დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 04.06.2026
საქმის ნომერი
ას-467-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-467-2026 4 ივნისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან ნემსაძე, მიხეილ ჯინჯოლია

კასატორი – ც.დ–ძე(მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.მ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სარჩელის მოთხოვნა

1.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში სარჩელით მიმართა ნ.მ–მა ც.დ–ძის წინააღმდეგ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

2. მოპასუხის შესაგებელი

2.1. სარჩელი და თანდართული მასალები, 2023 წლის 18 სექტემბერს, პირადად ჩაბარდა მოპასუხეს. წერილობითი შესაგებლის წარსადგენად მოპასუხეს განსაზღვრული ჰქონდა 7 დღე (27.09.2023წ. ჩათვლით), მაგრამ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოპასუხემ შესაგებელი არ წარადგინა და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ აცნობა სასამართლოს. ამასთან, არც შესაგებლის წარდგენის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

3. დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება

3.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს ქობულეთის მუნიციპალიტეტში 2024 წლის 5 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - მდებარე: ქობულეთი, ........... ს/კ ..........; დაზუსტებული ფართობი 1001 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1 საერთო ფართი: 254.1 კვ.მ. და N2; მოპასუხე გამოსახლებულ იქნა მითითებული უძრავი ქონებიდან, ხოლო უძრავი ქონება ჩაბარდა მოსარჩელე ნ.მ–ს გამონთავისუფლებულ მდგომარებაში.

3.2. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, რომელიც 2025 წლის 24 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

4. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი

4.1. 2024 წლის 5 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2025 წლის 24 ივნისის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების მოთხოვნით.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

5.2. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, წინამდებარე შემთხვევაში მართებულადაა გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ხოლო საჩივრის ავტორის მიერ წარდგენილი ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, იმ საფუძვლით რომ ცნობაში მითითებული ავადმყოფობის თარიღები არ ემთხვეოდა შესაგებლის წარდგენისათვის განსაზღვრული ვადის თარიღებს, არ წარმოადგენს საპატიო მიზეზით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობას.

5.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე ადასტურებს, რომ 2022 წლის 12 სექტემბრის აღსრულების ეროვნული ბიუროს NA19077637-034/001 განკარგულების საფუძველზე, აუქციონის წესით შეიძინა უძრავი ქონება- მდებარე: ქობულეთი, .......... ს/კ ..........; დაზუსტებული ფართობი 1001 კვ.მ შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1 საერთო ფართი: 254.1 კვ.მ. და N2. მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ფლობს მოპასუხე და არ ათავისუფლება მას, აღნიშნული კი წარმოდგენს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას.

6. მოპასუხის საკასაციო საჩივარი

6.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 დეკემბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 6 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო.

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერება, რომლითაც უცვლელი დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება.

13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას უზრუნველყოფს. ის საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას ემსახურება. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების გამოხატულებას წარმოადგენს და ამ გზით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება დასაშვებია მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.

14. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხის მიერ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი მოწესრიგებულია სსსკ-ის 2321 მუხლით, რომლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

15. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 2321 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ წარმოადგენს საქმის განმხილველი სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, რომლის დროსაც სასამართლო თვითონ წყვეტს საკითხს ამგვარი გადაწყვეტილების გამოტანაზე მიზანშეწონილობის საფუძველზე, არამედ კანონით იმგვარი იმპერატიული პირობაა დადგენილი, რომ სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. უფრო მეტიც, ამ შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას მოსარჩელის შუამდგომლობაც არ სჭირდება (იხ. სუს დიდი პალატის განჩინება, საქმე №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, შესაგებლის წარუდგენლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოპასუხე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სარჩელი და თანდართული მასალები და ამომწურავად უნდა ჰქონდეს განმარტებული 201-ე მუხლის პირველი ნაწილის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე; მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევის აუცილებლობას. ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულატიურად არსებობა კი ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას. (იხ. სუსგ საქმე №ას-964-929-2016, 6 მარტი, 2017 წელი).

16. სასამართლო ყოველთვის არის ვალდებული შეამოწმოს, ხომ არ არსებობს სსსკ-ის 233.1 მუხლით განსაზღვრული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები. კერძოდ, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები [სსსკ-ის 233.1. მუხლი]. მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას [სსსკ-ის 233.3 მუხლი]. დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის [სსსკ-ის 241-ე მუხლი].

17. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების ფორმალური წინაპირობები დაცულია. დადგენილია, რომ მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარების პროცედურები განხორციელდა კანონით დადგენილი წესით. სარჩელი და თანდართული მასალები 2023 წლის 18 სექტემბერს პირადად ჩაბარდა მოპასუხე ც.დ–ძეს. წერილობითი შესაგებლის წარსადგენად მოპასუხეს განსაზღვრული ჰქონდა 7 დღის ვადა (27.09.2023წ. ჩათვლით), მაგრამ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოპასუხემ შესაგებელი არ წარადგინა და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ აცნობა სასამართლოს. ამასთან, არც შესაგებლის წარდგენის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

18. საკასაციო სასამართლო კასატორს დამატებით განუმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ საქმე №ას-1033-2018, 30 ოქტომბერი, 2018 წელი).

19. სარჩელის იურიდიულ მართებულობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოთხოვნის დამფუძნებელი მატერიალურსამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა დამფუძნებელი ნორმის შემადგენლობას. მითითებულ წინაპირობათაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა იწვევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმასა და მხარეთა დაბარებას სასამართლო სხდომაზე. ასეთ შემთხვევაში, განსხვავებულია მოპასუხის უფლებრივი მდგომარეობა, კერძოდ, მოპასუხისაგან მტკიცებულებები არ მიიღება, სამართლებრივი ბალანსი იმგვარია, რომ მოპასუხეს მხოლოდ სამართლებრივი შესაგებლის წარდგენის უფლება აქვს, ანუ თავდაცვის საპროცესო საშუალება მხოლოდ მოთხოვნასთან მიმართებით მისი სამართლებრივი მოსაზრებით შემოიფარგლება (იხ. სუსგ საქმე №ას-975-2019, 5 ივნისი, 2020 წელი). დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას, სასამართლო არ იხედება საქმეში, არ ამოწმებს და არ აფასებს მტკიცებულებებს, ვინაიდან ეს საჭირო არაა, რადგან გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები დამტკიცებულად ითვლება, მაგრამ „იხედება კანონში,“ რათა მისცეს ამ დამტკიცებულად ჩათვლილ ფაქტებს იურიდიული შეფასება. თუ ასეთი შეფასების შედეგად აღმოჩნდება, რომ აღნიშნული ფაქტები ამართლებენ შესაბამისი კანონის თანახმად მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლომ უნდა გამოიტანოს ჩვეულებრივი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (იხ. თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბ., 2005, გვ. 399-400).

20. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო არ იხილავს მტკიცებულებებს და არ შედის მათ არსებით კვლევაში, მსჯელობს მხოლოდ სარჩელში მითითებულ ფაქტებზე და სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოაქვს იმ შემთხვევაში, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

21. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული და შესაგებლის წარუდგენლობის გამო დამტკიცებულად მიჩნეული გარემოებები სსკ-ის 170-ე, 172-ე მუხლების საფუძველზე იურიდიულად ამართლებს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნას [სსკ-ის 170.1 მუხლი: მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. 172.1 მუხლი: მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება]. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

22. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა, რომ 2022 წლის 12 სექტემბრის აღსრულების ეროვნული ბიუროს NA19077637-034/001 განკარგულების საფუძველზე, აუქციონის წესით შეიძინა უძრავი ქონება - მდებარე: ქობულეთი, ........ ს/კ ...........; დაზუსტებული ფართობი 1001 კვ.მ შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1 საერთო ფართი: 254.1 კვ.მ. და N2. მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ფლობს მოპასუხე და არ ათავისუფლება მას - შესაბამისად საკასაციო სასამართლოს მიაჩნია რომ უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნა სრულად გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170-ე, 172-ე მუხლების მოთხოვნებიდან.

23. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. მან ასევე უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძოსამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას და შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33). საკუთრება უპირობოდ დაცული ფასეულობაა, იმის მიუხედავად, თუ რა ღირებულების მფლობელობაა სახეზე და რა სოციალური ტვირთის მატარებელია იგი (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის N1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ”, II-23).

24. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს შეფასება არსებითად სწორია, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორი.

25. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

26. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

27. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

28. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

29. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

31. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ც.დ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. ც.დ–ძეს (........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №9369, გადახდის თარიღი 23/04/2026) 150 ლარის 70% - 105 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: ლ. ნემსაძე

მ. ჯინჯოლია