დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-64-2026 28 მაისი, 2026 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს ,,ტ.კ–ი’’ (აპელანტი, მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ე.პ.ჯ–ია’’ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 07 ოქტომბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა, ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქ. ბათუმში, ........ მდებარე უძრავი ქონება (ნაკვეთის წინა ნომერი ........, დაზუსტებული ფართობი 15 003 კვ.მ., ს/კ ..........) ირიცხება შპს „ტ.კ–ის“ (შემდგომში მოსარჩელე, მოსარჩელე კომპანია, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) საკუთრებად. მითითებულ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია შენობა-ნაგებობა 02(1) და 03(1), სადაც განთავსებულია ტრანსფორმატორი. აღნიშნული შენობის ნაწილი გადასულია ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში (რომლის საკადატრო კოდია .........);
2. 2011 წლის 8 დეკემბრის საგადასახადო ანგარიშფაქტურის მიხედვით, მოსარჩელემ შპს „საბასგან“ შეიძინა შემდეგი დასახელების საქონელი (მომსახურება) - ძაბვის მთავარი ავტომატი, ძალოვანი ტროსი 1600 კვა, ძაბვის ტრანსფორმატორი, რეაქტიული სიმძლავრის კომპენსატორი, დენის ტრანსფორმატორი, მაღალი ძაბვის ზეთიანი ამომრთველი კცო 72, 0,4 კვ დენმკვეთი 630 ა;
3. მოსარჩელემ მიმართა სს „ე.პ.ჯ–იას“ (შემდგომში მოპასუხე, მოპასუხე კომპანია ან ენერგოკომპანია) და კუთვნილი ტრანსფორმატორის ექსპლუატაციის გამო მოითხოვა ენერგოკომოპანიასთან იჯარის ხელშეკრულების გაფორმება, საიჯარო ქირის ოდენობად კი განსაზღვრა 5000 ლარი;
4. 2022 წლის 30 დეკემბრის N5249589 წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ 2022 წლის 1 ივლისიდან ძალაში შევიდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 13 მაისის N22 დადგენილება - ,,მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშებისა და გატარებაში მონაწილე გამანაწილებელი ქსელისა და წყალმომარაგების სისტემის მოწყობილობის მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“. ამრიგად, არ არსებობდა მოსარჩელის მოთხოვნის - საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებისა და ქირის სახით 5000 ლარის გადახდის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. წერილში ასევე აღინიშნა, რომ შესაძლებელი იყო მხარეებს შორის ელექტროენერგიის გატარების ხელშეკრულების გაფორმება და ყოველთვიური ასანაზღაურებელი თანხის ოდენობის დაანგარიშება, რაზედაც უნდა წარედგინათ ზემოაღნიშნული დადგენილებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. კერძოდ, გატარებაში მონაწილე ქსელის (ტრანსფორმატორის) საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, გატარებაში გამოყენებული-მონაწილე აქტივების (ამ შემთხვევაში ტრანსფორმატორის) წმინდა საბალანსო ღირებულება, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს აუდიტორულ ანგარიშს და შედგენილი უნდა იყოს მხოლოდ იმ აუდიტორული ფირმის მიერ, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მინიჭებული აქვს საზოგადოებრივი დაინტერესების პირის (სდპ) აუდიტის უფლებამოსილება;
5. ენერგოკომპანიის მიერ მითითებული დოკუმენტაცია მოსარჩელეს მოპასუხისთვის არ წარუდგენია.
6. სასარჩელო მოთხოვნა
6.1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ენერგოკომპანიის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეს აეკრძალოს მოსარჩელის კუთვნილი ტრანსფორმატორით სარგებლობა და N6510318000 და N0795865 მრიცხველის აბონენტებისათვის ელექტროენერგიის მიწოდება, ასევე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 49 528,88 ლარის და შპს „ბ–ის“ მიერ ფართის გამოთავისუფლებამდე ან ელექტროენერგიის მიწოდების შეწვეტამდე ყოველ გატარებულ კვტ საათზე 0,580 თეთრის გადახდა.
6.2. მოსარჩელის განმარტებით, მის საკუთრებაში ირიცხებოდა ბათუმში, ........ მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი .........). თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 13 აპრილის განკარგულებით აღნიშნული ქონების მესაკუთრე გახდა შპს ,,ბ–ი’’. მოსარჩელე კომპანიამ აღმასრულებლის ყველა მოქმედება გაასაჩივრა სასამართლოში. საბოლოოდ, ქონება კვლავ აღირიცხა მოსარჩელის საკუთრებად, დაიყო 3 ერთეულად და მიენიჭა შემდეგი საკადასტრო კოდები: ..........; ..........; ............
6.3. უძრავ ქონებაში, რომლის საკადასტრო კოდია .........., მოსარჩელეს გააჩნია ტრანსფორმატორი, ხოლო მას შემდეგ, რაც ქონების არაკეთილსინდისიერი შემძენი გახდა შპს „ბ–ი“, ტრანსფორმატორი მის მფლობელობაში იმყოფებოდა და მოპასუხე აწვდიდა ელექტროენერგიას სამეწარმეო საქმიანობისათვის.
6.4. უძრავი ქონების მოსარჩელის მიერ დაბრუნების მიუხედავად, შპს ,„ბ–მა“ არ გამოათავისუფლა ფართი, რის გამოც სასამართლოში აღძრულია სარჩელი, ხოლო მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, შპს „ბ–ს“ შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. მოგვიანებით, შპს „ბ–ი“ კვლავ დარეგისტრირდა აბონენტად (N62..).
6.5. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა როგორც აბონეტის გათიშვა, ასევე სიმძლავრის დადგენა აბონეტ N 6210......-ის გამზომ კვანძზე სერიული ნომრით 10164......... პასუხად მოსარჩელეს ეცნობა, რომ მოპასუხე კომპანიის წარმომადგენლები არაერთხელ იყვნენ მისამართზე, თუმცა ტერიტორიაზე შესვლის უფლებას შპს „ბ–ის“ წარმომადგენლები არ აძლევდნენ, რის გამოც შეუძლებელი გახდა საკითხის მოკვლევა.
6.6. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა მასთან იჯარის ხელშეკრულების გაფორმება ყოველვიური ქირის გადახდით, ტრანსპორმატორის ექსპლუატაციის გამო, ხოლო ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის შემთხვევაში ტრანსფორმატორის ექსპლუატაციის შეწყვეტა. პასუხად, მოსარჩელეს ეცნობა, რომ არ არსებობდა იჯარის ხელშეკრულების გაფორმების და შესაბამისი საფასურის გადახდის სამართლებრივი საფუძვლები.
7. მოპასუხის შესაგებელი
7.1. წარადგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ტრანსფორმატორზე საკუთრების უფლება. მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებაზე ტრანსფორმატორის განთავსება ავტომატურად არ გულისხმობს მასზე საკუთრების უფლებას. სემეკის 20221 წლის 28 ივნისის N19 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების“ 28-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, „პირი, რომელიც არ არის სისტემის ოპერატორი, მაგრამ ფლობს ელექტროენერგიის ქსელს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია სხვა მომხმარებელთა ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით, ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და გაატაროს ელექტროენერგია“. ქსელით სარგებლობის ანაზღაურების წესი კი განსაზღვრულია სემეკის 2022 წლის 13 მაისის N22 დადგენილებით. აბონენტის N62....... ყოველთვის ეკუთვნოდა და დღემდე ეკუთვნის მოსარჩელეს და მითითებული აბონენტის ნომრით არასდროს ყოფილა რეგისტრირებული შპს „ბ–ი“. რაც შეეხება აბონენტის სახელის ცვლილებებს, მოსარჩელე მხარე 2022.01.08 წლის N8940655 განცხადებით, ითხოვდა შპს „ბ–ის“ სახელზე რეგისტრირებული მრიცხველების მის სახელზე გადაფორმებას, რაზედაც წარმოადგინა ........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მრიცხველები გადაფორმდა მის სახელზე. მოგვიანებით კი, შპს „ბ–ის“ წერილობითი მომართვის საფუძველზე გამოვლინდა, რომ დაშვებული იქნა ტექნიკური ხარვეზი, მრიცხველი N0795865 ეკუთვნოდა სხვა საკადასტრო ერთეულს (ს/კ:05........), რომელიც დღესდღეობით გაერთიანებულია 05.35.27.235 საკადასტრო ერთეულთან, რომელიც არასოდეს ყოფილა მოსარჩელის საკუთრება. შესაბამისად, კომპანიამ ჩაასწორა ტექნიკური ხარვეზი და მრიცხველი N0795865 კვლავ გადაუფორმდა შპს „ბ–ს“ (აბ.ნ: ........). ამასთან, მოსარჩელემ ნამდვილად ითხოვა სიმძლავრის დადგენა (აბ.ნ: ........, მრიცხველი N1016.......), რაზედაც 2022 წლის 28 აგვისტოს N5233386 წერილით ეცნობა, რომ მოპასუხე კომპანია არაერთხელ იმყოფებოდა მისამართზე (ქ. ბათუმში, ........) ობიექტის სიმძლავრის დადგენის მიზნით, თუმცა ობიექტზე მყოფების მხრიდან ხელი ეშლებოდა, რის გამოც, შეუძლებელი გახდა საკითხის მოკვლევა. მითითებული წარუმატებელი მცდელობების შემდეგ კი ენერგოკომპანიამ კომისიური წესით დაადგინა სიმძლავრე (998 კვტ), რის შესახებაც ეცნობა სემეკს, ხოლო სემეკის წერილობითი მიმართვით - მოსარჩელე მხარეს (28.11.2022,N3/08-7-11319).
7.2. ამასთან, მოსარჩელის წერილობითი მოთხოვნა ტრანსფორმატორის ექპლუატაციის გამო იჯარის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ უსაფუძვლოა, რის თაობაზეც განემარტა კიდეც განმცხადებელს. ენერგოკომპანიამ მოსარჩელეს შესთავაზა მხარეთა შორის ელექტროენერგიის გატარების ხელშეკრულების გაფორმება და ყოველთვიური ასანაზღაურებელი თანხის ოდენობის დაანგარიშება, რაზეც მოსარჩელეს უნდა წარედგინა სემეკის დადგენილებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. კერძოდ, გატარებაში მონაწილე ქსელის (ტრანსფორმატორის) საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, გატარებაში გამოყენებული-მონაწილე აქტივების (ამ შემთხვევაში ტრანსფორმატორის) წმინდა საბალანსო ღირებულება (რომელიც უნდა ეფუძნებოდეს აუდიტორულ ანგარიშს, რომელიც შედგენილი უნდა იყოს მხოლოდ იმ აუდიტორული ფირმის მიერ, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მინიჭებული აქვს საზოგადოებრივი დაინტერესების პირის (სდპ) აუდიტის უფლებამოსილება), თუმცა მითითებული დოკუმენტაცია მოსარჩელემ ვერ წარადგინა, რის გამოც დაუსაბუთებელია მისი სასარჩელო მოთხოვნაც.
8. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
8.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
9. მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა
9.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
10.1. ქუთისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
10.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 158.1-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებით, ასევე მიუთითა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N366 (რომლითაც დამტკიცებულია „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესი და მათი დაცვის ზონები“) და საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 13 მაისის N22 დადგენილებებზე და გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ წარადგინა ისეთი რელევანტური მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოს მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის კუთვნილი ნივთით სარგებლობის ფაქტს დაადასტურებდა. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ მის საკუთრებაში ირიცხებოდა ტრანსფორმატორი, რომჯლითაც მოპასუხე ენერგოკომპანია სარგებლობდა.
10.3. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველი დავის ფარგლებში, სადავოც რომ არ იყოს ნივთზე (ტრანსფორმატორზე) მოსარჩელის საკუთრების უფლება, მოსარჩელის მიერ არც ტრანსფორმატორის წმინდა საბალანსო ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულებაა წარმოდგენილი, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს აუდიტორულ ანგარიშს და რომლის წარმოდგენაც მოსარჩელეს საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 13 მაისის N22 დადგენილების შესაბამისად ევალება.
10.4. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა ამ სახის მტკიცებულება, მან ვერ დაადასტურა მოპასუხე მხარის მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედების არსებობა, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
11. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი
11.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
11.2. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოს პოზიცია იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს მოპასუხე კომპანიისთვის არ წარუდგენია სათანადო დოკუმენტაცია, რაც გახდა ენერგოკომპანიის მხრიდან ყოველთვიური ასანაზღაურებელი თანხის გადახდაზე უარის თქმის საფუძველი. ვინაიდან მოპასუხემ მოსარჩელეს დაავალა ელექტროენერგიის გატარების ხელშეკრულების გაფორმებისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა, ამით მან აღიარა, რომ იყენებს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ტრანსფორმატორს, რისთვისაც უნდა დაეკისროს სარჩელით მოთხოვნილი საკომპენსაციო თანხის ანაზღაურება.
12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 27 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
13. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმეში სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
18. მოცემულ შემთხვევაში, აღძრულია ნეგატორული სარჩელი, რომლითაც მოსარჩელე კომპანია ითხოვს მოპასუხის (ენერგოკომპანიის) მხრიდან მისი კუთვნილი ქონებით (ტრანსფორმატორით) სარგებლობაში უკანონო ხელშეშლის აღკვეთას. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესს განსაზღვრავს. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით.
19. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრების უფლება აბსოლუტური სანივთო უფლებაა, რაც ნიშნავს, რომ ყველა მესამე პირი ვალდებულია, თავი შეიკავოს სხვისი საკუთრების დარღვევისაგან. ამასთან, მესაკუთრის უფლებები შეიძლება შეიზღუდოს კანონით ან ხელშეკრულებით.
20. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში მიუთითებს, რომ სსკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნეგატორული სარჩელი წარმატებულია, თუკი მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ მას ხელი ეშლება საკუთრებით/თანასაკუთრებით თავისუფალ სარგებლობაში და ეს ხელშეშლა არ გამომდინარეობს ლეგიტიმური საფუძვლიდან. საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის უფლება წარმოიშობა მაშინ, როცა არსებობს შემდეგი საფუძვლები: ა) მოსარჩელე არის ნივთის მესაკუთრე; ბ) ნივთი მესაკუთრის მფლობელობაშია; გ) მოპასუხე ხელყოფს ან სხვაგვარად ხელს უშლის მოსარჩელეს თავისი საკუთრებით სარგებლობაში. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა წარმოადგენს. ფაქტის არსებობა კი, როგორც წესი, დადასტურებული უნდა იქნას სათანადო მტკიცებულებებით (იხ. სუსგ საქმე Nას-1250-2018, 21.12.2018; საქმე N -826-2021, 17.11.2021).
21. საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო ნორმების თანახმად, საქმის წარმოება მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე ხორციელდება. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული პრინციპის რეალიზება მოდავე მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის სწორი განაწილების პირობებშია შესაძლებელი.
22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად კი, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მტკიცების ტვირთი-ესაა მოპასუხეებისათვის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ. საქმე Nას-296-2023, 28.12.2023; საქმე Nას-1252-2022, 15.11.2023).
23. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ქ. ბათუმში, ......... N16-ში მდებარე უძრავი ქონება (ნაკვეთის წინა ნომერი ......., დაზუსტებული ფართობი 15 003 კვ.მ, ს/კ .........) ირიცხება მოსარჩელის საკუთრებად. მითითებულ მიწის ნაკვეთზე კი, რეგისტრირებულია შენობა-ნაგებობა 02(1) და 03(1), სადაც განთავსებულია ტრანსფორმატორი. სწორედ აღნიშნული ტრანსფორმატორის მოპასუხის მიერ სარგებლობისა და აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აკრძალვას ითხოვს მოსარჩელე იმ საფუძვლით, რომ ტრანსფორმატორი მისი საკუთრებაა, მოპასუხე კი მოსარჩელის მოთხოვნას უპირისპირებს შესაგებელს და განმარტავს, რომ არ დასტურდება ტრანსფორმატორის მოსარჩელის საკუთრებაში არსებობა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავს.
24. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ ვერ წარადგინა ტრანსფორმატორზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი სათანადო და რელევანტური მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და კასატორიც ვერ უარყოფს იმას, რომ საქმეზე წარდგენილ საგადასახადო ანგარიშფაქტურებსა და სასაქონლო ზედნადებებში ასახული ნივთების მახასიათებლები (იხ. ს.ფ 67; 166) არ იძლევა სადავო ტრანსფორმატორზე მოსარჩელის საკუთრების იდენტიფიცირების შესაძლებლობას. შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად დაასკვნეს, რომ არ არსებობდა ნეგატორული სარჩელის (მოპასუხეს აეკრძალოს მოსარჩელის კუთვნილი ტრანსფორმატორით სარგებლობა და N6510318000 და N0795865 მრიცხველის აბონენტებისათვის ელექტროენერგიის მიწოდება) დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა, რაც, შესაბამისად, გამორიცხავდა მეორადი სასარჩელო მოთხოვნების (მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 49 528,88 ლარის და შპს „ბ–ის“ მიერ ფართის გამოთავისუფლებამდე ან ელექტროენერგიის მიწოდების შეწვეტამდე ყოველ გატარებულ კვტ საათზე 0,580 თეთრის გადახდა) განხილვისა და მათი დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
25. საკასაციო სასამართლო დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ მიიჩნევს კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ მოპასუხის მხრიდან მოსარჩელისთვის ელექტროენერგიის გატარების ხელშეკრულების გაფორმებისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის დავალება მიჩნეულ უნდა იქნას მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ტრანსფორმატორის გამოყენების ფაქტის აღიარებად.
26. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ელექტროენერგიის გატარების ხელშეკრულების გაფორმებისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა მოპასუხემ მოსარჩელეს მას შემდეგ დაავალა, რაც მოსარჩელისვე წარდგენილი წერილის პასუხად განუმარტა, რომ არ არსებობდა სადავო ტრანსფორმატორის ექსპლუატაციის გამო იჯარის ხელშეკრულების გაფორმებისა და საიჯარო ქირის გადახდის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა. ამრიგად, ელექტროენერგიის გატარების ხელშეკრულების გაფორმების შეთავაზებით მოპასუხემ არა თუ აღიარა ტრანსფორმატორზე მოსარჩელის საკუთრების უფლება, არამედ პირიქით, მოსარჩელეს განუმარტა, თუ რატომ არ ეკისრებოდა მას სადავო ტრანსფორმატორის გამოყენების გამო საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება და რა შემთხვევაში (რა სახის დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში) ექნებოდა მოსარჩელეს უფლება ენერგოკომპანიისგან მოეთხოვა აღნიშნულ ტრანსფორმატორში ელეტროენერგიის გატარებისთვის ყოველთვიურად ასანაზღაურებელი თანხა (საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 13 მაისის N22 დადგენილების მე-4 მუხლის, მე-4 და მე-5 ქვეპუნქტების თანახმად, გატარების საფასურის გაანგარიშების ფორმულაში, გამოყენებული-მონაწილე აქტივების წმინდა საბალანსო ღირებულება უნდა ეფუძნებოდეს აუდიტორულ ანგარიშს, ამ ანგარიშში მოცემულ გატარებაში მონაწილე ქსელის, აქტივების ნარჩენ აღდგენით ღირებულებას... ამასთან გატარების საფასურის გაანგარიშების ფორმულაში გამოყენებული-მონაწილე აქტივების წმინდა საბალანსო ღირებულება ყოველწლიური ცვეთის და ინვესტიციის გათვალისწინებით დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის მერ უნდა დადასტურდეს 5 წელიწადში ერთხელ. აუდიტორული ანგარიში დადგენილი უნდა იქნეს მხოლოდ იმ აუდიტორული ფირმის მიერ, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მინიჭებული აქვს საზოგადოებრივი დაინტერესების პირის (სდპ) აუდიტის უფლებამოსილება). სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, ასევე, რომ მოთხოვნილი დოკუმენტაცია მოსარჩელეს მოპასუხისთვის არ წარუდგენია.
27. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს სათანადო და რელევანტური მტკიცებულებების წარდგენით არ დაუდასტურებია სადავო ტრანსფორმატორზე საკუთრების უფლების არსებობის ფაქტი, ასევე ენერგოკომპანიისთვის არ წარუდგენია ელექტროენერგიის გატარების საფასურის გაანგარიშებისთვის საჭირო, კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტაცია, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად უარყვეს მისი სასარჩელო მოთხოვნა. კასატორს არც საკასაციო სასამართლოსთვის წარუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში ასახული დასკვნების გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
28. ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წინამდებარე დავაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა და განმარტა კანონი, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
29. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,ტ.კ–ის’’ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. შპს ,,ტ.კ–ს’’ (ს.კ. ......) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 19 თებერვლის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 4 042.4 ლარის 30%-ის - 1212.72 ლარის გადახდა;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ა. კოჭლამაზაშვილი