დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-177-2026 3 ივლისი, 2026 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ჰ.ქ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – სს „თ–ი“, გ.დ–ძე, დ.დ–ძე, ს.ა–ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება, დივიდენდის გადახდის დაკისრება, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება, აქციონერების გარიცხვა სააქციო საზოგადოებიდან
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ჰ.ქ–მა (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „თ–ის“, გ.დ–ძის, დ.დ–ძისა და ს.ა–ის (შემდეგში: მოპასუხეები, მოწინააღმდეგე მხარეები) მიმართ, რომლითაც მოითხოვა ზიანის ანაზღაურება, დივიდენდის გადახდის დაკისრება, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება და აქციონერების გარიცხვა სააქციო საზოგადოებიდან.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. სს „თ–ი“ დარეგისტრირდა 1995 წლის 12 ოქტომბერს ქ. თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს მიერ #7/5-2 დადგენილებით. ჰ.ქ–მა კომპანიის აქციები შეიძინა 2011 წელს, რის სანაცვლოდაც განახორციელა მნიშვნელოვანი ინვესტიცია.
2.2. 2011 წლიდან სარჩელის აღძვრამდე, მოსარჩელეს არ იწვევდნენ აქციონერების საერთო კრებაზე, არ აძლევდნენ კუთვნილ დივიდენდს და უკრძალავენ საზოგადოებაში მონაწილეობას ამავე კომპანიის დომინანტი პარტნიორები დ.დ–ძე, გ.დ–ძე და ს.ა–ი.
2.3. მიუხედავად არაერთი წერილობითი და ზეპირი ხასიათის შუამდგომლობისა მოპასუხეებმა უარი განაცხადეს ჰესეინ ქურთისთვის კუთვნილი დივიდენდის გადახდაზე 2011 წლიდან 2022 წლის ჩათვლით და ასევე უარი განაცხადეს ნებისმიერი დოკუმენტაციის გადაცემაზე. საზოგადოების წლიური მოგება 11 780.182 ლარს შეადგენდა, ხოლო, 2020 წელს წმინდა მოგებამ შეადგინა 13 მილიონი ლარი.
2.4. საწარმოს კონკრეტული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია დადასტურდება კომპანიის ფინანსური ანგარიშგებებით 2018, 2019, 2020, 2021 წლების მდგომარეობით. მოგებას დომინანტი პარტნიორები და მოპასუხე კომპანია იყენებენ საკუთარი პირადი მიზნებისათვის. საზოგადოების დომინანტი პარტნიორები ბოროტად იყენებენ თავიანთ ძალაუფლებას და ჰ.ქ–ს აყენებენ მძიმე მდგომარეობაში, რათა მან მიზერულ ფასად გაყიდოს თავისი კუთვნილი აქციები.
2.5. სარჩელის თანახმად, მოპასუხეები წარმოადგენენ დომინანტ აქციონერთა ჯგუფს დ.დ–ძის, ს.ა–ისა და გ.დ–ძის სახით, რომლებიც ფლობენ სააქციო საზოგადოებაში 84% და იღებენ გადაწყვეტილებებს ისე, რომ არც კი იწვევენ საერთო კრებაზე მოსარჩელეს და 2009 წლიდან დღემდე, არ უხდიან კუთვნილ დივიდენდს.
2.6. მოსარჩელის მტკიცებით, ს.ა–ი, ასევე, არის საზოგადოების დირექტორი და სხვა დომინანტ აქციონერებთან ერთად, ითვისებს კომპანიის მოგებას. იგი რამდენიმე მუხლით არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული. სარჩელში ასევე, მითითებულია, რომ დომინანტი აქციონერების ჯგუფმა გაასხვისა საწარმოს ქონება, კერძოდ, გაიყიდა კომპანიის კუთვნილი ჯართი, მიღებული 5 მილიონი ლარი კი, მოპასუხეებმა მიითვისეს პირადი მიზნებისათვის. სს „თ–ის“ საქმიანობა მოიცავს, როგორც უძრავი ქონების იჯარით გაცემას, ასევე საპარკინგე ტერიტორიების გაქირავებას საათობრივად, რაშიც მას სოლიდური თანხები რჩება. მოსარჩელის ინფორმაციით, მოპასუხე მხარეები განზრახ არ აფორმებენ იჯარის ხელშეკრულებებს, რათა არ აისახოს ის მოგება, რასაც ისინი არაფორმალურად იღებენ, ისევე, როგორც არ არის დოკუმენტაციაში ასახული პარკინგის გაქირავებით მიღებული შემოსავალი. მხოლოდ პარკინგის გაქირავების შედეგად, კომპანია დღიურად 10 000 ლარს მიიღებდა, თუმცა მოპასუხე მხარეები არ ასახავენ მოგებას, რათა არ გადაიხადონ გადასახადები და არ მისცენ მოსარჩელე მხარეს კუთვნილი მოგება და სანაცვლოდ, მათ პირად სარგებლობას ხმარდება აღნიშნული თანხები.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხეებმა მოთხოვნის გამომრიცხავი და მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.
3.2. შესაგებლის თანახმად, მოსარჩელე ვერ ადასტურებს მის მიერ სარჩელში მითითებული ვერცერთი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას. ამასთან, მოსარჩელე პირველი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში მიჩნეული უნდა იქნეს არასათანადოდ, რამდენადაც წარმოდგენილია დერივაციული სარჩელი, რომლის აღძვრის წინაპირობებს: შესაბამისი მოთხოვნით სააქციო საზოგადოებისთვის მიმართვა, კანონით დადგენილი 90 დღიანი ვადის დაცვა და სს „თ–ის“ ინტერესების შესაბამისად მოქმედებას მოსარჩელე ვერ ასაბუთებს.
3.3. გარდა ამისა, სს „თ–ის“ მიერ იჯარით გაცემულ ქონებაზე გაფორმებულია იჯარის ხელშეკრულებები, მოიჯარეები იხდიან საიჯარო ქირას, საპარკინგე ადგილები კი, ყოველდღიურად გაიცემა შესაბამისი გადახდის ფინანსური დოკუმენტის საფუძველზე, ხოლო, მიღებული შემოსავალი შედის მოპასუხე კომპანიის კაპიტალში, რაც ასახულია საგადასახადო დეკლარაციებში. მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება - დღიურად 10 000 ლარის მიღებასთან მიმართებით, არ შეესაბამება სინამდვილეს.
3.4. მოპასუხეების წარმომადგენელი არ დაეთანხმა მოსარჩელის მიერ მითითებულ ფინანსური ბრუნვის ციფრებს და განმარტა, რომ კომპანიის ბრუნვიდან მიღებული შემოსავლების ნაწილი მიმართული იქნა კომპანიის ძირითადი საშუალებების რემონტზე, შემოსავლების ნაწილი გამოყენებულ იქნა ყოველთვიური სამეურნეო ოპერაციების განსახორციელებლად, როგორიცაა კომუნალური გადასახადები, იჯარა, საკონსულტაციო მომსახურება, დასაქმებულთა ანაზღაურება, საბიუჯეტო გადახდები და სხვ.
3.5. შესაგებელში ასევე, აღინიშნა, რომ სს „თ–ის“ მიერ, 2011 წლიდან 2022 წლის ჩათვლით პერიოდში, დივიდენდის გაცემა არ ფიქსირდება, რადგან საზოგადოებას გამოსაკვლევ პერიოდში, არ გააჩნდა თავისუფალი ფულადი სახსრები დივიდენდის გასაცემად. წლის განმავლობაში, ასევე წლის ბოლოსათვის არსებული ფულადი სახსრების გამოყენება ხდებოდა მხოლოდ საზოგადოების მიმდინარე პერიოდის და კაპიტალიზებადი ხარჯების (გრძელვადიანი აქტივების შეძენისა და გაუმჯობესების, სესხის, დასაქმებულ პირთა ხელფასების, კომუნალური, საგადასახადო ვალდებულებების და სხვა ხარჯების) დასაფარავად. შესაბამისად, უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება კომპანიისთვის 5 000 000 ლარის ზარალის მიყენების თაობაზე.
3.6. შესაგებლით ასევე დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული მიუღებელი შემოსავლის დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა, რამდენადაც იგი გამომდინარეობდა დივიდენდის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნიდან. მოსარჩელე არ არის საკრედიტო სუბიექტი, შესაბამისად, მისი საქმიანობა არ არის მოგების მიღებისკენ მიმართული, რაც მას მოუტანდა 4%-იან წლიურ საპროცენტო სარგებელს.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით, ჰ.ქ–ის სარჩელი სს „თ–ის“, გ.დ–ძის, დ.დ–ძისა და ს.ა–ის მიმართ - ზიანის ანაზღაურების, დივიდენდის გადახდის დაკისრების, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებისა და აქციონერების სააქციო საზოგადოებიდან გარიცხვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, ჰ.ქ–მა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და დასაბუთება:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ნოემბრის განჩინებით, ჰ.ქ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
5.2. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირველი სასარჩელო მოთხოვნა შეეხებოდა დომინანტი აქციონერებისა და დირექტორის მიერ საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, რის გამოც ამ ნაწილში წარდგენილი იყო დერივაციული სარჩელი. პალატამ მოიხმო „მეწარმეთა შესახებ“ კანონი და მიიჩნია, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა დაცული სპეციალური კანონით დადგენილი წინაპირობები, სახელდობრ არ დგინდებოდა, რომ მან, სარჩელის აღძვრამდე 90 დღით ადრე, მიმართა საწარმოს. პალატამ დაუსაბუთებლობის გამო, არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ საზოგადოებისთვის წერილობით მიმართვა შედეგს ვერ მოიტანდა, რადგან აღნიშნული ვადის დაცვა წარმოადგენდა კანონისმიერ დანაწესს და მისი შესრულება სარჩელის დაშვების წინაპირობად უნდა ყოფილიყო განხილული. სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ მოსარჩელემ/აპელანტმა ვერ დაადასტურა, თუ სააქციო საზოგადოების რა უპირატესი ინტერესის დაცვას ემსახურებოდა წარმოდგენილი სარჩელი ან/და კანონით დადგენილი ფორმალობების დაუცველობა სააქციო საზოგადოებისთვის რა გამოუსწორებელი ზიანის მომტანი იყო, რასაც შეიძლებოდა 90 დღიანი ვადის დაუცველად სასამართლოში სარჩელის შეტანის ფაქტი გაემართლებინა. შედეგად, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ვინაიდან მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურება, რომ სარჩელის აღძვრის მოთხოვნით საზოგადოებისათვის მიმართვა შედეგის მომტანი ვერ იქნებოდა, ასეთ პირობებში იგი ვერ იქნებოდა მიჩნეული სათანადო მოსარჩელედ.
5.3. სააპელაციო პალატის განსჯით, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ იკვეთებოდა მოპასუხეთათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების კანონისემიერი წინაპირობები. კერძოდ, სააპელაციო პალატამ მოიხმო სპეციალური კანონის დანაწესი და მიუთითა, რომ ამგვარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო იყო დადასტურებულიყო, რომ არსებობდა დომინანტი აქციონერი, რომელიც ახდენდა თავისი დომინანტური მდგომარეობის რეალიზებას კონკრეტულ საკითხთან მიმართებით, აღნიშნული მდგომარეობის გამოყენებას შედეგად უნდა მოჰყოლოდა ზიანი და სახეზე უნდა ყოფილიყო განზრახვა. არ იკვეთება დომინანტი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. სარჩელით კი, არ იკვეთებოდა მოპასუხეთა დომინანტი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება.
5.4. სააპელაციო პალატამ ასევე, დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელირება დირექტორისთვის პირადი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებაც და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე/აპელანტი ზოგადად უთითებდა დირექტორის მხრიდან ფიდუციური მოვალეობების დარღვევის, თაობაზე და განმარტავდა, რომ ს.ა–ის მხრიდან ირღვეოდა, როგორც ერთგულების, ისე ზრუნვის მოვალეობა. თუმცა, საქმის მასალებით მოსარჩელემ ვერ შეძლო მის მიერ განხორციელებული ბრალდების დამტკიცება. მოწმეთა ჩვენებები, კი რომელთაც ეყრდნობოდა მოსარჩელე, საკმარის მტკიცებულებას არ წარმოადგენდა, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც მოწმეების ჩვენება ბაზრობის ტერიტორიაზე დგომის საფასურთან და გადახდის ქვითართან მიმართებით განსხვავებული იყო. ამ მიმართებით პალატამ ასევე, მოიხმო საქმეში წარმოდგენილი სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 13/02/2024 წელს გაცემული ინფორმაცია, რომლითაც დგინდებოდა, რომ 2010 წლიდან დღემდე (ინფორმაციის გაცემის თარიღამდე) სს „თ–ის“ მიმართ შედგენილი საგადასახადო შემოწმების აქტი საარქივო სამმართველოში არ არსებობდა, რაც მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე კომპანიას საგადასახადო სამართალდარღვევა, მათ შორის, გადასახადების დამალვა და საბუღალტრო, ფინანსური დოკუმენტაციის არასწორად წარმოება არ უფიქსირდებოდა. საქმის მასალებით არც ს.ა–ის სისხლის სამართლის საქმეზე პასუხისგებაში მიცემის ფაქტობრივი გარემოება დასტურდებოდა, რაზეც მოსარჩელე უსამართლოდ აპელირებდა.
5.5. სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი დივიდენდის ანაზღაურების მოთხოვნა და ყურადღება მიაპყრო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ აუდიტორულ დასკვნებს, რომელთა შინაარსობრივი კვლევის შედეგადაც დაადგინა, რომ ცალსახად ვერ დასტურდებოდა სს „თ–ში“ არსებული დარღვევები და მიღებული შემოსავლების გახარჯვა, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა.
5.6. 2011-2017 წლის პერიოდის ჩათვლით მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს მითითება მასზედ, რომ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულად შეფასების მიზნებისთვის 02/08/2021 წლამდე პერიოდის სასარჩელო მოთხოვნაზე ვრცელდებოდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 21-22, 28/10/1994, (ძალადაკარგულია - 02.08.2021, №875)) დადგენილი ხანდაზმულობის ვადები, ხოლო, 02/08/2021 წლიდან 2022 წლის ჩათვლით პერიოდზე უნდა გავრცელებულიყო „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ამჟამად მოქმედი კანონით (დოკუმენტის N875-Vრს-Xმპ; მიღების თარიღი - 02/08/2021; სარეგისტრაციო კოდი - .......) გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა, რის შესაბამისადაც დადგინდა, რომ 2011 წლიდან 2017 წლის ჩათვლით წარმოშობილი დივიდენდის მიღების უფლება ხანდაზმული იყო. რაც შეეხება 2018 წლიდან 2022 წლის ჩათვლით პერიოდზე დივიდენდის დაკისრების მოთხოვნას, ამ ნაწილში პალატამ მოთხოვნა დაუსაბუთებლად მიიჩნია და განმარტა, რომ დივიდენდის მოთხოვნის უფლება, დამოკიდებულია საზოგადოების პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებაზე დივიდენდის განაწილების შესახებ. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობდა საწარმოს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება დივიდენდის (წმინდა მოგების) განაწილების თაობაზე. ამასთან, საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ 2011 წლიდან 2022 წლის ჩათვლით პერიოდში, მოპასუხე საზოგადოებაში დივიდენდის გაცემა არ ფიქსირდებოდა. შესაბამისად, არათუ მოსარჩელეზე, არამედ სხვა აქციონერებზეც არ ყოფილა დივიდენდი გაცემული. ასევე, არ დგინდებოდა, ის რომ მოსარჩელემ მიმართა საწარმოს დივიდენდის გაცემის მოთხოვნით. ამასთან, არ დადგინდა სააქციო საზოგადოების დირექტორისა და დომინანტი აქციონერების იმგვარი ქმედება, რაც საწარმოში დივიდენდის გაცემის პროცესს შეაფერხებდა. შესაბამისად, პალატამ დაასკვნა, რომ ვინაიდან არ არსებობდა საწარმოს გადაწყვეტილება დივიდენდის გაცემის შესახებ, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაეკმაყოფილებინა მოსარჩელის მოთხოვნა.
5.7. მიუღებელი შემოსავლის დაკისრების შესახებ მოთხოვნასთან მიმართებით, აღინიშნა, რომ მისი დაკმაყოფილების საფუძველს დივიდენდის გაცემის მოთხოვნა წარმოადგენდა. შესაბამისად, რადგან არ დაკმაყოფილდა დივიდენდის დაკისრების მოთხოვნა, ასევე არ არსებობდა მისგან წარმოშობილი მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველიც.
5.8. სააპელაციო პალატამ, ასევე, დაუსაბუთებლად მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა დომინანტი აქციონერებისა და დირექტორისათვის უშუალოდ მოსარჩელე მხარისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ. პალატამ არ გაიზიარა ამ მიმართებით მოსარჩელის მიერ წარდგენილი არგუმენტები მასზედ, რომ მოპასუხეები მას არ აძლევდნენ საერთო კრებებში მონაწილეობის უფლებას, არ იწვევდნენ საერთო კრებებზე, შეზღუდული ჰქონდა სააქციო საზოგადოების სრულყოფილ დოკუმენტაციასთან წვდომის უფლება, არ გასცემდნენ დივიდენდს, რაც სოლიდური ზიანის მომტანი იყო მისთვის. მოსარჩელე მხარე უთითებდა 2023 წლის 25 ივლისის წერილზე, რომლითაც მოითხოვა სააქციო საზოგადოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, თუმცა მხარე თავადვე აღნიშნავდა, რომ აღნიშნული წერილი მოპასუხეებს არ ჩაბარებიათ. შესაბამისად, პალატამ დაასკვნა, რომ არ არსებობდა მოპასუხე სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს მხრიდან, უარი ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტების საფუძველზე, დადგენილად ვერ იქნებოდა მიჩნეული მოსარჩელის უფლების შეზღუდვა საწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღებასთან მიმართებით. პალატამ ასევე, არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება საერთო კრებებში მონაწილეობის მიღების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით, ვინაიდან მოპასუხემ წარმოადგინა საერთო კრებების მოწვევისა და მონაწილეობის მიღების მიზნით, ჰ.ქ–ისთვის გაგზავნილი შეტყობინებები (იხ. ტ. II, ს.ფ. 55-99), რაც ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას აქციონერთა კრებებზე მოწვევის თაობაზე.
5.9. მოხმობილის მსგავსად პალატამ ასევე, არ გაიზიარა აპელანტის მითითება მასზედ, რომ დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა სასარჩელო მოთხოვნა აქციონერების სააქციო საზოგადოებიდან გარიცხვისა და საზოგადოებისთვის მათი კუთვნილი აქციების გადაცემის შესახებ. სააპელაციო პალატამ მოიხმო „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლი, რომლის ანალიზის შედეგად დაასკვნა, რომ მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას, სააქციო საზოგადოებიდან აქციონერის გარიცხვა შეიძლება დარეგულირებულიყო წესდებით, თუმცა მოპასუხე კომპანიის წესდება მსგავს რეგულირებას არ შეიცავდა, რაც ნიშნავდა, რომ ამ ნაწილშიც, სასარჩელო მოთხოვნა გარდა იმისა, რომ დაუსაბუთებელი იყო, ასევე მისი დაკმაყოფილების კანონისმიერი შესაძლებლობაც არ არსებობდა.
5.10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ნოემბრის განჩინებაზე, საკასაციო საჩივარი წარადგინა ჰ.ქ–მა.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6.1. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ საქმე განიხილა საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების დარღვევით, რამაც საბოლოოდ საქმეზე არასწორი შედეგი გამოიწვია. კერძოდ, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებები და ასევე არასწორად მოახდინა როგორც ფაქტების, ასევე სამართლის ნორმების ინტერპრეტირება.
6.2. კასატორი აცხადებს, რომ სააპელაციო პალატამ ისე მიიღო საქმეზე გადაწყვეტილება, რომ არ გამოუკვლევია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სახელდობრ, მოსარჩელე პირველ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით წარმოადგენდა სათანადო მხარეს ვინაიდან კანონით დადგენილ 90 დღიანი ვადის დაცვას, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არ ექნებოდა აზრი, რადგან გადაწყვეტილებას საზოგადოების უფლებების დაცვის შესახებ იღებდნენ ის პირები, ვინც საზოგადოების, როგორც დამოუკიდებელი სამართალ-სუბიექტის უფლებების დარღვევაში იყვნენ დადანაშაულებულნი. ის ფაქტი, რომ მოსარჩელის მიერ გაგზავნილი წერილები არ ბარდებოდა მოპასუხე იმას კი არ ნიშნავს, რომ მათი მოძიება ვერ ხდებოდა, არამედ იმას, რომ ისინი თავს არიდებდნენ ფოსტისგან კორესპონდენციის მიღებას, ვინაიდან ელოდებოდნენ მათი ინტერესის საპირისპირო სამართლებრივ შედეგს. კასატორი ვრცლად მიმოიხილავს მის პრეტენზიებს საწარმოს მიმართ (რაც ასახული იქნება საკასაციო საჩივრის შემდგომ საფუძვლებში) და აცხადებს, რომ ვინაიდან მოპასუხეები ძარცვავდნენ კომპანიას და მოსარჩელეს, რომელსაც წილის ყიდვიდან მოყოლებული არცერთი თეთრი შემოსავალი არ მიუღია, მათთვის კანონით დადგენილი 90 დღით ადრე მიმართვას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ სახეზე იყო „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 222-ე მუხლით განმტკიცებული დერივაციული სარჩელის პირადად (მეწილის მიერ) აღძვრის შესაძლებლობა.
6.3. კასატორი მიიჩნევს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით თვალნათელია, რომ მოპასუხეები არიან მაჟორიტარი აქციონერების ჯგუფი და დირექტორი, ხოლო მოსარჩელე მინორიტარი აქციონერი, რომლის მიმართაც ძალაუფლება ბოროტად გამოიყენება. კასატორისთვის გაურკვეველია, რაზე დაყრდნობით მიიჩნია სააპელაციო პალატამ, რომ არ იკვეთებოდა დომინანტი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. კასატორი ამტკიცებს, რომ მოპასუხედ დასახელებულ პირებს ერთობლიობაში გააჩნიათ საწარმოს წილის 84,3%-ზე მეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ საერთო კრებაზე ყოველთვის ექნებოდათ გადამწყვეტი ხმა და ხელს არაფერი შეუშლიდათ მიეღოთ მათთვის სასურველი გადაწყვეტილებები. შედეგად, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს უნდა გამოეკვლია ის, მოქმედებდნენ თუ არა, მოპასუხედ დასახელებული პარტნიორები და საზოგადოების დირექტორი წინასწარ შეთანხმებულად, ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში კი დადგინდებოდა, მათი დომინანტური მდგომარეობის მინორიტარი აქციონერის საზიანოდ გამოყენების ფაქტი, რაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს არ განუხორციელებიათ. უფლებების ბოროტად გამოყენებას ცხადყოფს ის ფაქტი, რომ მოპასუხე საწარმო მაღალშემოსავლიანია, თუმცა მოსარჩელეს მისგან არცერთი თეთრი სარგებელი არ მიუღია. ამ პირობებში ის ფაქტი, რომ მოპასუხედ დასახებული პირები, საწარმოში დაკავებული ადმინისტრაციული თანამდებობის გამო, იღებდნენ სოლიდურ ხელფასს ცხადყოფს, მათ შორის არსებულ შეთანხმებით მოქმედების ფაქტს, რაც სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა. კასატორის აზრით, ამ სიტუაციაში შეუძლებელია წერილობითი მტკიცებულებების წარდგენა, რადგან მოპასუხეები დიდძალ შემოსავალს არ ასახავდნენ სალაროში, შესაბამისად მათ ყოველთვის ხელეწიფებათ წარადგინონ მტკიცებულება, რომ კომპანიას არ გააჩნდა დივიდენდის გასანაწილებელი თავისუფალი ხარჯები, რაც უსამართლოა. კასატორი უთითებს მის მიერ წარდგენილ აუდიტორულ დასკვნაზე, სადაც მითითებულია, რომ ვერ დადგინდა საწარმოს მიერ სესხის აღებისა და ხელფასების ამგვარი დიდი მოცულობით გაცემის მიზნობრიობა, რაც ცხადყოფს მოსარჩელის ეჭვს მოპასუხეთა შეთანხმებული ბოროტული განზრახვის შესახებ.
6.4. კასატორი მიიჩნევს, რომ ზიანის მიყენება გამოიწვია პარტნიორებისა და დირექტორის მხრიდან ფიდუციური ვალდებულებების, ასევე, საქმეების კეთილსინდისიერად გაძღოლის ვალდებულების დარღვევამ, რადგან მათ საკუთარი ინტერესები დააყენეს საწარმოს ინტერესებზე მაღლა. საქმეზე გამოკითხული მოწმეები, მოსარჩელის მიერ წარდგენილი აუდიტორული დასკვნა, პარკინგის გაქირავების შედეგად სავარაუდოდ მისაღების შემოსავლის ოდენობა და სხვა გარემოებები, სასამართლოს აძლევდა შესაძლებლობას გამოეკვლია დომინანტი პარტნიორების ქცევა, რაც უკანონოდ არ განხორციელდა. მხოლოდ ის ფაქტი, რომ კომპანიაში არ ჩატარებულა აუდიტორული შემოწმება არ ნიშნავს, რომ არ არსებობდა სამართალდარღვევა, რადგან მოპასუხედ დასახელებული პირები ოსტატურად ახდენდნენ თანხების მიმალვასა და მითვისებას, მათ ხელში იყო ყველა შესაძლო დოკუმენტაციის შედგენის შესაძლებლობა, რაც გამორიცხავდა ერთი შეხედვით და მარტივად სამართალდარღვევების აღმოჩენას. შესაბამისად, კასატორი ითხოვს, პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას და მოპასუხეებისთვის 5 000 000 ლარის დაკისრებას, როგორც საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანი.
6.5. კასატორი ასევე, ითხოვს დივიდენდის თანხის დაკისრებას და ამ ნაწილში საკასაციო საჩივარს აყრდნობს contra legem გადაწყვეტილების გამოტანის აუცილებლობას. კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინების კითხვისას, ერთი შეხედვით მართლაც იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს მოსამართლე დაეყრდნო კანონს თუმცა, სინამდვილეში არ გამოიკვლია ის მიზეზები, თუ რატომ არ არსებობდა კომპანიაში დივიდენდის გასანაწილებლად საჭირო თანხები. სახელდობრ, პალატამ არ გამოიკვლია საქმის მასალებში წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ კომპანიაში იარსებებდა მოგება, რომ არა არამიზნობრივად გახარჯული თანხები, უმიზეზოდ აღებული სესხები და მოპასუხეებზე გაცემული დიდი ოდენობის ხელფასები. კასატორი ამტკიცებს, რომ დირექტორმა და ბოროტი განზრახვით მოქმედმა აქციონერთა ჯგუფმა კომპანია ხელოვნურად ჩააყენეს ისეთ მდგომარეობაში, რომელმაც ჰ.ქ–ს დივიდენდის მიღების უფლება დააკარგვინა, რისი მტკიცებულებებიც საქმეში მრავლად იყო. კასატორი მიიჩნევს, რომ საკასაციო პალატამ უნდა იმსჯელოს, როგორც დივიდენდის მიღების უფლებაზე, ასევე მისგან ნაწარმოებ მიუღებელი შემოსავლის, როგორც ზიანის, ანაზღაურების შესაძლებლობაზე. მიუღებელი შემოსავლის დაკისრების მართლზომიერება კასატორისთვის თვალნათელია, რადგან იგი ბიზნესმენია, მოპასუხე კომპანიაში განახორციელა დიდძალი ინვესტიცია შემდგომი მოგების მიღების მიზნით, რაც მოპასუხეთა ბოროტული განზრახვის გამო, ვერ განხორციელდა. ამდენად, მან დაკარგა შესაძლებლობა მიღებული შემოსავალი სხვა ბიზნეს საქმიანობაში გამოეყენებინა და მიეღო მოგება.
6.6. კასატორი მიიჩნევს, რომ აქციონერების გარიცხვისა მოთხოვნის ნაწილში, საკასაციო პალატამ შესაძლებელია მიიღოს განსხვავებული გადაწყვეტილება. კასატორი უთითებს, რომ მართალია მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს აქციონერის გარიცხვის შესაძლებლობას, თუმცა ასეთი ოფცია არსებობს შპს-ში, ისინი ორივე კაპიტალური ტიპის საზოგადოებას წარმოადგენენ, რის გამოც არსებობს სამართლის ანალოგიის გამოყენების წინაპირობები. კასატორი ამტკიცებს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს მოპასუხედ დასახელებული პარტნიორების საწარმოდან გარიცხვის მნიშვნელოვანი საფუძველი, რადგან მათ დიდი ოდენობის ზიანი მიაყენეს კომპანიას და შეავიწროვეს მინორიტარი აქციონერი. კასატორის მტკიცებით, აღნიშნული საკითხის დღის წესრიგში დამატება მოსარჩელემ ვერ შეძლო, რადგან კომპანია არ იწვევდა მას საერთო კრებაზე.
6.7. კასატორი შუამდგომლობს შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნეს სს „თ–ის“ შესახებ დაცული ყველა სახის დოკუმენტაცია 2009 წლიდან 2024 წლის 12 მარტამდე. კასატორი ამტკიცებს, რომ იდენტური შუამდგომლობა პირველი ინსტანციის სასამართლოში მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რის გამოც მოსარჩელეს არ მიეცა შესაძლებლობა აუდიტორული კომპანიისთვის წარედგინა სრულყოფილი საფინანსო დოკუმენტაცია, რაც საბოლოოდ, რა თქმა უნდა, აისახა აუდიტორული დასკვნის ხარისხზე.
6.8. კასატორი შუამდგომლობს მოწმის სახით საქმეზე გამოკითხულ იქნეს აუდიტორი მაია სხვიტარიძე, ეს შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ წარდგენილი აუდიტორული დასკვნა არ იყო ბუნდოვანი. კასატორი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამისა, სასამართლომ წარდგენილი აუდიტორული დასკვნა მაინც არ მიიჩნია დასაყრდენ მტკიცებულებად, რის გამოც აუცილებელია საქმეზე გამოიკითხოს მისი შემდგენელი აუდიტორი.
6.9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 6 აპრილის განჩინებით, ჰ.ქ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
11. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:
- სს „თ–ი“ (ს/ნ .........) რეგისტრირებულია 12/10/1995 წელს (რეგისტრაციის N7/5-2) ისნის სასამართლოს მიერ. საწარმო ახორციელებს საქმიანობას შემდეგი მიმართულებით: ა) ლითონის დამუშავება და ა.შ.., ბ) ფართო მოხმარების საგნების წარმოება და ა.აშ.. საწარმოს ხელმძღვანელი ორგანოებია: ა) აქციონერთა საერთო კრება; ბ) სამეთვალყურეო საბჭო და გ) დირექტორი. სს „თ–ის“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან: თავმჯდომარე/წევრი; ნ.კ–ი, თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: გ.დ–ძე და წევრი: თ.კ–ი. საწარმოს ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია დირექტორი ს.ა–ი. საწარმოს საწესდებო კაპიტალი შეადგენს 283 000 აშშ დოლარს და დაყოფილია 283 000 ჩვეულებრივ სახელობით აქციად, რომელთაგან თითოეულის ღირებულება შეადგენს 1 აშშ დოლარს. 2023 წლის 20 ივლისის მდგომარეობით, ჰ.ქ–ის სახელზე რეგისტრირებულია 27659 ცალი ჩვეულებრივი აქცია, რაც შეადგენს საწესდებო კაპიტალის 9.773498%-ს;
12. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია, მოპასუხე დირექტორისა და პარტნიორებისთვის საწარმოს სასარგებლოდ ზიანის სახით 5 000 000 ლარის დაკისრების მართლზომიერება, დივიდენდის დაკისრება და მასთან დაკავშირებული მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება, პარტნიორების გარიცხვა. შესაბამისად, სადავო საკითხების კომპლექსურობიდან, ასევე წარდგენილი ვრცელი საკასაციო საჩივრის ხასიათიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თითოეულ არგუმენტთან დაკავშირებით განცალკევებულად იმსჯელებს.
13. პირველ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ დერივაციული სარჩელი აღძრულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წინაპირობების დარღვევით, რაც მას არასათანადო მოსარჩელედ აქცევს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამეწარმეო ურთიერთობიდან გამომდინარე, პარტნიორს, გარდა მისთვის მიყენებული ზიანის თაობაზე სარჩელისა, ასევე, შეუძლია აღძრას დერივაციული (ნაწარმოები/არაპირდაპირი) სარჩელი. ასეთ დროს კორპორაციის მოთხოვნას (პრეტენზიას) პარტნიორი სასამართლოში წარადგენს საკუთარი სახელით (derivative action), მაგრამ კორპორაციის ინტერესებში. ასეთი სარჩელი აღიძვრება მაშინ, როდესაც საჭიროა მოთხოვნის გამოყენება, რომელიც კორპორაციას აქვს და რომელიც არ ხორციელდება ან რომლის განხორციელებაც ყოვნდება. დერივაციულ სარჩელს განეკუთვნება ასევე პარტნიორის სარჩელი საწარმოს დირექტორის წინააღმდეგ საწარმოს მართვის დროს დაშვებული დარღვევებით კორპორაციისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ (derivative suit) (შდრ. იხ. საქმე №ას-766-766-2018 10 ივნისი, 2019 წელი). წინამდებარე საქმეში პარტნიორის სარჩელის საგანი სწორედ საწარმოს სასარგებლოდ დირექტორისათვის და სხვა პარტნიორებისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნაა, შესაბამისად სახეზეა დერივაციული სარჩელი, რომლის აღძვრის წინაპირობებსაც, სარჩელის წარდგენის დროს მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს. სახელდობრ, მოხმობილი კანონის 222-ე მუხლის შესაბამისად, 1. ერთ ან რამდენიმე აქციონერს უფლება აქვს, შეიტანოს სარჩელი საკუთარი სახელით და სააქციო საზოგადოების სასარგებლოდ სააქციო საზოგადოების კუთვნილი მოთხოვნის განსახორციელებლად, მათ შორის, სააქციო საზოგადოების თანამდებობის პირთა წინააღმდეგ, მათ მიერ საკუთარი მოვალეობების შეუსრულებლობით სააქციო საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ან მიყენებული ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ მიღებული სარგებლის სააქციო საზოგადოებისთვის გადაცემის ან ამგვარი სარგებლის მიღების უფლების დათმობის მოთხოვნით. 2. აქციონერი სათანადო მოსარჩელედ მიიჩნევა, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს: ა) მის მიერ სარჩელის აღძვრის მოთხოვნით სააქციო საზოგადოებისთვის წერილობით მიმართვიდან გასულია 90 დღე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სააქციო საზოგადოება ამ ვადის გასვლამდე უარს იტყვის სარჩელის აღძვრაზე ან აღნიშნული ვადის დაცვამ შეიძლება სააქციო საზოგადოებას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს; ბ) სასამართლო დაადგენს, რომ აქციონერის მოთხოვნის დაკმაყოფილება არ ეწინააღმდეგება სააქციო საზოგადოების უპირატეს ინტერესს. 3. სააქციო საზოგადოებას უფლება აქვს, სარჩელის შემტან აქციონერთან შეთანხმებით ნებისმიერ დროს ჩაენაცვლოს მას. 4. სასამართლოს მიერ აქციონერის სათანადო მოსარჩელედ მიჩნევის შემთხვევაში სააქციო საზოგადოება ვალდებულია მას გონივრულ ფარგლებში აუნაზღაუროს სარჩელთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები. სააქციო საზოგადოება თავისუფლდება ამ ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებისგან, თუ იგი დაამტკიცებს, რომ სარჩელის დაკმაყოფილება სააქციო საზოგადოებისთვის საზიანო აღმოჩნდა. თუ აქციონერი არასათანადო მოსარჩელედ იქნა მიჩნეული, მას ეკისრება სააქციო საზოგადოების მიერ გონივრულ ფარგლებში გაწეული იმ ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც აქციონერის მოთხოვნასთან დაკავშირებით წარმოიშვა.
14. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების სამართლებრივ შეფასებას მასზედ, რომ ჰ.ქ–ს არ აქვს დაცული სპეციალური კანონით განსაზღვრული წინაპირობები, ხოლო მის მიერ საკასაციო საჩივარში მოყვანილი არგუმენტები, არასაკმარისია იმ ფაქტის დასადგენად, რომ დერივაციული სარჩელის აღძვრამდე აზრი არ ჰქონდა სააქციო საზოგადოებისთვის მიმართვას. მართალია საკასაციო საჩივარში ვრცელი მსჯელობაა მიძღვნილი მოპასუხედ დასახელებული პირების არალეგიტიმური საქმიანობისა და მოდავე მხარეთა შორის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობის არსებობის შესახებ, თუმცა საკასაციო პალატა დასაბამშივე განმარტავს, რომ დერივაციული მოთხოვნის ინსტიტუტი, თავისთავად არსებობს სწორედ ამგვარი ურთიერთობების არსებობის შემთხვევაში, პარტნიორის მიერ საწარმოს ინტერესების დაცვის შესაძლებლობის მინიჭებისთვის, ამრიგად, კანონით დადგენილი 90 დღიანი მოცდის პერიოდის გამოუყენებლობა არ შეიძლება გამოირიცხოს მხოლოდ კასატორის მიერ მითითებული მოპასუხეთა ქმედებების თუ საწარმოს აქციონერთა/დირექტორთა შორის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობის არსებობის მოტივით. ამგვარი შესაძლებლობის მიცემა გამოიწვევს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 222-ე მუხლის დანაწესის გვერდის ავლით, დერივაციული სარჩელის აღძვრის შესაძლებლობას. საკასაციო პალატა აქვე მოიხმობს და იზიარებს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას მასზედ, რომ დერივაციული სარჩელით სასამართლოსადმი მიმართვამდე პარტნიორი ვალდებულია ოფიციალურად მიმართოს კომპანიას და დაელოდოს 90-დღიანი ვადის გასვლას. თუმცა პრაქტიკაში შესაძლოა წარმოიშვას ისეთი ვითარება, როცა აზრს მოკლებულია აღნიშნული ვადის დაცვა. ასეთი ვითარება იქმნება მაშინ, როდესაც აშკარაა, რომ საწარმოსათვის მისი დირექტორის მიმართ პასუხისმგებლობის დაყენების მოთხოვნას არავითარი შედეგი ექნება (იხ. სუსგ #ას-457-436-2015, 6 ივნისი, 2016 წელი; სუსგ #ას-687-658-2016, 6 ნოემბერი, 2018 წელი; სუსგ #ას-727-695-2016, 23 იანვარი, 2019 წელი; სუსგ #ას-370-344-2017, 18 აპრილი, 2019 წელი). სამეცნიერო დოქტრინაში ჩამოყალიბებულია მოსაზრება, რომ თუ აქციონერი საერთო კრებას მიმართავს და მიიღებს უარს სარჩელის წარდგენაზე, ეს აქციონერს სარჩელის წარდგენის უფლებას შეიძლება საერთოდ არევდეს. ამიტომაც, საერთო კრებისათვის მიმართვა არ უნდა წარმოადგენდეს სარჩელის დასაშვებობის წინაპირობას, თუ მისთვის წინასწარ სავარაუდო იყო, რომ მას შედეგი არ მოჰყვება. მით უმეტეს, პრაქტიკულ განხორციელებას იქნება მოკლებული საზოგადოების მინორიტარ პარტნიორთა (უმცირესობა) უფლება დაიცვან საზოგადოების ინტერესები სასამართლოსადმი დერივაციული სარჩელის აღძვრით (იხ. სუსგ #ას-687-658-2016, 6 ნოემბერი, 2018 წელი). თუმცა აქვე დასძენს, რომ თუ საქმის გარემოებებიდან ცალსახად არ იკვეთება საზოგადოებისადმი მიმართვის უპერსპექტივობა, მოსარჩელე ვალდებულია სარჩელში მიუთითოს და დაასაბუთოს, რომ საწარმოსათვის შესაბამისი მოთხოვნით მიმართვა და კანონით გათვალისწინებული ვადის დაცვა უშედეგო იქნებოდა, რაც განსახილველ შემთხვევაში არ მომხდარა.
15. გარდა ამისა, საკასაციო საჩივრის ავტორი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებით დადგენილი მტკიცების ტვირთის გადანაწილების ობიექტური სტანდარტიდან გამომდინარე, ვერ ასაბუთებს კანონით დადგენილი 90 დღიანი ვადის დაცვის შედეგად თუ რა გამოუსწორებელი ზიანი შეიძლებოდა მისდგომოდა საწარმოს, რაც ასევე წარმოადგენს სპეციალური კანონით დადგენილი დერივაციული აღძვრის წინაპირობის დარღვევას, რის გამოც იგი დერივაციული სარჩელის წარდგენის ნაწილში არასათანადო მოსარჩელედ მართებულად იქნა მიჩნეული. ასე, რომ არც იყოს, მართებულია მსჯელობა იმის შესახებაც, რომ სათანადო მოსარჩელეობის შემთხვევაშიც, მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა მოპასუხე დირექტორისა და აქციონერების მიერ სააქციო საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების ფაქტი. სარჩელის აღძვრის დროს მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლი განამტკიცებს საწარმოს მართვაზე პასუხისმგებელი პირის ზრუნვის მოვალეობას. საკასაციო სასამართლომ დირექტორის პასუხისმგებლობის შესახებ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში განმარტა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, „კომპანიის დირექტორს აკისრია განსაკუთრებული მოვალეობები კომპანიის წინაშე, რომლებსაც ეწოდება ფიდუციური მოვალეობები, და რომლებიც, სხვასთან ერთად, მოიცავს დირექტორის მოვალეობას საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის („ზრუნვის მოვალეობა“)…“ (იხ. სუსგ #ას-1307-1245-2014, 6 მაისი, 2015 წელი; სუსგ #ას-1158-1104-2014, 6 მაისი, 2015 წელი). მიუხედავად იმისა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ კანონი შესაბამის გამიჯვნას არ აკეთებს, „ზრუნვის მოვალეობასთან“ ერთად (რომელსაც სხვაგვარად ასევე „გულისხმიერების მოვალეობას“ ან „გულმოდგინების მოვალეობასაც“ უწოდებენ) თავის თავში მოიცავს დირექტორის ფიდუციური მოვალეობების კიდევ ერთ სახეს - „ერთგულების მოვალეობას“. ერთ-ერთ საქმეში საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „საწარმოს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის (დირექტორის) მოვალეობები სამ ნაწილად შეიძლება დაიყოს: ა) გულმოდგინება, ბ) ერთგულება და გ) კეთილსინდისიერება. გულმოდგინების მოვალეობა გულისხმობს დირექტორის მიერ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებსაც მიიღებდა ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი. ერთგულების მოვალეობა მოიცავს კორპორაციის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღებას. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას …“ (იხ. სუსგ #ას-687-658-2016, 6 ნოემბერი, 2018 წელი; დამატებით იხ. ლ. ჭანტურია, კორპორაციული მართვა და ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობა საკორპორაციო სამართალში, თბ., 2006, გვ. 202-203, 256, 302, 384-386, 405-407; დ. მაისურაძე, სამეწარმეო განსჯის წესი საკორპორაციო სამართალში, საკორპორაციო სამართლის კრებული I, რედ. ი.ბურდული, თბ., 2011, გვ. 113-117. ი. ბურდული, ნ. ზუბიაშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხლი 37, ველი 5-6, თბ., 2017). ერთგულების მოვალეობა დირექტორს ავალდებულებს კორპორაციის ინტერესები უპირატესად დაცვას ნებისმიერ პირად ინტერესთან შედარებით, რაც სხვასთან ერთად გულისხმობს პირადი გამორჩენის მიზნით თანამდებობის გამოყენების დაუშვებლობას და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დირექტორი რაიმე მიზეზით პირადად დაინტერესებულია კომპანიის მიერ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებით ან გარიგების დადებით. 36. ერთგულების მოვალეობა გამომდინარეობს დავალების ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებიდან და წარმომადგენლობის არსიდან, რომელიც წარმომადგენელს ავალდებულებს წარმოდგენილი პირის ინტერესებით და არა პირადი ინტერესებით იხელმძღვანელოს. აქედან მომდინარეობს პრობლემაც, რომელსაც „წარმომადგენლობის პრობლემა“ ეწოდება და „ყველაზე ფართო გაგებით, წარმოიშობა, როდესაც ერთი მხარე ანუ „წარმოდგენილი“ დამოკიდებულია მეორე მხარის ანუ „წარმომადგენლის“ ქმედებებზე და ეს ქმედებები აისახება წარმოდგენილის კეთილდღეობაზე. პრობლემაა წარმომადგენლის მოტივაცია, საკუთარი ინტერესების ნაცვლად წარმოდგენილის ინტერესებში იმოქმედოს“ (იხ. რაინერ კრააკმანი, ჯონ არმური და სხვა ავტორები, საკორპორაციო სამართლის ანატომია, შედარებითი და ფუნქციური მიდგომა, მესამე გამოცემა, გერმანიის საერთაშორისო საზოგადოება (GIZ), 2019, გვ. 44). მიუხედავად იმისა, რომ ზრუნვისა და ერთგულების მოვალეობა ერთი და იმავე საფუძვლიდან მომდინარეობს, მათი ერთმანეთისაგან გამიჯვნა მნიშვნელოვანია კომპანიის ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ დავებში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილების თვალსაზრისით, რადგან ზრუნვის (გულისხმიერების/გულმოდგინების) მოვალეობის დარღვევასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვისას მოქმედებს ე.წ. „სამეწარმეო გადაწყვეტილების თავისუფლების წესი“, სხვაგვარად „ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის პრეზუმფცია“, ხოლო ერთგულების მოვალეობის დარღვევასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვისას ასეთი პრეზუმფცია არ მოქმედებს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზრუნვის მოვალეობის დარღვევის შესახებ სარჩელის განხილვისას დირექტორს საწარმოსათვის ზიანის მომტანი გადაწყვეტილების გამო პასუხისმგებლობისაგან იცავს ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის პრეზუმფცია. იგი წარმოადგენს დაშვებას, რომ გადაწყვეტილების მიღებისას კომპანიის დირექტორი იყო სათანადოდ ინფორმირებული და მოქმედებდა კეთილსინდისიერად, იმ რწმენით, რომ განხორციელებული მოქმედება კომპანიის საუკეთესო ინტერესებში იყო. ასეთ საქმეებში მოსარჩელეს ეკისრება ზემოაღნიშნული დაშვების გაბათილების ტვირთი, რადგან სასამართლოს არ შეუძლია ეჭვი შეიტანოს დირექტორის გადაწყვეტილების სისწორეში, თუ ის რაციონალური პროცესის შედეგად იქნა მიღებული და დირექტორი ყველა მნიშვნელოვან და გონივრულად ხელმისაწვდომ ინფორმაციას ფლობდა. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ „ზრუნვის მოვალეობა მოითხოვს დირექტორისაგან მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც გამოიწვევს კომპანიის მოგების გაზრდას. აღნიშნული გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს მაღალი რისკის მატარებელიც და მცდარიც, თუმცა „ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის“ პრეზუმფციიდან გამომდინარე, თუ ხელმძღვანელი კეთილგონიერების ფარგლებში მოქმედებს იმ რწმენით, რომ მისი გადაწყვეტილება მიღებულია საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით და ამ გადაწყვეტილების მიღებისას იგი ინფორმირებული იყო იმ ზომით, რაც მას, მოცემულ ვითარებაში საკმარისად მიაჩნდა, ამ გადაწყვეტილების შედეგისათვის კომპანიის დირექტორი დაცულია პირადი პასუხისმგებლობისაგან“ (იხ. სუსგ #ას-1307-1245-2014, 6 მაისი, 2015 წელი; სუსგ #ას-1158-1104-2014, 6 მაისი, 2015 წელი).
16. მოპასუხედ დასახელებული პირების ფიდუციური ვალდებულების დარღვევის შესახებ მოსარჩელეს არ განუხორციელებია იმგვარი დასაბუთებული შედავება, რაც საჭიროა კანონისმიერი პრეზუმფციის გასაქარწყლებლად. სახელდობრ, იგი მიუთითებდა არცერთ დარღვევაზე, თუმცა ზეპირსიტყვიერი განმარტების გარდა მას არ წარუდგენია არცერთი ხელშესახები მტკიცებულება. კერძოდ, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სს „თ–ის“ წესდების მიხედვით, საწარმო ახორციელებს საქმიანობას შემდეგი მიმართულებით: ა) ლითონის დამუშავება და ა.შ.., ბ) ფართო მოხმარების საგნების წარმოება და ა.აშ.. სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოპასუხე საზოგადოება იჯარით გასცემს ფართებს, მათ შორის საპარკინგე ადგილებს. კასატორის მთავარ არგუმენტს მოპასუხეთა მიმართ წარმოადგენდა ის, რომ საზოგადოების დირექტორი და აქციონერები ერთობლივი მოქმედებით არ ახდენდნენ რეალური მოგების ასახვას, მათ შორის, არ აფორმებდნენ იჯარის ხელშეკრულებებს და არ აფიქსირებდნენ პარკინგის გაქირავებით მიღებულ შემოსავლებს. სარჩელში მითითებული გარემოებების სამტკიცებლად მოსარჩელემ იშუამდგომლა მოწმეთა გამოკითხვის შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმეზე მოწმის სახით დაიკითხნენ პირები, რომლებიც სს „თ–ის“ ტერიტორიაზე აწარმოებდნენ სამეწარმეო საქმიანობას. კერძოდ, ე.ს–მა განმარტა, რომ 2020 წელს მოპასუხე კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე, ე.წ. „სამგორის ბაზრობაზე“, მუშაობდა დაახლოებით ორი თვე. ტერიტორიაზე შესვლის საფასური შეადგენდა ორ ლარს, ხოლო, ყოველ დღიურად სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებით დგომის საფასური - 30 ლარს. მისი ჩვენებით, მსუბუქი მანქანით დგომის გადასახადი იყო 15 ლარი, ხოლო, სატვირთო მანქანაზე - დაახლოებით 100 ლარი. მოწმემ აღნიშნა, რომ ყოველ დილით 8:00-დან 9:00 საათამდე მოპასუხე კომპანიის რამდენიმე პირი ნაღდი ანგარიშსწორებით იღებდა შესაბამის საფასურს, ხოლო რაიმე სახის ქვითარს არ გასცემდნენ. მოწმის სახით გამოკითხულმა ი.ი–ძემ განმარტა, რომ რვა წელია, რაც სამგორის ტერიტორიაზე ვაჭრობს ხილით. ბოლო ერთი წელია, რაც ჯიხურში ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, მანამდე კი ვაჭრობდა სამარშრუტო ავტომობილი „sprinter“-ით. მისი განმარტებით, სადგომზე დგომის ყოველდღიური გადასახადია 10 ლარი, ხოლო, ტერიტორიაზე შესვლის სანაცვლოდ არაფერს იხდის. მოწმემ აღნიშნა, რომ დილის საათებში ფულის ასაღებად დადის მოპასუხე კომპანიის წარმომადგენელი გ., რომელიც გადახდის ქვითარს იძლევა. გარდა ამისა, სხდომაზე გამოიკითხა ი.ე–იც, რომელიც 2011 წლიდან ვაჭრობდა სს „თ–ის“ ტერიტორიაზე სამარშრუტო ავტომობილი „sprinter“-ით. მისი ახსნა-განმარტებით დადგინდა, რომ ტერიტორიაზე დგომის ყოველ დღიური გადასახადი იყო 10 ლარი. მისი განმარტებით, ყოველ დილით კონტროლიორი მოვაჭრეებისგან იღებდა თანხას, რომელსაც ჰქონდა შესაბამისი სალარო აპარატი და იძლეოდა გადახდის ქვითარს. ასევე, მოწმის სახით გამოკითხულმა ა.ო–მა აღნიშნა, რომ მოპასუხე კომპანიის ტერიტორიაზე ვაჭრობს. დიდი მანქანით დგომის საფასური არის 100 ლარი, ხოლო, მსუბუქით - 30 ლარი. ყოველი დღის დილის საათებში, 8:00 საათიდან სს „თ–ის“ წარმომადგენელი იღებდა დგომის საფასურს. ხელშეკრულება წერილობით ფორმით არ იყო დადებული. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს იმ დასკვნას, რომ მოხმობილი მოწმეთა ჩვენებები და სარჩელში მითითებული გარემოებები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან, ასევე საკასაციო პალატა კასატორს ხაზგასმით განუმარტავს, რომ იგი არ წარმოადგენს საგადასახადო ორგანოს და მის კომპეტენციას არ განეკუთვნება სალარო აპარატის მუშაობის წესების დაცვით ვაჭრობის კონტროლი, მით უფრო კი იმ პირობებში, როდესაც განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს დირექტორისა და პარტნიორების მიერ ზრუნვის მოვალეობის დარღვევა და მისგან გამოწვეული სოლიდური ზიანის საწარმოს სასარგებლოდ დაკისრება, რომლის დასადასტურებლადაც ურთიერთსაწინააღმდეგო მოწმეთა ჩვენებები არარელევანტურია.
17. გარდა ამისა, საკასაციო პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს ყურადღება მიაპყროს იმ გარემოებასაც, რომ კასატორის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებებიდან უმეტესობა არაზუსტი აღმოჩნდა, მაგალითად სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 13/02/2024 წელს გაცემული ინფორმაციის მიხედვით დადგინდა, რომ 2010 წლიდან ინფორმაციის გაცემის თარიღამდე სს „თ–ის“ მიმართ შედგენილი საგადასახადო შემოწმების აქტი საარქივო სამმართველოში არ ინახებოდა (ტ. V, ს.ფ. 17- 18). მართალია კასატორი აცხადებს, რომ ცნობაში აღნიშნული ინფორმაცია არ გამორიცხავს საწარმოში სამართალდარღვევების ფაქტის არსებობას, თუმცა საკასაციო პალატა ამ მოსაზრებას არ იზიარებს და კვლავაც მიუთითებს, რომ მოსარჩელეს ევალებოდა დაემტკიცებინა მის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებები, წარმოდგენილი ცნობა კი, სულ მცირე, ქმნის მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების სიმცდარის პრეზუმფციას, ამასთან მას შეეძლო შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სამსახურისთვის მიემართა საწარმოში არსებული ფინანსური დარღვევების შესახებ, რაც მას არ განუხორციელებია. ასევე, სარჩელში მითითებული გარემოების საწინააღმდეგოდ ( საერთო კრებებში მონაწილეობის მიღების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით), მოპასუხემ წარადგინა მტკიცებულებები, მასზედ, რომ საერთო კრებების მოწვევისა და მონაწილეობის მიღების მიზნით, ჰ.ქ–ს ეგზავნებოდა შეტყობინებები (იხ. ტ. II, ს.ფ. 55-99), რაც ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას აქციონერთა კრებებზე მოწვევის თაობაზე, რასაც აბსოლუტურად საწინააღმდეგოდ წარმოაჩენდა მოსარჩელე. საგულისხმოა, რომ მოსარჩელე ასევე უთითებდა მოპასუხე დირექტორის კრიმინალური წარსულის შესახებ, თუმცა ამ მიმართებითაც საქმის მასალებით არ დადასტურდა ს.ა–ის სისხლის სამართლის საქმეზე პასუხისგებაში მიცემის ფაქტი, რაც სასამართლოსთვის ქმნის ლეგიტიმურ წარმოდგენას მასზედ, რომ მოსარჩელე ულტრირებს და არსებულ რეალობას ფაქტობრივად არ ასახავს. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დერივაციული სარჩელის აღძვრით მოსარჩელე იმ პირობებშიც ვერ მიაღწევდა სასურველ შედეგს თუ იგი მიჩნეულ იქნებოდა სათანადო მოსარჩელედ, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში სრულიად დაუსაბუთებელია.
18. კასატორის მეორე ძირითადი პრეტენზია მიემართება მისთვის დივიდენდის მიღების უფლების უკანონოდ ჩამორთმევასა და მისი მიუღებლობის გამო გამოწვეული ზიანის (მიუღებელი შემოსავლის) დაკისრებაზე უარის თქმის მართლზომიერებას. უპირველესად საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას 2011 წლიდან 2017 წლის ჩათვლით ჰ.ქ–ის დივიდენდის მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის შესახებ, რაც ეფუძნება ამავე პერიოდში მოქმედ „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-15 მუხლს და რომლის წინააღმდეგაც კასატორს არათუ დასაბუთებული, არამედ საერთოდ შედავება არ აქვს წარდგენილი. რაც შეეხება 2018 წლიდან სარჩელის აღძვრამდე დივიდენდის მოთხოვნის უფლებას, პალატის განსჯით, ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს დღეს მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 31-ე (ამ კანონით დადგენილი წესების გათვალისწინებით, სამეწარმეო საზოგადოების მოგების/ქონების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე პარტნიორს უფლება აქვს, მიიღოს წლიური ან შუალედური დივიდენდი), და ამავე კანონის 171-ე მუხლი (სააქციო საზოგადოება უფლებამოსილია შუალედური ან წლიური ფინანსური შედეგების მიხედვით, კანონით დადგენილი წესით მიიღოს განთავსებულ აქციებზე დივიდენდის სახით მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც: ა) დივიდენდის განაწილებამდე ან დივიდენდის განაწილების შედეგად სააქციო საზოგადოების ბოლო ფინანსურ ანგარიშგებაში აღნიშნული წმინდა აქტივის ოდენობა იქნება უფრო ნაკლები, ვიდრე განთავსებული კაპიტალის ოდენობა და კანონით ან წესდებით გათვალისწინებული იმ რეზერვების ოდენობა, რომელთა აქციონერებზე განაწილება დაუშვებელია; ბ) გასანაწილებელი დივიდენდის ოდენობა აღემატება ბოლო ფინანსურ ანგარიშგებაში აღნიშნულ, ხოლო შუალედური დივიდენდის შემთხვევაში − ბოლო ფინანსური ანგარიშგების შედგენის შემდეგ მიღებულ, სააქციო საზოგადოების წმინდა მოგებისთვის წინა წლების გაუნაწილებელი მოგებისა და თავისუფალი რეზერვებიდან გამოთავისუფლებული სახსრების დამატებით და წინა წლების დაუფარავი ზარალისა და კანონით ან წესდებით დადგენილ რეზერვებში გადასარიცხი თანხების გამოკლებით მიღებულ ოდენობაზე; გ) დივიდენდის გადახდის დღისთვის ან დივიდენდის გადახდის შედეგად სააქციო საზოგადოება გადახდისუუნარო გახდება ან გადახდისუუნარობის საშიშროების წინაშე დადგება). ასევე 2021 წლის 2 აგვისტომდე მოქმედი მეწარმეთა შესახებ კანონის მე-8 მუხლი (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში შესაბამისად პარტნიორთა საერთო კრების ან აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს წლიური მოგებისა და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება), რომელთა დანაწესი დივიდენდის განაწილების უფლებამოსილებას ექსკლუზიურად ანიჭებს პარტნიორთა/აქციონერთა საერთო კრებას. ასევე, საქმეში წარმოდგენილი სს „თ–ის“ წესდების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, აქციონერს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს (წარმომადგენლებს) უფლება აქვს მიიღოს მონაწილეობა საწარმოს წმინდა მოგების ან სხვა საკუთრების განაწილებაში, მის საკუთრებაში (მფლობელობაში) მყოფი აქციების რაოდენობის შესაბამისად. წესდების მე-11 მუხლის მიხედვით, 1. წლიური შედეგები აისახება საწარმოს ბალანსში და საბუღალტრო ანგარიშებში, რომელსაც დირექტორი უდგენს სამეთვალყურეო საბჭოს, რომელიც თავის მხრივ წარუდგენს აქციონერთა საერთო კრებას საფინანსო წლის შედეგის მიხედვით. 2. დირექტორი ადგენს წლიურ და სამეურნეო მდგომარეობის შესახებ ანგარიშს, ასევე წმინდა მოგების განაწილების წინადადებას სამეთვალყურეო საბჭოს განსახილველად. წმინდა მოგების განაწილების მოწონებულ წინადადებას სამეთვალყურეო საბჭო დასამტკიცებლად წარუდგენს აქციონერთა საერთო კრებას. თუ დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭო ვერ შეთანხმდნენ წმინდა მოგების განაწილების წინადადებაზე, მაშინ წმინდა მოგების ორივე წინადადება უნდა აცნობონ აქციონერთა საერთო კრებას.
19. ამასთან, დივიდენდის მიღების უფლებასთან დაკავშირებით, როგორც ეს სააპელაციო პალატამ სავსებით მართებულად მიუთითა, არსებობს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი მყარი პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც დივიდენდი ეს არის მოგების ნაწილი, რომელსაც კომერციული იურიდიული პირი სამეურნეო წლის შედეგების მიხედვით ანაწილებს პარტნიორთა შორის... სპეციალური კანონის ნორმატიული მოწესრიგების პირობებში, მიუხედავად იმისა, რომ ყველა პარტნიორს გააჩნია დივიდენდის მიღების უფლება, მხოლოდ იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ისინი წარმოადგენენ საწარმოს პარტნიორებს, მათ მხოლოდ მაშინ გააჩნიათ დივიდენდის მოთხოვნის უფლება კონკრეტული სამეურნეო წლის მოგებიდან, თუ პარტნიორთა კრება მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას მოგების განაწილების შესახებ. დივიდენდის განაწილების მიზნებისათვის, პირველ რიგში, უნდა არსებობდეს პარტნიორთა ნება მოგების პარტნიორებს შორის გაყოფის თაობაზე, საზოგადოების მოგების დივიდენდად განაწილება რჩება საზოგადოების პარტნიორთა კრების დისკრეციულ უფლებამოსილებად (შდრ: სუსგ-ები №ას-771-732-2013, 31 იანვარი, 2014 წელი; №ას-378-359-2015, 21 დეკემბერი, 2015წელი; №ას-822-780-2013, 3 თებერვალი, 2014 წელი; Nას-863-813-2015, 17 დეკემბერი, 2015 წელი). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დივიდენდის გაცემა საწარმოს საქმიანობის ჩვეულებრივი პროცესი კი არ არის, არამედ განსაკუთრებული შემთხვევაა, რომელიც შესაბამისი პროცედურის დაცვით ხორციელდება. დივიდენდის გაცემის საფუძველი შეიძლება იყოს საწარმოში მოგების არსებობა და საზოგადოების პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება პარტნიორებზე დივიდენდის გაცემის შესახებ. თავად დივიდენდის მოთხოვნის უფლება, როგორც ითქვა, პარტნიორს წარმოეშობა იმ მომენტიდან, როცა პარტნიორთა კრება მიიღებს გადაწყვეტილებას საზოგადოების მოგების განაწილების შესახებ (იხ. სუსგ №ას-1328-1170-2010, 6 ივნისი, 2011 წელი). მოხმობილი ნორმატიული ბაზისა და დადგენილი სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, ვინაიდან დადგენილია, რომ სადავო პერიოდში მოპასუხედ დასახელებულ საწარმოში არ მომხდარა დივიდენდის განაწილება არც მოსარჩელეზე და არც სხვა პარტნიორებზე, საკასაციო პალატის განსჯით, ამ ნაწილში საკასაციო საჩივარი წარუმატებელია.
20. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს განმარტოს, რომ საწარმოში წლიური მოგების არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული მოგების დივიდენდების სახით განაწილება წარმოადგენს პარტნიორთა კრების უფლებამოსილებას და არა - ვალდებულებას, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მეწარმე სუბიექტის საქმიანობის მიზანს სწორედ მოგების მიღება წარმოადგენს და პარტნიორებს გააჩნიათ ლეგიტიმური მოლოდინი იმისა, რომ მოგების არსებობის შემთხვევაში მიიღებენ დივიდენდებს, პარტნიორთა კრების მიერ მოგების განაწილების თაობაზე გადაწყვეტილების არმიღებას უნდა ჰქონდეს ასევე ლეგიტიმური სამეწარმეო მიზანი და სწორედ აღნიშნული მიზანი უნდა ამართლებდეს პარტნიორის ყველაზე მნიშვნელოვანი უფლების - მოგების მიღების უფლების შეზღუდვას (იხ. სუსგ #ას-552-527-2016, 06.04.17 წ.). კასატორი სხვა მრავალ საფუძველთან ერთად, სწორედ იმის თაობაზე აპელირებდა, რომ მოპასუხედ დასახელებული პირები, განზრახ და ბოროტად იყენებდნენ მათ დომინანტურ მდგომარეობას, რათა არ გაენაწილებინათ დივიდენდი. აღნიშნულის მაგალითად კასატორი უთითებდა უმიზნოდ აღებულ სასესხო ვალდებულებებსა და გადაჭარბებულ სახელფასო გასაცემლების შესახებ. მოსარჩელემ ამ არგუმენტების სამტკიცებლად წარმოადგინა სხვადასხვა მტკიცებულებები. სახელდობრ: შპს „ბ.ს.ქ.გ–ის“ მიერ მომზადებული 09.01.2024წ. და 19.04.2024წ, აუდიტორული დასკვნები, თუმცა გასაზიარებელია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ აღნიშნული დოკუმენტები არ შეიცავს ცალსახა და ამომწურავ პასუხს სს „თ–ში“ არსებული დარღვევებისა და მიღებული შემოსავლების გახარჯვის თაობაზე. კერძოდ, 2024 წლის 9 იანვარს შპს „ბ.ს.ქ.გ–ის“ მიერ მომზადდა აუდიტორული დასკვნა, რომლის მიზანი იყო წარმოდგენილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის საფუძველზე 2018-2022წწ. ფინანსური ანგარიშგებების საფუძველზე ჰ.ქ–ის მიერ სს „თ–ში“ მისაღები დივიდენდის ოდენობის დადგენა. აუდიტორული დასკვნის თანახმად, 2018-2022წწ. პერიოდში სს „თ–ს“ უფიქსირდება მოგება 1 614 842 ლარის ოდენობით. 2018-2022წწ. საზოგადოების ქონების გადაფასების შედეგად მიღებული სხვაობების მოგება-ზარალის ანგარიშგებაში ასახვით, მიღებულმა მოგებამ შეადგინა 10 038 597 ლარი. 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საზოგადოების ქონების ღირებულება დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასებით შეადგენდა: საინვესტიციო ქონება - 13 056 066 ლარს; ძირითადი საშუალებები - 776 159 ლარს; სულ ქონების ღირებულება შეადგენდა 13 832 225 ლარს. სააქციო საზოგადოების მიერ მენეჯმენტზე და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებზე გაცემული ხელფასები საანგარიშო 2018-2022 წლების მიხედვით იყო 2 937 167 ლარი, მათ შორის მენეჯმენტზე გაცემული ხელფასის ოდენობა იყო 1 716 722 ლარი, რაც, თავის მხრივ, შეადგენდა ამ წლების განმავლობაში გაცემული ხელფასების 58.44% და რაც გაცემული იყო რამდენიმე ადამიანზე, 2022 წლისთვის გაცემული ხელფასი შეადგენს 1 182 017 ლარს, ხოლო მენეჯმენტზე გაცემული ხელფასი შეადგენს 918 748 ლარს, ინფორმაცია პირთა ოდენობის შესახებ არ ფიქსირდებოდა. აუდიტორის მოსაზრებით, ამ ხელფასების ნომინალიზაციის პირობებში შესაძლებელი იქნებოდა საწარმოს მიერ სესხის დაფარვა და შემდგომ დივიდენდების განაწილება, რაც არ მომხდარა. აუდიტორულ დასკვნაში განმარტებულია: სააქციო საზოგადოებას საანგარიშო 2018-2022 წლების განმავლობაში ძირითადი ხარჯი უფიქსირდება ხელფასის სახით გაცემულად, როგორც ანგარიშგებაში მითითებულია სახელფასო ხარჯის ძირითადი ნაწილი გაცემულია მენეჯმენტზე და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებზე. გაურკვეველია ამ ხელფასების დანიშვნის მექანიზმი და სახელფასო ხარჯის გაწევის აუცილებლობა, გაურკვეველია, რას უკავშირდება დიდი ოდენობით ხელფასების გაცემა ზემოთ აღნიშნულ პირებზე მაშინ, როდესაც სააქციო საზოგადოებას არ ჰქონდა გაცემული დივიდენდის სახით არცერთი ლარი. ასევე გაურკვეველია სასესხო ვალდებულებების მიზნობრიობა, როგორც კომპანიასთან დაკავშირებული პირებისგან, ისე გრძელვადიანი სესხები სხვა საფინანსო დაწესებულებისგან, ვინაიდან სესხის არსებობის შემთხვევაში კომპანიას ეზღუდება დივიდენდის გაცემა. ჩნდება საფუძვლიანი კითხვა, ხომ არ არის ხელოვნურად გაზრდილი, როგორც ხელფასების ხარჯი ასევე, არამიზნობრივად მიღებული სესხების ოდენობა, რაც დამატებით შესწავლის საგანს წარმოადგენს და საჭიროებს შესაბამის დოკუმენტაციას. გაურკვეველია მიღებული შემოსავლების წარმომავლობა და მათი შესაბამისობა საბაზრო ღირებულებასთან, ასევე გასაქირავებელი ტერიტორიის დატვირთვასთან, რაც დამატებით მოითხოვს შესწავლას და საჭიროებს შესაბამის დოკუმენტაციას. საანგარიშო წლებში სააქციო საზოგადოებას უფიქსირდებოდა საოპერაციო მოგება 1 614 842 (ერთი მილიონ ექვსას თოთხმეტი ათას რვაას ორმოცდაორი) ლარის ღირებულებით, ვინაიდან გაცემული დიდი ოდენობის ხელფასების ხარჯზე შემცირებული იყო საოპერაციო მოგება და შესაბამისად შემცირდა გასანაწილებელი დივიდენდებიც, საკითხი საჭიროებდა დამატებით შესწავლას და ანალიზს შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე. ასევე, ამავე დასკვნაში აღნიშნულია, რომ საზოგადოებას მიღებული ჰქონდა მოგება ქონების გადაფასებებიდან მიღებული სხვაობის ჩათვლით 10 038 597 ლარის ოდენობით, რომელიც საბოლოო ჯამში საზოგადოებას ასახული ჰქონდა გაუნაწილებელი მოგების ანგარიშზე, შესაბამისად საზოგადოებას ჰქონდა შესაძლებლობა გაეცა დივიდენდი პარტნიორებზე, რაც არ მომხდარა. ამასთან, აუდიტი იძლეოდა შემდეგი სახის რეკომენდაციას: ვინაიდან აღნიშნული ანგარიშგებები შეიცავს ხარვეზს, გაურკვეველია ხელფასების გაცემის მიზნობრიობა, სესხის აღების მიზნობრიობა, მიღებული შემოსავლების სიდიდის შედარება საბაზრო ფასთან ასევე გაურკვეველია გასაჯაროებული მოგება-ზარალების მუხლებში შესული თანხების ნამდვილობა, საჭირო იყო სრული და ზუსტი ფინანსური ანგარიშგების შესადგენად შესაბამისი დოკუმენტაციის მოპოვება.
21. ამასთან, 2024 წლის 19 აპრილს შპს „ბ.ს.ქ.გ–ის“ მიერ მომზადდა აუდიტორული დასკვნა, რომლის მიზანი იყო წარმოდგენილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის საფუძველზე 2006-2022წწ. რა რაოდენობის დივიდენდი შეეძლო მიეღო ჰ.ქ–ს, როგორც სს „თ–ის“ აქციონერს 9.77350%-ის შესაბამისად. ამასთან, აუდიტორს უნდა გამოევლინა სავარაუდო დარღვევები. აუდიტის დასკვნის თანახმად, საანგარიშო წლებში სააქციო საზოგადოებას უფიქსირდებოდა მოგება 1 823 623.60 ლარის ოდენობით. 2018-2022 წწ. საზოგადოების ქონების გადაფასების შედეგად მიღებული სხვაობების მოგება-ზარალის ანგარიშგებაში ასახვით, მიღებულმა მოგებამ შეადგინა 10 038 597 ლარი. ვინაიდან საწარმოს მიერ შემოსავლების სამსახურის სისტემაში წარდგენილი წლიური ქონების დეკლარაციები არ იძლეოდა საკმარის ინფორმაციას ამ ნაწილში ცვლილების შეტანის შესაბამისად ეს ნაწილი დარჩა უცვლელად. 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საზოგადოების ქონების ღირებულება დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასებით შეადგენდა : საინვესტიციო ქონება - 13 056 066 ლარი; ძირითადი საშუალებები - 776 159 ლარი; სულ ქონების ღირებულება შეადგენს -13 832 225 ლარს. 2006-2016 წწ. საზოგადოების მიერ დარიცხულმა ხელფასმა შეადგინა 2 903 358.26 ლარი, საწარმოს მიერ წარდგენილი წლიური მოგების დეკლარაციების საფუძველზე შეუძლებელია იმ პირთა და გაცემული ხელფასის სიდიდის ოდენობის დადგენა ვისზეც დარიცხულია ზემოთ აღნიშნული ხელფასები. 2018-2022 წლებში გაცემული ხელფასი - 2 937 167 ლარი, მათ შორის მენეჯმენტზე გაცემული ხელფასის ოდენობა - 1 716 722 ლარი, რაც, თავის მხრივ, შეადგენს ამ წლების განმავლობაში გაცემული ხელფასების 58,44 პროცენტს, რაც ცხრილის მიხედვით გაცემულია ცხრილში მოცემული პიროვნებების ოდენობაზე წლების მიხედვით, 2022 წლისთვის გაცემული ხელფასი შეადგენს 1 182 017 ლარს, ხოლო მენეჯმენტზე გაცემული ხელფასი შეადგენს 918 748 ლარს, ინფორმაცია თუ რამდენ პიროვნებაზეა 2022 წელს გაცემული ეს ხელფასი არ ფიქსირდება, ამ ხელფასების ნორმალიზაციის პირობებში შესაძლებელი იქნებოდა საწარმოს მიერ სესხის დაფარვა და შემდგომ დივიდენდების განაწილება, რაც არ მომხდარა. 2006-2022 წლებისთვის საზოგადოების მიერ დარიცხული ხელფასების ოდენობა შეადგენს - 5 841 525.26 ლარს. აუდიტორული დასკვნაში განმარტებულია: სააქციო საზოგადოებას საანგარიშო 2006-2022 წლების განმავლობაში ძირითადი ხარჯი უფიქსირდება ხელფასის სახით გაცემულად, როგორც 2018-2022წწ. ანგარიშგებაში მითითებულია სახელფასო ხარჯის ძირითადი ნაწილი გაცემულია მენეჯმენტზე და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებზე, გაურკვეველია ამ ხელფასების დანიშვნის მექანიზმი და სახელფასო ხარჯის გაწევის აუცილებლობა, გაურკვეველია რას უკავშირდება დიდი ოდენობით ხელფასების გაცემა ზემოთ აღნიშნულ პირებზე მაშინ როდესაც სააქციო საზოგადოებას არ აქვს გაცემული დივიდენდის სახით არცერთი ლარი. ასევე გაურკვეველია სასესხო ვალდებულებების მიზნობრიობა როგორც კომპანიასთან დაკავშირებული პირებისგან, ისე გრძელვადიანი სესხები სხვა საფინანსო დაწესებულებისგან, ვინაიდან სესხის არსებობის შემთხვევაში კომპანიას ეზღუდება დივიდენდის გაცემა. ჩნდება საფუძვლიანი კითხვა ხომ არ არის ხელოვნურად გაზრდილი როგორც ხელფასების ხარჯი ასევე არამიზნობრივად მიღებული სესხების ოდენობა, რაც დამატებით შესწავლის საგანს წარმოადგენს და საჭიროებს შესაბამის დოკუმენტაციას. გაურკვეველია მიღებული შემოსავლების წარმომავლობა და მათი შესაბამისობა საბაზრო ღირებულებასთან, ასევე გასაქირავებელი ტერიტორიის დატვირთვასთან, რაც დამატებით მოითხოვს შესწავლას და საჭიროებს შესაბამის დოკუმენტაციას. საანგარიშო წლებში სააქციო საზოგადოებას უფიქსირდება საოპერაციო მოგება 1 823 621.60 ლარის ღირებულებით, ვინაიდან გაცემული დიდი ოდენობის ხელფასების ხარჯზე შემცირებულია საოპერაციო მოგება და შესაბამისად შემცირებულია გასანაწილებელი დივიდენდებიც, საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას და ანალიზს შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე. ასევე საზოგადოებას მიღებული აქვს მოგება ქონების გადაფასებებიდან მიღებული სხვაობის ჩათვლით 10 038 597 ლარის ოდენობით, რომელიც საბოლოო ჯამში საზოგადოებას ასახული აქვს გაუნაწილებელი მოგების ანგარიშზე, შესაბამისად საზოგადოებას ჰქონდა შესაძლებლობა გაეცა დივიდენდი პარტნიორებზე, რაც არ მომხდარა. საწარმოს ასევე უფიქსირდება ელექტროენერგიის ხარჯი, ხარჯის ოდენობა 2006- 2016 წლებისთვის შეადგენს 497 127.13 ლარს. ამ ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები ვერ იქნა მოპოვებული, ხარჯების იდენტიფიცირება განხორციელდა მხოლოდ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი წლიური მოგების დეკლარაციების საფუძველზე. ამასთან, აუდიტი იძლევა შემდეგი სახის რეკომენდაციას: 2006-2026 წწ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი წლიური მოგების დეკლარაციებისა საფუძველზე წარდგენილი შემოსავლების და ხარჯების იდენტიფიცირება ვერ განხორციელდა, ასევე ვინაიდან 2018-2022 წწ ფინანსური ანგარიშგებები შეიცავდა ხარვეზს, გაურკვეველია ხელფასების გაცემის მიზნობრიობა, სესხის აღების მიზნობრიობა, მიღებული შემოსავლების სიდიდის შედარება საბაზრო ფასთან ასევე გაურკვეველია გასაჯაროებული მოგება-ზარალების მუხლებში შესული თანხების ნამდვილობა, საჭიროა სრული და ზუსტი ფინანსური ანგარიშგების შესადგენად შესაბამისი დოკუმენტაციის მოპოვება.
22. მოხმობილ მტკიცებულებათა შეჯერებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველ რიგში ისინი ვერ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილ მტკიცებით სტანდარტს, ვინაიდან არცერთი მათგანი არ არის იმპერატიული დაფუძნებულია ვარაუდებზე და არა უტყუარ ფაქტებზე და თავად აუდიტორულ დასკვნებშია მითითებული, რომ საბოლოო დასკვნის გასაკეთებლად საჭირო იყო დამატებითი დოკუმენტაციის კვლევა. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დოკუმენტაციის შექმნის მიზანი a priori იყო არა საწარმოში არსებული დომინანტური პარტნიორების ქმედების შეფასება, არამედ მოსარჩელის მისაღები დივიდენდის გამოთვლა. საკასაციო პალატა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ჰ.ქ–ი სააქციო საზოგადოების აქციონერი გახდა 2011 წლიდან, იგი სარჩელით მოითხოვდა დივიდენდის დაკისრებას და წარმოდგენილი მტკიცებულებებიც შესაბამისად ასახავენ 2011 წლამდე კომპანიაში არსებულ ფინანსურ სიტუაციას, რაც როგორც აუდიტორული კომპანიის დასკვნით იკვეთება მნიშვნელოვნად შეცვლილი არ არის, არც მას შემდეგ, რაც მოსარჩელე გახდა აქციონერი. მეტიც, 2006 წლიდან მოყოლებული (მათ შორის 2011 წლამდე) კომპანიაში არ განაწილებულა დივიდენდი, გაიცემოდა დაახლოებით იგივე რაოდენობის ხელფასი მენეჯმენტზე, არსებობდა სხვადასხვა ხარჯები და ა.შ. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ კორპორატიული გარემო შეიცვალა მოსარჩელის საწინააღმდეგოდ ან ის, რომ დომინანტი პარტნიორები სწორედ მოსარჩელისთვის დივიდენდის გაცემის შესაზღუდად მოქმედებდნენ არ დასტურდება, რაც საკასაციო პალატის აზრით, საკასაციო საჩივარს ამ ნაწილშიც დაუშვებლად აქცევს. ამასთან ვინაიდან, დაუსაბუთებელია დივიდენდის მიღების უფლება, რა თქმა უნდა, ასევე წარუმატებელია მისი თანმდევი მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის დაკისრების შესახებ.
23. კასატორის შემდგომი პრეტენზია მიემართება პარტნიორების კომპენსაციის სანაცვლოდ გარიცხვის შესახებ მოთხოვნას, რაც საკასაციო პალატის მოსაზრებით, მართებულად არ დაკმაყოფილდა. ამ ნაწილში პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ განხორციელებულ სამართლებრივ შეფასებას მასზედ, რომ მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ კანონი არ ითვალისწინებს სააქციო საზოგადოებიდან აქციონერის გარიცხვის შესაძლებლობას, ხოლო კასატორი მიერ მითითებული ნორმები, მიუხედავად იმისა, რომ შეეხება კაპიტალურ საზოგადოებას და შპს-ს მეწილის საწარმოდან გარიცხვის რეგულაციას ადგენს, არარელევანტურია, რადგან იგი წარმოადგენს ე.წ. სპეციალურ ნორმას, სამოქალაქო კოდექსის 5.3. მუხლით დაუშვებელია მათი ანალოგიის წესით გამოყენება. ეს მსჯელობა არ ნიშნავს, რომ სააქციო საზოგადოებიდან აქციონერის გარიცხვა დაუშვებელია, როგორც დოქტრინაში, ასევე სასამართლო პრაქტიკაში აღიარებულია, რომ ამგვარი შესაძლებლობის განხორციელება შეიძლება თუ საწარმოს წესდება ითვალისწინებს/არეგულირებს აქციონერის გარიცხვის პროცედურებს და ამისთვის არსებობს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საფუძველი (იხ. ირაკლი ბურდული, გიორგი მახარობლიშვილი, ანა თოხაძე, ნონა ზუბიტაშვილი, გიორგი ალადაშვილი, გვანცა მაღრაძე, დემეტრე ეგნატაშვილი, საკორპორაციო სამართალი, საკორპორაციო, საბანკო და ეკონომიკური სამართლის ინსტიტუტი (თსუ, იურიდიული ფაკულტეტი), “იურისტების სამყარო”, თბილისი, 2022, გვ. 669, ასევე იხ. სუსგ. საქმეზე № ას-1841-2019 30 სექტემბერი, 2020 წელი, საქმე №ას-220-212-2012 3 დეკემბერი, 2012 წელი). საკასაციო პალატა ხაზგასმით განუმარტავს კასატორს, რომ გარდა ფორმალური წინაღობისა მან, წარდგენილი სარჩელით ასევე, ვერ დაადასტურა მოპასუხედ დასახელებულ პარტნიორთა მიერ მნიშვნელოვანი გადაცდომის ჩადენის ფაქტი, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელია.
24. რაც შეეხება მტკიცებულებათა გამოთხოვისა და აუდიტორის გამოკითხვის თაობაზე კასატორის შუამდგომლობასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, რამდენადაც აღნიშნული შეუთავსებელია საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილებასთან. საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილების მხოლოდ იურიდიულ მხარეს.
25. ამდენად, კასატორის შუამდგომლობა მტკიცებულებათა გამოთხოვისა და აუდიტორის გამოკითხვის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
26. საკასაციო პალატა ასკვნის, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
27. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
ჰ.ქ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; ჰ.ქ–ის შუამდგომლობა დამატებითი მტკიცებულების გამოთხოვისა და მოწმის გამოკითხვის შესახებ, არ დაკმაყოფილდეს; ჰ.ქ–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ე.ქ–ას მიერ 24/03/2026წ. №1774339144 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 6000 ლარის 70% – 4200 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი