დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
01 დეკემბერი 2025 წელი №ას-260-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები - გ.ა–ი, ა.ქ–ძე, ა.გ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - ს.ს. „ე–რ–ჯ–ია“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 დეკემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ხაზოვანი ნაგებობის დემონტაჟი
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გ.ყ–მა (რომლის უფლებამონაცვლე მოგვიანებით ა.გ–ძე გახდა), გ.ქ–ძემ (რომლის უფლებამონაცვლე მოგვიანებით ა.ქ–ძე გახდა) და გ.ა–მა სარჩელით მიმართეს მცხეთა-მთიანეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მოპასუხე ს.ს. „ე-პ. ჯ“-ს მიმართ და მოითხოვეს მოსარჩელეებთან შეუთანხმებლად მოპასუხისათვის მოსარჩელეთა კუთვნილ ს/კ .........., .......... და .......... მიწის ნაკვეთების გამოყენების აკრძალვა და უნებართვო ელექტროგადამცემი ხაზის-ხაზოვანი ნაგებობის დემონტაჟი.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2023 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, მოსარჩელე გ.ქ–ძის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა - ა.ქ–ძე, ხოლო გ.ყ–ის უფლებამონაცვლედ - ა.გ–ძე.
4. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2024 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს გ.ა–მა, ა.ქ–ძემ და ა.გ–ძემ, მოითხოვეს მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:
6.1. სააპელაციო პალატამ სარჩელისა და სააპელაციო საჩივრის შინაარსის გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შესამოწმებელი იყო, უკანონო ხელშეშლის აღკვეთის სამართლებრივი წინაპირობების არსებობა.
6.2. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ ნეგატორული სარჩელი სანივთო-სამართლებრივი სარჩელის სპეციალური სახეა, რომლის სამართლებრივი შედეგი არა ნივთზე უფლების მოპოვებაზე, არამედ ამ ნივთით სარგებლობის წესის განსაზღვრაზეა ორიენტირებული. ნეგატორული სარჩელი მიმართულია უფლების ისეთი დარღვევის წინააღმდეგ, რომელიც არ უკავშირდება ნივთის მფლობელობის დაკარგვას, თუმცა ხელშემშლელია ნივთით სარგებლობისა და განკარგვისათვის.
6.3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დაბა ........ მდებარე მიწის ნაკვეთები, საკადასტრო კოდებით: ........., .......... და ........., რეგისტრირებულია ა.გ–ძის, გ.ქ–ძისა და გ.ა–ის სახელზე საკუთრების უფლებით. თავდაპირველმა მოსარჩელემ გ.ყ–მა საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, ს/კ ........., დაირეგისტრირა 03.11.2000 წელს, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. სარჩელის აღძვრის შემდეგ გ.ყ–მა აღნიშნული ქონება გაასხვისა და ა.გ–ძემ საკუთრების უფლება ამავე უძრავ ქონებაზე დაირეგისტრირა 26.10.2021 წელს. გ.ქ–ძემ საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, ს/კ ........, დაირეგისტრირა 03.11.2000 წელს, ასევე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო გ.ა–მა საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, ს/კ .........., დაირეგისტრირა 14.06.2016 წელს.
6.4. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელეთა კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე განთავსებულია მოპასუხის კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზი.
6.5. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა.გ–ძის, ა.ქ–ძისა და გ.ა–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (მდებარე ყაზბეგის რაიონში, დაბა ........, ს/კ .........., .......... და 7.........) განთავსებული საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი მოპასუხეს 2007 წლის 29 ივნისს ს.ს. „ს.გ.ს.ე–გან“ გადაეცა საკუთრებაში არსებული სახით. 2007 წლის 29 ივნისის ხელშეკრულებით დგინდებოდა, რომ მოპასუხეს ს.ს. „ს.გ. ს.ე–გან“ საკუთრებაში გადაეცა სგსე-ს საკუთრებაში არსებული 10 კვ-იანი გადამცემი ხაზები. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ სადავო მიწის ნაკვეთებზე განთავსებული 10 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი (ქ/ს გ–რი, ფიდ. გ–რი), საჯარო რეესტრში სავალდებულო რეგისტრაციას არ ექვემდებარება.
6.6. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნეგატორული სარჩელი წარმატებულია იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ მას ხელი ეშლება საკუთრებით თავისუფალ სარგებლობაში და ეს ხელშეშლა არ გამომდინარეობს ლეგიტიმური საფუძვლიდან. საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის უფლება წარმოიშობა მაშინ, როდესაც მოსარჩელე არის ნივთის მესაკუთრე, ნივთი მის მფლობელობაშია და მოპასუხე ხელყოფს ან სხვაგვარად ხელს უშლის მოსარჩელეს თავისი საკუთრებით სარგებლობაში. ხელშეშლის ფაქტი დადასტურებული უნდა იყოს სათანადო მტკიცებულებებით.
6.7. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, აპელანტებს ეკისრებოდათ ხელშეშლის ფაქტის დადასტურება, თუმცა მათ ამ კუთხით სასამართლოსათვის დასაბუთებული მტკიცება არ წარუდგენიათ.
6.8. აპელანტების მოსაზრებით, მათი მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა მხოლოდ იმის დადასტურება, რომ მიწა მათი საკუთრებაა და მასზე განთავსებულია ლეგიტიმური საფუძვლის გარეშე არსებული ხაზობრივი ნაგებობა, რომელიც ნაკვეთის გამოყენებას ზღუდავს, ხოლო მოპასუხეს უნდა დაემტკიცებინა აღნიშნული ხაზობრივი ნაგებობის მოსარჩელეთა მიწაზე არსებობის კანონიერება. სააპელაციო პალატამ აღნიშნული მსჯელობა მხოლოდ ნაწილობრივ გაიზიარა და განმარტა, რომ ნეგატორული სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ იმის დადასტურება, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოპასუხის კუთვნილი ხაზოვანი ნაგებობა ფაქტობრივად არსებობს და ეს ნაკვეთის გამოყენებას ზღუდავს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ ხაზოვანი ნაგებობის განთავსება განხორციელდა ხელშეშლის გზით, რაც გულისხმობს მოპასუხის ისეთ თვითნებურ ქმედებას, რომელსაც სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.
6.9. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ხაზოვანი ნაგებობის მესაკუთრის მიწის ნაკვეთზე განთავსება ფაქტობრივად ხელისშემშლელია და მოცემულ საქმეში უდავოა, რომ მისი განთავსება მოსარჩელეთა პირდაპირი ნებართვის გარეშე მოხდა, თუმცა აღნიშნული, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივად შეფასებით, ხელშეშლის სამართლებრივ კონსტრუქციას არ ქმნის. მოპასუხე სასარჩელო მოთხოვნის გამომრიცხველ გარემოებად უთითებდა, რომ სადავო ნაგებობა მისი, როგორც სამართალსუბიექტის წარმოშობამდე (2007 წლამდე), მოცემული კონფიგურაციით უკვე არსებობდა და იგი შეიძინა არსებული სახით, რაც სხვა გარემოებებთან ერთად გამორიცხავდა მისი მხრიდან ხელშეშლის ფაქტს.
6.10. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნულის დასადასტურებლად მოპასუხემ წარადგინა 2007 წლის 29 ივნისის ხელშეკრულება, რომლითაც დგინდებოდა, რომ მოპასუხეს ს.ს. „ს.გ.ს.ე–გან“ საკუთრებაში გადაეცა სგსე-ს საკუთრებაში არსებული 10 კვ-იანი გადამცემი ხაზები. მოპასუხის საკუთრების უფლება სადავო ელექტროგადამცემ ხაზზე საქმეში სადავო გარემოებას არ წარმოადგენდა. ასევე, დადგენილი იყო, რომ ვიდრე მოპასუხე აღნიშნულ ხაზებს შეიძენდა, ელექტროგადამცემი ხაზების მესაკუთრე ფაქტობრივად სახელმწიფო (ს.ს. „ს.გ.ს.ე–ია“) იყო. სახელმწიფო იყო მიწის ნაკვეთების თავდაპირველი მესაკუთრეც.
6.11. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელეები სადავოდ ხდიდნენ სადავო ხაზების მათ ნაკვეთებზე დაახლოებით 2019 წლიდან განთავსების ფაქტს, შესაბამისად, მათ უნდა დაემტკიცებინათ, რომ ხელშეშლა მოპასუხის მხრიდან განხორციელდა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელეებს წინა წლების მდგომარეობაზე რაიმე მტკიცებულება ან მოწმეთა ჩვენება, მათ შორის - ნაკვეთების წინა მესაკუთრეთა ჩვენებები, არ წარმოუდგენიათ. საქმეში ასევე არ იყო მტკიცებულება, თუ რა მდგომარეობაში არსებული მიწის ნაკვეთები შეიძინეს მოსარჩელეებმა. მხოლოდ ხაზების მოსარჩელეთა მიწის ნაკვეთებზე არსებობა და მათი რეაბილიტაცია, რასაც მოპასუხე არ უარყოფდა, ხელშეშლად ვერ დაკვალიფიცირდებოდა.
6.12. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, მართალია, ხაზების წლოვანება უტყუარად არ დგინდებოდა და ეს გარემოება სასამართლოს ფაქტობრივ გარემოებად არ დაუდგენია, თუმცა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებისა და საქმეში საპირისპირო მტკიცებულების არარსებობის გათვალისწინებით, შეჯიბრებითობის პრინციპის ფარგლებში, დადგენილად უნდა მიჩნეულიყო, რომ სადავო ხაზი მოპასუხეს 2007 წლისათვის გადაეცა. საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცებულებები, მათ შორის, რომ სადავო ხაზი არ შედიოდა ხელშეკრულებაში მითითებულ ხაზებში ან მანამდე სხვა ნაკვეთებზე გადიოდა, მოსარჩელეებს უნდა წარმოედგინათ.
6.13. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან მოპასუხეს 2007 წელს ხაზები სახელმწიფოსაგან გადაეცა, ნეგატორული სარჩელის ფარგლებში გაუმართლებელი იქნებოდა მასზე სახელმწიფოსა და ნაკვეთის მესაკუთრეებს შორის მანამდე, მათ შორის 2000-2007 წლებში არსებული ურთიერთობის ტვირთის დაკისრება. მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დგინდებოდა, რომ ხაზები 2007 წლის შემდეგ დამონტაჟდა. ამასთან, უტყუარად ვერც ის გარემოება დგინდებოდა, რომ მოსარჩელეებმა მიწის ნაკვეთები სადავო ხაზებისაგან თავისუფალ მდგომარეობაში შეიძინეს.
6.14. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონი და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებით დამტკიცებული წესი ერთობლივად ქმნის იმ ნორმატიულ საფუძველს, რომლის მიხედვით, იზღუდება იმ უძრავი ქონების მესაკუთრის უფლებები, რომელიც ელექტრული ქსელის დაცვის ზონაშია მოქცეული. შესაბამისად, როდესაც მესაკუთრის უფლება კანონმდებლობითაა შეზღუდული, მოპასუხის კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზით გამოწვეული ხელშეშლა არ შეიძლება არამართლზომიერ ქმედებად ჩაითვალოს.
6.15. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, ელექტროგადამცემი ხაზის გადატანის ვალდებულება ეკისრება დაინტერესებულ პირს საკუთარი ხარჯით, ელექტროგადამცემი ქსელის მფლობელი პირის მიერ დადგენილი ტექნიკური პირობების შესაბამისად.
6.16. სააპელაციო პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ საქმეზე არ არსებობდა იმგვარი შესაფასებელი სადავო საკითხი, რასაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს, კერძოდ, ისეთი საკითხი, რომლის გადაწყვეტაც მოითხოვდა სპეციალურ ცოდნას და რომლის დადგენაც ექსპერტიზის დასკვნის გარეშე, სხვა მტკიცებულებებით შეუძლებელი იქნებოდა. ამასთან, თავად მოსარჩელე მხარეს შეეძლო, საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად, მტკიცებულების სახით, მათ შორის, სპეციალისტის ან ექსპერტის დასკვნა წარმოედგინა, რაც დაადასტურებდა, რომ მის ნაკვეთზე გამავალი/არსებული მთლიანი ქსელი არ აკმაყოფილებდა სიძველის/წლოვანების იმ ნიშნულს, რასაც მოპასუხე შესაგებელში აღნიშნავდა. მოსარჩელეებს ასევე უნდა ემტკიცებინათ, რომ სადავო ხაზი არა 10 კვ ძაბვის, არამედ სხვა სიმძლავრის მქონე ხაზია, რის გამოც იგი საჯარო რეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარება. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე მხარეს არ მიუთითებია, რის საფუძველზე ექვემდებარებოდა კონკრეტული სადავო ხაზი რეგისტრაციას.
7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ.ა–მა, ა.ქ–ძემ და ა.გ–ძემ, მოითხოვეს მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:
7.1. კასატორები არ ეთანხმებიან სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მათ მიწის ნაკვეთებზე არსებული ელექტროგადამცემი ხაზი მოპასუხეს 2007 წლის 29 ივნისის ხელშეკრულებით არსებული სახით გადაეცა. მათი განმარტებით, სადავო ხაზს რეკონსტრუქცია და განახლება ჩაუტარდა, რაც სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ გაითვალისწინა.
7.2. კასატორების მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი მოპასუხის 2019 წლის 28 ოქტომბრის წერილი ადასტურებს, რომ სადავო ხაზს რეკონსტრუქცია და განახლება ჩაუტარდა. მათი განმარტებით, მხარეთა შორის სადავო არ ყოფილა რეაბილიტაციის ფაქტი, არამედ დავის საგანი იყო, რეკონსტრუირებული ხაზი ძველი ხაზის ადგილას აღიმართა თუ შეიცვალა მისი მდებარეობა და კასატორთა მიწის ნაკვეთებზე განთავსდა.
7.3. კასატორები მიუთითებენ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი 2007 წლის 29 ივნისის ხელშეკრულება. მათი განმარტებით, ხელშეკრულების ცხრილში მითითებული ჩანაწერი „ს.ხ. გ–რი“ არ ადასტურებს, რომ იგი სწორედ ს/კ ........., ......... და .......... მიწის ნაკვეთებზე გამავალ ელექტროგადამცემ ხაზს შეეხება.
7.4. კასატორების პოზიციით, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ელექტროგადამცემი ხაზი მათ მიწის ნაკვეთებზე ათწლეულების განმავლობაში არსებობდა. მათი განმარტებით, სადავო ხაზი მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მოგვიანებით განთავსდა. შესაძლებელია, იგი მანამდე მეზობელ ნაკვეთზე გადიოდა, თუმცა არა მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე.
7.5. კასატორები მიუთითებენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის განჩინებაზე (საქმე №ას-1088-1008-2017) და განმარტავენ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დააკისრა მოსარჩელეებს საწინააღმდეგო გარემოების მტკიცების ტვირთი. აღნიშნულ საქმეში საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საწარმოთა მართვის სააგენტოს 2006 წლის 21 ივნისის ბრძანებით არ დასტურდებოდა სადავო ქონების მოპასუხის საკუთრებაში გადაცემის ფაქტი, ვინაიდან ენერგოკომპანიის საწესდებო კაპიტალში შეტანილი 70 659 კვ.მ მიწის ფართის იდენტიფიცირება საქმეში არსებული მასალებით შეუძლებელი იყო.
7.6. სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ დაასაბუთა, რომ 10 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი, როგორც ხაზოვანი ნაგებობა, საჯარო რეესტრში სავალდებულო რეგისტრაციას არ ექვემდებარება.
7.7. კასატორების განმარტებით, ხაზოვანი ნაგებობა წარმოადგენს უძრავ ქონებას, ხოლო მასზე უფლების წარმოშობა და შესაბამისი გარიგების ნამდვილობა დაკავშირებულია საჯარო რეესტრში რეგისტრაციასთან. მათი მოსაზრებით, რეგისტრაციის არარსებობის პირობებში, ვერ დადასტურდებოდა ვერც მოპასუხის უფლება სადავო ხაზობრივ ნაგებობაზე და ვერც მისი კასატორთა მიწის ნაკვეთებზე არსებობის ლეგიტიმურობა.
7.8. კასატორები მიუთითებენ, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ იმსჯელა, წარმოადგენს თუ არა 10 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზზე უფლების დამადასტურებელ წყაროს საჯარო რეესტრის მონაცემები. მათი მოსაზრებით, სასამართლომ აღნიშნული საკითხი მხოლოდ დასკვნის სახით მიუთითა და არ დაასაბუთა, თუ რატომ არ ექვემდებარებოდა სადავო ხაზი საჯარო რეესტრში რეგისტრაციას.
7.9. კასატორების განმარტებით, იუსტიციის მინისტრის 2019 წლის №487 ბრძანების მე-15 მუხლი ვერ გამორიცხავს ხაზოვანი ნაგებობის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის აუცილებლობას, თუ უფრო მაღალი იურიდიული ძალის მქონე კანონი უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობას რეგისტრაციას უკავშირებს. მათი მოსაზრებით, კანონქვემდებარე აქტით ვერ შეიზღუდება კანონით დადგენილი რეგისტრაციის წესი.
7.10. კასატორები ასევე მიუთითებენ ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-299 (კ-22) და განმარტავენ, რომ აღნიშნულ საქმეზე საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული არსებითად განსახილველად, რის გამოც იგი ვერ ჩაითვლება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებულ პრაქტიკად.
7.11. კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ, მას შემდეგ, რაც სადავო ხაზობრივი ნაგებობა საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მოქმედების სფეროდან გამორიცხა, მტკიცების ტვირთი დაუსაბუთებლად დააკისრა მოსარჩელეებს. მათი განმარტებით, სასამართლომ მოსარჩელეთა სამტკიცებელ გარემოებად მიიჩნია, რომ ხაზოვანი ნაგებობის განთავსება მოპასუხის თვითნებური ქმედების შედეგად განხორციელდა და მას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა. კასატორთა პოზიციით, აღნიშნული მიდგომა ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებულ პრაქტიკას.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, მართებულად იქნა თუ არა უარყოფილი მოსარჩელეთა მოთხოვნა სადავო ელექტროგადამცემი ხაზის დემონტაჟისა და საკუთრებით სარგებლობაში არამართლზომიერი ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე.
12. პირველ რიგში, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172.2 (თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია, ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია, მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით) მუხლი.
13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ განსაზღვრავს მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესს. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით (ს.უ.ს.გ: №ას-1041-998-2016, 12.02.2016წ.; №ას-843-809-2016, 26.10.2016წ.; №ას-778-2019, 5.07.2019წ.; №ას-690-660-2014, 10.03.2015წ.).
14. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნეგატორული სარჩელი წარმატებულია, თუკი მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ მას ხელი ეშლება საკუთრებით/თანასაკუთრებით თავისუფალ სარგებლობაში და ეს ხელშეშლა არ გამომდინარეობს ლეგიტიმური საფუძვლიდან. საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის უფლება წარმოიშობა მაშინ, როცა არსებობს შემდეგი საფუძვლები: ა) მოსარჩელე არის ნივთის მესაკუთრე; ბ) ნივთი მესაკუთრის მფლობელობაშია; გ) მოპასუხე ხელყოფს ან სხვაგვარად ხელს უშლის მოსარჩელეს თავისი საკუთრებით სარგებლობაში. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა წარმოადგენს. ფაქტის არსებობა კი, როგორც წესი, დადასტურებული უნდა იქნას სათანადო მტკიცებულებებით (სხვა მრავალთა შორის იხ. ს.უ.ს.გ: Nას-1250-2018, 21.12.2018 წ.; N -826-2021, 17.11.2021წ.).
15. საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ნეგატორული სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია დადგინდეს, რომ მოსარჩელე არის ნივთის მესაკუთრე, ნივთი მის მფლობელობაშია და მოპასუხის მოქმედებით ან მის მიერ შექმნილი მდგომარეობით მოსარჩელეს უკანონოდ ეშლება ხელი საკუთრებით სარგებლობაში. ამასთან, ნეგატორული სარჩელის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს არა მხოლოდ ხელშეშლის ფაქტობრივი არსებობა, არამედ იმის დადგენაც, გააჩნია თუ არა სადავო მდგომარეობას შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, ამ კატეგორიის დავის გადაწყვეტისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება როგორც ხელშეშლის ფაქტის, ისე მისი მართლზომიერების შეფასებას.
16. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს, რომ დაბა გუდაურში მდებარე მიწის ნაკვეთები, საკადასტრო კოდებით: ......., ....... და ........., რეგისტრირებულია მოსარჩელეთა საკუთრებად და აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე განთავსებულია მოპასუხის კუთვნილი 10 კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 29 ივნისის ხელშეკრულებით, მოპასუხეს ს.ს. „ს.გ.ს.ე–გან“ გადაეცა სგსე-ის საკუთრებაში არსებული 10 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზები, ხოლო სადავო მიწის ნაკვეთებზე განთავსებული 10 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი საჯარო რეესტრში სავალდებულო რეგისტრაციას არ ექვემდებარება.
17. კასატორები სადავოდ ხდიან სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომლის მიხედვით, 2007 წლის 29 ივნისის ხელშეკრულება ადასტურებს სადავო ელექტროგადამცემი ხაზის მოპასუხისათვის გადაცემის ფაქტს. მათი მითითებით, ხელშეკრულებაში არსებული ჩანაწერი „ს.ხ. გ–რი“ არ იძლევა იმ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ იგი სწორედ კასატორთა მიწის ნაკვეთებზე გამავალ ელექტროგადამცემ ხაზს შეეხება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ეს გარემოება სააპელაციო სასამართლომ შეაფასა საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან ერთობლივად. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა მხოლოდ აღნიშნულ ხელშეკრულებას არ დამყარებია, არამედ ეფუძნება მტკიცებულებათა ერთობლივ შეფასებას, რომლის საფუძველზეც, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ სადავო ელექტროგადამცემი ხაზი მოპასუხეს 2007 წელს გადაეცა. შესაბამისად, კასატორთა მითითება მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ 2007 წლის 29 ივნისის ხელშეკრულებიდან უშუალოდ არ იკვეთება ხელშეკრულებაში მითითებული ჩანაწერის კავშირი სადავო ელექტროგადამცემ ხაზთან, არ არის საკმარისი სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული დასკვნის გასაქარწყლებლად.
18. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ კასატორებმა ვერ წარმოადგინეს ისეთი მტკიცებულება, რომელიც გააქარწყლებდა მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებას, რომ სადავო ელექტროგადამცემი ხაზი მას 2007 წელს არსებული კონფიგურაციით გადაეცა. კასატორთა პოზიცია ეფუძნება მტკიცებას, რომ ხაზი მათ მიწის ნაკვეთებზე მოგვიანებით, მათი საკუთრების პერიოდში, კერძოდ, სარჩელის აღძვრამდე ცოტა ხნით ადრე განთავსდა. აღნიშნული გარემოება საჭიროებდა სათანადო მტკიცებულებებით დადასტურებას, თუმცა, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სადავო ხაზი 2007 წლისათვის არ გადიოდა კასატორთა მიწის ნაკვეთებზე ან რომ 2019 წელს განხორციელებული სამუშაოების შედეგად, შეიცვალა მისი ტრასა კასატორთა მიწის ნაკვეთების მიმართულებით.
19. კასატორები 2019 წლის 28 ოქტომბრის წერილზე დაყრდნობით მიუთითებენ, რომ სადავო ელექტროგადამცემ ხაზს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია და განახლდა. თუმცა ხაზის რეაბილიტაციის ფაქტიდან თავისთავად არ გამომდინარეობს დასკვნა, რომ შეიცვალა მისი მდებარეობა ან რომ იგი კასატორთა მიწის ნაკვეთებზე სწორედ აღნიშნული სამუშაოების შედეგად განთავსდა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მხოლოდ სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება, მაშინ როდესაც ხაზის მდებარეობის ცვლილების ან ახალი ხაზოვანი ნაგებობის მოწყობის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის.
20. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა პრეტენზიას მტკიცების ტვირთის არასწორად განაწილების შესახებ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, თითოეულ მხარეს ეკისრება იმ ფაქტების დამტკიცება, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეები თავიანთ მოთხოვნას აფუძნებდნენ იმ გარემოებას, რომ სადავო ელექტროგადამცემი ხაზი მათ მიწის ნაკვეთებზე მოპასუხის არამართლზომიერი ქმედების შედეგად განთავსდა. შესაბამისად, მათ ევალებოდათ იმ ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება, რომლებსაც უკავშირებდნენ საკუთრებით სარგებლობაში არამართლზომიერი ხელშეშლის არსებობას. მოპასუხე კი, მიუთითებდა, რომ სადავო ელექტროგადამცემი ხაზი მას 2007 წლის 29 ივნისის ხელშეკრულებით გადაეცა. აღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორებს უნდა წარმოედგინათ ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ სადავო ხაზი აღნიშნული ხელშეკრულებით გადაცემულ ქსელში არ შედიოდა ან მათ მიწის ნაკვეთებზე 2007 წლის შემდეგ განთავსდა, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება.
21. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ განსახილველი დავა არ უკავშირდება მხოლოდ ხაზობრივ ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საკითხს. მოთხოვნის საგანია ელექტროგადამცემი ხაზის დემონტაჟი და მოპასუხისათვის მოსარჩელეთა მიწის ნაკვეთების გამოყენების აკრძალვა. შესაბამისად, საქმის გადაწყვეტისათვის არსებითია იმის შეფასება, დადასტურდა თუ არა მოპასუხის მხრიდან არამართლზომიერი ხელშეშლა და არსებობდა თუ არა ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში მიწის ნაკვეთით სარგებლობის კანონით დადგენილი შეზღუდვა.
22. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესი და მათი დაცვის ზონები“ არეგულირებს ელექტრული ქსელის მფლობელსა და მიწათმოსარგებლეს შორის ურთიერთობას და განსაზღვრავს ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში მოქცეული მიწის ნაკვეთით სარგებლობის სპეციალურ პირობებს. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ აღნიშნული სპეციალური რეჟიმი წარმოადგენს საკუთრების უფლების კანონისმიერ შეზღუდვას იმ ფარგლებში, რაც უკავშირდება ელექტრული ქსელის უსაფრთხო და უწყვეტ ფუნქციონირებას.
23. კასატორები ასევე მიუთითებენ, რომ სადავო ელექტროგადამცემი ხაზი, როგორც ხაზობრივი ნაგებობა, საჯარო რეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარებოდა, ხოლო რეგისტრაციის არარსებობის პირობებში, შეუძლებელი იყო, როგორც მოპასუხის უფლების, ისე - სადავო ხაზის ლეგიტიმური არსებობის დადგენა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სადავო მიწის ნაკვეთებზე განთავსებული 10 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი საჯარო რეესტრში სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებულ ობიექტად არ მიიჩნია. ამასთან, კასატორთა მსჯელობა არ შეიცავს იმგვარ დასაბუთებას, რომლის საფუძველზეც შეიძლება მიჩნეულიყო, რომ კონკრეტული სადავო 10 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი საჯარო რეესტრში სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებულ ობიექტს წარმოადგენს. მხოლოდ ზოგადი მითითება ხაზობრივი ნაგებობის უძრავ ნივთად მიჩნევასა და კანონქვემდებარე აქტის იერარქიაზე, არ ქმნის კასატორთა აღნიშნული პრეტენზიის გაზიარების საფუძველს.
24. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეთა მიწის ნაკვეთებზე განთავსებულია 10 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი და მიწის ნაკვეთით სარგებლობა ექცევა №366 დადგენილებით გათვალისწინებულ სპეციალურ რეჟიმში, მხოლოდ აღნიშნული შეზღუდვის არსებობა ვერ მიიჩნევა მოპასუხის არამართლზომიერ ხელშეშლად.
25. რაც შეეხება კასატორთა მითითებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის განჩინებაზე (საქმე №ას-1088-1008-2017), პალატა აღნიშნავს, რომ კასატორთა მიერ მითითებულ საქმეში შეფასების საგანს წარმოადგენდა სადავო ქონების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებული გარემოებები, ხოლო წინამდებარე საქმეში დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა აქვს მოსარჩელეთა მიწის ნაკვეთებზე განთავსებული ელექტროგადამცემი ხაზის არსებობის, მისი განთავსების საფუძვლისა და არამართლზომიერი ხელშეშლის ფაქტის დადგენას. შესაბამისად, მითითებული განჩინება განსხვავებულ ფაქტობრივ გარემოებებს ეფუძნება, რის გამოც მასში განვითარებული მსჯელობა წინამდებარე საქმეზე ვერ გავრცელდება.
26. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v. France (dec.); Perez v. France [GC], par. 81).
27. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ წინამდებარე საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევის გარეშე, სწორად შეაფასა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და მართებულად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ასევე, ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის სპეციალური სამართლებრივი რეჟიმის მომწესრიგებელი ნორმებით. ამდენად, გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ იკვეთება მისი გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები.
28. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები მიუთითებენ.
29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% - 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.ა–ის, ა.ქ–ძის და ა.გ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. გ.ა–ს (პ/ნ ......), ა.ქ–ძეს (პ/ნ .......) და ა.გ–ძეს (პ/ნ .........) დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის (საგადასახადო დავალებები: № 1739099616 და № 1741706731, გადახდის თარიღები: 10.02.2025წ. და 12.03.2025წ.; გადამხდელი: ა.ქ–ძე (პ/ნ 01008003316), გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“) 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი