დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 30.04.2026
საქმის ნომერი
ას-218-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-218-2026 30 აპრილი, 2026 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „ე.თ.ე–ი“ (აპელანტი, მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „G.D. ი.გ–ი" (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 ნოემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2020 სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებულ უპირობო აუქციონზე 2013 წლის 18 ნოემბერს შპს „G.D. ი.გ–მა“ შეისყიდა დუშეთის რაიონში, სოფელ .......... მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 1577 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს/კ .........., რომელიც 2013 წლის 27 დეკემბერს დარეგისტრირდა კომპანიის საკუთრებად.

2. საპრივატიზაციო პირობების თანახმად, შეძენილი მიწის ნაკვეთი არ ყოფილა დატვირთული არანაირი სანივთო ვალდებულებებით, ხოლო მის საკადასტრო გეგმაზე არ ფიქსირდებოდა შენობა-ნაგებობა და გაცემული საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი თავისუფალია ყოველგვარი ვალდებულებებისგან/მესამე პირთა სანივთო უფლებებისგან და არ შეიცავს ჩანაწერს მასზე მესამე პირის კუთვნილი შენობა-ნაგებობის ლეგალურად განთავსების თაობაზე.

3. 2016 წლის 06 ივლისს მიწის ნაკვეთი ს/კ ............ დაიყო და შედეგად მიღებული მიწის ნაკვეთი ს/კ ......... წარმოადგენს შპს „G.D. ი.გ–ის“ საკუთრებას.

4. დუშეთის რაიონის სოფელ .......... მდებარე მოპასუხე შპს „ე.თ.ე–ი“-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ს/კ ......... განთავსებული სატრანსფორმატორო შენობა-ნაგებობის 24 კვ.მ. გადადის და ნაწილობრივ იჭრება მოსარჩლე შპს „G.D. ი.გ–ი“-ს სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ს/კ ........... საჯარო რეესტრის რეგისტრირებულ წითელ ხაზებში.

5. მცხეთის რაიონული სასამართლოს დუშეთის მაგისტრატი სასამართლოს 2023 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს „G.D. ი.გ–ის“ სარჩელი მოპასუხე შპს „ე.თ.ე“-ს მიმართ დაკმაყოფილდა და დაევალა მოპასუხეს უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, კერძოდ: შპს „ე.თ.ე“-ს დაევალა დუშეთი მუნიციპალიტეტის სოფელ .......... მდებარე, შპს „G.D. ი.გ–ის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ №.......) განთავსებული შპს „ე.თ.ე“-ს კუთვნილი სატრანსფორმატორო შენობა-ნაგებობის დემონტაჟი და შპს „G.D. ი.გ–ი“-სთვის კუთვნილი 24 კვ.მ. ფართობის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

6. შპს „ე.თ.ე“-ს კუთვნილი სატრანსფორმატორო შენობა-ნაგებობის ნაწილი საქმის განხილვის პერიოდისათვის კვლავ განთავსებულია შპს „G.D. ი.გ–ის“ სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთზე ს/კ ..........

7. იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ აუდიტის დასკვნებში მითითებული იჯარის ქირის ოდენობა არარეალური იყო, მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა იჯარის ხელშეკრულებები და კურორტის სეზონის გახსნისა და დახურვის ბრძანებები, რომლებიც ეხება 2017-2018 წლის პერიოდს (ტომი II, ს.ფ 91- 124). მოპასუხეს კი საკუთრებაში გადმოეცა უძრავი ქონება 2021 წელს და სადავო საიჯარო ქირის მოთხოვნაც მოსარჩელეს დაანგარიშებული აქვს სწორედ აღნიშნული პერიოდიდან. ამდენად, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის შედავება აუდიტის დასკვნის არაობიექტურობის შესახებ.

8. დუშეთის რაიონის სოფელ .......... მდებარე მოპასუხე შპს „ე.თ.ე–ი“-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ს/კ ......... განთავსებული სატრანსფორმატორო შენობა-ნაგებობის 24 კვ.მ. გადადის და ნაწილობრივ იჭრება მოსარჩლე შპს „G.D. ი.გ“-ს სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ს/კ......... საჯარო რეესტრის რეგისტრირებულ წითელ ხაზებში.

9. „გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 ივნისის N333 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ "საქართველოს მთავრობის 2021 წლის 07 დეკემბრის N574 დადგენილებით დამტკიცდა განაშენიანების გეგმა დუშეთის მუნიციპალიტეტში, გ–ის სარეკრეაციო ზონის მე-2 საბაგირო სადგურის ტერიტორიისთვის, რომლითაც მე-5 გეგმარებით არეალში მდებარე მიწის ნაკვეთებისთვის შემუშავდა მიწის ნაკვეთების კონფიგურაციის ცვლილების პროექტი, მათი ადგილმდებარეობისა და ფართობის უცვლელად, ასევე გრგ-ს "განვითარების სტრატეგიით" განისაზღვრა შპს "ე.თ.ე–ის" ვალდებულება მიწის ნაკვეთზე (ს/კ ........) განთავსებული სატრანსფორმატორო შენობა-ნაგებობის N1-ის დემონტაჟთან დაკავშირებით. ვინაიდან შპს „G.D. ი.გ–ის“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ს/კ ........ მდებარეობს N574 მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ გეგმარებით არეალში, 2022 წლის 20 ოქტომბრის და 08 ნოემბრის წერილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან მოსარჩელემ მოითხოვა მიწის ნაკვეთის კონფიგურაციის N574 დამტკიცებული გრგ-ს შესაბამისად ცვლილების თაობაზე წერილობითი თანხმობის გაცემა, რის პასუხადაც მოსარჩელეს განემარტა, რომ ფართის უცვლელად კონფიგურაციის ცვლილების განხორციელების შემთხვევაში ფიქსირდება ზედდება უძრავ ქონებაზე (ს/კ .......... - მესაკუთრე შპს "ე.თ.ე–ი"), სადაც განთავსებულია ტრანსფორმატორი, რომლის გადატანამდეც შეუძლებელია მოსარჩელის მოთხოვნის განხილვა. აღნიშნული გარემოების თაობაზე მოსარჩელეს განემარტა და უკანონოდ განთავსებული სატრანსფორმატორო შენობა-ნაგებობის დემონტაჟისთვის განესაზღვრა 45 დღიანი ვადა, მაგრამ უშედეგოდ.

10. მცხეთის რაიონული სასამართლოს დუშეთის მაგისტრატი სასამართლოს 2023 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და შპს „ე.თ.ე“-ს დაევალა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ .......... მდებარე, შპს „G.D. ი.გ–ის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ №..........) განთავსებული შპს „ე.თ.ე“-ს კუთვნილი სატრანსფორმატორო შენობა-ნაგებობის დემონტაჟი და შპს „G.D. ი.გ–ი“-სთვის კუთვნილი 24 კვ.მ. ფართობის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა. გადაწყვეტილება შესრულია კანონიერ ძალაში. მაშასადამე, აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს განსახილველი დავისათვის გააჩნია პრეიდუციული ძალაც.

11. მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა შპს „ე.თ.ე-სა“ და შპს „ქ–ს“ შორის 2024 წლის 8 ნოემბერს დადებული #591 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მიმდინარეობს დაბა .......... მდებარე სატრანსფორმატორო ცენტრალური გამანაწილებელი პუნქტის რეკონსტუქცია/გადატანითი სამუშოები, 2/31-23 სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. აღნიშნული ხელშეკრულების მე-8 მუხლის თანახმად, სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო 42 კალენდარული დღის განმავლობაში (არაუგვიანეს 2024 წლის 20 დეკემბრისა). საქმის მასალებში ასევე წარმოდგენილია 2024 წლის 8 ნოემბრის #591 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 2024 წლის 31 დეკემბრის შეთანხმება N1. რომლის თანახმად, ცვლილება შევიდა ხელშეკრულების 8.2. პუნქტში და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „სამშენებლო სამუშოები უნდა განხორციელდეს შემსყიდველთან შეთანხმებული ცალკეული სამშენებლო ობიექტის სამშენებლო სამუშოების წარმოების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად (დანართი N2) ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2025 წლის 18 ივლისისა. ხოლო, 20.1.1. პუნქტის ცვლილების თანახმად, გაიზარდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2025 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით“. ასევე, მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა ფოტოსურათები (ტომი II, ს.ფ. 186-189), რომელიც მისი განმარტებით ადასტურებს, იმ გარემოებას, რომ ახალი სატრანსფორმატორო ცენტრალური გამანაწილებელი პუნქტის რეკონსტრუქცია/გადატანითი სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. თუმცა, არ წარმოადგენს სადავოს ის გარემოება, რომ სატრანსფორმატორო ნაგებობა საქმის განხილვის პერიოდისათვის ისევ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ 24 კვ.მ-ს იკავებს.

12. სასამართლომ მიუთითა: ვინაიდან მოსარჩელემ, საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უკანონო მფლობელობის გამო, დაკარგა გარკვეული სიკეთის მიღების შესაძლებლობა, მას უფლება აქვს, ამოიღოს ეს ქონება ხელმყოფისაგან. აღნიშნული ქონებრივი წონასწორობის აღდგენას ემსახურება სსკ-ის 982-ე მუხლი, რომლის თანახმად, ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. იმის გათვალისწინებით, რომ „შესრულების დაბრუნება“ (მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ქონების უკანონო სარგებლობით მიღებული სიკეთე) შეუძლებელია, ამავე კოდექსის 979-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფლების მქონე პირმა (მოსარჩელემ) შეიძლება გამოიყენოს ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნა, რაც შეიძლება დადგინდეს მსგავსი უძრავი ქონების საიჯარო ქირის ოდენობით.

13. სასარჩელო მოთხოვნა

13.1. შპს „ე.თ.ე-ს“ დაეკისროს 107 608.95 ლარის ანაზღაურება შპს „G.D. ი.გ–ის" სასარგებლოდ. შპს „ე.თ.ე-ს“ დაეკისროს ყოველდღიურად 218.4 ლარის ანაზღაურება შპს „G.D. ი.გ–ის" სასარგებლოდ 2023 წლის 12 ოქტომბრიდან მიწის ნაკვეთიდან ს/კ .........., დაკავებული 24 კვ.მ გამოთავისუფლებამდე.

13.2. სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ უპირობო აუქციონზე 2013 წლის 18 ნოემბერს შპს „G.D. ი.გ–მა“ შეისყიდა დუშეთის რაიონში სოფ. .......... არსებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 1577 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს/კ ........., რომელიც 2013 წლის 27 დეკემბრიდან დარეგისტრირდა კომპანიის საკუთრებად. საპრივატიზებო პირობების თანახმად, აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ ყოფილა დატვირთული არანაირი სანივთო ვალდებულებით, ხოლო მისი საკადასტრო გეგმაზე არ ფიქსირდებოდა ნაგებობა და შესაბამისად აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შპს „G.D. ი.გ–ის“ საკუთრების უფლების დამადასტურებელი ამონაწერი თავისუფალია ყოველგვარი ვალდებულებებისაგან მესამე პირთა სანივთო უფლებებისაგან და არ შეიცავს ჩანაწერს მესამე პირის კუთვნილი შენობა-ნაგებობის ლეგალურად განთავსების თაობაზე.

13.3. 2016 წლის 6 ივლისს მიწის ნაკვეთი ს/კ ........ დაიყო და შედეგად მიღებული მიწის ნაკვეთი ს/კ ......... წარმოადგენს შპს „G.D. ი.გ–ის“ საკუთრებას, რომლის შესაბამისი ამონაწერი და საკადასტრო გეგმა ასევე თავისუფალია ყოველგვარი ვალდებულებებისაგან/მესამე პირთა სანივთო უფლებებისაგან და არ შეიცავს ჩანაწერს მასზე მესამე პირის კუთვნილი შენობა-ნაგებობის ლეგალურად განთავსების თაობაზე.

13.4. 2021 წლის 12 ოქტომბრიდან შპს „ე.თ.ე-ს“ საკუთრებაშია დუშეთის რაიონში სოფელ .......... მდებარე მიწის ნაკვეთი ს/კ ........, რომელზე განთავსებული სატრანსფორმატორო შენობა-ნაგებობიდან 24 კვ.მ გადმოდის და ნაწილობრივ იჭრება შპს „G.D. ი.გ–ის“ კუთვნილი მიწის ნაკვეთის ს/კ .......... საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ წითელ ხაზებში.

13.5. მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია სამოქალაქო საქმეზე #2/31-23 მცხეთის რაიონული სასამართლოს დუშეთის მაგისტრატი სასამართლოს მოსამართლე რ.ნ–ის 2023 წლის 15 მაისის გადაწყვეტილების 3.1.1. და 3.1.2. ფაქტობრივი გარემოებებით. ასევე, აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის თანახმად, სრულად დაკმაყოფილდა შპს „G.D. ი.გ–ის“ სარჩელი და შპს „ე.თ.ე-ს“ დაეკისრა მის მიერ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაკავებული 24 კვ.მ-ზე განთავსებული სატრანსფორმატოროს დემონტაჟი და ნაკვეთის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადმოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეის მდგომარეობით არ არის აღსრულებული.

13.6. მოპასუხე მხარე წლების განმავლობაში იჯარით გასცემდა მიწის ნაკვეთის ს/კ ........ (რომელიც მოიცავს სადავო 24 კვ.მ-ს) მიმდებარედ არსებულ კუთვნილ მიწის ნაკვეთებს და იღებდა მნიშვნელოვან შემოსავალს. ხოლო, მოსარჩელე მხარეს 2010 წლიდან აქვს გაიჯარებული ხსენებული ნაკვეთის მიმდებარედ არსებული კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილები, რომელთა ყოველთვიური საბაზრო საიჯარო ღირებულება წლიდან წლამდე იზრდება. ამასთან, სადავო მიწის ნაკვეთი მდებარეობს .......... ერთ-ერთ ყველაზე დიდ სასტუმრო-რესტორნის კომპლექს „გრადუსთან“ და შესაბამისად, აღნიშნული ლოკაცია ტურისტულად დატვირთული ადგილია და კომერციულად მომგებიანია. აღნიშნული გარემოება მიუთითებს შპს „ე.თ.ე-ს“ მიერ უკანონოდ დაკავებული 24 კვ.მ მიწის ნაკვეთის, როგორც საიჯარო აქტივის მნიშვნელობაზე, რომლიდანაც 2013 წლიდან მოყოლებული შპს „G.D. ი.გ–ი“ ბაზარზე მაღალი მოთხოვნის მიუხედავად, ვერ გასცემს მას იჯარით მესამე პირზე და ვერ იღებს შემოსავალს.

13.7. შპს „ს.ჯ.კ–ის“ მიერ 2023 წლის 14 ივნისს მომზადებული #265 და #266 აუდიტორული დასკვნებით შეფასდა დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ .......... მდებარე 1524 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთიდან ს/კ ........, 24 კვ.მ მიწის ნაკვეთის ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება და დადგინდა, რომ: 2021 წლისთვის შეადგენს - 3 360 ლარს, 2022 წლისათვის - 5 160 ლარს, ხოლო, 2023 წლისათვის - 6552 ლარს. აღნიშნული ქირის ოდენობის გათვალისწინებით, 2021 წლის 12 ოქტომბრიდან 2023 წლის 19 ივნისის ჩათვლით 24 კვ.მ მიწის ნაკვეთის სრული საიჯარო საფასური შეადგენს 107 608.95 ლარს, რაც უნდა დაექვემდებაროს შპს „G.D. ი.გ–ის“ სასარგებლოდ ანაზღაურებას. ხოლო, აღნიშნული მიწის ნაკვეთით სარგებლობის ყოველდღიური საფასური შეადგენს 6 552/30=218.4 ლარს.

14. მოპასუხის შესაგებელი

14.1. შპს „ე.თ.ე–იმ“ სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: მოპასუხე ეთანხმება იმ ფაქტს, რომ მოსარჩელემ ქონება შეიძინა აუქციონზე, მაგრამ არ ეთანხმება, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე არ იყო განთავსებული შენობა-ნაგებობა. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დანართი 1 (ამონარიდი სააუქციონო პირობებიდან) ნათლად ჩანს, რომ წითელი ხაზები გადის ზუსტად მოპასუხის საკუთრებაში არსებული ელექტრო ქვესადგურის მიჯნაზე და რომ მოსარჩელის მიერ ქონების შეძენამდე შენობა-ნაგებობა მყარად იყო დაკავშირებული მიწასთან და ვერ მოხდებოდა მისი ადგილმდებარეობის შეცვლა. მხოლოდ 2016 წლის ივლისში, როდესაც მოსარჩელემ მის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთი ს.კ .......... დაყო ორ მიწის ნაკვეთად და როდესაც აზომა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ს/კ ......... აღმოაჩინა, რომ 2013 წლის 18 ნოემბრის აუქციონზე მან შეისყიდა ნივთობრივად ნაკლული უძრავი ქონება.

14.2. მოსარჩელემ ნაცვლად იმისა, რომ პრეტენზიებით მიემართა გამყიდველისათვის და მოეთხოვა სადავო 24 კვ.მ მიწის ჩანაცვლება ან თანხის დაბრუნება რატომღაც ჩათვალა, რომ მოპასუხე ხელყოფს მის საკუთრებას და დაიწყო სამართლებრივი დავა.

14.3. მოპასუხე ეთანხმება იმ გარემოებას, რომ მიწის ნაკვეთი ......... რომელზეც განთავსებულია ელ. ქვესადგურის შენობა მოპასუხეს მისმა დამფუძნებელმა - სახელმწიფომ გადმოსცა მხოლოდ 2021 წლის ოქტომბერში, მაგრამ აღნიშნული შენობა და მასში განთავსებული ელ. ქვესადგური, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია კურორტ გუდაურისათვის ფუნქციონირებს 1987 წლიდან და ის ემსახურება საბაგირო გზებს. ხოლო, საბაგირო გზებს და ელ. ქვესადგურს მართავდა და ექსპლუატაციას უწევდა სახელმწიფოს ან მის მიერ შექმნილი საწარმო, რომელსაც წლების განმავლობაში, ფუნქციის უცვლელად ეცვლებოდა სახელი ან მმართველი ორგანო გუდაურის განვითარების სააგენტო, მთის კურორტების კომპანია და ა.შ.

14.4. მოპასუხის განმარტებით, სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებში მოყვანილი მიწის ნაკვეთი არასდროს გაუცია იჯარით და ცალკე აღებული ამონაწერები აუქციონთან დაკავშირებით ვერ იქნება გათვალისწინებული ზიანთან დაკავშირებით, ისევე როგორც მოპასუხის მიერ გაცემული საიჯარო ქონება. ხოლო, შპს „ს.ჯ.კ–ის“ მიერ 2023 წლის 14 ივნისს მომზადებული #265 და #266 დასკვნა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ფაქტობრივ გარემოებად, ვინაიდან არ ასახავს არსებულ სიტუაციას და აღნიშნული თანხა ფაქტობრივად 20-ჯერ მეტია ვიდრე მისი რეალური ღირებულება. თუმცა, მიუხედავად თანხის ოდენობისა, არ ეთანხმება მოსარჩელეს, რომ მისგან მიადგა რაიმე სახის ზიანი და მითუმეტეს ამით მიიღეს სარგებელი და გამდიდრდნენ.

15. მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით (1). შპს „G.D. ი.გ–ის" სარჩელი დაკმაყოფილდა; (2). შპს „ე.თ.ე-ს“ (ს/ნ .....) შპს „G.D. ი.გ–ის" (ს/ნ ........) სასარგებლოდ დაეკისრა 107 608.95 ლარი; (2.1). შპს „ე.თ.ე-ს“ შპს „G.D. ი.გ–ის" სასარგებლოდ დაეკისრა ყოველდღიურად 218.4 ლარის ანაზღაურება 2023 წლის 12 ოქტომბრიდან მიწის ნაკვეთიდან ს/კ ......... დაკავებული 24 კვ.მ-ის გამოთავისუფლებამდე. (3). შპს „ე.თ.ე-ს“ შპს „G.D. ი.გ–ის" სასარგებლოდ დაეკისრა აუდიტორული დასკვნის ხარჯის - 600 ლარისა და იურიდიული ხარჯის - 800 ლარის ოდენობით ანაზღაურება. (4). შპს „ე.თ.ე-ს“ შპს „G.D. ი.გ–ის" სასარგებლოდ დაეკისრა 3228.27 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ; (4.1). შპს „ე.თ.ე-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 1771,73 ლარის გადახდა.

16. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა

აღნიშნულ გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 26 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

18. საკასაციო საჩივარი

18.1. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

18.2. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, ზიანის ანაზღაურების ნაწილში მოპასუხემ დასაბუთებულად წარადგინა შესაგებელი. ასევე, არასათანადოდ შეფასდა მართლზომიერი და კეთილსინდისიერი მფლობელობის საკითხები.

18.3. კასატორის მითითებით, რადგან მიღებული სარგებლის უკან დაბრუნების ობიექტური შეუძლებლობა იკვეთება, ქონებრივი წონასწორობის აღდგენის მიზნით ხელმყოფს ეკისრება, რომ მის მიერ დაზოგილი სიკეთე (ქირის ოდენობა) აუნაზღაუროს მესაკუთრეს, რომელმაც ვერ მიიღო შესაბამისი სარგებელი. სააპელაციო პალატამ სსკ-ის 982-ე მუხლი არასწორად მიუსადაგა საქმის რეალურ ფაქტობრივ გარემოებებს. მოპასუხეს მოსარჩელის საკუთრების 1524 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან მხოლოდ 24 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ჰქონდა დაკავებული, რომელიც ტერიტორიის უკიდურეს ნაწილში მდებარეობს. დარჩენილი 1500 კვ. მ. -დან კი მოპასუხის მიერ არ გაქირავებულა მიწის ნაშთი. მოსარჩელე აღნიშნულ მიწას არ იყენებდა, თუმცა 24 კვ.მ. თან მიმართებით დაყენებულია არაგონივრულად მაღალი მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნა. თუ კი ზიანი გულისხმობს დაკავებული 24 კვ.მ. ის გაუქირავებლობით განცდილ ზიანს, მოსარჩელეს დღემდე არ გაუქირავებია აღნიშნული ტერიტორია, შესაბამისად, არ იღებდა ნაკვეთიდან ეკონომიკურ სარგებელს. ასევე, მოსარჩელის ის მითითება, რომ იჯარით აქვს მიწის ნაკვეთის ნაწილები გაცემული დაუდასტურებელია. მან გააქირავა შენობის კედლის ერთი მხარე, რომელიც სხვა მიწაზეა და არანაირ კავშირშია სადავო მიწასთან. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ მოსარჩელეს მოპასუხის გამო არ დაუკარგავს მოგების მიღების შესაძლებლობა.

18.4. მოსარჩელის რეალური სურვილია აღნიშნულ მიწაზე სამშენებლო ნებართვის მოპოვება, რის გამოც მისთვის საჭირო გახდა მოპასუხის მიერ დაკავებული მიწის გამოთავისუფლება. მოსარჩელემ წარადგინა სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან“ წარმოებული მიმოწერა, რომ გრგ-ის დამტკიცების მიუხედავად, ვერ ხერხდებოდა პროექტის აღსრულება, რის გამოც კომპანია იღებდა ზიანს, თუმცა, ეს მტკიცებულება არ არის ზიანის რეალური დამადასტურებელი მოწმობა. რეალურად, მოსაჩელესთვის მშენებლობის ნებართვა არ მიუციათ გარემოსთან შეუსაბამობის გამო. ამის მიუხედავად, სასამართლომ აღნიშნულ წარდგენილ მტკიცებულებებზე არ იმსჯელა.

18.5. ასევე, კასატორისთვის სადავოა აუდიტის დასკვნის საფუძველზე დადგენილი თვიური საიჯარო ქირის მთელ წელზე გაანგარიშების ფაქტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ დათვალა საიჯარო ქირა. აუდიტის დასკვნაში წლიური ქირის ოდენობის ნაცვლად მითითებულია მხოლოდ თვიური, ხოლო მოსარჩელემ წლიური ღირებულება მათი დაჯამებით მიიღო, რაც სასამართლომ უსაფუძვლოდ დააკმაყოფილა. ასევე, დასკვნაში ქირის ოდენობა სეზონურად, მხოლოდ ზამთრის პერიოდშია განსაზღვრული, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა. რეალურად კი, .......... სარგებლის მიღება მხოლოდ სეზონის პერიოდშია შესაძლებელი.

18.6. სასამართლო არ მსჯელობს კასატორის მიერ სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული სატრანსფორმატორო შენობის მართლზომიერად მფლობელობის ფაქტზე და უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ 1987 წლიდან სახელმწიფო კეთილსინდისიერად მართავდა აღნიშნულ სტრატეგიულ ობიექტს. ამიტომ, მოპასუხე არა თუ გამდიდრდა, არამედ განიცადა ზიანი ტრანსფორმატორის დემონტაჟის სახით დაკისრებული ვალდებულების გამო. ამასთან, აღნიშნული ტრანსფორმატორით დენი მიეწოდებოდა მოსარჩელესაც, შესაბამისად, იღებდა სარგებელს.

18.7. რეალურად, კასატორი არათუ გამდიდრდა, არამედ მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი, რადგან ტრანსფორმატორის დემონტაჟისა და სხვა ადგილას გადატანის ფასი 600 000 ლარზე მეტი იყო. შესაბამისად, მოპასუხის გამდიდრება არ დასტურდება წარდგენილი მტკიცებულებებით.

18.8. ამავდროულად, სასამართლოს უნდა ემსჯელა სსკ-ის 415-ე მუხლით გათვალისწინებულ თანაბრალეულობაზე. კერძოდ, მოსარჩელეს მითითებული ჰქონდა, რომ შეეძლო მოეთხოვა მოპასუხის მიერ მისაკუთრებული მიწის ჩანაცვლება, რა უფლებაც მან არ გამოიყენა, რადგან მოსარჩელემ იცოდა, რომ ეს გამოიწვევდა მის მატერიალურ ზიანს. ეს კი სცილდება კეთილსინდისიერების პრინციპს და უნდა შეფასდეს უფლების ბოროტად გამოყენებად.

19. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 5 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

20. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის გზით შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

21. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

23. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

27. საკასაციო პალატის კვლევის საგანია კონდიქციური ვალდებულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების შესახებ სააპელაციო პალატის მიერ მიღებული განჩინების მართლზომიერების კვლევა.

28. სსკ-ის 982-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.

29. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში განმარტებულია, რომ სსკ-ის 982-ე მუხლით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ, საქმე გვაქვს გამდიდრების გათანაბრებასთან. ამ შემთხვევაში ყურადსაღებია, რომ ხსენებული ნორმა მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებულ ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. აქედან გამომდინარე, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებულ ზიანში იგულისხმება, მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი ღირებულების ანაზღაურება, ანუ საქმე გვაქვს არა ზიანის ანაზღაურებასთან, არამედ გამდიდრების გათანაბრების შემთხვევასთან (სუსგ №ას-582-2025, 2.10.2025წ.).

30. ზიანის ანაზღაურების თაობაზე მხარეთა მოთხოვნის საფუძვლიანობის კვლევისას უნდა შეფასდეს სსკ-ის 982-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი შემდეგი ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა: მოსარჩელე უნდა იყოს სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე; მოპასუხე ნივთს უნდა ფლობდეს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე; ადგილი უნდა ჰქონდეს მოპასუხის გამდიდრებას მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისის ხარჯზე. მხოლოდ მითითებული გარემოებების გამოკვლევის შედეგად შეიძლება დასკვნის გამოტანა, არსებობს თუ არა საკუთრების განკარგვის შეუძლებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების/გამდიდრების გათანაბრების საფუძველი (სუსგ №ას-479-2020, 14.12.2021წ.).

31. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

32. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებულ უპირობო აუქციონზე 2013 წლის 18 ნოემბერს შპს „G.D. ი.გ–მა“ შეისყიდა დუშეთის რაიონში, სოფელ .......... მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 1577 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, უძრავი ქონება ს/კ 71.62.58.030, 2013 წლის 27 დეკემბერს დარეგისტრირდა კომპანიის საკუთრებად. საპრივატიზაციო პირობების თანახმად, შეძენილი მიწის ნაკვეთი არ ყოფილა დატვირთული არანაირი სანივთო ვალდებულებებით; საჯარო რეესტრის ამონაწერი ასევე არ შეიცავდა ჩანაწერს შეძენილ ქონებაზე მესამე პირის კუთვნილი შენობა-ნაგებობის ლეგალურად განთავსების თაობაზე; 2016 წლის 06 ივლისს განხორციელდა N......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დაიყო, რის შედეგადაც მიწის ნაკვეთი ს/კ ...... ასევე წარმოადგენს შპს „G.D. ი.გ–ის“ საკუთრებას. ასევე უდავო გარემოებაა, რომ დუშეთის რაიონის სოფელ .......... მდებარე მოპასუხე შპს „ე.თ.ე“-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ს/კ .......... განთავსებული სატრანსფორმატორო შენობა-ნაგებობის 24 კვ.მ. გადადის და ნაწილობრივ იჭრება მოსარჩლე შპს „G.D. ი.გ–ი“-ს სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთში.

33. სასარჩელო მოთხოვნის მთავარი არგუმენტი არის ის, რომ მოსარჩელეს 2010 წლიდან იჯარით აქვს უძრავი ქონების ნაწილი გაცემული, საიდანაც იღებს მოგებას და რადგან მიწის მდებარეობა მომგებიანია, მისთვის ცალსახაა, რომ კარგავს იმ საიჯარო აქტივს, რომელსაც მიიღებდა მოპასუხეს რომ არ ჰქონდეს დაკავებული ნაკვეთის ნაწილი. ეს კი მიწას აკარგვინებს ღირებულებას, რადგან ბაზრის მაღალი მოთხოვნის მიუხედავად იჯარაში მთლიანი მიწის გაცემას ზღუდავს მოპასუხის მიერ მიწის ნაწილის დაკავება. სწორედ ეს გარემოებები წარმოშობს მოსარჩელის აზრით ზიანის ანაზღაურების საფუძველს.

34. მოპასუხე გამორიცხავს მიუღებელი შემოსავლის არსებობის ფაქტს, რადგან სხვისი ქონებით არ გამდიდრებულია, არ მიუღია სარგებელი. ასევე, სწორედ სადავო მიწაზე განთავსებულია ელ. ქვესადგურის შენობა, რომელიც მოპასუხეს სახელმწიფომ გადასცა 2021 წელს. აღნიშნული შენობა სტრატეგიული მნიშვნელობისაა, ამიტომ მოსარჩელეს შეეძლო მოეთხოვა აღნიშნული სადავო მიწის ჩანაცვლება. მოპასუხე ასევე გამორიცხავს იჯარით მიწის მიღებას, რადგან არ ეთანხმება მოსარჩელის მიერ წარდგენილ დასკვნას, იმ არგუმენტით, რომ იჯარის ფასი 20-ჯერ აღემატება რეალურ ღირებულებას.

35. უდავოდაა დადგენილი, შპს „ე.თ.ე“-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული სატრანსფორმატორო შენობა-ნაგებობის 24 კვ.მ. გადადის და ნაწილობრივ იჭრება მოსარჩლე შპს „G.D. ი.გ“-ს სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთში.

36. საქმეში წარმოდგენილია მცხეთის რაიონული სასამართლოს დუშეთის მაგისტრატი სასამართლოს 2023 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც დასტურდება რომ მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე შპს „ე.თ.ე“-ს დაევალა დუშეთი მუნიციპალიტეტის სოფელ .......... მდებარე, შპს „G.D. ი.გ–ის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ №..........) განთავსებული შპს „ე.თ.ე“-ს კუთვნილი სატრანსფორმატორო შენობა-ნაგებობის დემონტაჟი და შპს „G.D. ი.გ“-სთვის კუთვნილი 24 კვ.მ. ფართობის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და აქვს პრეიუდიციული ძალა წინამდებარე საქმისთვის. შესაბამისად, დადგენილია, რომ სახეზეა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სადავო ნივთის ფლობის დადგენილი ფაქტი, რაც წარმოშობს სსკ-ის 982-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ წინაპირობას. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მისი მტკიცების გაქარწყლებისთვის კასატორის მიერ წარდგენილი არგუმენტი, რომ მოპასუხე არ გამდიდრებულა, არ მიუღია სარგებელი ვერ ჩაითვლება რელევანტურ შედავებად, რადგან ზიანის არსებობა არაა მხოლოდ და მხოლოდ დამოკიდებული ხელმყოფის რეალურ გამდიდრებაზე. გამდიდრება მათ შორის, გამოიხატება ფინანსური თუ სხვა სახის აქტივის სხვის ხარჯზე დაზოგვის შემთხვევაშიც.

37. სსკ-ის 982-ე მუხლის სამართლებრივი ბუნება და მისგან გამომდინარე შედეგები კავშირშია სსკ-ის 164-ე მუხლთან და მასში განმტკიცებულ სანივთო უფლებასთან: ნივთის მფლობელობისას მხოლოდ არაკეთილსინდისიერი მფლობელობა წარმოშობს უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის გამოყენების აუცილებლობას სსკ-ის 982-ე მუხლის საფუძველზე. „არაკეთილსინდისიერმა მფლობელმა უფლებამოსილ პირს უნდა დაუბრუნოს როგორც ნივთი, ასევე მიღებული სარგებელი, ნივთის ან უფლების ნაყოფი. მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს ის ნაყოფი, რომელიც მან ბრალეულად არ მიიღო. ნივთზე გაწეული ხარჯები და გაუმჯობესებანი მას შეუძლია მხოლოდ მაშინ მოითხოვოს, თუ მათ ნივთის უკან დაბრუნების მომენტისათვის უფლებამოსილი პირის გამდიდრება მოჰყვა შედეგად“. სსკ-ის 979-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, „უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით“... ხსენებული ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, „თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომარეობის გამო ან, თუ მიმღებს რაიმე მიზეზით არ შეუძლია საგნის უკან დაბრუნება, მაშინ მან უნდა აანაზღაუროს მისი საერთო ღირებულება. ღირებულება განისაზღვრება ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროის მიხედვით.“ ვინაიდან განსახილველ საქმეში სწორედ მიღებულის უკან დაბრუნების ობიექტური შეუძლებლობა იკვეთება, ქონებრივი წონასწორობის აღდგენის მიზნით ხელმყოფს (მოპასუხეს) ეკისრება, რომ მის მიერ დაზოგილი სიკეთე - მოცემულ შემთხვევაში დაზოგილი ქირა (რომელსაც იგი გადაიხდიდა, თუკი მესაკუთრესთან, ან სხვასთან, სამართალურთიერთობაში იქნებოდა) აუნაზღაუროს მესაკუთრეს, რომელმაც ვერ მიიღო შესაბამისი სარგებელი და განიცადა ქონებრივი დანაკლისი (იხ. სუსგ # ას-852-796-2017, 22.09.2017წ; სუსგ-ებს: # ას-472-448-2013,05.12.2013წ; # ას-308-293-2013, 30.05.2017წ; # ას-197-186-2017 -30.05.2017წ.).

38. საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ განცდილი ზიანის ანუ დაზოგილი სიმდიდრის (გამდიდრების) ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს. ზიანის ანაზღაურება, ანუ გამდიდრების გათანაბრება, უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას მოჰყვეს დარღვეული ქონებრივი ბალანსის აღდგენა (იხ: სუსგ Nას-307-291-2011; 24.10.2011წ.)

39. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიუთითებს შპს „ე.თ.ე-სა“ და შპს „ქ–ს“ შორის 2024 წლის 8 ნოემბერს დადებულ №591 ხელშეკრულებაზე, რომელიც ითვალისწინებს დაბა .......... მდებარე სატრანსფორმატორო ცენტრალური გამანაწილებელი პუნქტის რეკონსტუქცია-გადატანის სამუშაოებს 2/31-23 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომლის თანახმად, შპს „ე.თ.ე–ი“ არაკეთილსინდისიერად ფლობდა მოსარჩელის ქონებას, რაც 982-ე მუხლის შესაბამისად ქმნის მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის მიყენების გამო თანხის დაკისრების შესაძლებლობას.

40. ზიანის ოდენობის დადგენის ნაწილში, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მისი სამართლიანი ოდენობის განსაზღვრის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეზეა, რომელმაც უნდა დაასაბუთოს როგორი წესით მოხდება მისი დარღვეული უფლების აღდგენა.

41. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ წარმოადგინა შპს “ს.ჯ.კ–ის“ 2023 წლის 14 ივნისის N265 და N266 დასკვნები. აღნიშნულ დასკვნებს კასატორი არ იზიარებს და მიუთითებს, რომ მათში მითითებული იჯარის ღირებულება 20-ჯერ აღემატება რეალურ ფასს. აღნიშნულ მტკიცებას პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან შედავებულ ფაქტობრივ გარემოებას და შედავების არგუმენტს სჭირდებოდა შესაბამისი სახის მტკიცების სტანდარტის დაცვა, რაც კასატორმა ვერ უზრუნველყო. მართალია, ის უთითებს, რომ დასკვნაში იჯარის ფასი 20 ჯერ აღემატება რეალურ ფასებს, თუმცა შედავება მხოლოდ ზეპირსიტყვიერია, არ ახლავს თან არგუმენტის გამამყარებელი მტკიცებულება, რაც თავად არგუმენტს ხდის დაუსაბუთებელს. აღნიშნულის პარალელურად, დასაბუთდა, რომ შპს „ე.თ.ე–ი-სმა“ შპს „G.D. ი.გ–ის" საკუთრების უფლების ხელყოფის ხარჯზე უსაფუძვლოდ დაზოგა 107 608.95 ლარი; ასევე, შპს „ე.თ.ე-ს“ შპს „G.D. ი.გ–ის" სასარგებლოდ ყოველდღიურად 218.4 ლარის ანაზღაურება 2023 წლის 12 ოქტომბრიდან მოსარჩელის კუთვნილი ფართის სრულად გამოთავისუფლებამდე დაკისრება. რაც საკასაციო პალატის შეფასებით მართლზომიერად განხორციელდა სააპელაციო სასამართლოს მიერ და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

42. საბოლოოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივრის ფარგლებში კასატორმა ვერ შეძლო შესაბამისი დასაბუთების წარმოდგენა, თუ რატომ უნდა გაუქმდეს აღნიშნული განჩინება, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად დაადგინეს მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივად მართებულად გადაწყვიტეს საქმეში არსებული ყველა სადავო საკითხი, ასევე, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა, ამდენად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი და საკასაციო საჩივრები როგორც დაუშვებლები, უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ე.თ.ე–ი“-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. შპს „ე.თ.ე“-ს (ს.კ. ..........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი (საგადასახადო დავალება (მოთხოვნა) N02388; გადახდის თარიღი: 10.02.2026) 8000 ლარის 70% - 5600 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი