მოპასუხის მიერ კანონით დადგენილი წესით გაბათილებული არ არის. დადგენილია, ასევე, რომ მოპასუხე/კასატორი წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს. მან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად, ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმგვარი მტკიცებულების წარდგენა, რომლითაც სადავო უძრავ ქონებაზე მისი მფლობელობის მართლზომიერება დადასტურდებოდა. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში გამოიკვეთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დასაბუთებულია და ის მართებულად დაკმაყოფილდა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ საქალაქო სასამართლოს 27.11.2024წ. საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად. კერძოდ, წინამდებარე საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ პირველი მოპასუხის წარმომადგენელმა 27.11.2024წ. სასამართლო სხდომაზე მოწმეთა დაკითხვის თაობაზე შუამდგომლობა დააყენა შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის მართლზომიერების დადასტურების მიზნით (იხ. შეგებებული სარჩელი, ტ. 2. ს.ფ. 1-20; ასევე, 27.11.2024წ. სხდომის ოქმი და მასზე დართული შუამდგომლობა, ტ. 2. ს.ფ. 88-93), თუმცა დადგენილია, რომ შეგებებული სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 26 მარტის კანონიერ ძალაში შესული საოქმო განჩინებით დარჩა განუხილველი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა. შესაბამისად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში პირველი მოპასუხის შეგებებული სარჩელი დარჩა განუხილველი და მასზე სასამართლოს გადაწყვეტილება არ გამოუტანია, აღარ არსებობს მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს ზემოაღნიშნული საოქმო განჩინების გასაჩივრების წინაპირობა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% – 105 ლარი. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გ.ჯ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. გ.ჯ–ძეს (პ.ნ. ..........) დაუბრუნდეს გ. ჭ–ძის (პ.ნ. ..........) მიერ 2025 წლის 17 ნოემბერს №30411099816 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლევან ნემსაძე

მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი

მიხეილ ჯინჯოლია