არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-119-2024 22 მაისი, 2026 წელი,თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ვ.გ–ნი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა და დისკრიმინაციული მოპყრობიდან გამომდინარე, მორალური ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ვ.გ–ნმა სარჩელი აღძრა ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების, მიმართ, რომლითაც მოითხოვა: 1. ბათილად იქნეს ცნობილი ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების 2022 წლის 31 აგვისტოს №2640 ბრძანება მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ; 2. მოსარჩელე აღდგენილ იქნეს გათავისუფლებამდე არსებულ პოზიციაზე - ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალის აკ.ვასაძის სახელობის ფოლკლორის სახელოვნებო სასწავლებლის საგალობლების განყოფილების კონსულტანტ-პედაგოგის პოზიციაზე; 3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ყოველთვიური 600 ლარის ოდენობით, 2022 წლის 1 სექტემბრიდან სამუშაოზე აღდგენამდე; 4. დადგენილ იქნეს მოპასუხე ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების მხრიდან მოსარჩელის მიმართ, განსხვავებული მოსაზრებების (სამოქალაქო აქტიურობის) გამო, დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი; 5. დისკრიმინაციული მოპყრობიდან გამომდინარე, მოპასუხეს დაეკისროს მორალური ზიანის სახით სიმბოლური თანხის - 1 ლარის გადახდა.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. მოსარჩელე, 2020 წლის 2 ნოემბრიდან, დასაქმებული იყო ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალის აკ.ვასაძის სახელობის ფოლკლორის სახელოვნებო სასწავლებლის საგალობლების განყოფილების კონსულტანტ-პედაგოგის პოზიციაზე. 2022 წლის 31 აგვისტოს №2640 ბრძანების საფუძველზე, მისთვის სრულიად მოულოდნელად, ცნობილი გახდა, 2022 წლის 1 სექტემბრიდან ხელშეკრულების გასვლის გამო, სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე.
2.2. მოსარჩელის მოსაზრებით, აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს მიზანმიმართული პროცესის შედეგს, კერძოდ, მოსარჩელე 2020 წელს დაწყებული სამოქალაქო მოძრაობის „რიონის ხეობის“ გადარჩენისთვის აქტიური წარმომადგენელია. „რიონის ხეობის მცველები“ მოითხოვდნენ „ნამახვან ჰესის“ მშენებლობის შეჩერებას. მიმდინარე პროცესის განმავლობაში, მოძრაობაც იძულებული გახდა მიემართა პროტესტის უკიდურესი ფორმებისათვის. აღნიშნული სამოქალაქო აქტიურობისა და განსხვავებული მოსაზრებების გარდა, მისი სამსახურიდან გათავისუფლების რეალური მიზეზი არ არსებობდა. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მის მიმართ განხორციელდა განსხვავებული მოპყრობა, დისკრიმინაციული ფაქტი, განსხვავებული შეხედულებისა და სამოქალაქო აქტიურობის გამო.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით, სარჩელი არ ცნო.
3.2. შესაგებელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის გამო. მოსარჩელე დანიშნული იყო პედაგოგ- კონსულტანტად, საგალობლების განყოფილებაში, ეს განყოფილება კი შექმნილი იყო მემორანდუმის საფუძველზე. მემორანდუმის შეწყვეტის შემდეგ, გაუქმდა განყოფილებაც. მოსარჩელე დანიშნული იყო უშტატო თანამშრომლად, რასაც ადასტურებს წარმოდგენილი საშტატო განრიგი. მას რამდენჯერმე გაუგრძელდა შრომითი ხელშეკრულების ვადა, სამსახურებრივი სპეციფიკიდან გამომდინარე.
3.3. 2022 წლის 17 ივლისს, გაერთიანებაში დაიწყო რეორგანიზაცია. 2022 წლის 29 აგვისტოს, დამტკიცდა გაერთიანების საშტატო განრიგი, ახალი განრიგით კი უკვე გათვალისწინებული არ იყო საგალობლების განყოფილება. გამომდინარე აქედან, განყოფილების გაუქმების შემდეგ, აღარ იყო საჭიროება მასთან ვადიანი ხელშეკრულების გაგრძელებისა.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
5.2. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის მე-12 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულთან დადოს, სულ მცირე, ერთწლიანი ხელშეკრულება, ხოლო 1 წელზე ნაკლები ვადით ხელშეკრულებების დადება შესაძლებელია მხოლოდ ამ ნორმით განსაზღვრული შესაბამისი გარემოებების არსებობის შემთხვევაში. ამავდროულად, აღინიშნა ის ფაქტიც, რომ ეს რეგულაცია დამსაქმებელთა ინტერესებს გაუმართლებლად არ ზღუდავდა, რადგან ზემოხსენებული გარემოებები ითვალისწინებდა „სხვა ობიექტურ გარემოებასაც”, რაც, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ ჩამონათვალი არ არის ამომწურავი ხასიათის და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეებმა შეიძლება თავად განსაზღვრონ სხვა (დამატებითი) ობიექტური გარემოების არსებობის ფაქტი, რაც გაამართლებს დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას. პალატის განმარტებით, სათანადო ობიექტური გარემოების დადასტურება დამსაქმებლის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა, ხოლო მისი ობიექტურობის შეფასება ერთ წელზე ნაკლები ვადით ხელშეკრულების გაფორმების კანონშესაბამისობის დადგენის მიზნებისათვის - სასამართლოს დისკრეციაა.
5.3. სააპელაციო პალატის აზრით, კანონმდებელმა ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დასაშვებობის რამდენიმე შესაძლებლობა შექმნა, საიდანაც განსახილველი დავის ფარგლებში, უნდა შეფასებულიყო მხარეთა შორის გაფორმებული ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ნამდვილობის წინაპირობების არსებობა, შრომის კოდექსის მე-12 მუხლის მესამე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
5.4. სააპელაციო პალატამ, ასევე, მოიხმო საკასაციო სასამართლოს პრაქტიკა ერთ-ერთ საქმეზე, რომელზეც განმარტა, რომ ვინაიდან ვადის განსაზღვრის დასაშვებობის შემოწმება შრომითი ხელშეკრულების დადების მომენტში ხდება, ობიექტური საფუძველიც ხელშეკრულების დადების მომენტში უნდა არსებობდეს. ხელშეკრულების დადებისას, ობიექტურ საფუძველზე დაყრდნობით, ერთ წლამდე ვადის განსაზღვრა ხელშეკრულების დადების შემდეგ აღარ შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს. ასევე, პირიქით, ვადიანი შრომითი ხელშეკრულების გაფორმებისას დაუშვებელი ვადის განსაზღვრა, შემდეგ შეცვლილი გარემოებების გამო, არ შეიძლება დასაშვებად იქნეს ცნობილი.
5.5. მოხმობილი სამართლებრივი ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ იყო, რომ მხარეებს შორის იდებოდა ერთ წლამდე ვადით შრომითი ხელშეკრულებები, რომლებიც მართალია არ შეიცავდა რაიმე პირდაპირ მითითებას/დასაბუთებას იმ ობიექტურ გარემოებებთან დაკავშირებით, რამაც განაპირობა მხარეთა შორის მოკლე ვადით (ერთ წლამდე ვადით) ხელშეკრულებების გაფორმება, თუმცა, საქმეში მოიპოვებოდა იმგვარი ობიექტური გარემოების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც შრომის კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის კონტექსტში, ხელშეკრულების ერთ წელზე ნაკლები ვადით დადებას ამართლებდა და, რაც იმთავითვე ცნობილი იყო, როგორც დამსაქმებლისათვის, ისე დასაქმებულისთვის (ე.წ „ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი“).
5.6. პალატის მიუთითა საქმეზე წარმოდგენილ 2018 წლის 25 სექტემბერს, გ.მ–ის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის სახელოსნოს ხელმძღვანელის, ანჩისხატის ტაძრის გუნდის ლოტბარ მ.ე–ძესა და ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებას შორის გაფორმებულ „ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე“, რომელიც გაფორმდა 4 წლის ვადით. პალატამ აღნიშნა, რომ მემორანდუმის თანახმად, უნდა შექმნილიყო საგალობლების განყოფილება, ამასთან, დასაქმებულთა შერჩევა, შრომითი ხელშეკრულების წარმოშობა, პირობების შეცვლა ან შეწყვეტა მოხდებოდა ამ მემორანდუმის მონაწილე მხარეთა შეთანხმებით. ამდენად, პალატამ უდავოდ მიიჩნია, რომ საგალობლების განყოფილება, სადაც მოსარჩელე იყო დასაქმებული გარკვეული მიზნით და გარკვეული ვადით შემოსაზღვრულ საქმიანობას ითვალისწინებდა.
5.7. ამასთანავე, სააპელაციო პალატამ ზეპირ სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებების შედეგად, დადგენილად მიიჩნია, რომ საგალობლების ისტორიის შესწავლის მსურველი ბევრი მოსწავლე არ იყო, რის გამოც, მოსარჩელესთან ფორმდებოდა ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები, მოსწავლეთა კონტინგენტისა და საჭიროების გამო.
5.8. ამდენად, ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელესთან ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების დადება, რომელიც გრძელდებოდა მემორანდუმის შეწყვეტამდე, კანონშესაბამისი იყო, რაც გამორიცხავდა აპელანტის მოსაზრების გაზიარების შესაძლებლობას ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონობის თაობაზე.
5.9. გასაჩივრებული განჩინებით აღნიშნა, რომ ვ.გ–ნი იყო სწორედ ამ მემორანდუმის ფარგლებში შექმნილი საგალობლების განყოფილების თანამშრომელი. ამასთან, ვინაიდან უდავო იყო, რომ მემორანდუმის ვადის გასვლის გამო, საგალობლების განყოფილება მთლიანად გაუქმდა, პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ვ.გ–ნი სამსახურიდან გათავისუფლდა სწორედ ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო.
5.10. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება და მიიჩნია, რომ არსებობდა ის ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებდა მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას, რადგან იგი პირდაპირ დაკავშირებული იყო ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ვადასთან, რომელიც იყო ოთხწლიანი. აღნიშნული გარემოება კი გამორიცხავდა მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონოდ აღიარებას.
5.11. მხარეთა შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობის გაანალიზებით, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ დამსაქმებელი მოსარჩელესთან იმყოფებოდა ვადიან შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში, რასაც ჰქონდა ობიექტური და გამართლებული საფუძველი, შესაბამისად, მოსარჩელისთვის ცნობილი და განჭვრეტადი უნდა ყოფილიყო იმის შესახებ, რომ დამსაქმებელი მასთან გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას შეწყვეტდა მისი ვადის გასვლის გამო, რაც თავის მხრივ, მემორანდუმის ვადის ამოწურვას უკავშირდებოდა. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.
5.12. ზემოთ აღნიშნული მსჯელობების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნები გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე-დასაბუთებულია, რის გამოც არ არსებობდა მისი გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.
5.13. რაც შეეხება დისკრიმინაციულ მოპყრობას, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება, მის მიმართ განსხვავებული მოსაზრებების გამო (სამოქალაქო აქტიურობა), დისკრიმინაციული მოპყრობის შესახებ.
5.14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინება, საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით, გაასაჩივრა მოსარჩელემ.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6.1. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდება სრულად. კასატორის მტკიცებით, მისი გათავისუფლება არ იყო დაკავშირებული, არც მოსწავლეების შემცირებასთან და, არც დაწესებულების საქმიანობის ცვლილებასთან. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ 2022 წელს, საგალობლები დაამთავრა მხოლოდ ერთმა ბავშვმა. აპელანტის მიერ მთავარ არგუმენტად სწორედ იმ გარემოებაზე ხდებოდა მითითება, რომ აკ. ვასაძის სახ. ფოლკლორის სახელოვნებო დაწესებულების 2020-2021 სასწავლო წლის გეგმაში მითითებულია საგალობლების განყოფილება, ჯამში ფიქსირდებოდა 17 მოსწავლე, საათების ფაქტობრივი რაოდენობა 12, ხოლო, აკ. ვასაძის სახ. ფოლკლორის სახელოვნებო დაწესებულების 2022-2023 სასწავლო წლის გეგმაში მითითებული იყო საგალობლები, ხოლო ფიქსირდებოდა ჯამში 29 მოსწავლე; საათების ფაქტობრივი რაოდენობა 19.
6.2. კასატორი მიიჩნევს, რომ დამსაქმებელმა ვერ დაადასტურა მოკლევადიანი ხელშეკრულების გაფორმების ობიექტური საფუძვლის არსებობა. 2023 წლის 05 მაისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე, მხარეთა შეკითხვების ეტაპზე, მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა ხელშეკრულების ერთი თვითა და ორი თვის ვადით დადების ობიექტურ მიზეზად განმარტა, რომ „პრაქტიკა არის ასეთი, ამ პრაქტიკას ძალიან ვებრძვით, მაგრამ ვერ შევცვალეთ“ (სხდომის ოქმი 15:28 წუთი). შესაბამისად, კასატორი ამტკიცებს, რომ ხელშეკრულება უვადოდ დადებულად უნდა ჩათვლილიყო, რომელიც ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო ვერ შეწყდებოდა.
6.3. კასატორი არ ეთანხმება, რომ „ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის“ შეწყვეტა მასთან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა, რადგან ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების მმართველის 2020 წლის 02 ნოემბრის N1473 ბრძანებით, მოსარჩელე დაინიშნა ამავე გაერთიანების ფილიალში აკ.ვასაძის სახელობის ფოლკლორის სახელოვნებო სასწავლებელში პედაგოგ- კონსულტანტად და მასთან დაიდო შრომითი ხელშეკრულება. ასევე, მემორანდუმის ვადის გასვლას ჰაგიოგრაფიის მიმართულებით დასაქმებულ სხვა დასაქმებულებთან ხელშეკრულების შეწყვეტა არ გამოუწვევია და ისინი დღესაც აგრძელებენ გაერთიანებაში ჰაგიოგრაფიის მიმართულებით საქმიანობას.
6.4. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელესთან ერთად ასევე გათავისუფლდა ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალის აკ.ვასაძის სახელობის ფოლკლორის სახელოვნებო სასწავლებლის ამავე საგალობლების განყოფილების გამგე მ.ე–ძე. კასატორი აღნიშნავს, რომ მ.ე–ძე კვლავ დასაქმებულია გაერთიანებაში. ცხადია, განყოფილება გაუქმდა და განყოფილებას გამგე აღარ დასჭირდებოდა, თუმცა როგორც რეორგანიზაციის დაწყებამდე, ისე რეორგანიზაციის შემდეგ მ.ე–ძის დატვირთვას წარმოადგენს - ქართული სიმღერა და გაერთიანებული გუნდი. შესაბამისად, აღნიშნული მითითებითაც კი დასტურდება, რომ მხოლოდ ვ.გ–ნი გათავისუფლა სამსახურიდან.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 თებერვლის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შემოწმების მიზნით.
7.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული და მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
8. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
9. საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლი).
10. საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404.1 მუხლის პირველი წინადადება). საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი).
11. საკასაციო პალატა საქმეზე დადგენილად მიიჩნევს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად ცნობილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
- ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს და მეწარმეთა და არასამეწარმეო პირთა რეესტრში რეგისტრირებულია 28.06.2011წ. (იხ. ტომი 1, ს.ფ. 19-23);
- ქ. ქუთაისის მერის 2022 წლის ბრძანებით დამტკიცებული ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების წესდების შესაბამისად: გაერთიანება წარმოადგენს კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებების/სამუსიკო, ხელოვნების, ფოლკლორის, სახვითი ხელოვნების, და ა.შ გაერთიანებას (1.1 პუნქტი); გაერთიანების ერთ-ერთი ფილიალია აკაკი ვასაძის სახელობის ფოლკლორის სახელოვნებო სასწავლებელი (4.13 პუნქტი); ფოლკლორის სახელოვნებო სასწავლო დაწესებულებაში საქმიანობას წარმართავს ფილიალის დირექტორი, რომელსაც ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით, ვადიანი შრომითი ხელშეკრულებით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გაერთიანების მმართველი, ამ წესდებით და კანონით დადგენილი წესით (10.1 პუნქტი) (იხ. ტომი 1, ს.ფ. 100-126);
- 2018 წლის 25 სექტემბერს, გ.მ–ის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის სახელოსნოს ხელმძღვანელის, ანჩისხატის ტაძრის გუნდის ლოტბარ მ.ე–ძეს და ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებას შორის გაფორმდა „ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი“. აღნიშნული მემორანდუმის თანახმად: მემორანდუმის მხარეები გამოხატავდნენ მზადყოფნას: 1.1 უძველესი ქართული ხალხური სიმღერების და ქართული საეკლესიო გალობის შენარჩუნების მიზნით, შექმნილიყო საგალობლების განყოფილება, სადაც ახალგაზრდობა უფასოდ შეისწავლიდა უძველეს ქართულ ხალხურ სიმღერებს და ტრადიციულ საეკლესიო გალობას; 1.2. ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება უზრუნველყოფდა განყოფილების ხელმძღვანელის მიერ შემუშავებული სპეციალური სასწავლო პროგრამის განხორციელებას, რომელიც მიზნად ისახავდა სწავლის მსურველი ახალგაზრდებისთვის ქართული ხალხური სიმღერისა და ტრადიციული საეკლესიო გალობის მაღალ დონეზე შესწავლას და ა.შ; ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება იღებდა ვალდებულებას: 2.1. ამ მემორანდუმის საფუძველზე გაერთიანების ფილიალის აკაკი ვასაძის სახელობის ფოლკლორის სახელოვნებო სასწავლებელში უნდა შექმნილიყო საგალობლების განყოფილება; 2.2. დასაქმებულთა შერჩევა, შრომითი ხელშეკრულების წარმოშობა, პირობების შეცვლა ან შეწყვეტა მოხდებოდა ურთიერთ შეთანხმებით; ამ მემორანდუმის მონაწილე მხარეთა საგალობლის განყოფილება იღებდა ვალდებულებას: ქართული ხალხური სიმღერისა და საეკლესიო გალობის ჯგუფებში სასწავლებლად მიეღო მოსწავლეები, რომელთაც ექნებოდათ შესაბამისი მუსიკალური მონაცემები. სწავლის პერიოდში ჩატარდებოდა სემესტრული შემოწმება. ყოველი წლის ბოლოს საპროგრამო და დამამთავრებელი გამოცდები. დამამთავრებელი გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, გაიცემოდა სასწავლებლის დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტი (პუნქტი 3). შედეგად, ამ მემორანდუმის საფუძველზე, გაერთიანების ფილიალის აკაკი ვასაძის სახელობის ფოლკლორის სახელოვნებო სასწავლებელში შეიქმნა საგალობლების განყოფილება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 291-295);
- ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების მმართველის 2020 წლის 02 ნოემბრის N1473 ბრძანებით, ვ.გ–ნი დაინიშნა ამავე გაერთიანების ფილიალში აკ.ვასაძის სახელობის ფოლკლორის სახელოვნებო სასწავლებელში პედაგოგ-კონსულტანტად და მასთან დაიდო შრომითი ხელშეკრულება, 2020 წლის 02 ნოემბრიდან 2020 წლის 01 დეკემბრამდე. ამავე გაერთიანების მმართველის ბრძანებებით, ვ.გ–ნთან დადებული შრომითი ხელშეკრულება რამდენჯერმე გაგრძელდა 2022 წლის იანვრამდე, შრომითი ხელშეკრულებების ვადა ყოველ ჯერზე გრძელდებოდა ერთი ან რამდენიმე თვით. მოსარჩელის შრომითი ანაზღაურება ამ პოზიციაზე შეადგენდა 500 ლარს (იხ. ტომი 1, ს.ფ. 45, 80-99, 163-181, 250-268);
- ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების მმართველის 2022 წლის 29 იანვრის N58 ბრძანებით, ამავე გაერთიანების ფილიალის აკ.ვასაძის სახელობის ფოლკლორის სახელოვნებო სასწავლებლის პედაგოგ-კონსულტანტი ვ.გ–ნი, მისივე თანხმობით, გადაიყვანეს ამავე ფილიალში საგალობლების განყოფილების პედაგოგ კონსულტანტად და მასთან დაიდო შრომითი ხელშეკრულება, 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 მარტამდე. ვ.გ–ნი გათავისუფლებამდე ასწავლიდა გალობის ისტორიას. მოსარჩელის შრომითი ანაზღაურება ამ პოზიციაზე განსაზღვრული იყო 600 ლარით. აღნიშნული შრომითი ხელშეკრულების ვადა რამდენჯერმე გაგრძელდა 2022 წლის 01 სექტემბრამდე (იხ. ტომი 1, ს.ფ. 89-99);
- ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების მმართველის 2022 წლის 27 ივლისის N1847 ბრძანების თანახმად, ამავე გაერთიანების სტრუქტურის ოპტიმიზაციის მიზნით, 2022 წლის 27 ივლისიდან დაიწყო სტრუქტურული რეორგანიზაციის პროცესი. სტრუქტურული რეორგანიზაციის ვადად განისაზღვრა 2 თვე. შესაბამისად, დაიგეგმა ორგანიზაციული ცვლილებები;
- ვ.გ–ნს 2022 წლის 27 ივლისს გაეგზავნა გაფრთხილება შესაძლო გათავისუფლების შესახებ და განემარტა, რომ რეორგანიზაციის პროცესში შესაძლოა აუცილებელი გამხდარიყო სამუშაო ძალის შემცირება და მომხდარიყო გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან (იხ. ტომი 1, ს.ფ. 41-43, 182-184, 269-271);
- 2022 წლის 29 აგვისტოს, ერთი მხრივ, ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებასა და მეორეს მხრივ, გ.მ–ის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის სახელოსნოს ხელმძღვანელს ანჩისხატის ტაძრის გუნდის ლოტბარს მ.ე–ძეს შორის გაფორმდა მემორანდუმის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, თავის დროზე სწორედ ამ მემორანდუმის 2.1 პუნქტის საფუძველზე, გაერთიანების ფილიალის აკაკი ვასაძის სახელობის ფოლკლორის სახელოვნებო სასწავლებელში შეიქმნა საგალობლების განყოფილება, სადაც საბოლოოდ მხარეთა შეთანხმებით, 2022 წლის 29 აგვისტოს შეწყდა მათ შორის 25.09.2018წ. გაფორმებული მემორანდუმი. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა ერთობლივად, რაც მხარეებმა დაადასტურეს ხელის მოწერით (იხ. ტომი 1, ს.ფ. 296);
- მემორანდუმის შეწყვეტის შემდგომ, ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების მმართველის 2022 წლის 29 აგვისტოს N2522 ბრძანებით, სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად, 2022 წლის 29 აგვისტოდან გაუქმდა აკ.ვასაძის სახელობის ფოლკლორის სახელოვნებო სასწავლებელში საგალობლების განყოფილება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 144-149, 185-191, 272-278, 301);
- ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების მმართველის 2022 წლის 31 აგვისტოს N2631 ბრძანებით, ამავე გაერთიანების ფილიალის აკ.ვასაძის სახელობის ფოლკლორის სახელოვნებო სასწავლებლის საგალობლების განყოფილების გამგე (ანუ იმ განყოფილების გამგე, სადაც მოსარჩელე იყო დასაქმებული) მ.ე–ძე ასევე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2022 წლის 1 სექტემბრიდან (იხ. ტომი 1, ს.ფ. 302);
- ვ.გ–ნი ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების 2022 წლის 31 აგვისტოს N2640 ბრძანებით, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საგალობლების განყოფილების კონსულტანტ-პედაგოგობიდან 2022 წლის 1 სექტემბრიდან, ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, საქართველოს შრომის კოდექსის 47.1 „ბ“ მუხლის საფუძველზე (იხ. ტომი 1, ს.ფ. 18, 44, 303);
- მოსარჩელე არის სამოქალაქო მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ („რიონის ხეობის მცველები”) აქტიური წარმომადგენელი, რომელიც, მოძრაობის სხვა წევრებთან ერთად, მოითხოვდა „ნამახვან ჰესის“ მშენებლობის შეჩერებას. აღნიშნული საპროტესტო აქტივობა დაიწყო 2020 წლის ოქტომბრის თვიდან;
- მოპასუხე ორგანიზაციაში საგალობლების განყოფილება და შესაბამისად, საგანი- გალობის ისტორია,(რასაც ასწავლიდა ვ.გ–ნი) გაუქმდა და აღარ არსებობს;
- მოპასუხე ორგანიზაციაში დარჩა საგანი პრაქტიკული მეცადინეობები - გაერთიანებული გუნდი, სოლფეჯიო და ა.შ სადაც ასწავლიან სიმღერას. დასახელებული გუნდის ხელმძღვანელად დასაქმებულია ზ.გ–ძე, რომელიც მანამდეც ასწავლიდა პრაქტიკულ კურსს. ასევე უდავოა, რომ ვ.გ–ნი ასწავლიდა გალობის ისტორიას, ანუ თეორიულ საგანს, ეს შტატი გაუქმდა და დარჩა მხოლოდ პრაქტიკული მიმართულების დისციპლინები. მოპასუხის განმარტებით, მოკლევადიანი შრომითი ხელშეკრულებები მოსწავლეთა კონტინგენტიდან გამომდინარე ფორმდებოდა- საჭიროების მიხედვით. ასე მაგალითად, 2022 წელს, საგალობლები დაამთავრა მხოლოდ ერთმა ბავშვმა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება აპელანტის მიერ შედავებული არ ყოფილა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 237; სხდომის ოქმი, მხარეთა ახსნა-განმარტებები: სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი 17:08სთ., 17:18სთ., 17:22-17:30სთ., 17:44-17:46სთ.);
- ვასაძის სახელობის ფოლკლორის სახელოვნებო დაწესებულების 2020-21 სასწავლო წლის გეგმაში მითითებულია საგალობლების განყოფილება, ხოლო კლასებისა და კონტინგენტის საგნის დასახელებებში მითითებულია 1). ქართული გალობა, 2). ქართული სიმღერა, 3). ქართული სოლფეჯიო, 4), ხალხური საკრავები, 5) საეკლესიო გალობის ისტორია. ხოლო 2022-23 წლების გეგმაში მითითებულია საგალობლები, ხოლო კლასებისა და კონტინგენტის საგნის დასახელებებში მითითებულია:). ქართული გალობა, 2). ქართული სიმღერა, 3). ქართული სოლფეჯიო, 4), ხალხური საკრავები, 5) გაერთიანებული გუნდი;
- საგანი საეკლესიო გალობის ისტორია, რასაც ვ.გ–ნი ასწავლიდა სახელოვნებო დაწესებულების 2022-23 სასწავლო წლის გეგმაში-აღარ იყო გათვალისწინებული, ანუ გალობის ისტორიის თეორიული კურსი ამოღებულ იქნა 2022-23 წლების სასწავლო პროგრამიდან და პროგრამა დაიტვირთა მხოლოდ პრაქტიკული (ე.წ სასიმღერო, სოლფეჯიო, გალობა, ხალხური საკრავები, გაერთიანებული გუნდი) გაკვეთილებით.
12. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის საკასაციო საჩივრის ფარგლებში, უპირველეს ყოვლისა, შეფასების საგანია დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერება. სახელდობრ, კასატორის მთავარი არგუმენტი ისაა, რომ მისი გათავისუფლება არ იყო დაკავშირებული არც მემორანდუმის და არც ხელშეკრულების ვადის გასვლასთან, ვინაიდან მემორანდუმის შეწყვეტის შემდგომაც, ჰაგიოგრაფიის მიმართულება კვლავ დარჩა გაერთიანებაში და რეალურად მხოლოდ მოსარჩელის საშტატო ერთეული შემცირდა. კასატორი ასევე უთითებს, რომ არ არსებობდა, მასთან ერთ წელზე ნაკლები ვადით შრომითი ხელშეკრულების გაფორმების ლეგიტიმური საფუძვლები.
13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია საქართველოს შრომის კოდექსის (წინამდებარე განჩინებაში მითითებულია და შეფასებულია სშკ-ის ნორმები დასაქმებულის გათავისუფლების მომენტში მოქმედი რედაქციით) 47-ე და 48-ე მუხლებით, რომელთაგან პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცედურულ მხარეს. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიური ვალდებულებაა, სათანადო საფუძვლის გარეშე არ შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა (შდრ. სუსგ №ას-1776-2019, 10.04.2020წ.).
14. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა უკიდურესი ღონისძიებაა, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას მოქმედებს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (შდრ. სუსგ №ას-941-891-2015, 29.01.2016წ; №ას-1421-2020, 05.03.2021წ; №ას-512-2020, 18.02.2021წ.).
15. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). შრომითსამართლებრივ დავებში კი მტკიცების ტვირთის განაწილების წესი განსხვავებული და თავისებურია. ამ წესის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია, ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ეს იმითაა გამოწვეული, რომ მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს არათანაბარი შესაძლებლობები გააჩნიათ, დამსაქმებელს მტკიცებითი უპირატესობა აქვს, სასამართლოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები წარუდგინოს. ამდენად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს დამსაქმებლის მხარეს აბრუნებს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (შდრ. სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016წ; №ას-483-457-2015, 07.10.2015წ.).
16. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის მიერ უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. სასამართლომ უნდა შეამოწმოს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-861-861-2018, 25.09.2018წ; №ას-483-457-2015, 07.10.2015წ.).
17. საქმეზე დადგენილია და დასაბუთებული შედავებით გაქარწყლებული არ არის, რომ ვ.გ–ნი ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების 2022 წლის 31 აგვისტოს N2640 ბრძანებით, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საგალობლების განყოფილების კონსულტანტ-პედაგოგობიდან 2022 წლის 1 სექტემბრიდან, ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, საქართველოს შრომის კოდექსის 47.1 „ბ“ მუხლის საფუძველზე. თუმცა ასევე უდავოდაა დადგენილი მოპასუხე ა(ა)იპ-ში რეორგანიზაციის ჩატარების ფაქტი და ისიც, რომ 2022 წლის 29 აგვისტოს მათ შორის 2018 წლის 25 სექტემბერს გაფორმებული მემორანდუმის შეწყვეტის ფაქტი. დადასტურებულია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა ერთობლივად, რაც მხარეებმა დაადასტურეს ხელის მოწერით (იხ. ტომი 1, ს.ფ. 296). საქმის მასალებით შეუცილებადია, რომ მემორანდუმის შეწყვეტის შემდგომ, ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების მმართველის 2022 წლის 29 აგვისტოს N2522 ბრძანებით, სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად, 2022 წლის 29 აგვისტოდან გაუქმდა აკ.ვასაძის სახელობის ფოლკლორის სახელოვნებო სასწავლებელში საგალობლების განყოფილება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველ საქმეზე საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა განაპირობა სწორედ იმ ფაქტობრივი გარემოების შემოწმების საჭიროებამ, რათა დადგინდეს დასაქმებულთან ერთ წელზე ნაკლები ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების გაფორმების სამართლებრივი მართებულობა, ხელშეკრულებაში ვადის განსაზღვრის კონკრეტული წინაპირობების/ობიექტური გარემოებების მითითების გარეშე და ვადის ამოწურვის მოტივით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება. სასამართლოს კვლევის საგანია, ასევე, დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის არსებობა. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო საკითხების გადაწყვეტა შესაძლებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა და დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლად მითითებული გარემოებების კვლევის შედეგად, რაც განსახილველ შემთხვევაში შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლას უკავშირდება.
18. საქართველოს შრომის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად: შრომითი ხელშეკრულება იდება ზეპირი ან წერილობითი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით; თუ შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა 1 თვეს აღემატება, აუცილებელია შრომითი ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადება. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შრომითი ხელშეკრულების ვადა არის 1 წელი ან 1 წელზე მეტი, შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით იდება მხოლოდ შემდეგი საფუძვლის არსებობისას: ა) შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო; ბ) შესასრულებელია სეზონური სამუშაო; გ) სამუშაოს მოცულობა დროებით იზრდება; დ) ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება; ე) შრომითი ხელშეკრულება ითვალისწინებს „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შრომის ანაზღაურების სუბსიდირებას; ვ) არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას. თუ შრომითი ხელშეკრულების ვადა 30 თვეზე მეტია, ან თუ შრომითი ურთიერთობა ვადიანი შრომითი ხელშეკრულების მიმდევრობით ორჯერ ან მეტჯერ დადების შედეგად გრძელდება და მისი ხანგრძლივობა 30 თვეს აღემატება, მიიჩნევა, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები მიმდევრობით დადებულად ჩაითვლება, თუ არსებული ვადიანი შრომითი ხელშეკრულება მისი ვადის გასვლისთანავე გაგრძელდა ან მომდევნო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება პირველი ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის ვადაში დაიდო; თუ განსაზღვრული ვადით შრომითი ხელშეკრულება დადებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის გარეშე, მიიჩნევა, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება.
19. ამდენად, იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულება იდება ერთ წელზე ნაკლები ვადით, აუცილებელია ობიექტური საფუძვლის არსებობა. ყველა სხვა შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულთან დადოს შრომითი ხელშეკრულება, სულ მცირე, ერთი წლის ვადით, რაც განაპირობებს შრომითი ურთიერთობების სტაბილურობას და დასაქმებულთა სოციალურ დაცულობას (შდრ. სუსგ №ას-895-2020, 06.10.2022წ; №ას-584-2023, 07.07.2023წ.). ვინაიდან ვადის განსაზღვრის დასაშვებობის შემოწმება შრომის ხელშეკრულების დადების მომენტში ხდება, ობიექტური საფუძველიც ხელშეკრულების დადების მომენტში უნდა არსებობდეს (სუსგ №ას-1572-2022, 04.05.2023წ., პუნ. 57). ამავდროულად, საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს რეგულაცია დამსაქმებელთა ინტერესებს გაუმართლებლად არ ზღუდავს, რადგან ზემოხსენებული გარემოებები ითვალისწინებს „სხვა ობიექტურ გარემოებასაც“, რაც, თავის მხრივ, მიანიშნებს, რომ ჩამონათვალი არ არის ამომწურავი ხასიათის და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეებმა შეიძლება თავად განსაზღვრონ სხვა (დამატებითი) ობიექტური გარემოების არსებობის ფაქტი, რაც გაამართლებს დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას. სათანადო ობიექტური გარემოების დადასტურება დამსაქმებლის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა, ხოლო მისი ობიექტურობის შეფასება ერთ წელზე ნაკლები ვადით ხელშეკრულების გაფორმების კანონშესაბამისობის დადგენის მიზნებისათვის-სასამართლოს დისკრეციაა (იხ. სუსგ N ას-1251-1191-2014, 12.02.2016 წ.).
20. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის შრომითი ურთიერთობა არსებობდა 2020 წლის 02 ნოემბრიდან 2022 წლის 01 სექტემბრამდე. ამასთან, 2020 წლიდან მიმდევრობით ფორმდებოდა ერთ წელზე ნაკლები ვადით განსაზღვრული შრომითი ხელშეკრულებები მოსარჩელის დანიშვნის შესახებ. თუმცა პალატის აზრით, დასტურდება, რომ მოკლევადიანი შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება განპირობებული იყო საქართველოს შრომის კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობით. სახელდობრ: უდავოა, რომ საგალობლების განყოფილება, სადაც მოსარჩელე იყო დასაქმებული გარკვეული მიზნით და გარკვეული ვადით შემოსაზღვრულ საქმიანობას ითვალისწინებდა. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლოს ზეპირ სხდომაზე დადგინდა, რომ საგალობლების ისტორიის შესწავლის მსურველი ბევრი მოსწავლე არ იყო, რის გამოც ვ.გ–ნთან ფორმდებოდა ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები, მოსწავლეთა კონტინგენტისა და საჭიროების გამო. შესაბამისად, საქმის არსებითად განხილვის შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ ეწინააღმდეგება მსგავსი კატეგორიის საქმეებზე დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკას (შდრ. სხვა მრავალთა შორის იხ: საქმე №ას-584-2023 7 ივლისი, 2023 წელი, საქმე №ას-584-2023, 24 ივლისი, 2023 წელი, საქმე №ას-1572-2022 4 მაისი, 2023 წელი) ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელესთან ერთ წელზე ნაკლები ვადით ხელშეკრულების დადება პირდაპირ იყო დაკავშირებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ვადასთან, რომელიც იყო მხოლოდ 4 წლიანი. ასევე, მისი დადება განპირობებული და დამოკიდებული იყო გ.მ–ის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის სახელოსნოს ხელმძღვანელის, ანჩისხატის ტაძრის გუნდის ლოტბარ მ.ე–ძესა და ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებას შორის გაფორმებულ „ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე“, ასევე მოსწავლეთა კონტინგენტზე და შესაბამისად, საჭიროებებზე, რასაც პალატის განსჯით, ჰქონდა ობიექტური და გამართლებული საფუძველი. შესაბამისად, საკასაციო პალატა ლეგიტიმურად მიიჩნევს სააპელაციო პალატის იმ დასკვნას, რომ მოსარჩელისთვის ცნობილი და განჭვრეტადი უნდა ყოფილიყო იმის შესახებ, რომ დამსაქმებელი მასთან გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას შეწყვეტდა, მისი ვადის გასვლის გამო, რაც თავის მხრივ მემორანდუმის ვადის ამოწურვას უკავშირდებოდა.
21. ხაზგასასმელია, რომ იმ პირობებშიც კი, თუ საკასაციო პალატა მოხმობილი მსჯელობის საწინააღმდეგო სამართლებრივ ლოგიკას განავითარებდა, სარჩელს და შესაბამისად საკასაციო საჩივარს, წარმატების პერსპექტივა მაინც არ ექნებოდა ვინაიდან მოსარჩელესთან დადებული შრომითსამართლებრივი ხელშეკრულების უვადოდ მიჩნევის შემთხვევაშიც, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ვ.გ–ნი იყო მემორანდუმის ფარგლებში შექმნილი საგალობლების განყოფილების თანამშრომელი, ეს მემორანდუმი კი, ვადის გასვლის გამო გაუქმდა, რასაც შედეგობრივად მოჰყვა საგალობლების განყოფილების მთლიანად გაუქმება. ამდენად, პალატის განსჯით, მოსარჩელე 2022 წლის 29 აგვისტოსთვის, მაინც გათავისუფლდებოდა საგალობლების განყოფილების გაუქმების შემდეგ. ამ დასკვნის საპირისპირო შედავებად ვერ გამოდგება კასატორის მითითება მ.ე–ძის მოპასუხე გაერთიანებაში კვლავ დასაქმების თაობაზე, ვინაიდან საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოპასუხე ორგანიზაციაში, რეორგანიზაციის შედეგად მხოლოდ საგალობლების განყოფილება და შესაბამისად, საგანი - გალობის ისტორია, (რასაც ასწავლიდა ვ.გ–ნი) გაუქმდა. ასევე დადასტურებულია, რომ მოპასუხე ორგანიზაციაში დარჩა საგანი პრაქტიკული მეცადინეობები - გაერთიანებული გუნდი, სოლფეჯიო და ა.შ სადაც ასწავლიან სიმღერას და დასახელებული გუნდის ხელმძღვანელად დასაქმებულია ზ.გ–ძე. რომელიც მანამდეც ასწავლიდა პრაქტიკულ კურსს. ასევე უდავოა, რომ ვ.გ–ნი ასწავლიდა გალობის ისტორიას, ანუ თეორიულ საგანს, ეს შტატი გაუქმდა და დარჩა მხოლოდ პრაქტიკული მიმართულების დისციპლინები. შესაბამისად, იმ პირობებშიც კი, თუ მ.ე–ძე, როგორც ამას კასატორი უთითებს, კვლავ ასწავლის ქართულ სიმღერას და გაერთიანებულ გუნდს - პრაქტიკულ საგანს, ეს ვერ გამორიცხავს მოსარჩელის გათავისუფლების კანონშესაბამისობას.
22. საკასაციო საჩივარი, ასევე შეიცავს შედავებას მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის შესახებ და შესაბამისად, შრომითსამართლებრივი ურთიერთობის უკანონოდ შეწყვეტის თაობაზე. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. ხაზგასასმელია, რომ დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებზე სამართალწარმოების პროცედურა დადგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, რომლის თანახმადაც, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. საქმის მასალების საფუძვლიანი კვლევის შედეგად, საკასაციო პალატა დისკრიმინაციის ფაქტის შეფასების კუთხით, აღნიშნავს, რომ მართალია ვ.გ–ნი არის სამოქალაქო მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ („რიონის ხეობის მცველები”) აქტიური წარმომადგენელი, რომელიც, მოძრაობის სხვა წევრებთან ერთად, მოითხოვდა „ნამახვან ჰესის“ მშენებლობის შეჩერებას, თუმცა, ისიც უდავოა, რომ აღნიშნული აქტივობა მან დაიწყო 2020 წლის ოქტომბრის თვიდან, ხოლო სამსახურიდან გათავისუფლდა დაახლოებით 2 წლის შემდგომ - 2022 წლის პირველ სექტემბერს, ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო. ამასთან, საგულისხმოა, რომ გათავისუფლებამდე მოსარჩელე დაწინაურდა და შესაბამისად, მოემატა კიდეც შრომითი ანაზღაურება, ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელესთან ერთად სამსახურიდან გათავისუფლდა ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალის აკ.ვასაძის სახელობის ფოლკლორის სახელოვნებო სასწავლებლის ამავე საგალობლების განყოფილების გამგე მ.ე–ძეც, რაც განსხვავებული მოპყრობის ფაქტის დადგენის შესაძლებლობას გამორიცხავს.
23. საკასაციო სასამართლო საქმის არსებითი განხილვის შედეგად, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და დადგენილი ფაქტების სამართლის ნორმებთან სუბსუმირების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და გასაზიარებელია გასაჩივრებული განჩინების ის დასკვნა, რომ მოსარჩელესთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობა შეწყდა ლეგიტიმურად - ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო. შესაბამისად, მიიჩნევა, რომ კასატორმა ვერ წარადგინა დასაბუთებული პრეტენზია, რაც საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების გზით სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას განაპირობებდა.
24. ვინაიდან საკასაციო საჩივარი უარყოფილია, კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 264.3, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ.გ–ნის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინება;
3. კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი