დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 06.05.2026
საქმის ნომერი
ას-592-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-592-2025 6 მაისი, 2026 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – თ.გ–ძე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.ჯ–ი (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში - მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – განქორწინება, არასრულწლოვან ბავშვებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა (ძირითად სარჩელში), ალიმენტისა და დამატებითი ხარჯის დაკისრება (შეგებებული სარჩელით)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ.გ–ძე (შემდგომ - მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი, კერძო საჩივრის ავტორი) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 მარტის განჩინებას, რომლითაც მისი სააპელაციო საჩივარი ი.ჯ–ის (შემდგომ - მოსარჩელე) მიმართ დარჩა განუხილველად ხარვეზის გამოუსწორებლობის.

2. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ აპელანტმა იშუამდგომლა სააპელაციო სასამართლოს წინაშე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან მისი გადახდის გადავადების შესახებ, თუმცა სააპელაციო პალატამ იმსჯელა მხოლოდ გადავადების შესახებ და არ გაითვალისწინა, რომ აპელანტს სახელმიფო ბაჟის სრულად გადახდის შესაძლებლობა არ გააჩნდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

3. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

4. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

5. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება.

6. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ სააპელაციო პალატის 2025 წლის 12 თებერვლის განჩინებით მოპასუხეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, რომლის შესავსებად განესაზღვრა 10-დღიანი ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან და დაევალა სახელმწიფო ბაჟის 1221.6 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა, საიდანაც 150 ლარი დაეკისრა აპელანტს განქორწინების მოთხოვნის ნაწილში, 150 ლარი არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის ნაწილში, ხოლო 921.6 ლარი ხარჯების ნაწილში.

7. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტმა წარადგინა სახელმწიფო ბაჟის სახით 300 ლარის გადახდის ქვითრის დედანი და მოითხოვა დანარჩენ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი გადახდის გადავადება (იხ. 19.02.2026წ. რეგისტრირებული განცხადება).

8. სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 21 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან გადავადების შესახებ. აპელანტს ხარვეზის შესავსებად ვადა 10 დღით გაუგრძელდა და დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანის ან მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა. განჩინება 2026 წლის 24 თებერვალს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელს, თუმცა ამ უკანასკნელს რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.

9. სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 17 მარტის გასაჩივრებული განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ იქნა მიღებული წარმოებაში, ხოლო ხარვეზის შეუვსებლობის გამო ერთ ნაწილში დარჩა განუხილველად.

10. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის პოზიციას და განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში მოქმედი დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) პრინციპების გათვალისწინებით, დავის მიმდინარეობა და მტკიცებულებათა წარდგენა მხარეთა კომპეტენციაა, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ მათი პოზიციებისა და წარმოდგენილი მასალების საფუძველზე.

11. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროცესუალური უფლებებისა და ვალდებულებების რეალიზაცია დამოკიდებულია მხარეთა აქტიურობაზე და პროცესში სათანადო ჩართულობაზე. როდესაც მხარეს კანონით ან სასამართლოს მიერ განესაზღვრება ვადა კონკრეტული პროცესუალური მოქმედების შესასრულებლად (მათ შორის ხარვეზის აღმოსაფხვრელად), იგი ვალდებულია იმოქმედოს დადგენილ ვადაში. ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში კი მხარეს ეკისრება ვალდებულება, ვადის ამოწურვამდე მიმართოს სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით და დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა წარმოადგენს პროცესუალურ უმოქმედობას და იწვევს კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგს, მათ შორის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას.

12. განსახილველ საქმეზე დგინდება, რომ, ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინების ჩაბარების მიუხედავად, აპელანტს პალატისათვის არანაირი სახით, მათ შორის, რაიმე შუამდგომლობით არ მიუმართავს, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერი წინაპირობაა.

13. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ.გ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე

ბადრი შონია