დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 22.05.2026
საქმის ნომერი
ას-898-838-2017
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-898-838-2017 22 მაისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნიკოლოზ მარსაგიშვილი (თავმჯდომარე),გოჩა ჯეირანაშვილი (მომხსენებელი), ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – ვ.ფ–ი, მ.კ–ვა, ტ.შ–ძე, მ.ბ–ი, რ.ბ–ი და დ.ყ–ია (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.ყ–ია“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მაისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მაისის განჩინებით რ.ბ–ის, დ.ყ–იას, ვ.ფ–ის, მ.ბ–ის, ტ.შ–ძისა და მ.კ––ვას (შემდგომში - „მოპასუხეები“ ან „კასატორები“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ა.ყ–იას“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „მოსარჩელე კომპანია“) სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა და დადგინდა, რომ მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისში, ........, ნაკვეთი .... (ს/კ .......) და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრე მოსარჩელეს.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. საჯარო რეესტრის მონაცემებით, უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ........., ნაკვეთი ... (ს/კ ........) მესაკუთრეა მოსარჩელე კომპანია;

2.2. რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №2183, დამოწმებული 13/05/2013წ, ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქონების მართვის სააგენტოს მიერ; აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (ადმინისტრაციული დაპირება) NE-11-6122, დამოწმებული 02/11/2012წ, ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქონების მართვის სააგენტოს მიერ;

2.3. უძრავ ქონებას, მდებარე ქ. თბილისში, ........, ნაკვეთი ... (ს/კ ........) ფაქტობრივად ფლობენ მოპასუხეები.

3. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხე მხარე აღნიშნულ მიწის ნაკვეთს თვითნებურად დაეუფლა მანამ, სანამ მას სახელმწიფო გაასხვისებდა მოსარჩელეზე. მოპასუხის აზრით, ის წარმოადგენს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის სუბიექტს და გააჩნია კანონიერი ინტერესი აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე იღიაროს საკუთრების უფლება.

4. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 170-ე მუხლით და აღნიშნა, რომ მოპასუხე მხარის მიერ თვითნებურად დაკავებული მიწა სახელმწიფომ გაასხვისა სხვა პირზე, ამავე დროს, სახეზე არ იყო „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მოპასუხის მესაკუთრედ აღიარება, ასევე, საქმის მასალებით არ დგინდებოდა რაიმე სახით სადავო მიწაზე მოპასუხის მართლზომიერი მფლობელობა. სასამართლოს მოსაზრებით, სადავო მიწის ნაკვეთის განკარგვის კანონიერების საკითხზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით დავის მიმდინარეობა მოპასუხე მხარეს ავტომატურად არ ანიჭებდა მართლზომიერი მფლობელის სტატუსს. ამდენად, იმ შემთხვევაში, როდესაც კანონიერი მესაკუთრის უფლებები, თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს ან განკარგავდეს ქონებას, უსაფუძვლოდ შეზღუდული იყო, ამ უკანასკნელს შეეძლო მოეთხოვა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა უფლების დაცვის ვინდიკაციური სარჩელის გზით, რაც განმტკიცებულია სსკ-ის 172.1 მუხლში.

5. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე მხარემ, როგორც სადავო ქონების კანონიერმა მესაკუთრემ, დაამტკიცა უფლებამოსილება იდავოს საკუთრების უფლების თავისუფლად რეალიზაციისათვის და არ დაუშვას მისი უსაფუძვლოდ შეზღუდვა, ამავე დროს, მოპასუხე მხარემ ვერ დაამტკიცა სადავო ქონებაზე უპირატესი საკუთრების უფლების კანონიერი შეზღუდვა მის სასარგებლოდ, ამდენად, პალატამ მოპასუხე მხარე მიიჩნია ქონების არამართლზომიერ მფლობელად, რომელსაც არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი სადავო ქონებაზე.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ივლისის განჩინებით მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამასთან, ამავე განჩინებით მოპასუხეთა შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა და მოცემულ საკასაციო საჩივარზე შეჩერდა საქმის წარმოება ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2013 წლის 13 მაისის №2183 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 2 ნოემბრის №E-11-6122 აუქციონში გამარჯვების ოქმისა და ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ ქ.თბილისის მთავრობის 2012 წლის 13 სექტემბრის №23.25.913 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე, ვ.ფ–ის მიერ აღძრულ ადმინისტრაციულ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 13 მარტის განჩინებით მოსარჩელე კომპანიის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და წინამდებარე სამოქალაქო საქმეზე განახლდა საქმის წარმოება მოპასუხეთა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ვ.ფ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და აღნიშნული განჩინება შევიდა კანონიერ ძალაში, შესაბამისად, აღარ არსებობდა მოცემული საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

9. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

10. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

11. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

12. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია სსკ-ის 172.1. მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა [სსკ-ის 170.1 მუხლი: მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. 172.1 მუხლი: მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება]. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

13. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით, უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ........, ნაკვეთი 04/... (ს/კ ......) მესაკუთრეა მოსარჩელე კომპანია; უძრავ ქონებას, მდებარე ქ. თბილისში, ........, ნაკვეთი 04/... (ს/კ .......) ფაქტობრივად ფლობენ მოპასუხეები (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1. და 2.3 ქვეპუნქტები).

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო საქმის წარმოება მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე ხორციელდება [სსსკ-ის 4.1. მუხლი: სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები]. აღნიშნული პრინციპის რეალიზება მოდავე მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის სწორი განაწილების პირობებშია შესაძლებელი.

15. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით [სსსკ-ის 102-ე მუხლი].

16. მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოპასუხის მხოლოდ ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

17. დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (იხ. ტ. 1, ს. ფ. 16), რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. დადგენილია, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №2183, დამოწმებული 13/05/2013წ, ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქონების მართვის სააგენტოს მიერ; აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (ადმინისტრაციული დაპირება) NE-11-6122, დამოწმებული 02/11/2012წ, ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქონების მართვის სააგენტოს მიერ (იხ. წინამდებარე განჩინების 2.2 ქვეპუნქტი); ამასთან, საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე აღმოფხვრილია საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი და საქმეში წარმოდგენილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინება, რომლითაც ვ.ფ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც ვ.ფ–ის სარჩელი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2013 წლის 13 მაისის №2183 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 2 ნოემბრის №E-11-6122 აუქციონში გამარჯვების ოქმისა და ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ ქ.თბილისის მთავრობის 2012 წლის 13 სექტემბრის №23.25.913 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

18. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერების დამადასტურებელი რაიმე რელევანტური და სათანადო მტკიცებულება. ამდენად, მესაკუთრე უფლებამოსილია მოპასუხეებისგან მოითხოვოს უძრავი ნივთის დაბრუნება.

19. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. მან ასევე უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძოსამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას და, შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33).

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

21. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ვ.ფ–ის, მ.კ––ვას, ტ.შ–ძის, მ.ბ–ის, რ.ბ–ისა და დ.ყ–იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორებს ვ.ფ–ს (პ/ნ: ........), მ.კ––ვას (პ/ნ: .......), ტ.შ–ძეს (პ/ნ: ........), მ.ბ–ს (პ/ნ: .........), რ.ბ–სა (პ/ნ: .........) და დ.ყ–იას (პ/ნ: ..........) დაუბრუნდეთ დ. ფ–ის მიერ 2017 წლის 24 ივლისს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. მარსაგიშვილი

მოსამართლეები: გ. ჯეირანაშვილი

ლ. ქოჩიაშვილი