არ დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 30.04.2026
საქმის ნომერი
ას-35-2026
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
30.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-35-2026

30 აპრილი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან ნემსაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, მიხეილ ჯინჯოლია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „გ.ქ. და ტ.ც–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ნ.დ–ძე, ქ.ც–ი (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 03 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ნ.დ–ძემ (შემდგომში - „პირველი მოსარჩელე“ ან „აპელანტი“) და ქ.ც–მა (შემდგომში - „მეორე მოსარჩელე“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „გ.ქ. და ტ.ც–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 08 სექტემბრის გადაწყვეტილებით:

პირველი მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2023 წლის დეკემბრის, 2024 წლის იანვრის, თებერვლისა და მარტის იძულებით განაცდური ხელფასის - ჯამში დარიცხული 5 600 ლარის გადახდა, ასევე, აღნიშნულ 5 600 ლარზე ყოველდღიური პირგასამტეხლოს სახით 0,07%-ის გადახდა 01.01.2024წ.-17.04.2024წ. პერიოდზე ჯამში 362,60 ლარის ოდენობით; დარჩენილ ნაწილში პირველ მოსარჩელეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე;

მეორე მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2023 წლის ნოემბრის და დეკემბრის, 2024 წლის იანვარი, თებერვალი და მარტის თვეების იძულებით განაცდური ხელფასის - ჯამში დარიცხული 4 375 ლარის გადახდა, ასევე, აღნიშნულ 4 375 ლარზე ყოველდღიური პირგასამტეხლოს სახით 0,07%-ის გადახდა 01.12.2023წ.-17.04.2024წ. პერიოდზე ჯამში 330,12 ლარის ოდენობით; დარჩენილ ნაწილში მეორე მოსარჩელეს უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

4. პირველმა მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. აღნიშნული სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი ასევე წარადგინა მოპასუხემ, რომლითაც მისი გაუქმება მოითხოვა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და მისი შევსების მიზნით, დაევალა წარედგინა: სააპელაციო საჩივარი, რომელშიც მითითებული იქნებოდა იმის თაობაზე, თუ რაში მდგომარეობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი ან/და სამართლებრივი უსწორობა, გარემოებები, რომელზეც აპელანტი ამყარებს თავის მოთხოვნას და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მათ. აპელანტს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 10 დღის ვადა.

7. მოპასუხემ 2025 წლის 28 ოქტომბერს განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და იშუამდგომლა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 03 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად; ამასთან, მოპასუხის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 09.10.2025წ. განჩინება და პირველი მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი გაეგზავნა აპელანტს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე: თბილისი, .......... და ჩაბარდა 2025 წლის 16 ოქტომბერს; 2025 წლის 27 ოქტომბერს 22:40 საათზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიაში ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წარდგენილ იქნა მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე შემდეგი ფორმულირებით: „გთხოვთ, შეაჩეროთ [მოპასუხის] სააპელაციო საჩივრის განხილვა, მანამ, სანამ არ დასრულდება ასევე [მოპასუხის] ადმინისტრაციული სარჩელის განხილვა (საქმეზე N3/7377-24) თბილისის საქალაქო სასამართლოში შრომის ინსპექციის სამსახურის წინააღმდეგ. ამასთან, მიგვაჩნია, რომ ის გარემოება, რომ [მოპასუხის] შუამდგომლობა წარდგენილია სააპელაციო საჩივრის ხარვეზის ეტაპზე, არ გამორიცხავს სასამართლოს უფლებას, მიიღოს აღნიშნული შუამდგომლობა და სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობის პრინციპების გათვალისწინებით განიხილოთ იგი”.

10. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა შორის მიმდინარე დავის ფარგლებში არსებობს პირველი მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი, რომელიც სააპელაციო სასამართლოს 09.10.2025წ. განჩინებით წარმოებაშია მიღებული. პირველი მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის განჩინებასთან ერთად ჩაბარებული აქვს შუამდგომლობის ავტორს და აღნიშნულ ნაწილში საქმის წარმოების შეჩერებას იგი არ ითხოვს. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ იყო წარმოებაში მიღებული, არამედ იმყოფებოდა დასაშვებობის ეტაპზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით კი არ არის გათვალისწინებული დასაშვებობის 10 დღიანი ვადის შეჩერება.

11. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტისთვის ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული 10-დღიანი საპროცესო ვადის დენა დაიწყო განჩინების გადაცემის მომდევნო დღიდან, 2025 წლის 17 ოქტომბრიდან და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლით დადგენილი წესით, განჩინებით განსაზღვრული ვადა ამოიწურა 2025 წლის 27 ოქტომბერს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ აპელანტს განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენია. ამასთან, მას არც ხარვეზის ვადის გაგრძელების შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.

12. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 60.2, 63-ე, 368.5, 374-ე მუხლებით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

13. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა კერძო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება მოითხოვა.

14. კერძო საჩივარი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

14.1. მოპასუხემ ხარვეზის შევსების ეტაპზე დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება. ამასთან, შუამდგომლობაში მოპასუხე ხაზგასმით მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ, მართალია, შუამდგომლობა წარდგენილი იყო სააპელაციო საჩივრის ხარვეზის ეტაპზე, თუმცა ეს არ გამორიცხავდა სასამართლოს უფლებას, განეხილა აღნიშნული შუამდგომლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, თუმცა სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და სააპელაციო საჩივარი განუხილველი დატოვა. აღნიშნული განჩინება არის უკანონო და დაუსაბუთებელი;

14.2. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმეში არსებული სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც, სავარაუდოდ, შედეგობრივ გავლენას მოახდენდა გადაწყვეტილების მიღებაზე. კერძოდ, წინამდებარე საქმეში განხილვის საგანია კლინიკისათვის განაცდურის ანაზღაურების დაკისრების კანონიერება. შრომის ინსპექციის აქტი, რომლის მიხედვითაც დადგენილად ჩაითვალა უკანონო დათხოვნისა და განაცდურის არსებობა, გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოში (საქმე N3/7377-24) და განხილვის სტადიაშია. აღნიშნული საქმის საბოლოო შედეგი კი, პირდაპირ განსაზღვრავს წინამდებარე საქმის საბოლოო შედეგს, რადგან თუ შრომის ინსპექციის გადაწყვეტილება გაუქმდება ან შეიცვლება, მოცემული საქმის სამართლებრივი საფუძველი მთლიანად ძალას დაკარგავს;

14.3. შესაბამისად, საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმა არ შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს და ეფუძნება სამართლებრივი ნორმის არასწორ ინტერპრეტაციას და არასრულ ფაქტობრივ შეფასებას.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 26 იანვრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

16. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

18. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმისა და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება. გასაჩივრებული განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ მან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში არ შეავსო სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი.

19. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია იმ გარემოებას ემყარება, რომ სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე. ამდენად, საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, იმსჯელებს აპელანტის შუამდგომლობაზე საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე.

20. წინამდებარე საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 08 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება მოითხოვა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და მისი შევსების მიზნით, დაევალა დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა. აპელანტს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 10 დღის ვადა; აღნიშნული განჩინება გაეგზავნა აპელანტს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა 2025 წლის 16 ოქტომბერს; მოპასუხემ ისე, რომ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია, 2025 წლის 27 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლოში წარადგინა შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე, რაც სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა, იმ საფუძვლით, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით არ არის გათვალისწინებული დასაშვებობის 10-დღიანი ვადის შეჩერება.

21. საქმის წარმოების შეჩერებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივარზე წარმოება იწყება სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შემდეგ, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს „საქმის წარმოება“. საქმის წარმოების შეჩერება სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე დასაშვები და შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმის წარმოების შეჩერების ფაქტობრივი საფუძველი იმთავითვე გამორიცხავს ხარვეზის შევსების შესაძლებლობას. მაგალითად, მოქალაქის გარდაცვალებისას, რა შემთხვევაშიც სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, მათ შორის, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზეც, თუ სადავო-სამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას. რაც შეეხება ისეთ ვითარებას, როდესაც მხარე ითხოვს საქმის წარმოების შეჩერებას საქმის წარმოებაში მიღებამდე იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული საქმის გადაწყვეტა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, ასეთ ვითარებაში, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ არ არსებობს საქმის წარმოების შეჩერების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები, ვინაიდან ამისათვის აუცილებელია სახეზე იყოს წარმოებაში მიღებული სააპელაციო საჩივარი.

22. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ვინაიდან მოპასუხის მიერ საქმის წარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის წარდგენის დროისათვის წინამდებარე საქმეში პირველი მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი მიღებული იყო წარმოებაში, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს იმსჯელოს საქმის წარმოების შეჩერების შუამდგომლობის დასაბუთებულობაზე.

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს საქმის წარმოების შეჩერების სავალდებულო და ფაკულტატურ საფუძვლებს. საქმის წარმოების შეჩერების სავალდებულო საფუძვლებს განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლი. იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს აღნიშნულ მუხლში ჩამოთვლილ ერთ-ერთ გარემოებას, სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმის წარმოება. აღნიშნული მუხლის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.

24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი საქმისწარმოების შეჩერების აუცილებლობას ითვალისწინებს ისეთ შემთხვევაში, როდესაც განსახილველი დავის გადაწყვეტას სამართლებრივად აფერხებს სხვა სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით განსახილველი საქმის გადაწყვეტა. მითითებული საფუძვლით საქმისწარმოების შეჩერების ვალდებულება პირდაპირ უკავშირდება ისეთ საპროცესო ინსტიტუტს, როგორიცაა - მტკიცების ტვირთი და ემსახურება ფაქტების დამტკიცების ვალდებულებისაგან მხარეთა გათავისუფლების მიზანს, სამართალწარმოების ერთ-ერთი პრინციპის – პროცესუალური ეკონომიის პრინციპის - რეალიზაციის უზრუნველყოფას, რაც, თავის მხრივ, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა. აღნიშნული საფუძვლით საქმისწარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას.

25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ კვეთება მოპასუხის/კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ ადმინისტრაციულ საქმეზე (იხ. წინამდებარე განჩინების 14.2 პუნქტი) მიმდინარე სამართალწარმოებასა და წინამდებარე დავას შორის იმგვარი კავშირის არსებობა, რაც არსებით გავლენას იქონიებს ამ უკანასკნელი საქმის განხილვასა და გადაწყვეტაზე. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა; სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. შესაბამისად, საქმისწარმოების შეჩერებისას მარტოოდენ საქმეთა შორის პირდაპირი კავშირის არსებობა არ წარმოადგენს შეჩერების საკმარის საფუძველს, აუცილებელია დავის საგნისა და სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, დავის განხილვისა და გადაწყვეტის შეუძლებლობის ვარაუდი, ანუ სამართლებრივად ისეთი ვითარების არსებობა, როცა კონკრეტულ დავაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, ანუ დავის გადაწყვეტამდე, სასამართლო ვერ შეძლებს იმ საქმის განხილვას, რომლის შეჩერებასაც ითხოვს მხარე (იხ. სუსგ საქმე Nას-925-865-2017, 25 სექტემბერი, 2017 წელი). მოცემულ შემთხვევაში ასეთი ვითარების არსებობა დადასტურებული არ არის, შესაბამისად, არ არსებობდა განსახილველი საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი.

26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს დასახელებულ ნორმაში მითითებულ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის [სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა] შესაბამისად, დარჩება განუხილველი დაუშვებლობის გამო.

27. ამდენად, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

28. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ მოპასუხეს ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 09 ოქტომბრის განჩინება ჩაბარდა 2025 წლის 16 ოქტომბერს, შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 10-დღიანი საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო მომდევნო დღიდან - 2025 წლის 17 ოქტომბრიდან (სსსკ-ის 60.2 მუხლი) და ამოიწურა იმავე წლის 27 ოქტომბერს, თუმცა აპელანტს აღნიშნულ ვადაში არც ხარვეზი შეუვსია და არც ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.

29. შესაბამისად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს“, აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, N8225/78, 28 მაისი, 1985 წელი, §57).

31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე, 177.3 და 368.1 მუხლები), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისთვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5 და 374.1 მუხლები).

32. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „გ.ქ. და ტ.ც–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 03 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლევან ნემსაძე

მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი

მიხეილ ჯინჯოლია