გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 07.05.2026
საქმის ნომერი
ას-375-2026
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
07.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

07 მაისი 2026 წელი

საქმე №ას-375-2026 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ქ.ჭ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე - ა.ღ–ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 ივნისის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ხელახლა განსახილველად საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით ა.ღ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე ქ.ჭ–ძეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 2023 წლის 09 ივნისის ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისრა 6300 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხე ქ.ჭ–ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და აპელანტს განესაზღვრა 10 დღის ვადა მის შესავსებად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 368-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და განმარტა, რომ აპელანტის წარმომადგენელს, ზ.ბ–ს, სასამართლოს 14.03.2025 წლის განჩინება ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, თუმცა აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი, რაც გახდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 ივნისის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა. საქმე, კერძო საჩივრის განხილვის მიზნით, საკასაციო სასამართლოს გადმოეგზავნა 2026 წლის 23 მარტს.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 23 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

8. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერებაზე, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამდენად, კანონის მითითებული დანაწესი დასაშვებად მიიჩნევს, სასამართლო უწყება, მხარის ნაცვლად, ჩაჰბარდეს მის წარმომადგენელს, რასაც თავად მხარისათვის საპროცესო დოკუმენტის ჩაბარების იურიდიული ძალა გააჩნია.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

11. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მხოლოდ მოპასუხე ქ.ჭ–ძემ. მას, საქმისწარმოების მთელ პერიოდში, ჰყავდა ერთადერთი წარმომადგენელი - დ.მ–ი, რომელიც მოქმედებდა 20.02.2024 წელს გაცემული მინდობილობის ძალით მინიჭებული უფლებამოსილებებით (იხ. ს.ფ. 75-76). რაც შეეხება მოსარჩელეს (აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე), სარჩელის ინიცირების ეტაპიდან მის საპროცესო უფლებებს წარმოადგენდა ზ.ბ–ლი, მოქმედი 25.12.2023 წელს გაცემული მინდობილობის საფუძველზე (იხ. ს.ფ. 45-47).

12. მოპასუხემ, პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების შედეგად მოიპოვა რა აპელანტის საპროცესო სტატუსი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის ადრესატს წარმოადგენდა სწორედ ქ.ჭ–ძის მხარე, შესაბამისად, დასახელებული განჩინება, მასში გაცემული დავალების შესრულების მიზნით, უნდა გადასაცემოდა სწორედ აპელანტს ან საქმეში მის ერთადერთ წარმომადგენელ დ.მ–ს, აღნიშნულის ნაცვლად, სააპელაციო სასამართლომ ხარვეზის დადგენის თაობაზე გამოტანილი განჩინება გაუგზავნა მხოლოდ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) წარმომადგენელ ზ.ბ–ს (იხ. ს.ფ. 145-146) და მისთვის გზავნილის გადაცემის მომენტიდან აითვალა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადა, რომლის ამოწურვაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების პროცესუალურ შედეგს დაუკავშირა.

13. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტს სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით არ ჩაჰბარებია, შესაბამისად, ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება ლეგიტიმურ საფუძველს მოკლებულია. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის დინების დაწყებისა და, საბოლოოდ, სსსკ 368.5 მუხლით განსაზღვრული საპროცესო შედეგის დადგომისათვის აუცილებელია, ხარვეზის შესახებ სასამართლო განჩინება ჩაჰბარდეს ხარვეზის შევსებაზე უფლებამოსილ მხარეს - აპელანტს ან მის წარმომადგენელს, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარე ან მისი წარმომადგენელი არც დადგენილი ხარვეზის შევსებაზე უფლებამოსილი პირია და არც საამისო საპროცესო ინტერესი გააჩნია.

14. ამდენად, ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან, წინამდებარე განჩინებაში ასახული მითითებების შესაბამისად ხელახლა განსახილველად, დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 372-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ.ჭ–ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 ივნისის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი