დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-1300-2020
7 მაისი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლევან ნემსაძე,არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – ლ.რ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,თ–ი" (მოპასუხე)
განმცხადებლის მოთხოვნა – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ.რ–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სს „თ–ის“ გენერალური დირექტორის 2016 წლის 1 მარტის #კ-172 ბრძანება ლ.რ–ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; მოპასუხე სს „თ–ს“ მოსარჩელე ლ.რ–ის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 27 360 ლარის (ხელზე ასაღები) ანაზღაურება.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ივლისის განჩინებით მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინებით ლ.რ–ისა და სს „თ–ის“ საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 6 მარტის განჩინებით ლ.რ–ის განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინება და ლ.რ–ისა და სს "თ–ის" საკასაციო საჩივრების წარმოებაში მიღების ეტაპიდან განახლდა საქმის წარმოება; სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა; განახლდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ივლისის განჩინებით შეჩერებული, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, განცხადების განხილვა; ლ.რ–ის განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, დარჩა განუხილველად.
5. ლ.რ–მა, 2026 წლის 1 აპრილს, განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოითხოვა. ლ.რ–მა მოითხოვა, სს „თ–ს“ აეკრძალოს საწარმოო საქმიანობის ანალიზის ექსპერტის თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნა, გარდა მოვალეობის შემსრულებლისა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 2 აპრილის განჩინებით ლ.რ–ის განცხადება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
7. ლ.რ–მა, 2026 წლის 28 აპრილს, განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოითხოვა. განმცხადებლის განმარტებით, მისი ინტერესი სამსახურში იმავე ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენაა. ლ.რ–მა აღნიშნა, რომ სს „თ–მა“ საჯარო სივრცეში გამოაქვეყნა შრომის დაცვისა და სახანძრო უსაფრთხოების სამსახურის მთავარი სპეციალისტის ვაკანსია (განცხადებას თან ერთვის ამონაბეჭდი ვებ-გვერდიდან ჯობს.გე), რომელსაც იგივე ფუნქციები აქვს, რაც ჰქონდა იმ თანამდებობას, რასაც ლ.რ–ი გათავისუფლებამდე იკავებდა. ლ.რ–ი ითხოვს სს „თ–ს“ აეკრძალოს შრომის დაცვისა და სახანძრო უსაფრთხოების სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნა, გარდა მოვალეობის შემსრულებლისა. განმცხადებლის განმარტებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანი, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში (სამუშაოზე აღდგენის ნაწილში), საბოლოო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებისათვის საფრთხის არიდებაა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 29 აპრილის განჩინებით ლ.რ–ის განცხადება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
9. ლ.რ–მა, 2026 წლის 30 აპრილს, განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოითხოვა. განმცხადებლის განმარტებით, მისი ინტერესი სამსახურში იმავე ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენაა. ლ.რ–მა აღნიშნა, რომ სს „თ–მა“ გამოაცხადა შრომის დაცვისა და სახანძრო უსაფრთხოების სამსახურის მთავარი სპეციალისტის ვაკანსია, რომელსაც იგივე ფუნქციები აქვს, რაც ჰქონდა იმ თანამდებობას, რასაც ლ.რ–ი გათავისუფლებამდე იკავებდა. ლ.რ–ი ითხოვს სს „თ–ს“ აეკრძალოს შრომის დაცვისა და სახანძრო უსაფრთხოების სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნა, გარდა მოვალეობის შემსრულებლისა. ლ.რ–ის განმარტებით, მოპასუხე ორგანიზაციას გამოცხადებულია აქვს იმავე/იდენტური/ტოლფასი ფუნქციების და სახელფასო სარგოს შემცველი შრომის დაცვისა და სახანძრო უსაფრთხოების სამსახურის მთავარი სპეციალისტის ვაკანსია, რომლის ფუნქციები და შრომის ანაზღაურება (2740 ლარი), სრულად მიესადაგება/აკმაყოფილებს მოსარჩელის ინტერესს და იმ პოზიციას (2880 ლარი), რასაც იკავებდა მოსარჩელე მის უკანონო გათავისუფლებამდე.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 1 მაისის განჩინებით ლ.რ–ის 2026 წლის 30 აპრილის განცხადება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, დარჩა განუხილველად (სსსკ-ის 194.5-ე მუხლი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დამატებითი განჩინების მიღებით, ლ.რ–ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით, 2026 წლის 30 აპრილს, საგადასახადო დავალებით (N 46234307750) გადახდილი 50 ლარი შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, კერძოდ: ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. მოხმობილი ნორმის დეფინიციიდან გამომდინარეობს, რომ საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ამომწურავ ჩამონათვალს იმ საკითხების განხილვისა და გადაწყვეტისათვის, რომელიც ახასიათებს დამატებითი გადაწყვეტილების ინსტიტუტს. მითითებული ნორმა ქმნის ე.წ „ნაკლიანი“ გადაწყვეტილების გასწორების შესაძლებლობას და გულისხმობს მთლიანად სასამართლო ხარჯების საკითხს (როგორც სასამართლო, ისე არასასამართლო ხარჯები) (იხ. სუსგ №ას-658-625-2014, 26 იანვარი, 2015 წელი).
12. ამავე მუხლის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. დამატებითი გადაწყვეტილება სასამართლოს გამოაქვს სასამართლო სხდომაზე, რომლის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს ასეთი გადაწყვეტილების გამოტანას. ასევე 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.
13. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლ.რ–ს 2026 წლის 30 აპრილის განცხადებასთან ერთად წარმოდგენილი აქვს სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
14. სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე, როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს.
15.საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 1 მაისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში გამორჩენილია ლ.რ–ისათვის სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების საკითხი. იქედან გამომდინარე, რომ ლ.რ–ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დარჩა განუხილველად, მას უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი სრულად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ.რ–ს (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ, 2026 წლის 30 აპრილს, N 46234307750 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლევან ნემსაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი