არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-399-2026 25 მაისი, 2026 წელი,თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი
ლაშა ქოჩიაშვილი,საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ჟ.ტ–ვა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ვ.კ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 9 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ჟ.ტ–ვას (პასპორტის №45.........) სარჩელი მოპასუხე ვ.კ–ის (პ/ნ ........) მიმართ. ვ.კ–ს ჟ.ტ–ვას სასარგებლოდ დაეკისრა 51 934 ლარის გადახდა. ვ.კ–ს ჟ.ტ–ვას სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 886.36 ლარის გადახდა. ხოლო, 2113.64 ლარი დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
2. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე, 2025 წლის 30 იანვარს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
3. 2025 წლის 10 თებერვალს სააპელაციო საჩივარი წარადგინა ვ.კ–ის წარმომადგენელმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
4. 2025 წლის 26 თებერვალს, სასამართლოს განცხადებით მიმართა ვ.კ–ის წარმომადგენელმა ანზორ ხაინდრავამ და მოითხოვა 2025 წლის 30 იანვარს გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერება. წარმომადგენლის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ ისე გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომ გადაწყვეტილება არ იყო კანონიერ ძალაში შესული.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 თებერვალს მიღებული განჩინებით, აპელანტის განცხადება დაკმაყოფილდა. სამოქალაქო საქმეზე #2/6722-21 საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 30 იანვარს გაცემული სააღსრულებო ფურცლის (სააღსრულებო წარმოება #A25023987) მოქმედება შეჩერდა.
6. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ მისი გაუქმების მოთხოვნით.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით, ჟ.ტ–ვას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერვლის განჩინება და ვ.კ–ის განცხადება სამოქალაქო საქმეზე N2/6722-21 საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 30 იანვარს გაცემული სააღსრულებო ფურცლის (სააღსრულებო წარმოება NA25023987) მოქმედების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
8. განჩინებაში უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ იყო კანონიერ ძალაში შესული, რის გამოც არსებობდა სააღსრულებო ფურცლის არა შეჩერების, არამედ გაუქმების საფუძველი.
9. 2025 წლის 26 ნოემბერს ვ.კ–ის წარმომადგენელმა ხელახლა მიმართა სააპელაციო სასამართლოს გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმების მოთხოვნით.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 9 დეკემბრის განჩინებით ვ.კ–ის განცხადება დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 30 იანვარს გაცემული სააღსრულებო ფურცელი. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმეში არსებული მასალების თანახმად, წინამდებარე საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ იყო კანონიერ ძალაში შესული, შესაბამისად არ არსებობდა სააღსრულებო ფურცლის გაცემის წანამძღვრები, რის გამოც სასამართლო უფლებამოსილი იყო გაეუქმებინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 30 იანვარს გაცემული სააღსრულებო ფურცელი.
11. აღნიშნული განჩინებაზე მოსარჩელემ კერძო საჩივარი წარადგინა, რომლის განხილვის მიზნით საქმე გადმოგზავნილი იქნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
12. კერძო საჩივრის ავტორი აცხადებს, რომ გასაჩივრებული განჩინება უკანონოა და უნდა გაუქმდეს ვინაიდან განჩინება მიღებულ იქნა მოსარჩელის ინფორმირების გარეშე. მისივე მტკიცებით, მხოლოდ იმ ფაქტზე მითითება, რომ ვ.კ–მა 2024 წლის 28 ნოემბრის დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაიბარა 2025 წლის 28 იანვარს, ხოლო სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2025 წლის 10 თებერვალს - კანონით დადგენილ 14 დღიან ვადაში, არ ნიშნავს იმას, რომ ვ.კ–მა გადაწყვეტილება ჩაიბარა კანონით დადგენილ ვადაში მისი გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა და მას ეს ვადა არ დაურღვევია.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 3 აპრილის განჩინებით, ჟ.ტ–ვას, კერძო საჩივარი, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
15. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სამოქალაქო საქმეზე #2/6722-21 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 30 იანვარს გაცემული სააღსრულებო ფურცლის (სააღსრულებო წარმოება #A25023987) გაუქმების მართლზომიერება.
16. საკასაციო პალატა მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების საკითხის მარეგულირებელი ნორმატიული აქტია. დასახელებული კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. სააღსრულებო ფურცელს გასცემს სასამართლოს ის ინსტანცია, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც კანონიერი ძალაში შევიდა (გარდა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემული გადაწყვეტილებებისა/სსსკ-ის 268-ე მუხლი) და დავის არსებითად გადაწყვეტის საბოლოო დოკუმენტს წარმოადგენს.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს (იხ. სუსგ საქმე №ას-873-2018, 31 იანვარი, 2019 წელი). გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების ინსტიტუტი მოიცავს როგორც უშუალოდ დაინტერესებული მხარისათვის (ან მისი წარმომადგენლისათვის) გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებას, ასევე ამ ჩაბარების ფაქტის არსებობის პრეზუმფციასაც, რაზეც ვრცელდება საპროცესო ვადის გამოთვლის ერთიანი საპროცესო წესი (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლი) (იხ. სუს-ს დიდი პალატის განჩინება საქმე №ას-1161-1106-2014, 30 დეკემბერი, 2014 წელი).
18. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ მითითებული ნორმა, ერთი მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) და ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარადგინოს სააპელაციო საჩივარი, ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 21-ე დღეს მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება (იხ. სუსგ საქმე №ას-1495-2018, 01 ივლისი, 2019 წელი; №ას-1289-2019, 24 ოქტომბერი, 2019 წელი; №ას-749-2023, 05 ივლისი, 2023 წელი). შესაბამისად,19. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ - 51 934 ლარის გადახდა დაეკისრა. საქმის მასალებით ასევე, დადასტურებულია, რომ 2024 წლის 24 დეკემბერს, ანუ კანონით დადგენილ 30 დღიან ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა ვ.კ–ის წარმომადგენელმა და მოითხოვა 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება, თუმცა მას შემდეგ, სასამართლოს მხრიდან დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება მოპასუხის მიმართ დასტურდება მხოლოდ 2025 წლის 28 იანვარს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართალია საქმის მასალებში არ არის განთავსებული აქტი გადაწყვეტილების დაგვიანებით მომზადების შესახებ, თუმცა საქმის მასალებში წარმოდგენილი 2024 წლის 24 დეკემბრის განცხადება და ამ განცხადებაზე სასამართლოს დუმილი, ხოლო თავის მხრივ, დასაბუთებული გადაწყვეტილების 2025 წლის 28 იანვარს ჩაბარება, ქმნის პრეზუმფციას, რომ გადაწყვეტილება მხარეს (რომელმაც კანონით დადგენილ ვადაში მიმართა სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების თაობაზე) ჩაჰბარდა დაგვიანებით, და ვინაიდან მან სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2025 წლის 10 თებერვალს - კანონით დადგენილ 14 დღიან ვადაში, ნათელია, რომ 2025 წლის 30 იანვარს ამოწერილი სააღსრულებო ფურცელი ვერ იქნებოდა მიჩნეული „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემულად (ვინაიდან არ არსებობდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება), რაც მისი გაუქმების მართლზომიერებას მოწმობს.
20. საკასაციო პალატა მიუთითებს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ უახლეს პრაქტიკაზეც, სადაც განსახილველი შემთხვევის მსგავსად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოგვიანებით მომზადება პრეზუმირებულ იქნა შემდეგ ფაქტებზე დაყრდნობით: მოპასუხემ დაარღვია საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით განსაზღვრული 30-დღიანი ვადა გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნის თაობაზე (მიმართა 7 აპრილს, 3 დღის დაგვიანებით, თუმცა, გასაჩივრების 14-დღიან ვადაში), მაგრამ 30-დღიანი ვადის დარღვევით სასამართლოში გამოცხადებულ მოპასუხის წარმომადგენელს წერილობითი მოთხოვნის - 2025 წლის 7 აპრილის განცხადების პასუხად, მაინც არ ჩაბარდა დასაბუთებული გადაწყვეტილება. საქმეშია განთავსებული 2 თვის შემდგომ, 2025 წლის 12 ივნისით დათარიღებული გზავნილები, რომლებითაც ირკვევა, რომ სასამართლო მოხელემ დასაბუთებული გადაწყვეტილება მოპასუხეს სასამართლოში ჩააბარა 2025 წლის 13 ივნისს, ხოლო მოსარჩელის წარმომადგენელს - 2025 წლის 12 ივნისს. ამასთან, მოსარჩელე მხარეს 2025 წლის 28 აპრილის განცხადებით სასამართლოსთვის მოთხოვნილი ჰქონდა მისთვის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილისა და ასევე სააღსრულებო ფურცლის გადაცემა. თუმცა სააღსრულებო ფურცელი სასამართლოს არ გაუცია. ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლივი შეფასების შედეგად, საკასაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება დადგენილ ვადაში მზად არ იყო და მომზადდა დაგვიანებით (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-1200-2025 01 დეკემბერი, 2025 წელი, საქმე №ას-1845-2018, 22 თებერვალი, 2019 წელი; საქმე №ას-749-2023 , 05 ივლისი, 2023 წელი; საქმე №ას-1633-2023 , 06 თებერვალი, 2024 წელი).
21. საკასაციო პალატა განუმარტავს განმცხადებელს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე ან სასამართლოს მიხედულებაზე ვერ იქნება დამოკიდებული. კერძო საჩივრის ავტორის ვრცელი არგუმენტირების მიუხედავად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან მხარემ 2024 წლის 24 დეკემბერს, ანუ კანონით დადგენილ 30 დღიან ვადაში, მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით, რომელიც მას მხოლოდ 2025 წლის 28 იანვარს ჩაჰბარდა. ასევე ვინაიდან, ვ.კ–მა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან, კანონით დადგენილ 14 დღიან ვადაში წარადგინა სააპელაციო საჩივარი (2025 წლის 10 თებერვალს), მიიჩნევა, რომ არ არსებობდა საქმეზე სააღსრულებო ფურცლის ამოწერის კანონისმიერი საფუძველი (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება), რაც მისი გაუქმების საფუძველი მართებულად გახდა.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის სწორ გამოყენება-განმარტებას ემყარება, რის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია ამავე კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც ამ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ჟ.ტ–ვას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 2. თბილისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 9 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი
ლაშა ქოჩიაშვილი