დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ას-1372-2025
11 მარტი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები - რ.გ–ვი, მ.ნ–ვი
მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,თ.ბ–ი’’
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 22 ივლისის საოქმო განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმება
დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სს ,,თ.ბ–ი’’ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს რ.გ–ვი, მ.ნ–ვი (შემდეგში: მოპასუხეები, კერძო საჩივრის ავტორები) მიმართ, თანხის დაკისრების და იპოთეკის საგნის რეალიზაციის შესახებ მოთხოვნით.
2. მოპასუხე რ.გ–ის და მ.ნ–ვის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, ხოლო სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო.
3. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სს ,,თ.ბ–ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა.
4. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს რ.გ–ვმა და მ.ნ–ვმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 8 მაისის განჩინებით რ.გ–ვის და მ.ნ–ვის საპელავიო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად. ხოლო ამავე სასამართლოს 2025 წლის 11 ივნისის განჩინებით დადგინდა სააპელაციო საჩივრის განხილვა მთავარ სხდომაზე 2025 წლის 22 ივლისს, 16:00 საათზე.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 22 ივლისის საოქმო განჩინებით სს ,,თ.ბ–ის’’ წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. რ.გ–ვის და მ.ნ–ვის სააპელაციო საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტების რ.გ–ვის და მ.ნ–ვის წარმომადგენელს გ.მ–ძეს სასამართლო სხდომის თარიღისა და ადგილის შესახებ ეცნობა 2025 წლის 11 ივნისს სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით. არც აპელანტები და არც მათი წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და მათ მიერ სასამართლოსთვის არ ყოფილა მიწოდებული რაიმე ინფორმაცია გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზთან დაკავშირებით. პალატამ მიიჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ იყო საფუძვლიანი და დააკმაყოფილა იგი.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 22 ივლისის საოქმო განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს რ.გ–ვმა და მ.ნ–ვმა, რომლებმაც მოითხოვეს აღნიშნული განჩინების გაუქმება.
9. რ.გ–ვის და მ.ნ–ვის წარმომადგენელი კერძო საჩივარში უთითებს, რომ მიმდინარე წლის ივლისის თვეში იყო ავად და ამ მიზეზით მან, როგორც აპელანტების წარმომადგენელმა, ვერ მოახერხა სხდომაზე გამოცხადება.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით რ.გ–ვის და მ.ნ–ვის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული საოქმო განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს; სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
14. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, აპელანტის გამოუცხადებლობის საფუძვლით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, მიღებული საოქმო განჩინების მართლზომიერების საკითხი.
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
16. სსსკ-ის 229-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276–278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. თუ მოპასუხე სარჩელის განუხილველად დატოვების წინააღმდეგია, სასამართლო გადადებს საქმის განხილვას. ანალოგიური შინაარსისაა სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.
17. ზემოაღნიშნულ ნორმათა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი კანონით დადგენილი წესით მიწვეული იყო საქმის განხილვაში და არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით (სუსგ №ას-1668-2019, 28.02.2020წ.) მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია და კერძო საჩივრით შედავებული არ არის, რომ სააპელაციო საჩივრის მოპასუხის (მოწინააღმდეგე მხარის) წარმომადგენელმა მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება უნდა გადაისინჯოს და საქმე განახლდეს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ (შდრ. სუსგ-ებები: Nას-1274-2019, 31.07.2020წ., Nას-1265-2019, 27.12.2019წ.).
19. დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის [სსსკ-ის 241-ე მუხლი]. ამდენად, გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა - სასამართლოს უფლებამოსილებაა (იხ. სუსგ საქმე №ას-1410-1330-2017, 30 იანვარი, 2018 წელი).
20. სსსკ-ის 215.3 მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
21. განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილ კერძო საჩივარში, აპელანტი მხარის წარმომადგენელი უთითებს, რომ მიმდინარე წლის ივლისის თვეში იყო ავად და ამ მიზეზით ვერ შეძლო სხდომაზე გამოცხადება. ამასთან აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობის შესახებ სამედიცინო ცნობას წარადგენს საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კერძო საჩივრის ავტორს, არც სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას და არც შემდეგ, მათ შორის, არც კერძო საჩივრით მომართვისას, სასამართლოსთვის არ წარუდგენია ცნობა, რომელიც დაადასტურებდა სააპელაციო სასამართლოში სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობას.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორმა ვერ უზრუნველყო საპატიო მიზეზით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის დადასტურება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მოპასუხის სააპელაციო საჩივარი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო.
24. ამგვარად, საკასაციო პალატას მიჩანი, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ.გ–ვის და მ.ნ–ვის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 22 ივლისის საოქმო განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ბადრი შონია
ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე