დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-461-2026 4 ივნისი, 2026 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნიკოლოზ მარსაგიშვილი (თავმჯდომარე)
მირანდა ერემაძე (მომხსენებელი),მოსამართლე: არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ნ.ა–ი (აპელანტი, მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ ქალაქ თბილისის №82-ე საჯარო სკოლა (მოპასუხე )
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 20 თებერვლის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისათვის შრომის კოდექსით გათვალისწინებული კომპენსაციის დაკისრება, გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების ფულადი კომპენსაციის დაკისრება, სახელფასო დავალიანების დაკისრება, დაყოვნების კანონისმიერი პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მოსარჩელე ნ.ა–ი დასაქმებული იყო მოპასუხესთან დირექტორის მოადგილის პოზიციაზე 01.10.2020 წელს მხარეებს შორის დადებული შრომის ხელშეკრულების საფუძველზე 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით. გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემდეგ მხარეებს შორის 01.04.2021 წელს დაიდო წერილობითი შრომითი ხელშეკრულება. მხარეებს შორის შრომითი ურთიერთობა გრძელდებოდა 01.04.2022 წლამდე, ხოლო 01.04.2023 წლიდან მხარეთა შორის არსებული შრომითი ურთიერთობა უკვე ატარებდა უვადო ხასიათს.
2. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროისთვის მოსარჩელის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა დარიცხულ 1755 ლარს.
3. მოპასუხე სკოლის დირექტორად 2025 წლის 14 აგვისტოს დაინიშნა ახალი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნ.მ–ი, რის გამოც „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 41.41 მუხლის თანახმად, მოსარჩელესთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა და რის შესახებაც მოსარჩელეს ზეპირად ეცნობა 15.08.2025 წელს.
4. 2025 წლის 19 აგვისტოს წერილით მოსარჩელემ მოპასუხისაგან მოითხოვა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წერილობითი ფორმით დასაბუთება, რაც მოპასუხეს ჩაბარდა 22.08.2025 წელს.
5. მოპასუხის 20.08.2025 წლის N1/კ-62 ბრძანებით 14.08.2025 წლიდან შეწყდა მხარეთა შორის
6. 01.10.2020 წელს დადებული შრომის ხელშეკრულება. ბრძანებაში შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მიეთითა საქართველოს შრომის კოდექსის 47.1. მუხლის „გ“ ქვეპუნქტი.
7. მოპასუხის 23.09.2025 წლის N1/კ-86 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სსიპ ქალაქ თბილისის №82 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ნ.ა–თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ სსიპ ქალაქ თბილისის №82 საჯარო სკოლის დირექტორის 2025 წლის 20 აგვისტოს N1/კ-62 ბრძანების დასაბუთებაში და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის 41 პუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე“. ასევე გასწორდა ტექნიკური შეცდომა სსიპ ქალაქ თბილისის №82 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ნ.ა–თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ სსიპ ქალაქ თბილისის №82 საჯარო სკოლის დირექტორის 2025 წლის 20 აგვისტოს N1/კ-62 ბრძანების პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „სსიპ ქალაქ თბილისის №82 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილეს ნ.ა–ს სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის გამო შეუწყდეს 2023 წლის 01 აპრილს დადებული N5-33 ხელშეკრულება 2025 წლის 14 აგვისტოდან.
8. მოსარჩელეს მოპასუხისაგან არ მიუღია შრომის კოდექსის 48-ე მუხლით გათვალისწინებული კომპენსაცია.
9. მოსარჩელეს არ გამოუყენებია კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულება.
10. მოსარჩელეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მოპასუხის მიერ გამოვლენილი ნება (არც „გ“ და არც „ბ“ პუნქტით შეწყვეტის შესახებ) სასარჩელო მოთხოვნის დაყენების გზით სადავოდ არ გაუხდია.
11. მოსარჩელის სარჩელი შრომის ანაზღაურების დავალიანების სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით არ შეიცვას დავის გადაწყვეტისათვის საჭირო ფაქტობრივ გარემოებას.
12. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები
12.1. ი/მ ნ.მ–ის მიერ მ.რ–თან 2023 წლის 04 დეკემბერს, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გამოვლენილი ნების ბათილად ცნობა;ი/მ ნ.მ–ისთვის მ.რ–ის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით 15600 ლარის დაკისრება; ი/მ ნ.მ–ისთვის მ.რ–ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის დაკისრება 2023 წლის 4 დეკემბრიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ნ.ა–ის წარმომადგენელმა 2025 წლის 11 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ ქალაქ თბილისის №82-ე საჯარო სკოლის მიმართ შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:
12.2. სსიპ ქალაქ თბილისის №82 საჯარო სკოლას მოსარჩელე ნ.ა–ის სასარგებლოდ დაეკისროს 2 თვის კომპენსაციის - 3510 ლარის ანაზღაურება.
12.3. სსიპ ქალაქ თბილისის №82 საჯარო სკოლას მოსარჩელე ნ.ა–ის სასარგებლოდ დაეკისროს გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება - 1386 ლარის ოდენობით.
12.4. სსიპ ქალაქ თბილისის №82 საჯარო სკოლას მოსარჩელე ნ.ა–ის სასარგებლოდ დაეკისროს 2 თვის კომპენსაციის - 3510 ლარის გადახდის დაყოვნებისთვის ყოველდღიურად დასაბეგრი 2,5 ლარის გადახდა, 22.08.2025 წლიდან 2 თვის საკომპენსაციო თანხის სრულად ჩარიცხვამდე.
12.5. სსიპ ქალაქ თბილისის №82 საჯარო სკოლას მოსარჩელე ნ.ა–ის სასარგებლოდ დაეკისროს გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების 1386 ლარის გადახდის დაყოვნებისთვის ყოველდღიურად დასაბეგრი 1 ლარის ანაზღაურება, 22.08.2025 წლიდან გამოუყენებელი შვებულების სრულად ანაზღაურებამდე.
12.6. სსიპ ქალაქ თბილისის №82 საჯარო სკოლას მოსარჩელე ნ.ა–ის სასარგებლოდ დაეკისროს 3 დღის ხელფასის დასაბეგრი 277.2 ლარის ანაზღაურება.
12.7. სსიპ ქალაქ თბილისის N82 საჯარო სკოლას მოსარჩელე ნ.ა–ის სასარგებლოდ დაეკისროს 3 დღის ხელფასის 277.2 ლარის გადახდის დაყოვნებისთვის ყოველდღიურად დასაბეგრი 0,2 ლარის ანაზღაურება, 15.08.2025 წლიდან ხელფასის სრულად ჩარიცხვამდე.
12.8. ნ.ა–ი სსიპ ქალაქ თბილისის №82 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილედ გამოსაცდელი ვადით დასაქმდა 2020 წლის 01 ოქტომბერს. 2021 წლის 01 აპრილიდან მასთან გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება ამავე პოზიციაზე. ამასთან, შრომითი ურთიერთობა გაგრძელდა 2022 წლის 01 აპრილისა და 2023 წლის 01 აპრილის შრომითი ხელშეკრულებებით. 2023 წლის 01 აპრილის შრომითი ხელშეკრულების 9.1. პუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულება დაიდო უვადოდ. გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელე სკოლაში მუშაობდა 2020 წლის 01 ოქტომბრიდან, მისი შრომითი ხელშეკრულება შრომის კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად უვადოდ ითვლებოდა. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2025 წლის 10 თებერვალს გაფორმდა N5-09 შეთანხმება, რომლითაც განისაზღვრა, რომ 2025 წლის 01 იანვრიდან მოსარჩელის შრომის ანაზღაურებას შეადგენდა თვიურად 1755 ლარი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით. 2025 წლის 14 აგვისტოს სსიპ ქალაქ თბილისის №82 საჯარო სკოლაში დაინიშნა ახალი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი - ნ.მ–ი, რის გამოც მოსარჩელეს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-41 პუნქტის შესაბამისად შეუწყდა უფლებამოსილება. აღნიშნულის შესახებ მოსარჩელეს ნ.მ–მა ზეპირად შეატყობინა 2025 წლის 15 აგვისტოს. მოსარჩელემ 2025 წლის 19 აგვისტოს მოპასუხეს წერილობით მიმართა გათავისუფლების საფუძვლის დასაბუთების მოთხოვნით (სკოლაში რეგისტრაციის თარიღი 22.08.2025).
12.9. მოპასუხემ 2025 წლის 22 აგვისტოს MES 2 25 0001013681 წერილით მოსარჩელეს გაუგზავნა 2025 წლის 20 აგვისტოს N1/კ-62 ბრძანება, რომლის თანახმად, სსიპ ქალაქ თბილისის №82 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილეს ნ.ა–ს, სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის გამო 2020 წლის 01 ოქტომბერს N5-86 დადებული შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა 2025 წლის 14 აგვისტოდან. ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მითითებულ იქნა შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, რაც ნიშნავს, რომ მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების საბაბით. მოსარჩელის მოსაზრებით, სკოლამ არასწორად მიუთითა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, რამდენადაც „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-41 პუნქტის შესაბამისად ხელშეკრულების შეწყვეტა წარმოადგენს ობიექტურ გარემოებას და შესაბამისად, ხელშეკრულება უნდა შეწყვეტილიყო შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად. მოსარჩელის მითითებით, „ო“ ქვეპუნქტით ხელშეკრულების შეწყვეტისას დასაქმებულს ეკუთვნის 2 თვის კომპენსაცია, რომელიც ნ.ა–ს არ მიუღია. ნ.ა–ს 2025 წლის მანძილზე არ გამოუყენებია ანაზღაურებადი შვებულება. შესაბამისად, მას ასევე ეკუთვნის გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება.
13. მოპასუხის პოზიცია
13.1. მოპასუხე სსიპ ქალაქ თბილისის №82-ე საჯარო სკოლამ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და შედავება დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
13.2. ნ.ა–ის გათავისუფლების ბრძანებაში გაპარულ იქნა ტექნიკური შეცდომა და ნაცვლად საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა მითითებული უნდა ყოფილიყო „ბ“ ქვეპუნქტი, რაც სკოლამ გაასწორა „სსიპ ქალაქ თბილისის №82 საჯარო სკოლის დირექტორის 2025 წლის №1/კ-62 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ“ 2025 წლის 23 სექტემბრის №1/კ-86 ბრძანებით. ნ.ა–თან შრომითი ურთიერთობა შეწყდა კანონმდებლობის საფუძველზე ვადის გასვლის გამო და არა დამსაქმებლის ინიციატივით, შესაბამისად გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება არ ეკუთვნის.
13.3. ნ.მ–ი დაინიშნა სსიპ ქალაქ თბილისის №82 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად 2025 წლის 14 აგვისტოს და იმავე დღეს გატარდა რეგისტრაციაში, რაც „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე წარმოადგენს ნ.ა–ის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველს. შესაგებლის მიხედვით, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების (01.04.2025წ. №5-33) მე-9 მუხლის 9.4. პუნქტი მიუთითებს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის წესი და პირობები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით და მოქმედი კანონმდებლობით ახალი დირექტორის რეგისტრაცია იწვევს დირექტორის მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტას. ნ.ა–ისთვის ცნობილი იყო რომ ახალი დირექტორის დანიშვნა გამოიწვევდა მისი უფლებამოსილების შეწყვეტას. შესაგებლის მიხედვით, ვინაიდან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა არა დამსაქმებლის ინიციატივით, არამედ ვადის გასვლის გამო, არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მეორე სასარჩელო მოთხოვნაც. მოპასუხის მითითებით, ნ.ა–თან საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელებულია და შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ყველა გადასახდელი ანაზღაურებულია. ამასთან, ეს სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს პირველი სასარჩელო მოთხოვნიდან და ვინაიდან არ არსებობს პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ეს მოთხოვნაც უსაფუძვლოა. გარდა ამისა კომპენსაცია მოცემულია გადასახადების ჩათვლით, ხოლო პირგასამტეხლო დაანგარიშებული უნდა იყოს გადასახადების გარეშე მისაღები თანხიდან. შესაგებლის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხი დარეგულირებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ შემთხვევისთვის ვერანაირი მინიმალური ვადა ვერ დაწესდება, რადგან დირექტორი რეგისტრაციაში გატარებამდე არ არის უფლებამოსილი სკოლის სახელით იმოქმედოს და ვერც წინასწარ მოხდება განსაზღვრა თუ როდის გატარდება დირექტორი რეგისტრაციაში.
14. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.
15. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება
16.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 20 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
16.2. თბილისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი არ დააკმაყოფილა და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. სასამართლომ განმარტა, რომ მიუხედავად ხელშეკრულების ფორმალურად უვადო ხასიათისა, სპეციალური კანონი დირექტორის მოადგილის უფლებამოსილებას აკავშირებს დირექტორის უფლებამოსილების ვადასთან. შესაბამისად, ახალი დირექტორის რეგისტრაცია ითვლება წინასწარ განსაზღვრულ მოვლენად, რაც ხელშეკრულებას ფაქტობრივად ვადიანად აქცევს.
17. საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები
17.1. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
17.2. კასატორის მითითებით, იგი 2020 წლიდან სკოლის დირექტორის მოადგილედ, 2023 წლიდან კი უვადო შრომითი ხელშეკრულებით მუშაობდა. 2025 წელს, ახალი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის შემდეგ, სკოლამ მას შრომითი ურთიერთობა შეუწყვიტა. თავდაპირველად, ბრძანებაში მითითებული იყო შრომის კოდექსის 47-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, თუმცა მოგვიანებით სკოლამ განაცხადა, რომ ეს ტექნიკური შეცდომა იყო და სწორი საფუძველი იყო „ბ“ ქვეპუნქტი — ხელშეკრულების ვადის გასვლა. მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ რეალურად საქმე ეხებოდა „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტურ გარემოებას, რაც კომპენსაციის გადახდის ვალდებულებას წარმოშობდა.
17.3. საქალაქო სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა. სასამართლომ მიიჩნია, რომ სპეციალური კანონის „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის მიხედვით, ახალი დირექტორის ან დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა ავტომატურად იწვევს დირექტორის მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტას. ამიტომ შრომითი ურთიერთობა ჩაითვალა განსაზღვრული ვადით დადებულად და მისი შეწყვეტა შეფასდა შრომის კოდექსის 47-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც კომპენსაციის გადახდას არ ითვალისწინებს.
17.4. ნ.ა–ის მოსაზრებით, მისი ხელშეკრულება უვადო იყო და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით მსგავსი შემთხვევები უნდა შეფასებულიყო „ო“ ქვეპუნქტით, რაც კომპენსაციისა და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების საფუძველს ქმნიდა.
18. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 16 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
19. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის, იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით.
20. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხ-ზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური სან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
22. საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს, არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო: ა) განსახილველ შემთხვევებში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
24. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მართებულობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მხარეთა მიერაა მითითებული შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების ფარგლებში, და რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
25. წინამდებარე საქმის მთავარი სამართლებრივი საკითხი შეეხება მხარეთა შორის არსებული შრომითი ურიერთობის შეწყვეტის საფუძვლის მართლზომიერების კვლევას, რამდენადაც, ამაზეა დამოკიდებული პოტენციური უფლება - მოსარჩელემ მიიღოდ კომპენსაცია. შესაბამისად, სასამართლომ უნდა იმსჯელოს, სსიპ ქალაქ თბილისის №82 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის გამო, ამავე სკოლის დირექტორის მოადგილე ნ.ა–ის თანამდებობიდან გათავისუფლება წარმოადგენს თუ არა საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას.
26. საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებით, რომელთაგან პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცესუალურ მხარეს. აღნიშნული მუხლების კუმულაციური საფუძვლით შესაძლებელია ითქვას, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიური ვალდებულება წარმოადგენს იმას, რომ დამსაქმებელს არ უნდა შეეძლოს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება შესაბამისი და გამართლებული საფუძვლის გარეშე, ამიტომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის იმ რეგულაციებს, რომლებიც სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებშია (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი სშკ-ს 37-38-ე მუხლები) მოცემული, აქვთ ერთგვარი ,,შემაკავებელი ეფექტი“, რომლის საფუძველიც არის წინაპირობა შრომის ურთიერთობათა მხარეების თვითნებური, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების აღკვეთისთვის (იხ. სუსგ საქმე №ას-1404-2022, 15 თებერვალი, 2023 წელი).
27. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებების თანახმად, უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს ზემოაღნიშნული საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერების შეფასებისას, არის პროპორციულობისა და გონივრული საფუძვლის პრინციპი. პროპორციულობის, იგივე თანაზომიერების პრინციპი ნიშნავს, რომ კანონის მიზნის მისაღწევად გამოყენებული ღონისძიება უნდა იყოს დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დამსაქმებლის მიერ დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაუმართლებელია ამ უკანასკნელის უფლების დაცვის სხვა საფუძვლების გამოყენება (იხ. სუსგ საქმე Nას-106-101-2014, 02 ოქტომბერი, 2014 წელი; Nას-1183-1125-2014, 13 თებერვალი, 2015 წელი).
28. უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისას, დამსაქმებელმა უნდა იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაში განმარტებულია, რომ საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულისათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში. დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას მნიშვნელოვანია, დადგინდეს, რა ღონისძიებები გაატარა დამსაქმებელმა, რათა უზრუნველეყო დასაქმებულისათვის დაკავებული პოზიციის შენარჩუნება, ცხადია, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მომწესრიგებელი თითოეული საფუძვლის გამოყენებამდე, დასაბუთებული უნდა იყოს მისი გამოყენების წინაპირობა. (იხ. სუსგ-ები: Nას-941-891-2015, 29.01.2016 წ Nას-224-224-2018, 18.05.2018წ; N ას-361-2022, 10.06.2022 წ.) (იხ. სუსგ საქმე №ას-1493-2022, 21 აპრილი, 2023 წელი).
29. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი).
30. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ.).
31. შრომითსამართლებრივ დავებში მტკიცების ტვირთის განაწილების წესი განსხვავებული და თავისებურია. ამ წესის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია, ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი დავის განხილვისას მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურობა განპირობებულია მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობების არსებობით. ამ კატეგორიის დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. აღნიშნული დასკვნა იმ ძირითადი პრინციპიდან გამომდინარეობს, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (შეად. სუსგ-ებს: N ას-922-884-2014, 16.04.2015 წ; Nას-483-457-2015, 07.10.2015 წ; N ას-182-171-2017, 27.12.2019წ; N ას-1429-2020, 18.03.2022წ; N ას-456-2021, 22.03.2022წ; N ას-57-2022, 13.04.2022წ.; Nას-1438-2022, 2.02.2023წ.; №ას-283-2024 26.04.2024წ.).
32. უზენაესი სასამართლოს ერთგვარივანი პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მტკიცების ტვირთი სპეციფიურადაა გადანაწილებული შრომითსამართლებრივ დავებში, სადაც თავად შრომითი ხელშეკრულების იერარქიული ბუნებიდან გამომდინარე, აუცილებელია სუსტი და ძლიერი მხარეების პროცესუალური დაბალანსება, რათა შესაძლებელი იყოს არათანაბარ, იერარქიულ დამოკიდებულებაში მყოფი მხარეებისთვის თანაბარი პირობების შექმნა. სწორედ ამიტომ, დადგენილი პრაქტიკის თანახმად, სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების დადასტურების მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს აწევს, რომელმაც უნდა დაასაბუთოს, რომ მიღებული გადაწყვეტილება არ კანონიერია და არ არღვევს დასაქმებულის შრომით უფლებებს. (შდრ სუსგ. №ას-922-884-2014, 16 აპრილი, 2015 წელი; №ას-483-457-2015, 7 ოქტომბერი, 2015 წელი; №ას-182-171-2017, 27 დეკემბერი, 2019 წელი).
33. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია დირექტორის არჩევის წესი, კერძოდ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორის კანდიდატურას არჩევს სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ღია კონკურსის საფუძველზე, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.
34. სპეციალური კანონის 41-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მინისტრი უფლებამოსილია დირექტორისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის ან დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების 60 სასწავლო დღის განმავლობაში განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დანიშნოს და გაათავისუფლოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნამდე დირექტორის ფუნქციებს ასრულებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული პირი. ამავე მუხლის 41 პუნქტის შესაბამისად, არჩეული დირექტორის ან დანიშნული დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაცია იწვევს დირექტორის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას.
35. ამავე კანონის კანონის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ახალი დირექტორის არჩევამდე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დირექტორის დანიშვნამდე დირექტორის უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
36. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მხარეთა შორის სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის 2025 წლის 14 აგვისტოს №1.2/137 ბრძანების საფუძველზე, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 283 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №229/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-12 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გატარდა რეგისტრაციაში სსიპ ქალაქ თბილისის №82 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ნ.მ–ი (პ/ნ: 01015001243). აღნიშნულის საფუძველზე მოსარჩელეს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 41.41 მუხლის თანახმად, მოსარჩელესთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა და რის შესახებაც მოსარჩელეს ზეპირად ეცნობა 15.08.2025 წელს. ბრძანებაში შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მიეთითა საქართველოს შრომის კოდექსის 47.1. მუხლის „გ“ პუნქტი.
37. მოპასუხის 23.09.2025 წლის N1/კ-86 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სსიპ ქალაქ თბილისის №82 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ნ.ა–თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ სსიპ ქალაქ თბილისის №82 საჯარო სკოლის დირექტორის 2025 წლის 20 აგვისტოს N1/კ-62 ბრძანების დასაბუთებაში და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-41 პუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის 47- ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე“. ასევე გასწორდა ტექნიკური შეცდომა სსიპ ქალაქ თბილისის №82 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ნ.ა–თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ სსიპ ქალაქ თბილისის №82 საჯარო სკოლის დირექტორის 2025 წლის 20 აგვისტოს N1/კ-62 ბრძანების პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „სსიპ ქალაქ თბილისის №82 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილეს ნ.ა–ს სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის გამო შეუწყდა 2023 წლის 01 აპრილს დადებული N5-33 ხელშეკრულება 2025 წლის 14 აგვისტოდან.
38. საკასაციო პალატა უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკაზე (იხ. სუსგ. 15 ნოემბერი, 2016 წელი, №ას-571-546-2016; № ას-557-532-2016 30 იანვარი, 2017 წელი) დაყრდნობით მიუთითებს, რომ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თავიდანვე ინიშნება დროებით, ახალი დირექტორის არჩევამდე. შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა განსაზღვრულია ვადით დადებული, ხოლო მისი დასრულება უკავშირდებოდა კონკრეტული სამართლებრივი მოვლენის დადგომას ახალი დირექტორის არჩევასა და რეგისტრაციას. ამიტომ სასამართლო ურთიერთობის შეწყვეტას აკვალიფიცირებს სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ანუ ხელშეკრულების ვადის გასვლით. საკასაციო სასამართლომ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ვადიანი ხელშეკრულება შეიძლება დამოკიდებული იყოს არა მხოლოდ ზუსტ კალენდარულ თარიღზე, არამედ წინასწარ განსაზღვრულ იურიდიულ ფაქტზე.
39. ერთ-ერთ საქმეში (სუსგ. № ას-557-532-2016 30 იანვარი, 2017 წელი) უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მსჯელობა გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებაზე, როგორც კომპენსაცია, ძირითადად უკავშირდება დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას. რადგან მოცემულ შემთხვევაში ურთიერთობა დასრულდა ვადის გასვლის გამო და არა დამსაქმებლის ინიციატივით, დასაქმებულს არც საშვებულებო კომპენსაცია ეკუთვნოდა. ამასთან, სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ მოსარჩელეს საერთოდ არ გამოუხატავს ნება შვებულებით სარგებლობის შესახებ, რაც შრომითი უფლების რეალიზაციის აუცილებელი წინაპირობაა. საბოლოოდ, უზენაესმა სრულად დააკმაყოფილა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, გააუქმა ქვედა ინსტანციების გადაწყვეტილებები და სარჩელი მთლიანად უარყო.
40. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ინსტიტუტი თავისი ბუნებით დროებითია. სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულების ვადა შესაძლოა დაკავშირებული იყოს არა მხოლოდ კალენდარულ თარიღთან, არამედ კონკრეტული სამართლებრივი მოვლენის დადგომასთანაც, თუ ეს მოვლენა წინასწარ განსაზღვრულია. მოცემულ შემთხვევაში ასეთი მოვლენა იყო კონკურსის წესით ახალი დირექტორის დანიშვნა, რაც პირდაპირ გამომდინარეობდა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონიდან. ამიტომ შრომითი ურთიერთობა შეფასდა განსაზღვრული ვადით დადებულ ხელშეკრულებად, რომლის შეწყვეტაც მოხდა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ვადის გასვლის გამო.
41. მოხმობილი პრაქტიკის შესაბამისად (იხ. სუსგ. 15 ნოემბერი, 2016 წელი, №ას-571-546-2016), უზენაესი სასამართლო ასევე განმარტავს ვადიანი ხელშეკრულების ბუნებას, რომ განსაზღვრული ვადა ყოველთვის არ ნიშნავს ზუსტ კალენდარულ თარიღს; საკმარისია, ხელშეკრულების დასრულება დაკავშირებული იყოს წინასწარ განსაზღვრულ იურიდიულ ფაქტთან. ეს მიდგომა პრაქტიკულად აფართოებს ვადიანი ხელშეკრულების ცნებას და აძლიერებს დამსაქმებლის შესაძლებლობას, დროებითი დანიშვნები მიიჩნიოს ვადიან ურთიერთობად.
42. ამ შემთხვევაში, საკვანძო სამართლებრივი გამიჯვნა განისაზღვრება იმით, დადგინდეს: არის თუ არა შრომითი ურთიერთობის დასრულება წინასწარ განსაზღვრული ვადის ამოწურვა, მათ შორის ისეთი ვადის, რომელიც იურიდიული ფაქტით განისაზღვრება, თუ საქმე გვაქვს სხვა ობიექტურ გარემოებასთან, რომელიც ხელშეკრულების გარეთ წარმოიშობა. სააპელაციო სასამართლომ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის გათავისუფლებას განიხილავს, როგორც სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას, რადგან მიაჩნია, რომ ურთიერთობის შეწყვეტა დაკავშირებული იყო გაურკვეველი დროის მოვლენასთან, კერძოდ, ახალი დირექტორის არჩევასთან, რაც არ ქმნიდა კლასიკურ ვადიან ხელშეკრულებას და უფრო წარმოადგენდა ობიექტურ, გარე გარემოებას.
43. ზემოაღნიშნულს ვერ გაიზიარებს საკასაციო პალატა, რადგან დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ინსტიტუტი თავისი არსით თავიდანვე დროებითია და მისი სამართლებრივი ბუნება პირდაპირ უკავშირდება იმ ნორმატიულ რეალობას, რომლის თანახმად, ძირითადი თანამდებობა უნდა შეივსოს კონკურსის გზით, რაც კანონიდან გამომდინარე წინასწარ განსაზღვრული იურიდიული პროცესია. შესაბამისად, ახალი დირექტორის დანიშვნა არ წარმოადგენს შემთხვევით ან გაურკვეველ გარემოებას, არამედ არის წინასწარ განსაზღვრული სამართლებრივი ფაქტი, რომლის დადგომაც ავტომატურად იწვევს შრომითი ურთიერთობის დასრულებას. სწორედ ამიტომ, ასეთი ურთიერთობა უნდა შეფასდეს როგორც განსაზღვრული ვადით დადებული ხელშეკრულება, სადაც ვადა შეიძლება გამოიხატოს არა მხოლოდ კალენდარულ თარიღში, არამედ იურიდიულ ფაქტში, რომლის დადგომაც მხარეებს თავიდანვე ცნობილია და პროგნოზირებადი.
44. ამ გაგებით, ურთიერთობის შეწყვეტა უნდა დაკვალიფიცირდეს სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, ესე იგი ვადის გასვლით, და არა „ო“ ქვეპუნქტით. ეს უკანასკნელი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ურთიერთობა წყდება მათ შორის ისეთი ობიექტური გარემოების გამო, რომელიც წინასწარ არ არის განსაზღვრული, როგორც ხელშეკრულების დასრულების კრიტერიუმი. ამავე ლოგიკას ამყარებს უზენაესი სასამართლოს დასახელებული პრაქტიკაც, სადაც დასტურდება, რომ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თავიდანვე ინიშნება დროებით, ახალი დირექტორის არჩევამდე და მისი რეგისტრაციის მომენტამდე, რაც წარმოადგენს წინასწარ განსაზღვრულ იურიდიულ დასასრულს და არა გაუთვალისწინებელ გარემოებას. შესაბამისად, ასეთ შემთხვევებში არ გამოიყენება „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის მექანიზმებიც, მათ შორის გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება იმ დასაბუთებით, რომ ურთიერთობა არ წყდება დამსაქმებლის ინიციატივით, არამედ ბუნებრივად სრულდება ვადის ამოწურვით.
45. საბოლოოდ უნდა ითქვას, რომ საჯარო სექტორში დროებითი მოვალეობის შესრულება არის ვადიანი სამართლებრივი კონსტრუქცია, რომლის დასრულება წინასწარ განსაზღვრული იურიდიული ფაქტის დადგომას უკავშირდება და ამიტომ ის ვერ ექცევა „ო“ ქვეპუნქტის ქვეშ, რომელიც მხოლოდ გაუთვალისწინებელ, სისტემის გარეთ წარმოშობილ გარემოებებს ეხება.
46. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივრის ფარგლებში კასატორმა ვერ შეძლო შესაბამისი დასაბუთების წარმოდგენა, თუ რატომ უნდა გაუქმდეს აღნიშნული განჩინება, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად დაადგინეს მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივად მართებულად გადაწყვიტეს საქმეში არსებული ყველა სადავო საკითხი, ასევე, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა, ამდენად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი და საკასაციო საჩივრები როგორც დაუშვებლები, უნდა დარჩეს განუხილველი.
47. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ა–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. მარსაგიშვილი
მომხსენებელი: მ. ერემაძე
მოსამართლე: ა. კოჭლამაზაშვილი