დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-1253-2025
24 აპრილი 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ა.ლ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - დ.კ–ი (მოპასუხე)
მესამე პირები - ზ.ლ–ი, გ.ძ–ი
დავის საგანი - უკანონო ხელშეშლის აღკვეთა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ა.ლ–მა (შემდეგში ტექსტში ხსენებული, როგორც „მოსარჩელე", „აპელანტი“, „კასატორი“,) სარჩელი აღძრა თელავის რაიონულ სასამართლოში, დ.კ–ის (შემდეგში ტექსტში ხსენებული, როგორც „მოპასუხე", „მოწინააღმდეგე მხარე“) მიმართ, უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით, კერძოდ, მოპასუხეს დაევალოს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე მდებარე ქ. თელავი, .......... საკადასტრო კოდი .........აშენებული მყარი ნაგებობის-ბლოკის კედლის (სიმაღლე 2 მეტრა, სიგრძე 14,5) ნაწილის კერძოდ, მაღაზიის კედლის ბოლოდან ბაღის კედლამდე 8.20 მეტრი სიგრძის ბლოკის დემონტაჟი.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1 თელავის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით, ა.ლ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3.2 აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა.ლ–მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ივლისის განჩინებით, ა.ლ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება.
4.2 სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები:
4.2.1 მოსარჩელის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ს/კ №.......) და მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ს/კ №..........) ერთმანეთის მომიჯნავეა.
4.2.2 დადგენილია ისიც, რომ მოდავე მხარეთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს შორის არსებული სასაზღვრო მიჯნა გავლებულია არასწორად.
4.2.3 ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 15 სექტემბრის დასკვნის (ექსპერტიზის დასკვნის N006531021) თანახმად, ქ. თელავში, ............ მდებარე N .......... და N ....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს შორის არსებული ფაქტობრივი საზღვარი (ღობე) არ შეესაბამება ამავე მიწის ნაკვეთებს შორის არსებულ რეგისტრირებულ საზღვარს (წითელ ხაზს).
4.2.4 აღსრულების ეროვნული ბიუროს ფაქტების კონსტატაციის შესახებ ოქმის თანახმად, 2022 წლის 29 დეკემბრის მდგომარეობით, საკადასტრო კოდზე ......... მდებარეობს საცხოვრებელი სახლი და რამდენიმე დამხმარე ნაგებობა, რომელთა კუთვნილი ეზოც შემოსაზღვრულია ბლოკით ნაგები მყარი მიჯნით.
4.3 სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მშენებლობის დროს, განზრახვის გარეშე გადასცდა მეზობელი ნაკვეთის საზღვრებს, მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრემ ეს უნდა ითმინოს.
4.4 სააპელაციო პალატამ, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე განმარტა, რომ მოსარჩელისა და მოპასუხის მიწის ნაკვეთებს შორის რეალურად არსებობდა ფაქტობრივი საზღვარი, რომელიც ნაწილობრივ ბეტონით იყო ამოშენებული და ზემოთ ე.წ. მავთულის ბადით გრძელდებოდა, რაც მხარეებისათვის წარმოადგენდა ღობეს, რომელიც ფაქტობრივად მიჯნავდა მათ მფლობელობაში არსებულ ფართებს. მოპასუხემ უკვე არსებულ ბეტონის საზღვარზე ამოაშენა და აამაღლა სადავო კედელი (ღობე), რაც მისი განმარტებით, განპირობებული იყო მისი საკუთრების უფლების დაცვის საჭიროებიდან გამომდინარე. ამდენად, პალატამ სსკ-ის 179-ე მუხლის პირველ ნაწილზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ არ დასტურდებოდა მოპასუხის მიერ მშენებლობის დროს მოსარჩელის მიწის ნაკვეთის საზღვრების განზრახ გადაცდენა.
4.5 შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს არ შეიძლება მოეთხოვოს ხელშეშლის აღკვეთა/დემონტაჟი, რადგანაც საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების დარღვევაში მოპასუხის განზრახვა არ დასტურდება.
5. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
5.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ივლისის განჩინება, საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5.2 კასატორის განმარტებით, მოპასუხე დ.კ–მა N......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებული N2 არასაცხოვრებელი 12.38კვ.მ ფართის შენობა დაანგრია და ააშენა 27.68 კვ.მ ფართის შენობა. შენობა, რომელიც სცილდება აღნიშნული მიწის საზღვრებს და ნახევარი მეტრით მთელ სიგრძეზე გადასულია კასატორის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. კასატორმა, 2021 წლის სექტემბერში მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო - ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს. ბიუროს დასკვნა გააცნო დ.კ–ს და გააფრთხილა, რომ მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აღარ გაეგრძელებინა მყარი კედლის მშენებლობა, რომელიც ასრულებდა სანიაღვრე ფუნქციას, წვიმის დროს ბაღიდან წამოსული წყლისთვის. სთხოვა რომ მშენებლობა გაეგრძელებინა წითელი ხაზის საზღვრებში. მიუხედავად ამისა, დ.კ–მა ერთი წლის შემდეგ დაიწყო კასატორის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მყარი ბლოკის კედლის მშენებლობა. აღნიშნული დასტურდება საქმეში წარმოდგენილი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 08 სექტემბრის წერილით და საპატრულო პოლიციის 2022 წლის 28 ოქტომბრის რეაგირების ოქმით. დ.კ–ის მხრიდან გამუდმებით გრძელდებოდა კასატორის საკუთრების ხელყოფა, რაზედაც გამუდმებით ჰქონდა რეაგირება კასატორს, მიმართავდა სამართლებრივ ღონისძიებებს.
5.3 კასატორის განმარტებით, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილი და სადავო საკითხი არ უნდა განეხილა სამეზობლო დავის ფარგლებში.
6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 04 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნას წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
11. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში.
12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურ სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
13. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.
14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 170-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლითაც განმტკიცებულია საკუთრების უფლების არსი და ნორმაში გადმოცემულია ის ელემენტები, რომლებიც ქმნის საკუთრების უფლების შინაარსს „მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას“. სსკ-ის 172.2 მუხლის მიხედვით კი, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე,მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ნივთებით, არ დაუშვას მე-3 პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. მესაკუთრეს შეუძლია განახორციელოს პოზიტიური უფლებამოსილებანი, ან ნეგატიური - გამორიცხოს ნებისმიერი მესამე პირის მიერ ქონებით სარგებლობა.
15. განსახილველ შემთხვევაში, დავის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული დავა სამეზობლო სამართლის მოწესრიგების სფეროს განეკუთვნება. ზოგადად, სამეზობლო სამართალი სანივთო სამართლის ნაწილია და ამ ნორმათა მიზანია მეზობლებს შორის არსებული დავების გადაჭრა და მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფა. სამეზობლო სამართლის ნორმებით დგინდება მეზობელ მიწის ნაკვეთსა ან სხვა უძრავ ქონებაზე დასაშვები ზემოქმედების ფარგლები, „მეზობელი მესაკუთრის“ ვალდებულება. მეზობელი უძრავი ქონების მესაკუთრეებს შორის მრავალგვარი კონფლიქტი შეიძლება არსებობდეს, თუმცა, სამეზობლო სამართლის ნორმებში თავმოყრილია მხოლოდ კანონმდებლის მიერ მოსაწესრიგებლად მიჩნეული საკითხები. პრაქტიკაში გავრცელებულია სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის, დაუშვებელი ხელყოფის, სხვისი მიწის ნაკვეთზე გადასვლის შემთხვევებთან დაკავშირებული დავები (იხ., თამარ ზარანდია „სანივთო სამართალი“ , თბილისი, 2019 წელი, გვ. 263).
16. ამასთან, ხდება ისეც, რომ მშენებლობის დროს მიწის ნაკვეთებს შორის არსებული საზღვრის დარღვევას აქვს ადგილი. სსკ-ის 179-ე მუხლი ( ნორმის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მშენებლობის დროს განზრახვის გარეშე გადასცდა მეზობელი ნაკვეთის საზღვრებს, მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრემ ეს უნდა ითმინოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამის წინააღმდეგ წინასწარ ან შეტყობისთანავე განაცხადა) ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მშენებელობის დროს განზრახვის გარეშე გადასცდა მეზობელი ნაკვეთის საზღვარს. საკვანძო საკითხი ამ დროს არის ის, თუ როგორ მოხდა საზღვრის გადაცდენა: განზრახი თუ გაუფრთხილებელი მოქმედების შედეგად. თუ საზღვრის გადასვლა მოხდა განზრახ, მესაკუთრეს შეუძლია დაეყრდნოს 172.2 მუხლს და მოითხოვოს დემონტაჟი. თუ საზღვრის გადაცდენა მოხდა განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის გარეშე, რადგან ამ შემთხვევაში სახეზეა მეორე მხარის ეკონომიკური ინტერესი, კანონმდებლობა ავალდებულებს მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრეს, ითმინოს მისი მიწის ნაკვეთზე ეს ზემოქმედება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამის წინააღმდეგ წინაწარ ან შეტყობისთანავე განაცხადა. საზღვრის დარღვევა, თუკი ასეთს აქვს ადგილი ადვილად შესამჩნევი ხდება მეზობელი მესაკუთრისთვის. სწორედ ამიტომ კანონმდებლობა იმ მესაკუთრისაგან, რომლისათვისაც მნიშვნელოვანია, რომ მისი მიწის ნაკვეთზე არ ჰქონდეს ადგილი მსგავს ზემოქმედებას, მოითხოვს საზღვრის დარღვევის შესახებ მეორე მხარის დაუყოვნებლივ ინფორმირებას შეტყობისთანავე - იმ მომენტში, როგორც კი აღნიშნული მისთვის ცნობილი გახდა. თუკი მესაკუთრემ არა განახორციელა ეს მოქმედება, შემდგომ იგი კარგავს მისი მიწის ნაკევთზე არსებული კონსტრუქციის დემონტაჟის მოთხოვნის უფლებას (იხ., თამარ ზარანდია „სანივთო სამართალი“, თბილისი, 2019 წელი, გვ. 275) (იხ. სუსგ 8.04.2021წ. საქმე №ას-1065-2020).
17.საკასაციო პალატა იზიარებს პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების შეფასებებსა და დასკვნას, რომ საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათებით (შედარებისთვის მათ შორის იხ. №1 და №2 ფოტოსურათი, ძველი და ახალი მდგომარეობა), მოწმის ჩვენებითა და 2021 წლის სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ექსპეტიზის დასკვნით (იხ. ტომი I, ს.ფ. 23-30), ადგილის დათვალიერების ოქმით (იხ. ტომი 1 ს.ფ. 135) დასტურდება, მოსარჩელესა და მოპასუხის მიწის ნაკვეთებს შორის ფაქტობრივი საზღვრის არსებობა, რომელიც ნაწილობრივ ბეტონით იყო ამოშენებული და ზემოთ ე.წ. მავთულის ბადით გრძელდებოდა, რაც მოსარჩელესა და მოპასუხისთვის წარმოადგენდა სწორედ გამყოფ ღობეს, რომელიც ფაქტობრივად მიჯნავდა მათ მფლობელობაში არსებულ ფართებს. მოპასუხემ სწორედ ზემოაღნიშნულ, უკვე არსებულ ბეტონის საზღვარზე ამოაშენა და აამაღლა სადავო კედელი (ღობე), რადგან მავთულბადე ვერ იცავდა მის საკუთრებას. მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით კი, მოცემულ საქმეზე არ დასტურდება მოპასუხის განზრახვა კედლის მშენებლობის დროს საზღვრის გადაკვეთის. საქმეზე დასტურდება, რომ მხარეთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი მფლობელობა დარჩა ისეთივე, როგორც იყო წლების წინ.
18. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, სადაც იგი მიუთითებს - 15.09.2021 წლის ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ მოპასუხე მხარის მიერ განხორციელებული მშენებლობის შედეგად დაირღვა დადგენილი საზღვარი და მოპასუხეს ეცნობა, რომ მშენებლობა უნდა ეწარმოებინა თავის საზღვრებში, საკასაციო პალატა კვლავ მიუთითებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 15 სექტემბრის დასკვნაზე, რომლის (ექსპერტიზის დასკვნის N006531021) თანახმად, ქ. თელავში, ........... მდებარე N......... და N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს შორის არსებული ფაქტობრივი საზღვარი (ღობე) არ შეესაბამება ამავე მიწის ნაკვეთებს შორის არსებულ რეგისტრირებულ საზღვარს (წითელ ხაზს). აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით არ დასტურდება კასატორის მიერ მითითებული გარემოებები და არც სარჩელშია აღნიშნული(იხ.ექსპერტიზის დასკვნა,ტ.I,ს.ფ.26 და სარჩელი ტ.I,ს.ფ.3-9). კასატორის არგუმენტაცია აღნიშნულ ნაწილში მოკლებულია სათანადო დასაბუთებას და ვერ იქნება გაზიარებული.
19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხარეთა მიერ მათი მოთხოვნების დასასაბუთებლად და მითითებული ფაქტების დასამტკიცებლად საჭირო მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას, რომლის შესაბამისად, მხარეებს მტკიცებულებათა წარდგენა შეუძლიათ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შესაბამისი წესების დაცვით. საქმის მომზადების დასრულების შემდეგ, საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე მხარეები შეზღუდულნი არიან, ახსნა-განმარტებების მოსმენისას, წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო გაცხადებული. იგივე წესი მოქმედებს სააპელაციო/საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, სადაც ახალი ფაქტების მითითება და ახალი მტკიცებულებების დაშვება მხოლოდ კანონით მკაცრად განსაზღვრული საპატიო გარემოებების არსებობის შემთხვევაშია შესაძლებელი (სსსკ-ის 380-ე მუხლი).
20. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
21. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა სსკ-ის 179-ე მუხლის პირველ ნაწილზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელემ, რომლის მიწის ნაკვეთის საზღვრებს განზრახვის გარეშე გადასცდა მეზობელი, მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მშენებლობის დროს, ამის წინააღმდეგ წინასწარ ან შეწყობინებისთანავე განაცხადა პრეტენზია. ამასთან, მოსარჩელემ ვერ შეძლო ემტკიცებინა, რომ მომიჯნავე ქონების მესაკუთრე მოპასუხემ განზრახ დაარღვია მოსარჩელის უძრავი ქონების საზღვრები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა კასატორის სამეზობლო თმენის ვალდებულებასთან დაკავშირებით.
22. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად, რის საფუძველზეც, საკასაციო პალატამ უპასუხა, კასატორის მხოლოდ ძირითად არგუმენტებს (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
23. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
24. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
26. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი -150 ლარის 70% - 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.ლ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ი/მ ნ.კ–ძის მიერ, საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით, სს „თიბისი ბანკში“, 18/11/2025წ., N1763448096 საგადასახადო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% - 105 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი