დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-393-2026
18 მაისი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – შპს ,,დ–ე'', ი.ც–ა, ზ.ჭ–ძე, ლ.ს–ია, დ.ჭ–ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,გ–ია'' (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
შპს ,,გ–იას'' წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს ,,დ–ეს'', ი.ც–ას, ზ.ჭ–ძის, ლ.ს–იასა და დ.ჭ–ძის მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს ,,დ–ეს“, ი.ც–ას, ზ.ჭ–ძეს, ლ.ს–იას და დ.ჭ–ძეს, შპს ,,გ–იას“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ ძირითადი დავალიანების - 90 050.85 ლარის და პირგასამტეხლოს - 1000 ლარის გადახდა; შპს ,,გ–იას“ უარი ეთქვა პირგასამტეხლოს სახით 25 610 ლარის დაკისრებაზე; შპს ,,დ–ეს“, ი.ც–ას, ზ.ჭ–ძეს, ლ.ს–იას და დ.ჭ–ძეს, შპს ,,გ–იას“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის 2731.52 ლარის და ადვოკატის მომსახურების ხარჯის 2000 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 დეკემბრის განჩინებით შპს ,,დ–ეს'', ლ.ს–იას, ი.ც–ას, ზ.ჭ–ძისა და დ.ჭ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 25 მარტის განჩინებით შპს ,,დ–ე'', ი.ც–ას, ლ.ს–იას, დ.ჭ–ძეს დაევალათ მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ'', „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი დედნის სახით; ბ) მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ან სახელმწიფო ბაჟის - დავის საგნის ღირებულების 5%-ის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, ხოლო კასატორ - ზ.ჭ–ძეს დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინონ მის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი დედანის სახით ან დ.ხ–ის სახელზე გაცემული, სსსკ-ის 98-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი და სათანადო წესით დამოწმებული, ვადაში მოქმედი მინდობილობა, საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებით, დედნის სახით ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი.
ზემოაღნიშნული განჩინება კასატორების შპს ,,დ–ეს'', ი.ც–ას, ლ.ს–იას, დ.ჭ–ძის წარმომადგენელს დ.ხ–ს გაეგზავნა 2026 წლის 26 მარტს და ჩაბარდა პირადად 2026 წლის 30 მარტს, ხოლო რაც შეეხება კასატორ - ზ.ჭ–ძეს, სასამართლო გზავნილი ორჯერ გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე: თბილისი, .........., ასევე გაეგზავნა საქმეში არსებულ სხვა მისამართზე: ქ. ........, თუმცა ადრესატისთვის გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო, მოცემული საქმის მასალების შესწავლის შედეგად განმარტავს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2026 წლის 25 მარტის განჩინებით შპს ,,დ–ე'', ი.ც–ას, ლ.ს–იას, დ.ჭ–ძეს დაევალათ მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ'', „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი დედნის სახით და მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ან სახელმწიფო ბაჟის - დავის საგნის ღირებულების 5%-ის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, ხოლო კასატორ - ზ.ჭ–ძეს დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა მის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი დედანის სახით ან დ.ხ–ის სახელზე გაცემული, სსსკ-ის 98-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი და სათანადო წესით დამოწმებული, ვადაში მოქმედი მინდობილობა, საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებით, დედნის სახით ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება კასატორების - შპს ,,დ–ეს'', ი.ც–ას, ლ.ს–იას, დ.ჭ–ძის წარმომადგენელს დ.ხ–ს გაეგზავნა 2026 წლის 26 მარტს და ჩაბარდა პირადად 2026 წლის 30 მარტს, ხოლო კასატორ - ზ.ჭ–ძეს აღნიშნული განჩინება ორჯერ გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით საკასაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე: თბილისი, ........., თუმცა ადრესატისთვის გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა. კორესპოდენციის ჩაუბარებლობის მიზეზად შეტყობინების ბარათებში პირველ შემთხვევაში აღნიშნულია: ,,სადარბაზოს კარები კოდირებულია, დავტოვე შეტყობინება'' (იხ. ტ. 2, ს.ფ. 164), ხოლო მეორე შემთხვევაში - არ ცხოვრობს (იხ. ტ. 2, ს.ფ. 166). აღნიშნულიდან გამომდინარე, ხარვეზის შესახებ განჩინება ასევე გაგზავნილ იქნა საქმეში არსებულ, სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე: ქ. თბილისი, ......... მიუხედავად ამისა, ადრესატისთვის გზავნილის ჩაბარება მაინც ვერ მოხერხდა. კორესპოდენციის ჩაუბარებლობის მიზეზად შეტყობინების ბარათში მითითებული, რომ მისამართი არასწორია, ფანასკერტელზე ამ ნომერაციით კორპუსი არ არის (იხ. ტ. 2, ს.ფ. 168).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე. ამავე კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან კასატორს ზ.ჭ–ძეს განჩინება გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, ხოლო გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა, საკასაციო სასამართლო ზ.ჭ–ძისათვის ხარვეზის განჩინებას ჩაბარებულად მიიჩნევს განმეორებით გაგზავნილი უწყების ჩაუბარებლობის დამადასტურებელ საფოსტო გზავნილში კურიერის მიერ მითითებულ დროს - 2026 წლის 01 მაისს (იხ. ტ. 2, ს.ფ. 168).
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ათდღიანი ვადის დენა კასატორებისათვის - შპს ,,დ–ესთვის'', ი.ც–ასთვის, ლ.ს–იასთვის და დ.ჭ–ძისთვის დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2026 წლის 31 მარტს და ამოიწურა 2026 წლის 14 აპრილს (ვინაიდან ვადის უკანასკნელი დღე დაემთხვა უქმე და დასვენების დღეს, კერძოდ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და შაბათ-კვირას, ამიტომ ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე - 14 აპრილი; იხ. სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლები), ხოლო რაც შეეხება კასატორ - ზ.ჭ–ძეს, ხარვეზის აღმოფხვრის ვადის დენა დაიწყო 2026 წლის 02 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 11 მაისს.
დადგენილია, რომ კასატორებს და არც მათ წარმომადგენელს სასამართლოსთვის განსაზღვრულ ვადაში არ წარმოუდგენიათ არც ხარვეზის შევსებისთვის აუცილებელი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები, არც რაიმე სახის შუამდგომლობა.
სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-119-2022, 03.02.2022წ.; №ას-1133-2021, 29.11.2021). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით უზრუნველყოფილი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება გარკვეულ ლეგიტიმურ შეზღუდვებს ექვემდებარებოდეს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. მითითებული ნორმა თანაბრად ვრცელდება როგორც პირველი ინსტანციის, ისე ამ ინსტანციის გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრების უფლებაზე. სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ მაგალითს საპროცესო ვადა წარმოადგენს, კერძოდ, სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის. სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას უშვებს საერთაშორისო პრაქტიკაც. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, გვ, 20, §57, 28 მაისი, 1985 წელი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,დ–ეს'', ი.ც–ას, ზ.ჭ–ძის, ლ.ს–იას და დ.ჭ–ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 408.3-ე, 63-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს ,,დ–ეს'', ი.ც–ას, ზ.ჭ–ძის, ლ.ს–იას და დ.ჭ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: მიხეილ ჯინჯოლია