შეწყდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ას-1395-2025
11 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ნ.პ–ვა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ლ.მ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ნ.პ–ვამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.მ–ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ მოთხოვნით.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. მოსარჩელე ნ.პ–ვას საკუთრებაშია სიღნაღის რაიონში, სოფელ ........ მდებარე №.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება, რომელსაც სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოპასუხე ლ.მ–ი.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხე ლ.მ–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2007 წელს შეიძინა სიღნაღის რაიონის სოფელ ....... მდებარე 124ჰა მიწის ნაკვეთი (საძოვარი). უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი იყო სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს მიერ გაცემული მიწის და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი №593 (13.04.07). რეგისტრაციას ასევე საფუძვლად დაედო მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი. უძრავი ნივთის პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა 2007 წლის 16 აპრილს, საკადასტრო კოდით №.........
ლ.მ–მა 2014 წლის 15 ივლისს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საზღვრების დაზუსტება, თუმცა 2014 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ მიზეზით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება და იჭრებოდა მომიჯნავე №.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში.
მომიჯნავე, №......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, მხარე განმარტავს, რომ მისი თავდაპირველი მესაკუთრე იყო მ.მ–ი, რომლის საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 1-ელ მაისს გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა №314 თანდართულ საკადასტრო ნახაზთან ერთად. სარეგისტრაციო დოკუმენტების თანახმად, 2011 წლის 25 მაისს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დ.ჯ–მა მ.მ–ისგან შეიძინა 200 ჰა მიწის ნაკვეთი, მდებარე სიღნაღის რაიონში, სოფელ ......., საკადასტრო კოდი №......... აღნიშნული ქონება 22.12.2014 წელს დ.ჯ–მა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაუფორმა მოსარჩელე ნ.პ–ვას.
მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მ.მ–ის სახელზე გაცემული №314 საკუთრების უფლების მოწმობა ბათილად არის ცნობილი იმავე კომისიის 2008 წლის 17 სექტემბრის №26 ოქმით. ამის შემდგომ, ლ.მ–ის მიერ აღძრული სარჩელის ფარგლებში სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ 2016 წლის 30 მარტს ბათილად ცნო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 04.05.2008 წელს განხორციელებული პირველადი რეგისტრაცია მ.მ–ის სახელზე, ლ.მ–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის (მიწის უძრავი ქონების სარეგისტრაციო №56.13.40....) გადაფარვის, 502 184.05 კვ.მ-ის ნაწილში.
მოპასუხე დამატებით აღნიშნავს, რომ ნ.პ–ვამ ერთხელ უკვე აღძრა მის წინააღმდეგ ვინდიკაციური სარჩელი, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით, მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ხსენებულ გადაწყვეტილებაში განმარტებულის მსგავსად, მოპასუხეს წინამდებარე საქმეშიც დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ მიაჩნია ნ.პ–ვას სარჩელი.
ლ.მ–ი აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ რეალურად, მისი საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი და მის საფუძველზე არსებული სარეგისტრაციო ჩანაწერი განხორციელებულია უფრო ადრე, ვიდრე მოსარჩელის საკუთრებად აღრიცხული მიწის ნაკვეთი. ამდენად, არ დგინდება, რომ ლ.მ–ი ფლობს ნ.პ–ვას კუთვნილ უძრავ ქონებას.
მოპასუხემ მიუთითა, რომ იგი შესაბამის ადმინისტრაციულ დავას აწარმოებს, რომლის ფარგლებშიც ითხოვს: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 27 თებერვლის №1/1-1301 ბრძანების (სიღნაღის რაიონში, სოფელ ......... მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 853 568 კვ.მ მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრაციის მოთხოვნის ნაწილში), ამავე სააგენტოს 2021 წლის 28 იანვრის №1/1-151 ბრძანების (და მის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2022 წლის 12 აგვისტოს №1- 1/357 ბრძანებისა და სსიპ საჯარო რეესტრის 2020 წლის 28 თებერვლის №882020163160- 03, 2020 წლის 15 სექტემბრის №882020640680-03 და 2021 წლის 24 თებერვლის №882021128437-03 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მიაჩნია, ვიდრე არ დადგინდება მომიჯნავე მიწის ნაკვეთების საზღვრები, ვერ დასტურდება, რომ იგი რაიმე ფართს უკანონოდ ფლობს და ამდენად, არ არსებობს ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით, ნ.პ–ვას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ.პ–ვამ.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივლისის განჩინებით, ნ.პ–ვას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება.
7. პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
8. სააპელაციო პალატამ მიუთითა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებაზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლებზე, საჯარო რეესტრის მიმართ უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციაზე და აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციიდან გამომდინარე ითვლება, რომ ლ.მ–ს საკუთრებაში გააჩნდა მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება (სადავო 502184.05 კვმ მიწის ნაკვეთი). მ.მ–ის, შემდგომ დ.ჯ–ის და ბოლოს - ნ.პ–ვას მიერ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის შედეგად ლ.მ–ის რეგისტრირებული მონაცემები არ შეცვლილა, არ გაუქმებულა, მის სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია არ გამხდარა სადავო. საქმეში არ მოიპოვება ლ.მ–ის სახელზე არსებული საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმების დოკუმენტაცია, უფლების გადასვლის ან შეწყვეტის ფაქტის, ჩანაწერის ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობის ფაქტის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება. ვინაიდან, სადავო უძრავი ნივთი რეგისტრირებულია როგორც მოსარჩელის, ასევე - მოპასუხის საკუთრებად, პალატამ მიიჩნია, რომ უძრავ ნივთთან დაკავშირებული სადავო საკითხი ვერ გადაწყდებოდა ვინდიკაციური სარჩელის გზით, უპირველესად უნდა გადაწყვეტილიყო უფლებრივი საკითხი უძრავ ნივთთან მიმართებით. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეებს მართებთ აწარმოონ სხვა სახის დავები საჯარო რეესტრში არსებული ხარვეზის გამოსასწორებლად, მოპასუხე არ წარმოადგენს არამართლზომიერ მფლობელს, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მან საკუთრების უფლება მოიპოვა კანონიერი საფუძვლით, ხოლო მ.მ–ის სახელზე გაცემული საკუთრების მოწმობა ბათილად იქნა ცნობილი.
9. ამდენად, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა და მიიჩნია, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან მოპასუხეს რეგისტრირებული აქვს საკუთრების უფლება სადავო უძრავ ნივთზე, ისევე როგორც მოსარჩელეს, საკუთრების უფლების წარმომშობი დოკუმენტების კანონიერების შემოწმების გარეშე კი, ვინდიკაციური სარჩელის წარმატება გამოირიცხება.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა ნ.პ–ვამ.
11. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
11.1. კასატორის განმარტებით, სადავოს არ წარმოადგენს, რომ მოპასუხის მფლობელობაში არსებული უძრავი ნივთი საჯარო რეესტრის ჩანაწერებით წარმოადგენს მოსარჩელის სახელზე რიცხულ ქონებას საკადასტრო კოდით N........., თუმცა მოსარჩელე ვერ ახორციელებს მესაკუთრის უფლებამოსილებებს. ნ.პ–ვას მხრიდან სადავო ქონებასთან მიმართებაში მესაკუთრის უფლებამოსილებების განხორციელების საპირისპიროდ, სასამართლომ მიუთითა ლ.მ–ის მხრიდან ქონების ფლობის მართლზომიერებაზე, რა შემთხვევაშიც სასამართლო დაეყრდნო ქონებასთან მიმართებით ლ.მ–ის, როგორც მესაკუთრის უფლებამოსილებას. შესაბამისად, ერთსა და იმავე ქონებასთან მიმართებით სახეზე არის ორი პირის მხრიდან მესაკუთრის უფლებამოსილებების არსებობა. ასეთი მიდგომა ეწინააღმდეგება ბუნებით სამართალს და ერთი და იგივე ქონება არ შეიძლება წარმოადგენდეს რამდენიმე პირის საკუთრებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საუბარია თანასაკუთრებაზე, სადაც თითოეულ მესაკუთრეს აქვს თავისი წილი საკუთრება. კასატორის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება მხარემ შეიძინა 2014 წელს მესამე პირისგან და წარმოადგენს მის მესაკუთრეს. ხსენებული გარიგების ბათილობასთან მიმართებით არ წარმოებს რაიმე დავა და ქონებაზე კასატორის მიერ საკუთრების უფლების მოპოვების ფაქტის კანონიერება არ გამხდარა სადავო. სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებაში მითითებული მიწის ნაკვეთების ზედდებასთან მიმართებით მხარეებს შორის არ წარმოებს დავა, რისი გათვალისწინებითაც კასატორი უნდა ჩაითვალოს ქონების მესაკუთრედ და მხარემ უნდა ისარგებლოდ მესაკუთრის უფლებამოსილებით.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 5 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
13. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, საქმის მასალებს და მათი შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ საქმისწარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 272-ე მუხლის „ბ“ პუნქტის მიხედვით, სასამართლო მხარეთა ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. ამდენად, იმისათვის, რომ კონკრეტულ საქმეზე შეწყდეს სამართალწარმოება სახეზე უნდა იყო შემდეგი წინაპირობა: დავა - იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. ერთ-ერთი მათგანის გამორიცხვის შემთხვევაში, საქმე ახალ დავად უნდა მივიჩნიოთ.
15. საქმისწარმოების შეწყვეტას კანონმდებელი უკავშირებს სსსკ-ის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობას, კერძოდ, საქმის წარმოების შეწყვეტა დასაშვებია, თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დასრულდა დავა იმავე მხარეებს შორის, ანალოგიური სასარჩელო მოთხოვნისა და სარჩელის იმავე ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების გამო.
16. კანონმდებლის ამგვარი ნება გამომდინარეობს სსსკ-ის 266-ე მუხლის შინაარსიდანაც და განპირობებულია მითითებულ ნორმაში ასახული აკრძალვით, რომლითაც გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს, არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე.
17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს ქვაკუთხედს, მართლმსაჯულების განხორციელების სტაბილურობა წარმოადგენს, რაც სასამართლო გადაწყვეტილების ე.წ მუდმივობის პრინციპით ხასიათდება. აღნიშნული პრინციპი გარანტირებულია არაერთ შიდასახელმწიფოებრივ თუ საერთაშორისო სამართლის დანაწესში, რომელთაგან ერთ-ერთს სსსკ-ის 272-ე მუხლი წარმოადგენს. განსახილველი ნორმა გარკვეული „ინკვიზიციურობით“ ხასიათდება და მიუხედავად იმისა, შუამდგომლობს თუ არა მხარე საქმისწარმოების შეწყვეტის თაობაზე, სასამართლოს ავალდებულებს, გამოიკვლიოს, სახეზე ხომ არ არის ნორმით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა. მოხმობილი ნორმის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. იმისათვის, რომ სწორად შეფასდეს ნორმის გამოყენების განმაპირობებელი გარემოებები, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს, თუ რას წარმოადგენს ნორმის მიზნებისათვის სარჩელის/დავის „საგანი“ და „საფუძველი“: ა) სარჩელის/დავის საგანი არის მოსარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა მოწინააღმდეგე მხარისადმი, რომელიც უნდა განიხილოს სასამართლომ და რომლის მიმართაც უნდა გამოიტანოს შესაბამისი გადაწყვეტილება (განჩინება), უფრო კონკრეტულად „საგანი“ არის მოთხოვნის შინაარსი და არა მისი მატერიალური ობიექტი; ბ) რაც შეეხება „საფუძველს“, ეს არის გარემოებები, რომელზეც მხარე ამყარებს საკუთარ მოთხოვნებს და რომელთა დადასტურებაც სწორედ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ემსახურება მიზნად.
18. სასამართლო გადაწყვეტილების, როგორც მართლმსაჯულების აქტის დანიშნულებაა მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა შორის დავების გადაწყვეტა. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, იგი იძენს საბოლოო, სავალდებულო და შეუქცევად ხასიათს. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა უკავშირდება ორ პრინციპს: პირველი - „დავა გადაწყვეტილია“ (Res Juticata) და მეორე - ფაქტების პრეიუდიციას (იხ. პაატა ქათამაძე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რჩეული მუხლების კომენტარი, მუხლი 266, თბილისი, 2020).
19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია გადაწყვეტილების ფორმალური (264-ე მუხლი) და მატერიალური (266-ე მუხლი) კანონიერი ძალა, რომელიც პირველ შემთხვევაში გულისხმობს მიმდინარე პროცესში დავის განხილვის დამთავრებას, ხოლო მატერიალური კანონიერი ძალა უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულოობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. აღნიშნული ნორმების ანალიზი შემდეგი დასკვნის საფუძველს იძლევა: გადაწყვეტილების კანონიერ ძალას გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს (შდრ. სუსგ №ას-355-337-2015, 20.07.2015, №ას-832-832-2018, 25.07.2018 წ.).
20. გადაწყვეტილების კანონიერი ძალის სუბიექტური ფარგლები იმ პირთა წრეს გულისხმობს, რომლებზეც გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება. სსსკ-ის 266-ე მუხლით გათვალისწინებულია სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალა, კერძოდ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საგანზე და იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი (იხ. პაატა ქათამაძე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რჩეული მუხლების კომენტარი, მუხლი 266, თბილისი, GIZ, 2020, გვერდი 998).
21.საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ უნდა შეამოწმოს და გამოარკვიოს ნამდვილად ამ ფაქტს ეყრდნობა თუ არა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება). ასევე, მატერიალური კომპონენტების კუთხით (ესაა ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შინაარსი (რომელი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზეც იქნა მიღებული გადაწყვეტილება, ე.ი. რაც გახდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის საფუძველი). ასეთი მიდგომა ემსახურება მართლმსაჯულების განხორციელებისას მიღებული სასამართლო აქტის სავალდებულო ძალის, ასევე, ამ აქტისადმი სანდოობის პრინციპის შენარჩუნებას და რაც მთავარია, განსაზღვრულობის პრინციპს. ივარაუდება, რომ იმ სასამართლომ, რომელმაც ერთხელ უკვე იმსჯელა მხარეებს შორის არსებულ სამართალურთიერთობაზე და დაადგინა გარკვეული ფაქტები, სასამართლოს დასკვნები ამ ფაქტებთან მიმართებით ემყარება მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური შემოწმების შედეგს. შესაბამისად, თუ იგივე ფაქტები მათი შეფასება-დადგენის კუთხით კვლავ გახდებოდა სხვა სასამართლოს მიერ სხვა სამართალწარმოების პროცესში მსჯელობის საგანი, ამით სერიოზული საფრთხე შეექმნებოდა, როგორც დასახელებული პრინციპების დაცვას, ასევე, ზოგადად მართლმსაჯულების სტაბილურობას. უნდა შემოწმდეს, როგორც პროცესუალური (პროცესუალური წინაპირობებია: (1) კანონიერ ძალაშია თუ არა შესული სასამართლო გადაწყვეტილება (განჩინება); (2) გამოტანილია თუ არა იგი სამოქალაქო საქმეზე; (3) თუ არა იგივე მხარეები მონაწილეობენ თუ არა განსახილველ საქმეშიც, რომელთა მიმართ გამოტანილია გადაწყვეტილება (განჩინება), ასევე - მატრიალური კომპონენტების კუთხით (ესაა ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შინაარსი (რომელი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზეც იქნა მიღებული გადაწყვეტილება, ე.ი. რაც გახდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის საფუძველი). მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია მხარის მიერ მითითებული ფაქტი შეფასდეს პრეიუდიციულად და ამოირიცხოს მტკიცების საგნიდან. შესაბამისად, ფაქტის პრეიუდიციულად მიჩნევა სასამართლოს უფლებაა. სასამართლო უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ეფუძნება სწორედ ამ ფაქტს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ფაქტი არ წარმოადგენს პრეიუდიციულ ფაქტს და ჩვეულებრივ ექვემდებარება მტკიცებას ისევე, როგორც მხარეთა მიერ შედავებული დანარჩენი ფაქტები. ასეთი მიდგომა ემსახურება მართლმსაჯულების განხორციელებისას მიღებული სასამართლო აქტის სავალდებულო ძალის, ასევე, ამ აქტისადმი სანდოობის პრინციპის შენარჩუნებას და რაც მთავარია, განსაზღვრულობის პრინციპს. ივარაუდება, რომ იმ სასამართლომ, რომელმაც ერთხელ უკვე იმსჯელა მხარეებს შორის არსებულ სამართალურთიერთობაზე და დაადგინა გარკვეული ფაქტები, სასამართლოს დასკვნები ამ ფაქტებთან მიმართებით ემყარება მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური შემოწმების შედეგს. შესაბამისად, თუ იგივე ფაქტები მათი შეფასება-დადგენის კუთხით კვლავ გახდებოდა სხვა სასამართლოს მიერ სხვა სამართალწარმოების პროცესში მსჯელობის საგანი, ამით სერიოზული საფრთხე შეექმნებოდა, როგორც დასახელებული პრინციპების დაცვას, ასევე, ზოგადად მართლმსაჯულების სტაბილურობას (იხ., ილონა გაგუა „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე, თბ., 2020 წელი, გვ: 193-196. რედაქტორები: ზურაბ ძლიერიშვილი, ნუნუ კვნტალიანი).
22. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 მარტის კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება განსახილველი დავის იდენტური მხარეებით, კერძოდ: მოსარჩელე ნ.პ–ვამ 2015 წლის 6 აპრილს სარჩელი აღძრა მოპასუხე ლ.მ–ის მიმართ და მოითხოვა ლ.მ–ის უკანონო მფლობელობიდან სიღნაღის რაიონის, სოფელ ....... მდებარე N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების გამოთხოვა და უძრავი ქონების თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა. მოსარჩელის მითითებით საკუთრებაში აქვს სიღნაღის რაიონის სოფელ ....... მდებარე N......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, რომელსაც უკანონოდ ფლობს მოპასუხე ლ.მ–ი.
23. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 მარტის კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით ნ.პ–ვას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
24. მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად სასამართლომ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს მიერ 2007 წლის 13 აპრილს გაცემული N593 ოქმით დადგენილია, რომ ლ.მ–მა 3720 ლარად შეიძინა სიღნაღის რაიონის სოფელ ....... მდებარე 124ჰა საძოვარი, სარეგისტრაციო ნომრით 56/13/40/033, ,,კაზლარის ტერიტორია”; კრების ოქმის საფუძველზე აღნიშნული უძრავი ქონება 2007 წლის 16 აპრილს რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში ლ.მ–ის საკუთრებად, 2007 წლის 27 აპრილს საჯარო რეესტრის სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურში რეგისტრირებული იქნა 124 ჰა მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სიღნაღის რაიონულ განყოფილებას დაევალა, ლ.მ–ის სახელზე დაერეგისტრირებინა ლ.მ–ის მიერ შესყიდული ქონება - სიღნაღის რაიონის სოფელ ....... მდებარე მეცხოველეობის ფერმა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, სიღნაღის რაიონის სოფელ ....... მდებარე 533 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები საკადასტრო კოდით - ....... რეგისტრირებული იქნა ლ.მ–ის საკუთრებად 2005 წლის 19 აპრილს.
მოსარჩელე ნ.პ–ვას კუთვნილი მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით -........., თავდაპირველად 2008 წლის 01 მაისის N314 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე რეგისტრირებული იქნა მ.მ–ის საკუთრებად, რომელიც შემდეგ ბათილად იქნა ცნობილი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით და 2015 წლის 02 დეკემბრის ინფორმაციით დადგენილია, რომ მხარეთა საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს შორის არსებობს ზედდება (გადაფარვა).
25. სასამართლომ განმარტა, რომ მიუხედავად ზედდებისა, არ უნდა ყოფილიყო დაშვებული, რომ მოპასუხეს იურიდიულად დაკარგული აქვს საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე. მოპასუხე ლ.მ–ის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი, ასევე მის საფუძველზე სარეგისტრაციო ჩანაწერი განხორციელებულია უფრო ადრე, ვიდრე მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი და საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება, რომ მოპასუხე უკანონოდ ფლობს სადავო უძრავ ქონებას.
26. ამდენად, საქმეში წარდგენილ მასალებზე დაყრდნობით სასამართლომ მიიჩნია, რომ არ დგინდებოდა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა.
27. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვინდიკაციური დავების სპეციფიკურობის გათვალისწინებით, შესაძლოა არსებობდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და მასზე განმეორებით მოხდეს მსჯელობა იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი მოცემულობა, რაც გახდა გარკვეული გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა, შეიცვალა. კერძოდ კი, თუ სახეზე იყო მოპასუხის მიერ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონების ფლობის მართლზომიერება და შემდგომში შეიცვალა მოცემულობა.
28. წინამდებარე საქმეზე, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს: მოპასუხე ლ.მ–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს უძრავი ქონება, მდებარე: სიღნაღის რაიონი, სოფელი ......., ს/კ 56.13.40.050 და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრე ნ.პ–ვას.
29. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია, რომ მოსარჩელე ნ.პ–ვას საკუთრებაშია სიღნაღის რაიონში, სოფელი ....... მდებარე №......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება, რომელსაც სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოპასუხე ლ.მ–ი.
30. სარჩელის ფაქტობრივ გარემობებში მოსარჩელე ასევე უთითებს, რომ 2014 წლის 22 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დ.ჯ–ისგან შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე: სიღნაღის რაიონი, სოფელი ....... (ს/კ ........) და დღეის მდგომარეობით წარმოადგენს მის მესაკუთრეს. მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილს უკანონოდ ფლობს მოპასუხე ლ.მ–ი და მოსარჩელის არაერთი მიმართვის მიუხედავად, უარს აცხადებს ქონების გამოთავისუფლებაზე.
31. ნ.პ–ვა, განსახილველი სარჩელით, საჯარო რეესტრში მის საკუთრებად აღრიცხული ფართის უკანონო ფლობას ედავება ლ.მ–ს, რომელიც თავის მხრივ, უთითებს ფლობის მართლზომიერებაზე და ამასთან, უთითებს მიწის ნაკვეთებს შორის არსებულ ზედდებაზე. მოცემულ ეტაპზე, ისევე როგორც 2016 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების მიღების დროს, მოდავე მხარეებს შორის არსებობს მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის პრობლემა. ახალი სარჩელის წარმოდგენის ეტაპზე, მხარეებს შორის კვლავ გადასაწყვეტია უფლებრივი საკითხი უძრავ ნივთთან მიმართებით. სწორედ ამ საფუძვლით იქნა ნ.პ–ვას სარჩელი უარყოფილი 2016 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ნ.პ–ვას მიერ, განსახილველი სარჩელის წარმოდგენის დროს, არ შეცვლილა ის ფაქტობრივი მოცემულობა, რაც გახდა 2016 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
32. საკასაციო სასამართლოს განსჯით, მოსარჩელე მხარემ ხელმეორედ წარადგინა იგივე სარჩელი იმავე საფუძვლით, რაც ამ სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის წინაპირობაა. ამ სარჩელის განხილვის დაშვება შეუთავსებელია კანონიერი ძალის ინსტიტუტის მიზნებთან - შექმნას სამართლებრივი სტაბილურობა, სამართლებრივი განსაზღვრულობა და მხარეთა ნდობა, რომ „დავა გადაწყვეტილია“. როგორც საკასაციო სასამართლომ განმარტა „სსსკ-ის 272-ე მუხლში გამოხატული კანონმდებლის ნება სრულად შეესაბამება, როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას, ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვეციით დადგენილ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას. მართალია, სსსკ-ის მე-2 მუხლი განამტკიცებს ზოგად პრინციპს, რომლის მიხედვითაც ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. თუმცა, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. სწორედ სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვას აწესებს ამავე კოდექსის 272-ე მუხლი ისეთი გარემოებების არსებობისას, როდესაც მხარემ ერთხელ უკვე ისარგებლა ამ უფლებით და სასამართლომ არსებითად გადაწყვიტა დავა. შესაბამისად, იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით საქმის კვლავ განხილვა საფრთხეს შეუქმნიდა სასამართლო გადაწყვეტილებათა სავალდებულო ძალას და სამოქალაქო უფლებათა სტაბილურობას (შეად. სუსგ-ებს: N ას-123-117-2013, 13.05.2013წ; N ას-392-2019 27.11.2020წ.).
33. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სსკ-ის 272-ე მუხლის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული საქმისწარმოების შეწყვეტის საფუძველი. სსსკ-ის 187.2 მუხლის (თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს) მიხედვით, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, შეწყვიტოს საქმის წარმოება სარჩელზე. კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო საკუთარი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, გააუქმებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებასა და ამავე გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივლისის განჩინებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შეწყდეს საქმის წარმოება ნ.პ–ვას სარჩელზე, მოპასუხე ლ.მ–ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე;
2. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივლისის განჩინება;
3. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის გამო, დავაზე იმავე მხარეებს შორის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დაუშვებელია;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები : ბადრი შონია
ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე