დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-412-2026
11 ივნისი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ ჯინჯოლია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, ლევან ნემსაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ბ.ხ–ვი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ბმა „მ...“ (მოპასუხე)
მესამე პირი – ნ.ა–ვი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 4 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ბ.ხ–ვმა (შემდეგში - „მოსარჩელე“, „კერძო საჩივრის ავტორი“, „განმცხადებელი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ბმა „მ...“-ის (შემდეგში - „მოპასუხე“) მიმართ უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქმეში მოპასუხის მხარეზე მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაერთო ნ.ა–ვი.
3. მოპასუხემ და მესამე პირმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 4 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ამავე სასამართლოს 2026 წლის 25 თებერვლის განჩინებით საქმის განხილვა 2025 წლის 4 მარტს, 12:00 საათზე დაინიშნა. სასამართლოს სხდომის თაობაზე მხარეებს ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სხდომის თარიღის შესახებ აპელანტს ეცნობა სატელეფონო შეტყობინების გზით 2026 წლის 26 თებერვალს, მას სასამართლო უწყება გაეგზავნა მისამართზეც. ამავე დღეს სასამართლო უწყება ჩაბარდათ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელსა და მესამე პირს.
8. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2026 წლის 2 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის კანცელარიაში აპელანტმა წარადგინა განცხადება, სხდომის გადადების თაობაზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია სასამართლო სხდომაზე გამოცხადება. 2026 წლის 4 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის, ბმა „მ...“-ის თავმჯდომარე არ დაეთანხმა აპელანტის შუამდგომლობას და სასამართლოს წინაშე დააყენა შუამდგომლობა, აპელანტის სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი დაუსაბუთებელია, სხდომის გადადების შესახებ განცხადებაზე დართული 2026 წლის 19 თებერვლისა და 2 მარტს გაცემული ცნობები, აპელანტის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე არ იძლევა სარწმუნო ინფორმაციას, კერძოდ, რომ მას გააჩნდა სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2026 წლის 2 მარტს გაცემული ცნობის თანახმად, პაციენტს სამკურნალოდ დანიშნული აქვს პრეპარატები. ძირითადი დაავადებაა ესენციური (პირველადი) ჰიპერტენზია, ქრონიკულად მიმდინარე. თავის მხრივ, წარმოდგენილი ცნობები არ იძლევა რაიმე რეკომენდაციას, აპელანტის სტაციონარში მოთავსებისა ან ამბულატორიული დაკვირვების თაობაზეც კი. შესაბამისად, არ დგინდება, რომ მოსარჩელეს/აპელანტს ობიექტურად არ შეეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით განსაზღვრული სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი სახეზე არ არის, აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო ინსტანციაში, სასამართლო სხდომის გადადების საფუძველი არ არსებობდა.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა მოპასუხე მხარის შუამდგომლობა წარდგენილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
11. ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა კერძო საჩივარი.
12. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად, რამდენადაც შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტაციითა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით იქმნებოდა სხდომის გადადების პროცესუალური საფუძველი. აპელანტი შშმ პირია და იმ პირობებში, რომ პირველი სხდომა იყო და საქმის გაჭიანურებას არ ჰქონდა ადგილი არსებობდა სხდომის გადადების წინაპირობები. აპელანტმა სხდომამდე 2 დღით ადრე განცხადებით მიმართა სასამართლოს. განმცხადებელს აღენიშნებოდა მაღალი წნევა, შდტ2-ის, დისლიპიდემიის დიაგნოზი, ასევე, გაკეთებული აქვს კორონალური არტერიების სტენტირება 2 სტენტით, ახასიათებს ტკივილი გულის არეში, შაქრიანი დიაბეტი, რომლითაც ავადაა 5 წელზე მეტია და თავის ძლიერი ტკივილი. სააპელაციო პალატამ კი, განჩინებაში აღნიშნა, რომ წარდგენილი სამედიცინო ცნობები არ იძლეოდა რაიმე რეკომენდაციას აპელანტის სტაციონარში მოთავსების ან ამბულატორიული დაკვირვების თაობაზეც კი, რომელიც დაადგენდა, რომ მას ობიექტურად არ შეეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება. სააპელაციო პალატის ამგვარი განმარტება დაუსაბუთებელია, რადგან სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ე.წ „ავადმყოფობა” აუცილებლად არ გულისხმობს პირის ისეთ მდგომარეობას, რომლის დროსაც საჭიროა შესაბამის დაწესებულებაში მოთავსება, არამედ ავადმყოფობა შესაძლოა გამოვლინდეს სწორედ იმ სიმპტომებით, რომლებიც აპელანტს გააჩნდა, მაშასადამე, შეუძლებელია ჰიპერტენზიის, ძლიერი თავის ტკივილებისა და მაღალი წნევის პირობებში, მას შეძლებოდა პროცესზე გამოცხადება და მასში მონაწილეობის მიღება. სწორედ ამიტომ, აღნიშნული ნამდვილად წარმოადგენს კანონმდებლობით განსაზღვრულ საპატიო მიზეზს. კერძო საჩივრის ფარგლებში მითითებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის პრაქტიკაზე, სადაც სასამართლომ ისეთი სიმპტომები როგორიცაა (ესენციური (პირველადი)) ჰიპერტენზია, თავის ტკივილი, გულის აჩქარება და სხვა სწორედ კანონით გათვალისწინებულ საპატიო მიზეზის შემადგენლობად მიიჩნია და სასამართლოს დაავალა საქმის წარმოების განახლება (იხ. სუსგ საქმე Nა-750-2024, 23 ივლისი, 2024 წელი).
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
16. კერძო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.
17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. დასახელებული ნორმით გათვალისწინებულია აპელანტის გამოუცხადებლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წესი, თუმცა კანონის ამ სპეციალური დათქმის პარალელურად, საკითხის რეგულირებისათვის განსაზღვრულია პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მომწესრიგებელი ნორმების გამოყენება.
18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-ე-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. ხოლო 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილია ასევე სარჩელის განუხილველად დატოვების შესაძლებლობა, თუ საქმის განხილვაზე მოსარჩელე არ გამოცხადდება, ხოლო მოპასუხე თანახმაა, რომ განუხილველად დარჩეს სარჩელი.
19. ზემოაღნიშნულ ნორმათა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი კანონით დადგენილი წესით მოწვეული იყო საქმის განხილვაში და არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით (სუსგ №ას-1668-2019, 28 თებერვალი 2020 წელი; №ას-1380-2019, 24 დეკემბერი 2019 წელი).
20. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია როგორც აპელანტის ჯეროვანი ინფორმირების, ისე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობების არსებობა (აპელანტის გამოუცხადებლობა; მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა).
21. კერძო საჩივრის ავტორი მიღებული განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით მოითხოვს, რომ იგი დანიშნულ პროცესზე საპატიო მიზეზით არ გამოცხადდა (ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო) და წინასწარ აცნობა სასამართლოს პროცესზე გამოუცხადებლობის შესახებ.
22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის. ამრიგად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება (სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება) უნდა გაუქმდეს, თუმცა ამ მუხლის ჩამონათვალი არ არის ამომწურავი და გამოუცხადებელ მხარეს შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის საფუძველი გახდა.
23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
24. მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამასთან, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
25. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მხარეთა შეჯიბრებითობაზეა დამყარებული და სსსკ-ის 102-ე მუხლი თითოეულ მხარეს უდგენს ვალდებულებას, სათანადო მტკიცებულებით დაასაბუთოს მოთხოვნა. სსსკ-ის მე-4 მუხლით კი განსაზღვრულია მხარის აბსოლუტური შესაძლებლობა, თავადვე განსაზღვროს სადავო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და წარუდგინოს ისინი სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც დამტკიცებას საჭიროებს, მხოლოდ მხარის განმარტებით ვერ დადგინდება. ამდენად, სათანადო მტკიცებულებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ნებისმიერი გარემოება, რომელზეც მხარე აპელირებს.
26. საკასაციო სასამართლო მხარის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევს კერძო საჩივარზე დართულ 2026 წლის 19 თებერვალსა და 2 მარტს გაცემულ ცნობებს, რამდენადაც აღნიშნული დოკუმენტები არ შეიცავს ინფორმაციას განმცხადებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უშუალოდ სასამართლო პროცესის დღეს 2026 წლის 4 მარტს. შესაბამისად, ჯანმრთელობის შესახებ ცნობა არ იძლევა აპელანტის სასამართლოში გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ დასკვნის გამოტანის საფუძველს.
27. კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ უზენაესი სასამართლოს პრაქტიკასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გარკვეულ შემთხვევებში ჰიპერტენზია შესაძლოა წარმოადგენდეს სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს, თუმცა ამისათვის აუცილებელია წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია ადასტურებდეს მხარის ჯანმრთელობის მდგომარეობას უშუალოდ სასამართლო სხდომის დღეს და იმ გარემოებას, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა ობიექტურად გამორიცხავდა პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში, წარდგენილი უახლესი ცნობა გაცემულია სხდომამდე ორი დღით ადრე, რის გამოც აღნიშნული დოკუმენტით შეუძლებელია სასამართლომ გამოიკვლიოს და დაადგინოს მხარის ჯანმრთელობის მდგომარეობა უშუალოდ სხდომის დღეს.
28. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობაზე. კერძო საჩივარზე დართული 2026 წლის 2 მარტის ცნობაში კი აღნიშნულია, რომ პაციენტს აღენიშნება არტერიული წნევის მატება, ასევე, ცნობა შეიცავს სხვა ქრონიკული დაავადებების შესახებ ინფორმაციას. სამკურნალო და შრომით რეკომენდაციებში მითითებულია მედიკამენტების შესახებ ინფორმაცია, თუმცა არსადაა მითითებული სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის შეუძლებლობის შესახებ.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად და არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
ბ.ხ–ვის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 4 მარტის განჩინება; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მიხეილ ჯინჯოლია
მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი
ლევან ნემსაძე