დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 08.06.2026
საქმის ნომერი
ას-201-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-201-2026 8 ივნისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქოსაქმეთაპალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ა.გ–ვი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.ლ.“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – სარჩელის უარყოფის ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი - სამუშაო ადგილზე აღდგენა, შრომითი ხელშეკრულების უვადოდ დადებულად აღიარება, იძულებითი განაცდურის, გამოუყენებელი შვებულების, სახელფასო დავალიანების და ანაზღაურების დაყოვნების პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.11.2025წ. განჩინებით ა.გ–ვის (შემდეგში - დასაქმებული ან მოსარჩელე ან კასატორი) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.02.2025წ. გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი შპს „ა.ლ–ის“ (შემდეგში - დამსაქმებელი ან მოპასუხე) 2022 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 988 ლარის (დასაბეგრი) ოდენობით; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 2021 წლის 19 ივლისს მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა. მოსარჩელე მოპასუხე კომპანიაში ადამიანური რესურსების მართვის დირექტორის პოზიციას იკავებდა. მისი შრომის ყოველთვიური ანაზღაურება დასაბეგრ 1562,5 ლარს შეადგენდა. შრომითი ხელშეკრულება 2022 წლის 19 ივლისის ჩათვლით მოქმედებდა;

2.2. დამსაქმებლის 2022 წლის 20 აპრილის ბრძანებით მოპასუხე კომპანიაში დაიწყო რეორგანიზაცია. ბრძანების თანახმად, 2022 წლის 01 მაისიდან სრულად უქმდებოდა კომერციული დირექტორის შტატი, იურიდიული სამსახურის შტატი, ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფის შტატი, ადამიანური რესურსების დირექტორის შტატი, დამლაგებლის შტატი, ფინანსისტის შტატი, ეკონომისტის შტატი. 2022 წლის 01 მაისიდან, გაუქმებული შტატების თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულება უნდა შეწყვეტილიყო საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ-ის) 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

2.3. მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა 2021 წლის 01 მაისიდან შეწყდა სშკ-ის 47.1 „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით და მას ორი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობის კომპენსაცია მიეცა.

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ ბათილად ცნო დამსაქმებლის გადაწყვეტილება დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, რაც დამსაქმებელს არ გაუსაჩივრებია.

4. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მოსარჩელის იმ პრეტენზიებზე იმსჯელა, რომლებიც შრომითი ურთიერთობის უვადოდ დადებულად აღიარებას, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენას და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას მიემართებოდა. აღსანიშნავია, რომ დასახელებული მოთხოვნები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით იმ საფუძვლით არ დაკმაყოფილდა, რომ სასამართლომ მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება არ მიიჩნია უვადოდ დადებულად, რაც სააპელაციო პალატამაც გაიზიარა, კერძოდ: დადგენილი იქნა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება მოქმედებდა 2021 წლის 19 ივლისიდან 2022 წლის 19 ივლისის ჩათვლით - 12 თვე. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 2021 წლის 04 იანვარს, მოპასუხე კომპანიას და სს „მ.ე.ბ–ს“ შორის მომსახურების ხელშეკრულება ერთი წლის ვადით გაფორმდა, რომლითაც გათვალისწინებული იქნა სამუშაოს შესრულება მოსარჩელის მიერ. სწორედ ამ ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ერთობლივ ვადებს უკავშირებდა მოსარჩელე შრომითი ურთიერთობის უვადოდ დადებულად აღიარებას.

5. მოსარჩელის პოზიცია სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ დასახელებული ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ სს „მ.ე.ბ–ი“ და შპს „ა.ლ.“, შესაბამისად, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები წარმოიშობა ხელმომწერ მხარეებს შორის და გავლენას ვერ მოახდენს მოსარჩელეს და მოპასუხე კომპანიას შორის მანამდე გაფორმებულ, მისგან დამოუკიდებელ შრომით ხელშეკრულებაზე, რომლის 9.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება მოქმედებდა ერთი წლით - 2022 წლის 19 ივლისის ჩათვლით და არა უვადოდ.

6. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის დროისთვის კი, ხელშეკრულების ვადა გასული იყო, რაც მოსარჩელის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის შესაძლებლობას და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრებას გამორიცხავდა.

7. გამოუყენებლი შვებულების თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებით მიეთითა, რომ სშკ-ის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით. მე-5 პუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით შეწყვეტისას იგი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად. ამავე კოდექსის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის 11 თვის შემდეგ. მხარეთა შეთანხმებით, დასაქმებულს შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც.

8. საქმეში წარმოდგენილი შრომითი ხელშეკრულების 5.3. და 5.4. პუნქტებით, დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით წელიწადში 24 სამუშაო დღის ოდენობით. დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის თერთმეტი თვის შემდეგ. დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც.

9. ვინაიდან შრომითი ურთიერთობა წარმოიშვა 2021 წლის 19 ივლისს და შეწყდა 2022 წლის 01 მაისს, 11 თვის გასვლამდე, მოსარჩელეს ანაზღაურებადი შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოშობილი არ ჰქონდა.

10. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებისა და მისი ანაზღაურების დაყოვნებისთვის კანონით გათვალისწინებული პროცენტის დაკისრების შესახებ უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული.

11. სახელფასო დავალიანებისა და მისი ანაზღაურების დაყოვნებისთვის კანონით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრებასთან დაკავშირებით, დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნებოდა მოპასუხე კომპანიას და სს „მ.ე.ბ–ს“ შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულებას, რომლის 3.4. პუნქტის თანახმად, დანართის სახით გათვალისწინებული იქნა მოპასუხე კომპანიის იმ თანამშრომელთა სია, რომელიც მონაწლეობას მიიღებდა სს „მ.ე.ბ–ისთვის“ მომსახურების გაწევაში. ამავე დანართით განისაზღვრა, რომ ამ პირების მიერ მისაღები ანაზღაურება შეადგენდა 1000 ლარს (ხელზე მისაღები). მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ხელშეკრულება გაფორმდა 2022 წლის 04 იანვარს და გათავისუფლებამდე, 2022 წლის 01 მაისამდე, მას უნდა მიეღო ოთხი თვის ანაზღაურება 4000 ლარის ოდენობით.

12. მოცემულ შემთხვევაში, მომსახურების ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენდნენ სს „მ.ე.ბ–ი“ და შპს „ა.ლ.“. ვინაიდან, მოსარჩელე ამ ხელშეკრულების მხარეს არ წარმოადგენს, არ არსებობს მოპასუხისთვის ამ გარიგების საფუძველზე ვალდებულების დაკისრების საფუძველი.

13. სახელფასო დავალიანების და მისი ანაზღაურების დაყოვნების გამო კანონით გათვალისწინებული პროცენტის დაკისრების შესახებ მოთხოვნაც უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული.

14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა საკასაციო საჩივარი შეიტანა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

15. კასატორი ეყრდნობა დამსაქმებელს და სს „მ.ე.ბ–ს“ შორის გაფორმებულ მომსახურების ხელშეკრულებას, რომლითაც მოსარჩელეს ხელფასის გადახდის სანაცვლოდ სამუშაო უნდა შეესრულებინა 1 წლის ვადით. კასატორს მიაჩნია რომ მოსარჩელეს და მოპასუხე კომპანიას, აგრეთვე მოპასუხე კომპანიას და სს „მ.ე.ბ–ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებები ერთმანეთს ავსებენ, რომლის საფუძველზე მოსარჩელის შრომითი ურთიერთობის ვადა სშკ-ით გათვალისწინებულ იმ საერთო ვადას აღწევს, რომ უვადოდ დადებულად იქნას მიჩნეული. ამასთან, კასატორი პრეტენზიას აცხადებს სხვა სასარჩელო მოთხოვნების უარყოფის წინააღმდეგაც (დეტალურად იხ., საკასაციო საჩივარი).

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

17. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

18. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

19. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი]. შესაბამისად, ამ განჩინების პ:2-ში მითითებულ გარემოებებს საკასაციო პალატისათვის სავალდებულო ძალა აქვთ, რადგან მათ მიმართ კასატორს დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

20. საკასაციო პალატის მსჯელობის მთავარ საგანს შრომითი ურთიერთობის ვადის იდენტიფიცირება წარმოადგენს.

21. კასატორი მიიჩნევს, რომ მასსა და მოპასუხე კომპანიას შორის შრომითი ურთიერთობა უვადოდ დადებულად უნდა ჩაითვალოს, რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს.

22. სშკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან დამსაქმებელი ან დასაქმებული... დამსაქმებელი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, ანდა პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო. დასაქმებული არის ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს. ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან დამსაქმებელი და დასაქმებული.

23. ამდენად, შრომითი ურთიერთობა მხოლოდ დასაქმებულსა (ფიზიკურ პირსა) და დამსაქმებელს შორის მყარდება, რომელიც, უშუალოდ ორგანიზაციული მოწესრიგებისა და დაქვემდებარების პირობებში სამუშაოს შესრულებისას ორმხრივ ვალდებულებებს ეხება. ამ შემთხვევაში, გადამწყვეტია სამუშაო პროცესი, რომელიც ორგანიზებულად წარიმართება დამსაქმებლის მიერ დადგენილი წესებითა და პირობებით (შრომითი ხელშეკრულება, შინაგანაწესი, საკანონმდებლო რეგულაცია და სხვა) (შდრ: სუსგ №ას-934-2018, 05.06.2020წ.; №ას-1432-1352-2017, 16.03.2018წ.; №ას-1132-1088-2016, 17.02.2017წ.).

24. განსხვავებით შრომითი ურთიერთობისაგან, სხვა ვალდებულებით სახელშეკრულებო ურთიერთობებში სუბიექტი, რომელმაც იკისრა სამუშაოს შესრულების ვალდებულება, შეიძლება იყოს იურიდული პირიც. შესაბამისად, ფიზიკური პირი მხოლოდ მაშინ მიიჩნევა დასაქმებულად, თუ იგი სამუშაოს შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებს (იხ., საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო სტანდარტები, 2027, 39).

25. განსახილველ საქმეზე დადგენილია რომ დავის მონაწილე მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება 2021 წლის 19 ივლისიდან 2022 წლის 19 ივლისის ჩათვლით - 12 თვე მოქმედებდა. მოსარჩელის პოზიცია, რომ 2021 წლის 04 იანვარს, მოპასუხე კომპანიას და სხვა მესამე პირს (სს „მ.ე.ბ–ი“) შორის მომსახურების ხელშეკრულების ვადა და სამუშაოს შესრულებაც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, გასაზიარებელი არაა. დასახელებული ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ მოპასუხე კომპანია და სს „მ.ე.ბ–ი“, შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები წარმოიშობა მხოლოდ ხელშემკვრელ მხარეთა შორის, რაც მოსარჩელეს და მოპასუხე კომპანიას შორის გაფორმებული ინდივიდუალური ხელშეკრულების შინაარსსა და არსებით პირობებზე, როგორიცაა მაგალითად მოქმედების ვადა, გავლენას ვერ იქონიებს.

26. შექმნილი ფაქტობრივი მოცემულობა იმის მაუწყებელია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება ერთი წლის ვადით - 2022 წლის 19 ივლისის ჩათვლით, მოქმედებდა.

27. თავის მხრივ, შრომითი ურთიერთიერთობის ვადას სშკ-ის მე-12 მუხლი აწესრიგებს. ნორმის დანაწესით თუ შრომითი ხელშეკრულების ვადა 30 თვეზე მეტია, ან თუ შრომითი ურთიერთობა ვადიანი შრომითი ხელშეკრულების მიმდევრობით ორჯერ ან მეტჯერ დადების შედეგად გრძელდება და მისი ხანგრძლივობა 30 თვეს აღემატება, მიიჩნევა, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები მიმდევრობით დადებულად ჩაითვლება, თუ არსებული ვადიანი შრომითი ხელშეკრულება მისი ვადის გასვლისთანავე გაგრძელდა ან მომდევნო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება პირველი ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის ვადაში დაიდო; თუ განსაზღვრული ვადით შრომითი ხელშეკრულება დადებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის გარეშე, მიიჩნევა, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება.

28. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და ზემომითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უვადო შრომითი ურთიერთობა მოსარჩელეს და მოპასუხე კომპანიას შორის წარმოშობილად არ მიიჩნევა.

29. კასატორის დანარჩენი პრეტენზიები ზემოთუარყოფილი საკასაციო პრეტენზიის გათვალისწინებითაც დაუსაბუთებელია. ამასთან, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ამ განჩინების პპ-6-13-ში მითითებულ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობებს და მიაჩნია, რომ კასატორმა ვერ დაარწმუნა საკასაციო პალატა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლების არსებობაში.

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

31. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი (სსსკ-ის 401.4 მუხლი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა.გ–ვის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. ა.გ–ვს (პ.ნ: .....) დაუბრუნდეს ს.მ–ძის მიერ 04.03.2026წ. №1102 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღებისანგარიშის№200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე